მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი

13.04.2026
ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 ლარი იქნება. ამას დაემატება ბიჯების ოდენობაც.

მონიშნულია გასაყიდი ადგილი და ქონება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ქონების შეძენა „ოცნების“ შემწირველ კომპანიას – შპს „აჭარა ბურჯს“ სურს, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება. ამ კომპანიას გვერდით მდებარე კერძო ქონების დიდი ნაწილი უკვე გამოსყიდული აქვს.

შპს „აჭარა ბურჯი“ 2018 წელს დაფუძნებული კომპანიაა – მისი 50 პროცენტი მურად დუმბაძეს, 50 პროცენტი კი ბესარიონ ბაჯელიძეს ეკუთვნით.

ბესარიონ ბაჯელიძემ 2016 წლიდან დღემდე „ოცნებას“ 250 000 ლარი შესწირა.

გასაყიდი ფართობის მოპირდაპირედ, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან კომპლექსის მშენებლობას შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ გეგმავს.

ბათუმი, ფიროსმანის #1

პროექტის რენდერი

აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.

ამ თემაზე:

ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: