მთავარი,სიახლეები

მოხალისე ბიზნესმენი, რომელსაც ოკუპირებული მარიუპოლიდან ხალხი გამოჰყავდა

26.05.2022 • 1262
მოხალისე ბიზნესმენი, რომელსაც ოკუპირებული მარიუპოლიდან ხალხი გამოჰყავდა

წყარო: Unian.net

ბიზნესმენი მიხაილ პურიშევი მარიუპოლიდან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, მოხალისედ იქცა. წითელ მიკროავტობუსს, რომლითაც მას ოკუპირებული ქალაქიდან ხალხი გამოჰყავდა, სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი იცნობს. საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ფასად, მიხაილ პურიშევმა ათობით ადამიანი გადაარჩია.

მოხალისემ ექვსჯერ მოახერხა ოკუპირებულ ქალაქში შესვლა და გამოსვლა: მისი მანქანა დაცხრილეს, თვითონ მიხაილი კი ევაკუაციის მეშვიდე მცდელობისას მოხვდა ადგილობრივ იზოლატორში, სადაც რამდენიმე დღე გაატარა.

მიხაილი ჰყვება, რომ მარიუპოლი ახლა კოცონისგან დარჩენილ ფერფლს ჰგავს. ქალაქში ბევრი ადამიანი კვლავ სარდაფებში რჩება, რადგან გამოსვლის ეშინიათ.

კითხვაზე, როგორ ახერხებენ ადამიანები იქ ცხოვრებას, მიხაილი პასუხობს: „ალბათ, ღმერთის წყალობით. ბევრი მოხუცი უბრალოდ კვდება სარდაფებში გულით, ისევე, როგორც ინსულინდამოკიდებულები. იქ ინსულინი არ არის. პირველი შესვლისას შევძელი მცირე რაოდენობით შემეტანა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი“.

მარიუპოლის გზაზე მოხალისე ბიზნესმენს რუსების დაახლოებით 20 საგუშაგოს გავლა უწევდა. იხსენებს, რომ ზოგიერთ საგუშაგოს ადგილობრივებმა ზედმეტსახელიც კი დაარქვეს, მაგალითად, ერთს „ხარბების საგუშაგო“, რადგან იქ მყოფი სამხედროები, ევაკუაციის დროს, მუდმივად ცდილობდნენ, ხალხისთვის რამე წაერთმიათ.

„ერთ-ერთ საგუშაგოზე ადამიანებს ჩხრეკდნენ, ხდიდნენ, ტატუებს უთვალიერებდნენ, შემდეგ იწყებდნენ მათი პირადი ნივთების გადალაგებას. იღებს ერთი ყურსასმენებს და ეკითხება: „არ გჭირდება ხომ ესენი?“ რა უნდა უპასუხო შეიარაღებულ ადამიანს? ვხედავ, ათვალიერებს ნივთებს, ერთ ქალს ჰიგიენური საფენები ჰქონდა, ვიფიქრე, ამასაც წაართმევენ-მეთქი. თუმცა მთავარი იყო, ევაკუაციის დროს ვინმე არ დაეჭირათ, ვინმე არ წაეყვანათ“, – ჰყვება მიხაილი.

თავადაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ხალხი უსაფრთხოდ გაეყვანა: სთხოვდა გამოერთოთ ტელეფონები, წაეშალათ ყველა ვიდეო უკრაინული სიმბოლიკით – მთავარი იყო, ცოცხლებს გაევლოთ საგუშაგოები.

მიხაილ პურიშევი/ ფოტო სოციალური მედიიდან

მეშვიდე მცდელობაზე მოხალისე ბიზნესმენი საგუშაგოზე დააკავეს და ადგილობრივ იზოლატორში წაიყვანეს, მაშინ „აზოვსტალისკენ“ მიდიოდა, ქალებისა და ბავშვების გამოსაყვანად. იხსენებს, რომ იზოლატორში ადამიანების სასტიკი წამების მოწმე გახდა.

„ერთ-ერთი დაკითხვის შემდეგ, ჩვენთან საკანში ახალგაზრდა ბიჭი შემოათრიეს, ძირს დააწვინეს. მთლად გალურჯებული იყო, დამწვრის სუნი ასდიოდა. ელექტროშოკით აწამეს. გონებას კარგავდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო. ჩვენ, ყველა, ვინც საკანში ვიყავით, მის გარშემო შევგროვდით. ვიღაცამ ტკივილგამაყუჩებელი ამპულა იპოვა, მე ქურთუკი დავუფინე…“

თუმცა მიხაილის თქმით, რუსების მიერ მოწყობილ იზოლატორებში, ამაზე უარესებიც ხდებოდა – კიდევ უფრო სასტიკი წამება ელოდათ მათ, მათ ვინც ოკუპირებულ დონეცკში მიჰყავდათ. მიხაილ პურიშევი იზოლატორში იმ უკრაინელებსაც შეხვდა, რომლებიც ომის დაწყებისთანავე რუსების სამსახურში ჩადგნენ. რამდენიმე მათგანში, ბიზნესმენმა, მარიუპოლში თავისი დაწესებულების ხშირი სტუმრებიც ამოიცნო.

„ეს ადამიანები ყველაფერზე მიდიან, რომ შედეგი აჩვენონ. მათთვის სულერთია, გაქვს თუ არა კავშირი „აზოვთან“ ან უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. ყველაფერს აკეთებენ, რომ შენ აღიარო ის, რაც მათ უნდათ. მათი ამოცანაა, თავის „ახალ ბატონებს“ ერთგულება დაუმტკიცონ – ამბობს მიხაილი.

ის იხსენებს, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრი ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, საიდანაც მან ხალხის გამოყვანა ვერ მოასწრო. იმის გამო, რომ თეატრს უსაფრთხო ადგილად მიიჩნევდნენ, იქაურობას უამრავი ადამიანი აფარებდა თავს, ძირითადად ქალები, პატარა ბავშვებით და ორსულები. მიხაილი ვარაუდობს, რომ დაბომბვის დროს იქ 300 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა – „თეატრის ყველა სართულზე ხალხი იყო, დერეფნებში ეძინათ“.

მოხალისე ახლაც იღებს თხოვნებს მარიუპოლიდან ევაკუაციაზე, თუმცა არ იცის, შეძლებს თუ არა ქალაქში დაბრუნებას. რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, რომ თუ კიდევ დაბრუნდებოდა მარიუპოლში, მას ოკუპირებული ქალაქიდან აღარ გაუშვებდნენ.

მარიუპოლი მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად, ქალაქი მთლიანად განადგურებულია, დაღუპულია დაახლოებით 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.

მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებსაც ოკუპირებული ქალაქის დატოვება სურთ, რუსები „გასაფილტრ ბანაკებში“ ათავსებენ, შემდეგ კი რუსეთში გზავნიან.

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: მიხაილ პურიშევი თავისი წითელი მიკროავტობუსით/ფოტო სოციალური მედიიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: