მთავარი,სიახლეები

მილიონზე მეტ ლარს თაღლითურად დაეუფლა ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტი – პროკურატურა

25.05.2022
მილიონზე მეტ ლარს თაღლითურად დაეუფლა ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტი – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.

გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ თანამშრომლებს ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

აღნიშნული ქმედებებით ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად, თაღლითურად დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კუთვნილ 1 288 000 ლარს“ – იუწყება პროკურატურა.

მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: