მთავარი,სიახლეები

„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში  

05.04.2022 • 3863
„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში  

„თუ ერთოთახიანი ბინა ომამდე ღირდა დაახლოებით 500 ლარი, ახლა ის ბინა 500 დოლარად ქირავდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მედეა აბულაძე, რომელიც ბათუმში მაკლერად მუშაობს. ზოგიერთი მაკლერის დაკვირვებით კი, ბოლო პერიოდში ბათუმში ბინის ქირის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა, შეძენის კი – 30 პროცენტით.

თუკი სასურველი ბინის მოსაძებნად ერთ-ერთ ონლაინპლატფორმას – Myhome.ge-ს გამოიყენებთ, ნახავთ, რომ ზღვისპირა ზოლში სტუდიოს ტიპის ბინის ფასი სულ ცოტა 1500 – 2 000 ლარია.

წინა წლებში, ზღვის სეზონის დაწყებამდე, ადამიანები ამავე საიტზე ერთოთახიან, კეთილმოწყობილ ბინას ბათუმში 500 ლარადაც კი შოულობდნენ. ახლა იმავე – 500 ლარის მითითების დროს მხოლოდ რამდენიმე ბარაკული ტიპის საცხოვრებელს შემოგთავაზებთ საძიებო სისტემა, ისიც მხოლოდ ქალაქის გარეუბანში.

„ქირაობენ ძირითადად რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სხვა ეროვნების ხალხიც, მაგრამ ძირითადად, რუსები არიან,“ – გვიყვება ვაჟა ბერიძე. ისიც მაკლერია და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობს.

მაკლერები აღნიშნავენ, რომ წელს ზაფხულის სეზონის დადგომამდე თითქმის შეივსო ბინები და ნახევრად ირონიით დასძენენ „უმუშევარი ვრჩებით, მგონი“.

„იდება თუ არა საიტზე ბინა, ერთ საათში უკვე გაქირავებულია… ვისაც არ აქვს გაქირავებული, იმას პირობები აქვს რაღაც ისეთი, თორემ მაშინვე ქირავდება,“ – აღნიშნავს მედეა აბულაძე.

მაკლერების თქმით, ბინის გამქირავებლების ნაწილის კატეგორიული მოთხოვნაა, ბინა რუსეთის მოქალაქემ არ იქირაოს.

„დაახლოებით 20 პროცენტია ასეთი, ვინც ამას ამბობს. ეს, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან თუ საქართველოში უშვებ რუსეთის მოქალაქეს, საცხოვრებელიც უნდა შესთავაზო. აბა, სად წავიდეს?“ – კითხულობს მედეა აბულაძე.

„არის რამდენიმე ათეული ისეთი შემთხვევაც, როცა ადამიანებმა მოგვმართეს და გვითხრეს, რომ ბინა დააცლევინეს მდგმურს და უკრაინიდან დევნილებს უფასოდ დაუთმობენ,“ – გვითხრეს უძრავი ქონების სააგენტოში – „Discover Batumi Realtor“. სააგენტოში რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როცა თვეების წინ კონკრეტულ მესაკუთრეებს ბინა გააქირავებინეს, დღეს კი იგივე ბინები ისევ ქირავდება, რადგან მესაკუთრეს „ორმაგი შემოსავლის მიღების შანსი გაუჩნდა“.

„მაგალითად, ჩაიკოვსკის ქუჩაზე გაქირავდა ერთოთახიანი ბინა 4 თვის წინ 400 ლარად, ახლა იმავე ბინას მესაკუთრე 350 დოლარად აქირავებს. ბინა, რომელიც 350 დოლარად იყო გაქირავებული, ახლა 2 ათას ლარად ქირავდება და ასე შემდეგ,“ – გვითხრეს უძრავი ქონების სააგენტოში.

ამავე სააგენტოს „Discover Batumi Realtor“-ის ინფორმაციით, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ბინის შეძენის ფასი. „თუკი აქამდე, მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე 700 დოლარად იყიდებოდა გარემონტებული ბინა 1 კვადრატული მეტრი, ახლა იგივე ბინა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს,“ – გვითხრეს აქ.

სააგენტოს მონაცემებით, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ბინების დაახლოებით 40 პროცენტი ჯერ კიდევ გასაქირავებელია.

მაკლერებმა გაგვიზიარეს კიდევ ერთი მიგნება – „აღარ აქვს მნიშვნელობა, სად არის ბინა – ზღვისპირას თუ ჭაობში.“

„მცირე სხვაობა არის, მაგრამ დიდი არა. სტუდიოს ტიპის ბინა, დაახლოებით 25 კვადრატი, თუკი 500 – 600 დოლარად ქირავდება ზღვისპირა ზოლში, მინიმუმ 400 დოლარი ღირს უკვე ჭაობში,“ – აღნიშნა მედეა აბულაძემ.

ვაჟა ბერიძის დაკვირვებით კი, ძირითადად სტუდიოს და ერთოთახიანი ბინები გაძვირდა, მრავალოთახიანი ბინები – არა.

„როგორც ჩანს, უკრაინელი იქნება ეს თუ რუსი, მაინც თავს იკავებენ ხელგაშლილობისგან და დიდი ოჯახიც რომ იყოს, ცდილობენ პატარა ბინა აიღონ. ძირითადად ერთწლიანი ხელშეკრულებები იდება,“ – გვითხრა ვაჟა ბერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში რუსეთის 35 028 მოქალაქე შემოვიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: