მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციომ გაუქმებული ნორმა გააუქმა – რუსული კანონისთვის ისევ ვერ მოიცალა

16.01.2026 •
საკონსტიტუციომ გაუქმებული ნორმა გააუქმა – რუსული კანონისთვის ისევ ვერ მოიცალა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმა, რომელიც ისედაც გაუქმებული იყო. ასე იმიტომ მოხდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 წელი დასჭირდა, ვიდრე კონკრეტული სარჩელისთვის მოიცლიდა და 2025 წლის 25 დეკემბერს გადაწყვეტილებას მიიღებდა.

სარჩელი მამებისთვის დეკრეტული შვებულებით სარგებლობას ეხებოდა და იგი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 2018 წელს მიიღო. 2021 წლის იანვრიდან კი, პარლამენტმა თავისი ინიციატივით დაუშვა მამებისთვის დეკრეტული შვებულებით სარგებლობა.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც იმსჯელა ძალადაკარგული სადავო ნორმის შეფასებაზე, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სამუშაო მაგიდაზე არაერთი რეზონანსული საქმეა – საქმეები, რაზეც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა დამოკიდებული – მაგალითად, სარჩელი „რუსულ კანონზე“. ერთია, რომ საკონსტიტუციომ სასამართლომ რუსული კანონის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებაზე უარი თქვა, თუმცა თავად სარჩელი სასამართლოს 2 წელია არ განუხილავს.

რუსული კანონით „ოცნების“ რეჟიმი ცდილობს რუსეთის მსგავსი მოდელით სრულად გააქროს დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას.

კიდევ ერთი გახმაურებული ქეისი „მოსმენების კანონია“ – საქართველოში ნებისმიერს უსმენენ და სუსს, მოქმედი კანონების პირობებში, ხელს არაფერი უშლის. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2019 წელს დაასრულა, თუმცა თითქმის 7 წლის გასვლის მიუხედავად, მოსამართლეები ასეთ მნიშვნელოვან საქმეზეც კი, გადაწყვეტილებას არ იღებენ.

  • რას ითხოვდა მოსარჩელე და რა გადაწყვიტა სასამართლომ? 

მოსარჩელე გივი კაპანაძე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას ითხოვდა. მას 2014 წელს შეეძინა მეორე შვილი და იმ პერიოდში თბილისის 113-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა პროგრამული მენეჯერის თანამდებობაზე. გივი კაპანაძეს დეკრეტულ შვებულებაზე სკოლის დირექტორმა უარი უთხრა.

ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართვის შემდეგ სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა გივი კაპანაძის მოთხოვნა, თუმცა პრობლემა შეიქმნა შვებულების ანაზღაურების კუთხით: სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიულმა სამსახურმა გივი კაპანაძეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააგენტოს მაშინ განუმარტავს, რომ 2011-2016 წლებში არცერთ ბიოლოგიურ მამას არ უსარგებლია ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით. 5 შემთხვევაში გაუციათ კაცისთვის ანაზღაურებადი შვებულება: ერთ შემთხვევაში ახალშობილის შვილად აყვანის გამო, 4 შემთხვევაში კი, მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

„№1317 კონსტიტუციურ სარჩელზე [სარჩელი დეკრეტულ შვებულებაზე] საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას, სადავო ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამასთან, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითი გავლენა მოახდინა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოება გააგრძელა ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების გზით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკმაყოფილებული სარჩელის შესახებ.

ამ სარჩელზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო. კოლეგიის თავმჯდომარე მანანა კობახიძეა, კოლეგიის წევრები კი,  თეიმურაზ ტუღუში და გიორგი მოდებაძე არიან.

ამ ისტორიამდე შრომის კოდექსით გათვალისწინებული შვებულების ანაზღაურების უფლება ამ ნაწილში დისკრიმინაციულად იყო განმარტებული და განმტკიცებული.

შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

მოსარჩელე მიუთითებდა ევროსასამართლოს მიდგომაზეც: „ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლო ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებასთან მიმართებით არსებითად თანასწორად მიიჩნევს ქალებს და მამაკაცებს საქმეზე Konstantin Markin v. Russia და ამ კუთხით სტერეოტიპებზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობას დისკრიმინაციად ცნობს.

ანალოგიურ განმარტებას აკეთებს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მაისტერლისის საქმეზე, მსგავსია მიდგომა ალვარესის საქმეზეც, სადაც სასამართლო იზიარებს შეხედულებას მათ შორის იმის შესახებ, რომ ბავშვის მოვლის პერიოდში ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული შვებულების განსაკუთრებული რეჟიმი არ არის დაკავშირებული მხოლოდ ბიოლოგიურ მოვლენასთან და იგი ასევე ბავშვის ხელოვნურ კვებასაც გულისხმობს,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

მოპასუხე მხარის [ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო] არგუმენტაციით, ფინანსური რესურსის არასაკმარისობის პირობებში, შერჩეული გადაწყვეტა პრიორიტეტულად უზრუნველყოფდა ქალის უფლებების დაცვას. ამასთან, მშობლებს შორის ანაზღაურებადი შვებულების დღეების ურთიერთშეთანხმებით გაყოფის მექანიზმი საფრთხეს შეუქმნიდა ქალის ჯანმრთელობისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ინტერესებს.

„სადავო მოწესრიგების სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმები ადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტებს – ერთი მხრივ, ბიოლოგიურ მამასა და ბიოლოგიურ დედას, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიურ მამასა და იმ მამას შორის, რომელმაც 1 წლამდე ბავშვი იშვილა.

ერთიან სამართლებრივ კონსტრუქციად რეგლამენტირების მიუხედავად, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება ავტონომიური მიზნების უზრუნველსაყოფად არსებობდა. კერძოდ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება უზრუნველყოფს მშობლის კავშირს ბავშვთან და ანიჭებს მას შესაძლებლობას, იზრუნოს ბავშვზე, მონაწილეობა მიიღოს მისი მოვლის პროცესში.

ამასთან, ბიოლოგიურ დედასა და ბიოლოგიურ მამას გააჩნიათ მსგავსი ინტერესი და ფლობენ მსგავს შესაძლებლობებს, თანასწორ საწყისებზე ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა ლოგიკური კავშირი სადავო რეგულირებასა და ქალის ჯანმრთელობის დაცვის საჯარო ინტერესს შორის.

ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო რეგულირება იმ შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვის დედა ცოცხალია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი არ იმყოფება ბუნებრივ კვებაზე ან დედა საკუთარი სურვილით უარს ამბობს დასახელებული უფლებით სარგებლობაზე, გამორიცხავდა ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და დახმარების მიღების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.

მაშასადამე, სადავო მოწესრიგება იმაზე მეტი ინტენსივობით ზღუდავდა ძირითად უფლებას, ვიდრე ეს აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: