ბათუმის სტადიონზე მინდვრის მოვლაში 2 წლის განმავლობაში 1 139 880 ლარს [თვეში 47 495 ლარს] გადაუხდიან უცხოურ კომპანიას, რომელმაც თავის დროზე სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოაწყო.
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმებს.
„აჭარაბეთ არენას“ საფეხბურთო მოედნის მინდვრის საფარის (ჰიბრიდული) ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით „სეფროტ ინ სპორტ ისტერნ იურეფ ინსაატ ვე სპორ ჰიზმეტლერი ანონიმ შირკეტი“-საგან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდული იქნას ბათუმის საფეხბურთო სტადიონ „აჭარაბეთ არენას“ საფეხბურთო მოედნის მინდვრის საფარის მოვლა-პატრონობის მომსახურება 2022 წლის 01 ივნისიდან 2024 წლის 01 ივნისის ჩათვლით“, – აღნიშნულია „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორის ბრძანებაში.
ამავე ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში“ და „ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვროს არაუმეტეს 1 139 880 ლარით დღგ-ს ჩათვლით“.
ამ შესყიდვის შესათანხმებლად აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა.
განაცხადში აღნიშნულია, რომ აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ჩაატარა ბაზრის კვლევა „და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები. აღნიშნულ ფასთა კვლევაში მონაწილეობა მიიღო ერთმა პოტენციურმა მომწოდებელმა – უცხოურმა საწარმომ „სეფორტ ინ სპორტ ისტერნ იუერეფ ინსაატ ვე სპორ ჰიზმეტლერი ანონიმ შირკეტი“-მ, რომლის მიერ დაფიქსირდა 1 139 880 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული თანხა მოიცავს მინდვრის 2 წლის განმავლობაში მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და შესაბამისად, მისი ღირებულება არ აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის მინდვრის მოწყობის ღირებულებას, რომელიც შეადგენდა 1 638 635 ლარს დღგ-ს ჩათვლით.“
„სეფორტ ინ სპორტ ისტერნ იუერეფ ინსაატ ვე სპორ ჰიზმეტლერი ანონიმ შირკეტი“, იგივე „სისფიჩი“-სთან ხელშეკრულების გაფორმების რეკომენდაციას აძლევს აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შპს „ანაგიც“, რომელმაც სტადიონი ააშენა.
„ანაგის“ წერილის მიხედვით, სწორედ მათ მოიწვიეს თავის დროზე ირლანდიული კომპანია „სისფიჩი“ [SIS Pitches] ჯერ მინდვრის საფარის მოსაწყობად და შემდეგ 1 წლით მის მოვლა-პატრონობაზე გაუფორმეს ხელშეკრულება.
„ანაგი“ ასევე აღნიშნავს, რომ მინდვრის მოვლა მოითხოვს სპეციფიკურ სამუშაოებს, შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას რაც გააჩნია „სისფიჩს“. ამასთან, მშენებელი კომპანია აღნიშნავს, რომ მინდვრის მოვლის საგარანტიო პირობების დარღვევა, შეაჩერებს „ანაგის“ საგარანტიო ვალდებულებებს.
დოკუმენტების მიხედვით „ანაგი“ ახორციელებს მოედნის მოვლას, რომლის მოქმედების ვადა შეადგენდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელს და მისი მოქმედება იწურება 2022 წლის 01 ივნისს. ასევე, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ (ყოფილი შპს ,,სტადიონი“) და შპს „ანაგს“ შორის 2017 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „ანაგს“ ნაკისრი აქვს საგარანტიო ვალდებულება სწორი ექსპლუატაციის პირობებში 3 წლის განმავლობაში [2024 წლის 31 მაისის ჩათვლით] უზრუნველყოს მინდვრის საფარის მოწყობის სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების/წუნის გამოსწორება.“
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მინდორი როგორც ცოცხალი ორგანიზმი, საჭიროებს ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას და შესაბამის ღონისძიებებს… ამ ღონისძიებების არასწორი განხორციელება ან/და განუხორციელებლობა გამოიწვევს ჰიბრიდული საფარის მნიშვენელოვან დაზიანებას, რაც საფრთხის წინაშე დააყენებს მომავალში ერთის მხრივ ბალახის მუდმივად ჯანმრთელ კონდიციაში ყოფნას, ხოლო მეორეს მხრივ ჰიბრიდული საფარის სწორად შენახვას და დაცვას. ამ პირობების უგულებელყოფა ასევე გამოიწვევს სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევას და შესაბამისად შეაჩერებს ან/და საერთოდ გამორიცხავს შემდგომში შპს ,,ანაგი“-ს მხრიდან საგარანტიო ვალდებულებების შესრულებას.“ – აღნიშნულია განაცხადში.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმოს „სისფიჩთან“, ანუ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ მინდვრის მოვლის პარალელურად უპრობლემოდ გაგრძელდება „ანაგის“ საგარანტიო ვალდებულებებიც.
„ასევე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ბათუმის საფებურთო სტადიონზე UEFA-ს მიერ 2023 წლის ივნისის თვეში მოკლე პერიოდში დაგეგმილია U21 ევროპის ჩემპიონატის 5 მატჩის და შესაბამისად 10 წინასამატჩო ვარჯიშის ჩატარება, მათ შორის ფინალური თამაშის, რაც საჭიროებს მოედნის იდეალურ კონდიციებში ყოფნას და მოკლე პერიოდში მიდვრის საფარის აღდგენას. შესაბამისად, მოცემული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის ფორმით შესყიდვის შემთხვევაში დიდია რისკი მოხდეს სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევა, მინდვრის საფარის ხარისხის გაუარესება, სადაო სიტუაციების წარმოშობა, რაც გამოიწვევს შემდგომში შპს ,,ანაგი“-ს მხრიდან საგარანტიო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას. ასევე რისკის ქვეშ დადგება ევროპის რიგით მეორე დონის სანაკრებო ჩემპიონატის ფინალის ჩატარება, რაც ერთის მხრივ გამოიწვევს ქვეყნის პრესტიჟის შელახვას, ხოლო მეორეს მხრივ ბათუმის სტადიონის დიდი ოდენობით დაჯარიმებას“, – აღნიშნულია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განაცხადში.
კომპანია SIS Pitches ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც 2001 წელს შეიძინა ჯორჯ მულანმა და 2005 წელს გადაიტანა გაერთიანებულ სამეფოში. ამ დროისთვის, კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში და აქვს ოფისები ირლანდიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ანგოლაში.
„ანაგთან“ ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, ჯამში 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.
ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონში კი, კომპანია „აჭარაბეთმა“ გაიმარჯვა და აღნიშნული უფლება [5 წლით] 8.7 მილიონ ლარად შეიძინა. შესაბამისად ბათუმის სტადიონს „აჭარაბეთ არენა“ დაერქვა.
ამავე თემაზე: