მთავარი,სიახლეები

უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს – WSJ

17.05.2022
უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს – WSJ

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს.

The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა უნიანიც ავრცელებს.

გუტერეში ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა ქვეყნებმა თავიდან აიცილონ სურსათის გლობალური დეფიციტი.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ დიპლომატების თქმით, თურქეთმა გამოთქვა მზადყოფნა შეთანხმებებში მონაწილეობის მისაღებად.

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, გუტერეში რუსეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნებას სთავაზობს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა გაეროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. გაეროს უშიშროების საბჭო კი ჯერჯერობით ვერ იღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებენ მას.

„ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებული, ზეწოლას განახორციელებენ მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა პროდუქტის მიწოდება მინიმუმ შეზღუდული რაოდენობით დაუშვას გემებით – კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნეიტრალური ან რუსეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის დროშით“, – წერს The Wall Street Journal-ი .

უკრაინის შეფასებით, ქვეყნიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული მოიპარეს ოკუპანტებმა და გაიტანეს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მანამდე კი უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაშია – რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ სატვირთო გემებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: