მთავარი,სიახლეები

პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

15.04.2026
პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

„დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე“, – უპასუხა მოსამართლეს ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, როცა მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ბრალდებასთან დაკავშირებით.

დღეს, 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „პოლიციელის ყაჩაღობის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

დღევანდელ პროცესზე პროკურორმა, აკაკი მოქერიამ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რადგან არსებობს „მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე“.

„დანაშაული შეიძლება ჩაიდინა, მაგრამ არ უცდია გაქცევა“, – მიმართა პროკურორს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ, შემდეგ ბრალდებული პოლიციელის ახლობლებით სავსე დარბაზს გამოხედა და დასძინა: „პოლიციის სტაჟიანი თანამშრომელია, შეეძლო მიმალულიყო, მაგრამ მან თანხაც უკან დააბრუნა… სხვათა შორის, ბატონ პროკურორს არ უხსენებია შემამსუბუქებელი გარემოება,“ – თქვა ადვოკატმა.

ადვოკატმა ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის გათავისუფლება მოსამართლეს 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე სთხოვა. თუ საჭიროდ ჩათვლით, თანხის ოდენობა შეიძლება გაზარდოთო, მიმართა მოსამართლეს.

„განიცდის… უარყოფითად აისახება მის კარიერაზე, ეს იყო ამოუხსნელი ნაბიჯი, როგორ აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ტარიელ რიჟვაძე პატიმრობაში დატოვა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დღევანდელ სხდომაზე დასაშვებად მიიჩნიეს და სადავოდ – ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებებს არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკვლევენ და მოსამართლეს თითოეული მოწმის მოსმენა მოუწევს, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება. ადვოკატი და პროკურორიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე საპროცესოს გაფორმება არ განიხილება.

ბრალდებულის დუმილის მიუხედავად, ადვოკატის პროცესზე გაჟღერებული პოზიცია ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელი აღიარებს ყაჩაღობის ჩადენას? – ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვიდრე ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ამავდროულად, ადვოკატი გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ პოლიციელი აზარტულ თამაშზე იყო დამოკიდებული.

„საქმეში მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება აღნიშნული, თავს შევიკავებ,“ – თქვა პროკურორიმა აკაკი მოქერიამ პოლიციელის აზარტულ თამაშებით გატაცებაზე.

პროკურორ აკაკი მოქერიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე გავესაუბრეთ.

„2915 ლარი გასტაცა მაღაზიის მენეჯერს, აღნიშნული თანხის დაუფლების შემდეგ მან დატოვა მარკეტის ტერიტორია… მაღაზიის მენეჯერი იყო ადგილზე, რომელსაც ხელში ეჭირა თანხა, მას ნავაჭრი თანხა უნდა გადაერიცხა კომპანიის ანგარიშზე, როდესაც ის დახლთან მივიდა, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული თანნაქონი საკანცელარიო დანის გამოყენებით ახორციელებს თავდასხმას… დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

საქმეში მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი: თმაში ხელი მოკიდა და ამ გზით წაართვა აღნიშნული თანხა. ამან გამოიწვია ტკივილი, როგორც დაზარალებული განმარტავს…“ – გვითხრა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

პროკურორს ვკითხეთ მითვისებული თანხის დაბრუნებაზეც. პროკურორი განმარტავს, რომ პოლიციელმა შემთხვევის ადგილი დატოვა, მაღაზიიდან 112-ზე დარეკეს და ამის შემდეგ გააჩერეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ტარიელ რიჟვაძე მაღაზიასთან ახლოს.

„თანხის ამოღება საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოხდა,“ – დასძინა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელიც უკვე ამოღებულია.

გამოძიებას ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა. რა პოზიცია დააფიქსირა ტარიელ რიჟვაძემ ყოფილ კოლეგებთან?

„ვინაიდან იგი იყენებს დუმილის უფლებას, ბრალდებულის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ, საქმის არსებითი განხილვის დროს იგი რა პოზიციას დააფიქსირებს,“ – გვითხრა პროკურორმა.

____

ამ თემაზე:

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი ბათუმში სასამართლომ დააპატიმრა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: