მთავარი,სიახლეები

„მუშაობას ვწყვეტთ“ – რატომ იხურება პანკისში საგანმანათლებლო ორგანიზაცია

18.02.2026
„მუშაობას ვწყვეტთ“ – რატომ იხურება პანკისში საგანმანათლებლო ორგანიზაცია

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო საქართველოს მოქალაქეები კარგავენ ყველა სიკეთეს, რაც ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ დასავლეთის ქვეყნებისგან.  პანკისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი“ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზარალდება მოსახლეობა „ოცნების“ კანონების შედეგად.

„კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი“ ჯერ კიდევ 2004 წლიდან მუშაობდა პანკისელი ახალგაზრდების და ქალების გაძლიერებაზე. ახლა ორგანიზაცია მორიგი რეპრესიული, ე.წ. გრანტების კანონის გამო იხურება. უმუშევარი რჩება ორგანიზაციის 20-მდე თანამშრომელი, ხეობა კი კარგავს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ამ ორგანიზაციის მეშვეობით, სწორედ ევროპული გრანტების დახმარებით გაიცემოდა.

რას კარგავს პანკისის ხეობა ორგანიზაციის დახურვით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იზა ბექაურს, „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს ესაუბრა.

  • ქალბატონო იზა, როგორც ვიცით, წლებია რაც პანკისელ ახალგაზრდებთან მუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, ჩართული გყავდათ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, ეხმარებოდით ადგილობრივ ქალებს, ახლა კი თქვენი ორგანიზაცია იხურება. ეს არის რუსული კანონების შედეგი?

რა თქმა უნდა. 2000 წლიდან, როცა პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილები შემოვიდნენ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ ლტოლვილებისთვის სხვადასხვა პროექტი გააკეთეს. მე 2004 წლიდან ვმუშაობდი ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოში, საგანმანათლებლო პროგრამაში ვიყავი ჩართული, რომელიც სწორედ ჩეჩენი ლტოლვილებისთვის ხორციელდებოდა.

პანკისელი ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამებში.

2008 წელს კი დავაფუძნეთ ცალკე არასამთავრობო ორგანიზაცია, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“, რომელიც ასევე მუშაობდა ჩეჩენი ლტოლვილების ინტეგრაციის პროექტზე. 2010 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო გავიდა პანკისის ხეობიდან, შემდეგ წელს გავიდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიც და ეს საქმიანობა ჩვენ გადმოგვაბარა. გადმოგვაბარა ერთი სასწავლო ცენტრი, ჩაგვაბარეს საბავშვო ბაღები და რუსული სექტორები. შემდეგ ეს რუსული სექტორები გადავაბარეთ სახელმწიფოს, ანუ სკოლებს. რუსული სექტორები დაიხურა, მაგრამ ბაღები შენარჩუნდა.

დუისში გვქონდა სასწავლო ცენტრი, სადაც დადიოდნენ ჩეჩენი ლტოლვილები და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობაც. ბავშვები სწავლობდნენ ქართულს, ინგლისურს, უნარებს და საქართველოს ისტორიას.

პანკისელი ქალები

ვმუშაობდით ქალებთან და ვეხმარებოდით პროფესიული განათლების მიღებაში, ცნობიერების ამაღლებაში და ეკონომიკურ გაძლიერებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), UNDP, სხვადასხვა საელჩოები გვეხმარებოდნენ ამ ცენტრების შენარჩუნებაში. 2018 წელს უკვე ჯოყოლოში გავხსენით ცენტრი, იმიტომ, რომ პანკისში შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს და სხვა მოშორებული სოფლებიდანაც რომ ევლოთ ადამიანებს ამ ცენტრში.

მესამე ცენტრი გავხსენით ქორეთში, სადაც აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ასევე ოსები, ჩეჩნები და ქისტებიც არიან. იქ გავაკეთეთ პატარა სასწავლო ცენტრი ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის.

  • რა ცოდნას იძენდნენ ამ ცენტრებში ახალგაზრდები, რა იყო მათი ინტერესების სფერო?

ვეხმარებოდით პროფესიულ გადამზადებაში და ეს ყველაფერი მათთვის იყო უფასო. სასწავლო კურსები გვქონდა ქალებისთვის – ჭრა-კერვა, კულინარია, თიხაზე, თექაზე მუშაობა. ბიჭებისთვის იყო ელექტროშედუღების კურსები, სწავლობდნენ ელექტროგაყვანილობას და სხვა პროფესიებსაც.

ვეხმარებოდით ახალგაზრდებს განათლების მიღებაში, რომ უმაღლესში ჩაებარებინათ.

პანკისელი ახალგაზრდებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.

ადგილობრივ ქალებს ვასწავლიდით პროექტების წერას და შემდეგ სხვადასხვა ფონდების საშუალებით ვუფინანსებდით ბიზნეს გრანტებს. თუკი პანკისში რამე ფუნქციონირებს, იქნება ეს პატარა კაფეები, სამკერვალოები, საოჯახო სასტუმროები, ყველგან ჩვენი გადამზადებულები საქმდებოდნენ.

  • ამ ყველაფერს დაკარგავს პანკისი გრანტების კანონის გამო?

როცა ე.წ „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავრეგისტრირდით ამ რეესტრში. როცა ჩვენს სასწავლო ცენტრებს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, ბევრჯერ მივმართეთ მერიას, რომ საიჯარო ხელშეკრულებები გაეგრძელებინათ ჩვენთვის, მაგრამ უარი მივიღეთ. დენის, გაზის და სხვა კომუნალურ ხარჯებს ვეღარ ვიხდიდით, რადგან არ იყო ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული და ხელზე გვიწევდა დავალიანებების გადახდა.

პანკისელი ახალგაზრდები სწავლობენ კულინარიას.

შემდეგ მიიღეს „ფარას“ კანონი (აგენტების კანონი), რომელიც გაავრცელეს ფაქტობრივად ყველა დონორზე. ახლა გრანტების კანონსაც იღებენ და ახალ დაფინანსებას საერთოდ ვეღარ მივიღებთ. მერიაც გვაცლევინებს შენობებს. ალტერნატიული ფართი რომც ვიპოვოთ, მაინც ვეღარ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას, რადგან დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღების უფლება წაგვართვეს ამ კანონებით.

ფაქტობრივად, თებერვლის ბოლოს ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად წყვეტს მუშაობას, ყველა პროექტს ვაჩერებთ.

  • რას ამბობენ სოფელში, არ აქვთ პროტესტის განცდა ამ უსამართლობის გამო?

გუშინ ვიყავი შეხვედრაზე და მოსახლეობას, ცხადია, აქვს პროტესტის განცდა. მეუბნებოდნენ კიდეც, წავალთ, გავაპროტესტებთო, მაგრამ ისეთ კანონებს იღებენ, უკვე პროტესტიც აზრს კარგავს. თანაც აქ დადიან თვითმმართველობების წარმომადგენლები და ეუბნებიან, ჩვენ გაგიხსნით უფრო თანამედროვეს ცენტრებს და აღვჭურავთო.

  • სად იყვნენ აქამდე, რატომ არ იზრუნეს?

არ ვიცი, მაგრამ ასე ჰპირდებიან. 20 თანამშრომელი ადგილობრივი ქისტი გვყავს, ქალებიც უმუშევრები დარჩებიან.

გარდა ამისა, ამ პროექტების წყალობით, ყოველდღიური შეხება ჰქონდათ ქართველებს და ქისტებს ერთმანეთთან, ახლა კი ეს თანამშრომლობა გაწყდება.

ჩვენ მარტო პანკისში არ ვმუშაობდით, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ბოლნისში და თელავის რაიონში ვმუშაობდით ეთნიკურ უმცირესობასთან. ფაქტობრივად, ყველა პროექტი გაჩერდება. ძალიან ადგებოდათ ეს პროექტები ახალგაზრდებს. ისწავლეს ინგლისური, უცხოეთში ვინც წავიდა, ბევრმა გაიარა პროფესიული კურსები იქ და გამოადგათ აქ მიღებული სერტიფიკატები.

პანკისელი ქალები ქმაწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქციას.

ძალიან ბევრი ქალი, რომლებმაც ჭრა-კერვა ისწავლეს, თურქეთში, სამკერვალოებში დასაქმდნენ და აი, ასეთი, ძალიან კარგი პროექტები გაჩერდება.

  • სიღარიბე, უპერსპექტივობა ისედაც აცარიელებს სოფლებს. ასეთი სიკეთეების წართმევა რას გამოიწვევს ამ ხეობაში როგორ ფიქრობთ, რამდენად დააზარალებს ახალგაზრდობას?

პანკისიდან ბევრია გასული, მიდიან ემიგრაციაში და თავშესაფარს ითხოვენ ევროპის ქვეყნებში. ვისაც დეპორტი გაუკეთეს და უკან ჩამოვიდნენ, კიდევ უფრო გართულდა მათი ცხოვრება. ყველაფრის თავიდან დაწყება უწევთ. ძალიან ცუდი სურათია და არ ვიცი რა ვთქვა. ცუდი ამბებია.

პანკისელი ახალგაზრდები

ჩვენ არც ქვეყნის მტრები ვართ და არც რაიმე ცუდი გაგვიკეთებია. პირიქით, ვშრომობდით, ვეხმარებოდით ხალხს – სოციალურად დაუცველებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ბევრი პროგრამა გვქონდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის. ფაქტობრივად ყველაფერი უნდა გაჩერდეს.

20 ქალი მყავდა დასაქმებული, ოფისში 20-მდე ადამიანი ვმუშაობდით და ყველა ვრჩებით სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ყველა ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, რადგან აქ მომავალს ვეღარ ხედავენ.

  • ეს ყველაფერი ხომ დაასუსტებს ჩვენს ქვეყანას და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, არა?!

რა თქმა უნდა. აწყობილი, დალაგებული პროექტები, დონორებთან ურთიერთობა და ამდენი შრომა, ყველაფერი იკარგება.

ახლა თუ ვინმე მაინც არის ხმის ამომღები, წლების შემდეგ, საერთოდ არავინ ამოიღებს ხმას უსამართლობაზე. ეს კანონები ყველანაირად გვზღუდავს. თავს ხომ არ დავაჭერინებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: