დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციას მართავენ, ნინო ნიჟარაძე მივიდა, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი.
მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას ამ ბინების გადაცემას სთხოვენ.
მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია ვინმე აჭარის არალეგიტიმური მთავრობიდან, ან მერიიდან. ნინო ნიჟარაძე პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აქციაზე მივიდა.
ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებთან, აქციაზე, დაადასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მოქალაქეებმა განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.
ნინო ნიჟარაძის თქმით, „თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, აუცილებლად მიიღებს ბინას“.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ოზთურქის კორპუსები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის პირობებს არ აკმაყოფილებს:
„საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რასაც სჭირდება გარკვეული დრო. ამ დროის განმავლობაში მოხერხდება ყველა იმ განცხადების განხილვა, რომელიც დღემდე არის მერიაში დარეგისტრირებული“ – თქვა მან.
ნინო ნიჟარაძეს არ დაუზუსტებია, დაახლოებით რა ვადა დასჭირდება კომისიას განცხადებების შესასწავლად. „არ ვიცი რამდენი განაცხადია უკვე მერიაში და რამდენი კიდევ შევა“ – აღნიშნა მან.
ამ თემაზე:






