ყაზახეთიდან, თენგიზის საბადოდან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვა განახლდა.
ნედლი ნავთობის თენგიზის საბადოდან გადასაზიდად ყაზახეთი აქამდე ნოვოროსიისკის პორტს იყენებდა, სადაც ნავთობი კასპიის მილსადენის – CPC [Caspian Pipeline Consortium] საშუალებით ხვდებოდა.
მას შემდეგ, რაც უკრაინა არაერთგზის დაესხა თავს დრონებით ნოვოროსიისკის პორტს, ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ძველი, ორჯერ ძვირი, მაგრამ გაცილებით უსაფრთხო გზა გაიხსენა – საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვები განაახლა.
„ყაზახეთის მილსადენის კომპანია „ყაზტრანსოილმა“ განაცხადა, მიმდინარე წლის მარტში თენგიზის ნავთობსაბადოდან 94 000 ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავდა,“ – ნათქვამია როიტერსის მიერ 17 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ყაზტრანსოილი“ ნავთობის სატრანსპორტო ოპერატორია, რომელიც შვილობილი კომპანიის, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მეშვეობით მართავს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს.
„2019 წელს ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის გადაზიდვები საქართველოს რკინიგზით ფაქტობრივად განულდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ნავთობი გადაიქაჩებოდა რუსეთის გავლით, კასპიის მილსადენით – CPC. ყაზახური ნედლი ნავთობის დაკარგვა უარყოფითად აისახა, როგორც საქართველოს რკინიგზაზე, ასევე ბათუმის ნავთობტერმინალზე.
რკინიგზამ ვერ შეძლო ნავთობის ნაცვლად მშრალი ტვირთებით დაბალანსება და შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდა მისი ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყაზახური ნედლი ნავთობის დაბრუნება ნამდვილად სტრატეგიული, აუცილებელი და საჭირო გადაზიდვაა შუა დერეფნისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.
ის ხსნის სქემას, თუ როგორ ხვდებოდა და როგორ მოხვდება ნედლი ნავთობი ყაზახეთის თენგიზის საბადოდან, ბათუმის პორტში.
მარტივად, ყაზახეთიდან, ნავთობის მომპოვებელ თენგიზის საბადოდან, ნედლი ნავთობი ჯერ მილსადენით მიდის პორტში, შემდეგ იტვირთება ტანკერზე, რომელიც კვეთს კასპიის ზღვას და ჩადის ბაქოში. ბაქოში ტანკერიდან გადმოტვირთული ნავთობი იტვირთება ვაგონ-ცისტერნებში და აზერბაიჯანი-საქართველოს რკინიგზის გამოყენებით ხვდება ბათუმის ნავთობტერმინალში.
ეს მარშრუტი გაცოცხლდა მას შემდეგ, რაც კასპიის ნავთობსადენის კონსორციუმით CPC – ნედლი ნავთობის გადაზიდვა შეფერხდა.
„ამ გადაზიდვების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის, რომელსაც, პირველ რიგში, სჭირდება სტაბილური ფინანსური შემოსავალი.
მაგრამ არსებობს კითხვა – რამდენ ხანს გაგრძელდება, რამდენად სტაბილური იქნება და რამდენად უსაფრთხო.
მარტის თვეში იყო 94 000 ტონა. ეს გაგრძელდება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და როგორ იწევს ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი, მიუხედავად ასეთი ძვირადღირებული ლოჯისტიკური გადაზიდვისა, ვფიქრობ მაინც გაგრძელდება.
ლოჯისტიკურად დაახლოებით ორნახევარჯერ უფრო ძვირია რკინიგზით გადაზიდვა ბათუმის ნავსადგურამდე, ვიდრე თენგიზის საბადოდან ნოვოროსიისკის პორტამდე.
ჯერჯერობით ნოვოროსიისკის გზა, სადაც მილსადენით გადაჰქონდათ ნედლი ნავთობი, აღდგენილი არაა. კონკრეტულად, არ არის აღდგენილი სპეციალური ტივტივა ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც უნდა გადაიტვირთოს გემებში.
ამასთან პერიოდულად გრძელდება სხვადასხვა გზით თავდასხმა ნოვოროსიისკის პორტზე და მისი ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ეს ყველაფერი გვაძლევს იმ პროგნოზის საშუალებას, რომ ნედლ ნავთობს, ჯერჯერობით, საქართველოს რკინიგზის გამოყენებით გადაზიდავენ,“ – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი
პაატა ცაგარეიშვილის თქმით, ყაზახეთი კარგა ხანია ფიქრობს, ნედლი ნავთობის გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედებაზე. მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა 2023 წელს თავის საპროგრამო დოკუმენტში ისაუბრა ყაზახური ნავთობის გადაზიდვის გზების დივერსიფიკაციაზე.
შესრულდა თუ არა მარტის თვის გეგმა (94 ათასი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა), როგორც ეს „ყაზტრანსოილს“ ჰქონდა დაანონსებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის ნავთობტერმინალს.
ასევე დავინტერესდით, როგორია აპრილის თვის გეგმა და რა ოდენობის ნედლი ნავთობის გადაზიდვას გეგმავს კომპანია მიმდინარე წლის აპრილში.
„ბათუმის ნავთობტერმინალიდან“ პასუხის მიღების შემთხვევაში, მას აქვე შემოგთავაზებთ.
ის, რაც საყურადღებო და მნიშვნელოვანია, მიმდინარე წლის 7 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყების ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
„ყაზტრანსოილის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ: „KazMunayGas“-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბულატ ზაკიროვი; „KazTransOil“-ის აქტივების მმართველი დირექტორი რუსლან იბრაიმოვი და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დასაქმებული თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე, აგრეთვე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
„შეხვედრის მთავარი აქცენტი იყო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად და არსებული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისათვის.
კერძოდ, მხარეებმა განიხილეს №9 ნავმისადგომის გაფართოების გამოყენების პრაქტიკული საკითხები, დამატებითი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, ასევე საქართველოს რკინიგზასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გაცვლა.
ამ ინიციატივების განხორციელება მოსალოდნელია, რომ გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს და კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას,“- ნათქვამია „ყაზტრანსოილის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.






