რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმაში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის არმიის გამოყენების ნებართვას იძლევა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მათი დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში.
კანონპროექტი დუმას 19 მარტს წარედგინა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დებულება შექმნილია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად მათი დაპატიმრების ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში საზღვარგარეთ.
შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.
რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მოქმედი ნორმების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მათი პირდაპირი დანიშნულებისგან განსხვავებული ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს, თუმცა ახალი ინიციატივის ავტორები გამოდიან წინადადებით, დადგინდეს, რომ სახელმწიფოს მეთაურს, სხვა საკითხებთან ერთად, შეეძლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები წარგზავნოს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად უცხოური და საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან დევნისგან“.






