ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

25.04.2024 • 5424
ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის [ბნქ] ტერიტორიაზე ბოლო კვლევებით საერთო ჯამში 92 950 კუბური მეტრი სახიფათო ნარჩენი გამოვლინდა.

კვლევა ჩეხურმა კომპანია DEKONTA-მ 2022 წელს ჩაატარა. ამავე კვლევით ბნქ-ს ტერიტორიაზე 800 000 ტონაზე მეტი დაბინძურებული ნიადაგია. აქედან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 10 ტონა დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა იგეგმება.

საპილოტე პროექტისთვის საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] დოკუმენტის მომზადება, ეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. სააგენტოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სკრინინგის ანგარიში უკვე წარადგინა.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ამჟამად დაბინძურება არ ვრცელდება გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის გარეთ, მის შემოგარენში“, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ „თუ დაბინძურების წყაროები არ მოიხსნება, არსებობს დაბინძურების გავრცელების პოტენციური რისკი შავი ზღვის სანაპიროზე“.

ყოფილი ქარხნის ტერიტორიას და ზღვას კი ერთმანეთისგან მხოლოდ სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზა ყოფს. ამ ტერიტორიის მოპირდაპირედ ზღვაში ხელოვნური კუნძულის აშენებაც იგეგმება.

ნავთობის ნარჩენები ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სალექარებში. ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

„პროექტი არ მოიცავს დიდ მასშტაბებს, კვლევების შედეგად გამოვლენილი დაბინძურებული ნიადაგის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება გამოყენებული საპილოტე პროექტისთვის, რომლის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს ტერიტორიის სამომავლო აღდგენითი პროცესები. საპროექტო ტერიტორიის აღდგენით აღმოიფხვრება ქალაქ ბათუმის და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემა“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

დოკუმენტების მიხედვით, დაბინძურებული ნიადაგის ბიორემედიაციის საცდელი პროექტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტს აფინანსებს გაეროს განვითარების პროგრამა [UNDP] ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე.

„პროექტის მიზანია ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბინძურებული ნიადაგების აღდგენის პირველადი მეთოდის ბიოდეგრადაციის პილოტური ტესტირება. პროექტს ახორციელებს ჩეხური კომპანია DEKONTA, a.s.

დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ვარიანტად შემოთავაზებულია ბიორემედიაციის მეთოდის გამოყენება. ბიორემედიაცია არის ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მიკროორგანიზმებს დაბინძურებულ ნიადაგში არსებული ნახშირწყალბადების დაშლისათვის.

ეს პროცესი გულისხმობს მიკროორგანიზმების შეყვანას დაბინძურებულ ზონაში, რომლებსაც შეუძლიათ ნახშირწყალბადების მეტაბოლიზება, რითაც ისინი გარდაიქმნება უვნებელ ქვეპროდუქტებად, როგორიცაა ნახშირორჟანგი და წყალი“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

რისკების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, კვლევის ფარგლებში შეფასდა ყოფილი ბნქ-ს ტერიტორიით სამომავლო სარგებლობის ოთხი სავარაუდო სცენარი: სარგებლობის ახლანდელი ფორმა, სამრეწველო დანიშნულებით სამომავლო სარგებლობის ფორმა, საცხოვრებელი და სარეკრეაციო დანიშნულებით სამომავლო სარგებლობის ფორმები.

„პროექტის მთავარ პარტნიორთან [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] კონსულტაციების შემდეგ, უპირატესობა მიენიჭა საცხოვრებელი დანიშნულებით სარგებლობის ფორმას და რისკების შეფასების კვლევა დეტალურად სწორედ ამ სცენარისთვის შეფასდა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით დადგინდა, რომ:

  • „ადგილზე განხორციელებული ბიორემედიაცია ყველაზე ხელსაყრელი მეთოდია დაბინძურებული სამშენებლო მასალების და გრუნტის ზედაპირზე განთავსებული ნიადაგის, ნიადაგის დაბინძურებული ზედა და ქვედა ფენების გასაწმენდად.
  • ნავთობის ნარჩენების დამჭერებიდან ნავთობის ნარჩენების დანალექების და შლამის მართვის განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელ ტექნოლოგიად ითვლება ნავთობის შლამის ხელახალი გამოყენება ან მისი ხელახალი გადამუშავება მდგრად ალტერნატიულ საწვავად [SAF].
  • სახიფათო ნარჩენების სანაყაროზე დროებითი დასაწყობება და განთავსება წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატიულ ვარიანტს იმ სხვა არაერთგვაროვანი სახიფათო ნარჩენების მიმართ, რომლებიც ტერიტორიაზე არის გავრცელებული [1,5 ტ-მდე].

შემდეგი ეტაპები უნდა იყოს აღდგენითი ღონისძიებების პროექტის დოკუმენტაციის და საერთაშორისო სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის აღდგენისთვის.“

აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ „ქარხნის ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 35 000 ტონა სხვადასხვა ტიპის ნავთობის შლამს. ყველაზე ხარჯ-
ეფექტური და ხელმისაწვდომი ვარიანტი იქნება ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე, ტერიტორიის ფარგლებს შიგნით, საშუალო ზომის დანადგარის დამონტაჟება ნავთობის შლამის ნავთობქიმიურ პროდუქტებად გარდაქმნის მიზნით.

ქარხნის ტერიტორიიდან ნავთობის შლამის ნავთობპროდუქტებად გადამუშავებისთვის საჭირო დრო მერყეობს დაახლოებით 8-დან 18
წლამდე.“

სკრინინგის დოკუმენტების მიხედვით, ამჟამად, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ცალკეული ტერიტორიებს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს [ნახეთ ფოტო]:

სკრინინგის დოკუმენტებიდან

სკრინინგის ანგარიშს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კვლევების შესახებ, რისკების ანალიზი, ტერიტორიაზე აღდგენითი [გაწმენდის] ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „უნდა შემუშავდეს ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის აღდგენის [რემედიაციის] დეტალური გეგმა… დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენა შეიძლება წარმატებით და ხანგრძლივი ვადით განხორციელდეს, მომავალი სარგებლობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: