მთავარი,სიახლეები

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

31.08.2022 • 4020
80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ბათუმის მერია, რომლის სტრუქტურული ერთეულის – ე.წ. მიწის კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა 80 წლის შოთა დევაძემ ორჯერ მოიგო. მოქალაქეს იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2021 წლის დეკემბერში, ანუ მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ასრულებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ახლა მოქალაქეს პასუხს პროკურატურა არ სცემს, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის – პროკურატურამ უნდა დაადგინოს პასუხისმგებელი პირი ან პირები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. „მიწის კომისიის“ წევრებს მერი არჩევს.

დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც შოთა დევაძე მიწის საკუთრების აღიარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. შოთა დევაძეს და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავთ, ამიტომ ყველა დოკუმენტის მოძიება თავად შოთას უწეს.

„…გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათუმში, მეჯინისწყალზე მდებარე 943 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე შოთა დევაძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, – ასე მკაფიო ჩანაწერი გააკეთა და ე.წ. მიწის კომისიას მიწის საკუთრების აღიარება დაავალა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, როცა მან დაინახა, რომ 80 წლის მოქალაქემ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიარა ბათუმის მერიის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ შოთა დევაძეს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები, რაც საჭიროა მიწის რეგისტრაციისთვის. შოთა დევაძე კი ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი, რაც მიწის რეგისტრაციას სჭირდება, წლების განმავლობაში მერიას არაერთხელ წარუდგინა. ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად რა დოკუმენტი ვერ წარუდგინა შესაბამის კომისიას შოთა დევაძემ.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას არ ჰქონდა უფლება დამატებით დოკუმენტაცია მოეთხოვა შოთა დევაძისთვის.

„სასამართლომ პირდაპირ დაავალა კომისიას მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. არც კომისიას და არც რომელიმე სხვა უწყებას არ აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსში შევიდეს და მოკვლევა დაიწყოს,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც მოქალაქის ინტერესებს იცავს. – „წლების წინ, როცა მოქალაქემ დაიწყო სასამართლო დავა, სასამართლომ დაავალა მერიის საკუთრების კომისიას მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ხელმეორედ როცა დაიწყო სასამართლო განხილვა, სასამართლომ დაინახა, რომ მიწის საკუთრების კომისიამ ყოველგვარი მოკვლევის გარეშე მოქალაქეს უარი უთხრა მიწის საკუთრების რეგისტრაციაზე. ამ შემთხვევაზე კი, სასამართლომ კომისიას პირდაპირ, ყოველგვარი მოკვლევის გარეშე დაავალა საკუთრების რეგისტრაცია.

ამჯერად კომისია სთხოვს მოქალაქეს, მაგალითად,  მოწმეების ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს, მაგრამ ის, რაც თქვეს მოწმეებმა წლების წინ, ახლა რა შეიცვლებოდა? გაუგებარია, ხელახლა რატომ უნდა მისცენ ახსნა-განმარტება მოწმეებმა კომისიას? აშკარაა, რომ კომისია მიზანმიმართულად არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც დანაშაულია,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

მოქალაქე შოთა დევაძე ვერც პროკურატურისგან იღებს პასუხს, რატომ არ იწყება გამოძიება, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებას მით უმეტეს სახელმწიფო ორგანო – ბათუმის მერია არ ასრულებს.

საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს ის პირი ან პირები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას.

„ზოგადად მერი ყველაფერზეა პასუხისმგებელი, რაც მერიაში ხდება, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული პირი, რომელიც მიზანმიმართულად აჭიანურებს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი ეკარგება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს რიგითი საქმე ძალიან დიდი მასშტაბით აჩვენებს მართლმსაჯულების პრობლემას საქართველოში, მით უფრო ახლა, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ერთ-ერთი რეკომენდაცია ზუსტად ეს არის – მართლმსაჯულების რეფორმა,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე? – „ბათუმელების“ შეტყობინებას პროკურატურის პრესცენტრში არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: