მთავარი,სიახლეები

ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო

13.04.2026
ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი  პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა:

  • Tisza – მადიარის პარტია: 138 მანდატი
  • Fidesz – ორბანის პარტია: 55 მანდატი
  • MH – ულტრამემარჯვენე პარტია: 6 მანდატი

„ბიბისი“ წერს, რომ 45 წლის პეტერ მადიარი ბუდაპეშტელი იურისტების ელიტარული ოჯახიდანაა. მადიარის ბაბუა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და პოპულარული შოუს – „იურიდიული საქმეების“ წამყვანი იყო. იურისტები იყვნენ მისი მშობლებიც, ხოლო ნათლია, ფერენც მადლი იყო ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი და 2000 წლიდან 2005 წლამდე – უნგრეთის პრეზიდენტი.

მადიარიც ორბანის პარტიის, „ფიდესის“ წევრი იყო. იგი ამ პარტიას სტუდენტობისას, 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეუერთდა, როგორც მედია წერს, სოლიდარობის ნიშნად.

2009 წელს მადიარი ბრიუსელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი ცოლი, ორბანის პარტიის წევრი, ჯუდიტ ვარგა უნგრელი ევროპარლამენტარის, იანოშ ადერის, ასისტენტი იყო. 2012 წლიდან მადიარი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და უნგრეთის ევროკავშირის წარმომადგენლობაში მცირე თანამდებობებს იკავებდა.

2018 წელს ოჯახი ბუდაპეშტში დაბრუნდა, სადაც მადიარის ცოლს, ჯუდიტ ვარგას ორბანის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, შემდეგ წელს კი იგი იუსტიციის მინისტრად დანიშნეს.

ამავე პერიოდში პეტერ მადიარს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, სახელმწიფო ბანკში ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2023 წელს მადიარი და ჯუდიტ ვარგა განქორწინდნენ.

პეტერ მადიარი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად იქცა უნგრეთში მომხდარი პოლიტიკური სკანდალის ფონზე, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა შეიწყალა ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც სასჯელს იხდიდა ბავშვთა სახლში პედოფილიის დაფარვის მცდელობისა და მსხვერპლზე ზეწოლის გამო. ინფორმაცია შეწყალების შესახებ 2024 წელს გახმაურდა, ხელისუფლებამ სკანდალის გადაფარვა ვერ შეძლო და პრეზიდენტი გადადგა.

ნოვაკის გადადგომის შესახებ განცხადებიდან მეორე დღეს პეტერ მადიარი დამოუკიდებელი YouTube არხის Partizan-ის სტუდიაში მივიდა და თითქმის ორსაათიანი ინტერვიუ მისცა, რამაც მისი პოპულარობა მკვეთრად გაზარდა.

„ვიდეომ სწრაფად მიაღწია 2 მილიონ ნახვას – ფანტასტიკური შედეგი უნგრეთისთვის, 10-მილიონიანი ქვეყნისთვის.

ინტერვიუში არ იყო კონკრეტული ბრალდებები: მადიარი უფრო მეტად საუბრობდა თავად უნგრეთის მთავრობის გახრწნასა და და კორუფციაზე. თუმცა, ეს უკვე სენსაცია იყო ქვეყანაში, სადაც სისტემის ცოდვებს მხოლოდ ოპოზიციის აღიარებული ფიგურები ან, საუკეთესო შემთხვევაში, დამოუკიდებელი მედიები განიხილავდნენ. თავის მხრივ, მადიარი უფრო იმედგაცრუებულ ინსაიდერს ჰგავდა, ვიდრე რევოლუციონერს – ადამიანს, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს უნგრეთის სისტემა, როგორ ერწყმის პოლიტიკა საიდუმლო სამსახურებსა და ბიზნესს და რომელსაც აღარ შეუძლია არასწორ სისტემაში ცხოვრება. 

ერთი სიტყვით, ინტერვიუმ ფურორი მოახდინა“, – წერს „ბიბისი“. 

2024 წლის 15 მარტს, უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის დღეს, მადიარმა უნგრელებს ბუდაპეშტის ცენტრალურ გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. უნგრული მედია წერდა, რომ შეიკრიბა 30 000-ზე მეტი ადამიანი, უფრო მეტი, ვიდრე ოპოზიციური პარტიები ახერხებდნენ ბოლო წლებში. აქციაზე მადიარმა განაცხადა, რომ ქმნიდა საკუთარი პოლიტიკურ პარტიას, რომელშიც გაწევრიანება შეეძლო ყველა უნგრელს, რომელსაც სურდა „საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობა“.

2024 წლის აპრილში პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ევროპარლამენტში კენჭს იყრიდნენ პარტია „ტისას“ შემადგენლობაში, რომელიც 4 წლით ადრე იყო რეგისტრირებული სხვა პირების მიერ და უნგრული მედია მას „ორკაციან პარტიას“ უწოდებდა. ტისა ევროპის თითქმის ათასკილომეტრიანი მდინარის სახელწოდებაა, დუნაის მთავარი შენაკადის.

„ტისას“ შემდეგ  მადიარმა გამოაცხადა გუნდების შერჩევის დაწყებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ, ევროპარლამენტის და უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

„ბიბისი“ წერს, რომ მადიარის წარმატების მთავარ ფაქტორზე საუბრისას, უნგრული საზოგადოების ვიქტორ ორბანის ხანგრძლივი მმართველობით დაღლის გარდა სპეციალისტები ასახელებენ მადიარის შრომისუნარიანობასა და შეუპოვრობას. „ტისა“ უნგრეთის ქალაქებსა და სოფლებში დადიოდა და მადიარი ამომრჩევლებთან დღეში ოთხ, ხუთ ან თუნდაც ექვს შეხვედრას მართავდა.

მადიარი ჩადიოდა პატარა ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ორბანის მხარდამჭერად ითვლებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრებისას მადიარი აუცილებლად მიმართავდა მათ, პასუხობდა სპონტანურ შეკითხვებს და ფოტოს იღებდა ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. მადიარი ხუმრობდა, რომ უნგრეთის ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტი სელფი მას ჰქონდა გადაღებული.

ევროპარლამენტის არჩევნების ორთვიანი კამპანია „ტისას“ წარმატებით დასრულდა. პარტიამ ხმების თითქმის 30% მიიღო და შვიდი წარმომადგენელი შეიყვანა ევროპარლამენტში, რომელსაც თავად პეტერ მადიარი ხელმძღვანელობდა.

ცხადი გახდა, რომ „ტისას“ მთავარი მიზანი იყო 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები და მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

2025 წელს „ტისას“ საარჩევნო კამპანია უკვე საპარლამენტო არჩევნებზე ფოკუსირდა. მადიარი ჩადიოდა ისეთ შორეულ ადგილებშიც, სადაც პოლიტიკოსები იშვიათად უნახავთ. საუბრისას ის ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, რაშიც ორბანის მთავრობა სუსტი იყო.

მადიარმა შექმნა „ტისას კუნძულების“ ქსელი – ადგილობრივი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში კამპანიას უჭერდნენ მხარს. „ტისას კუნძულის“ შექმნა მინიმუმ 5 მოხალისისგან იყო შესაძლებელი.

საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მადიარის წინააღმდეგ არაერთი პოლიტიკური სკანდალის ფონზე, მას უწოდებდნენ ბრიუსელის აგენტსაც, თუმცა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსი ამან ვერ დააზარალა.

პეტერ მადიარი მემარჯვენე პოლიტიკოსია, მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას უჭერს მხარს და ძალიან ფრთხილად საუბრობს ლგბტ უფლებებზე. მის გუნდში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

მადიარის წარმატების შეფასებისას მიმომხილველები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად უნგრელების უკეთესის მოლოდინსა და ცვლილებების იმედს ასახელებენ.

12 აპრილს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მადიარმა განაცხადა, რომ მათ გაათავისუფლეს უნგრეთი.

„ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მან პირობა დადო, რომ წარმოადგენს „ყველა უნგრელის ინტერესებს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთა უნგრელების“.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, 12 აპრილს მადიარს გამოსვლას დროდადრო აწყვეტინებდა მხარდამჭერთა შეძახილები, რომლებიც სკანდირებდნენ: „ევროპა! ევროპა!“

მადიარმა უკვე განაცხადა, თუ სად შედგება მისი პირველი საგარეო ოფიციალური ვიზიტი. მან თქვა, რომ პირველი გაჩერება პოლონეთი, ვარშავა იქნება და დასძინა, რომ აღადგენს და გააფართოებს თანამშრომლობას ვიშეგრადის ჯგუფში, რომელშიც შედიან: უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

„ბუდაპეშტი ევროკავშირისა და ნატოს ძლიერი მოკავშირე იქნება“, – თქვა მან.

_________________

ფოტოზე: პეტერ მადიარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/BOGLARKA BODNAR

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: