მთავარი,სიახლეები

როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“

11.07.2025
როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“

„რეალური სასჯელი 3 წელი და 2 წელი პირობითი მსჯავრი, 1 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით“, – ამ პირობით გაუფორმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გალიფ ოზთურქს და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ოზთურქის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გალიფ ოზთურქი ბათუმში რჩება და ბიზნესის გაგრძელებას აპირებს.

გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის 2023 წელს გაასამართლეს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა აქამდეც, მაგრამ ამ დრომდე ეს ვერ შედგა. ოზთურქს საპროცესო პროკურორმა ლევან მურვანიძემ გაუფორმა – ეს პროკურორი იყო გალიფ ოზთურქის საქმის პროკურორი, რომელიც მანამდე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებოდა.

როგორ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს, რაც იშვიათობაა? – ვკითხეთ გალიფ ოზთურქის ადვოკატს.

„ნარკოტიკის რეალიზებაზე არ კეთდება საპროცესო, ჩვენ გვედავებოდნენ შეძენა-შენახვას, რაზეც საპროცესოები საკმაოდ ბევრია… მისჯილი ჰქონდა 8 წელი, ამნისტია უკვე 6 წელზე დაყვანას ითვალისწინებდა, აქედან ნახევარი, ანუ 3 წელი მოხდილი ჰქონდა და ერთი მილიონი ლარიც მგონი არაა პატარა ჯარიმა,“ – გვითხრა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

გალიფ ოზთურქი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2025 წლის 27 ივნისს გათავისუფლდა, თუმცა მის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო: პროკურატურა გალიფ ოზთურქს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას [ფულის გათეთრება] ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ მუხლით გალიფ ოზთურქის ბრალდება 2023 წელს წარუდგინეს, მანამდე, ვიდრე ნარკოდანაშაულის საქმეზე განაჩენი დადგებოდა. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გაასამართლა. იგივე მოსამართლე განიხილავს ახლა გალიფ ოზთურქის მიერ სავარაუდოდ ფულის გათეთრების საქმეს.

უკვე 2 წელიწადნახევრის გასვლის მიუხედვად – ფულის გათეთრების საქმე ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა. ამ საქმეზე ოზთურქი გირაოს საფუძველზე – 50 ათასი ლარის სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

რას აკეთებს გალიფ ოზთურქი? – ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ოზთურქი ისევ საქართველოში აპირებს ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას, თუმცა ჯერ რეაბილიტაცია უნდა გაიაროს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს, რეაბილიტაციას დასჭირდება გარკვეული დრო… ბათუმშია და არსად წასვლას არ აპირებს, ის კანონმორჩილი ადამიანია,“ – გვითხრა რობერტ გრიგალაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: