მთავარი,სიახლეები

ვინც უკრაინისთვის იბრძვის, იბრძვის ყველა ნაწამები ადამიანისთვის – ალა დუდაევა 

26.05.2022 • 8131
ვინც უკრაინისთვის იბრძვის, იბრძვის ყველა ნაწამები ადამიანისთვის – ალა დუდაევა 

წყარო: Hromadske.ua [შემოკლებული ვერსია].

ალა დუდაევა – მხატვარი და მწერალი, იჩქერიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, 26 წლის წინ მოკლული ჯოხარ დუდაევის ქვრივია. რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთში გადახვეწილიყო.

ალა დუდაევასთან ვისაუბრეთ რუსეთის ომებზე, მის სისასტიკეზე, არაადამიანურ მეთოდებზე, სამოქალაქო საზოგადოების სიმამაცეზე და ქალთა მოძრაობის როლზე მშვიდობისთვის ბრძოლაში. ასევე იმაზეც, რა საერთო აქვთ უკრაინელ და ჩეჩენ ერებს და რატომაა უკრაინის გამარჯვება დღეს ასე მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის.

  • ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვენ შეადარეთ უკრაინელი და ჩეჩენი ერები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლით ჰგვანან ერთმანეთს. რა საერთო აქვთ ჩვენს ხალხებს?

1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნები იძულებით შეყარეს სავაჭრო ვაგონებში და გადაასახლეს ყაზახეთის ცივ სტეპებში. იქ სიცივისა და შიმშილისაგან მათი ნახევარი დაიღუპა. 1932-1933 წლებში უკრაინაში მოაწყვეს ხელოვნური ჰოლოდომორი, რომელმაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, 8-დან 12 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეს იყო საშინელი წლები უკრაინელი და ჩეჩენი ხალხების ისტორიაში.

1994 წელს ჩეჩნეთში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასა და 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრას შორისაც ვხედავთ პარალელებს. „თავისუფლება ან სიკვდილი“ – ასეთი ლოზუნგით მიდიოდა რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი.

ჯოხარ დუდაევი, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, თითქმის ყოველდღე გამოდიოდა თავისი ხალხის წინაშე და მისი სულიერი განწყობის ამაღლებას ცდილობდა. ჯოხარს, ისევე როგორც ზელენსკის, სთავაზობდნენ, დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც წარმოუდგენელი იყო! სრულმასშტაბიანი აგრესიის წინ, ჩეჩენი და უკრაინელი ერების განწყობა გამარჯვების რწმენას აძლიერებდა. საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილისთვის მზადყოფნა არ იძლეოდა სასოწარკვეთის საშუალებას.

1996 წელს ჩეჩენმა ხალხმა მსოფლიო გააოცა 300-ათასიან რუსულ არმიაზე, ბოროტებისა და ძალადობის ამ უზარმაზარ იმპერიაზე გამარჯვებით. გროზნოში მყოფი რუსეთის ჯარების სრული განადგურების საფრთხემ, რომლის წინაშეც მოსკოვი სულ რაღაც მილიონიანმა მოსახლეობამ დააყენა, აიძულა 143-მილიონიანი რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წასულიყო.

ამ გასაოცარმა გამარჯვებამ ყველა ოკუპირებულ ერს დაანახვა, რომ ნებისმიერ ხალხს, რომელიც საკუთარ მიწაზე თავისუფლებისთვის იბრძვის, შეუძლია გამარჯვება.

დღეს უკრაინელებიც მზად არიან, დაიხოცონ და არ დანებდნენ მტერს.

სამშობლოს უზომო სიყვარული ბადებს ასეთ ამაღლებულ განწყობას, რუსი ხალხისგან განსხვავებით, რომლებსაც უცხო მიწაზე უღირსი სიკვდილისთვის იმეტებენ.

მაშინ, ჩეჩნები იმ იარაღით იბრძოდნენ, რომელსაც მტერს ართმევდნენ. მათ არავინ დახმარებია. დასავლელი პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ „რუსეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე“. მაშინ გაისმა ჯოხარის სიტყვები: „დადგება დრო, როდესაც ევროპა რუსეთის შიდა საქმედ იქცევა“!

მისი სიტყვები ახდა, ეს დრო უკვე დადგა. დასავლეთმა მრავალწლიანი ძილიდან გამოიღვიძა და როგორც იქნა გააცნობიერა, როგორი მონსტრი გაუზრდია. უკრაინას მხარს მთელი მსოფლიო უჭერს და მისი გამარჯვება გარდაუვალია!

  • მოგვიყევით მოქალაქეების, კერძოდ კი ქალების მოძრაობაზე ჩეჩნეთში. როგორია მისი ისტორია და როლი ჩეჩნეთის რესპუბლიკის განვითარებაში?

ქალთა მოძრაობა პირველი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს გაჩნდა, საპროტესტო მიტინგების სახით. მიზანი მშვიდობისთვის ბრძოლა და იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარება იყო.

უწყვეტი მიტინგი გროზნოში. ათობით ათასი ადამიანი – მოხუცები, ქალები და ბავშვები – ნებისმიერ ამინდში დგანან გარეთ, თოვლშიც. პრეზიდენტის დამწვარი, დაბომბილი სასახლის წინ, რომლის ფასადის ნარჩენებზეც ჯოხარ დუდაევის პორტრეტი და დაუმარცხებელი იჩქერიის მწვანე სახელმწიფო დროშა კიდია, კარვების ქალაქი გაიშალა. მას დუკი-იურტა შეარქვეს, ჯოხარის საბავშვო სახელი, რადგან ჩეჩნეთის მინიატიურული განსახიერება იყო.

კარვების ქალაქის ქუჩებში გამოკრული იყო ფანერები, რომლებზეც დიდი თუ პატარა სოფლების სახელები ეწერა. მოდიოდნენ ავტობუსები მთელი რესპუბლიკიდან. თოვლში ჩამუხლული, გამხდარი, მოხუცი ორივე ხელით გულში იხუტებს ჯოხარ დუდაევის პორტრეტს. სილურჯემდე გაფერმკრთალებულ სახეზე ჩაშავებული, სევდიანი თვალები მოუჩანს… ამ კადრმა ყველა ტელევიზორის ეკრანი მოიარა.

ჩეჩენი ქალები იჩქერიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის პორტრეტით და შეძახილით „თავისუფლება ჩეჩნეთს“. 1995 წლის 30 ივნისი.
ფოტო: AP / მიშა ჯაფარიძე

სამწუხაროდ, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ასეთი მოძრაობა უკვე აღარ ყოფილა. ჩეჩნებს დააბრალეს დანაშაულები, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათ. რუსებში რომ სიძულვილი გამოეწვიათ, პუტინის ბრძანებით, ააფეთქეს სახლები მოსკოვსა და ვოლგოდონსკში.

ჩეჩენი ხალხი გაანადგურებს წარმოუდგენელი სისასტიკით. სოფლებში მიდიოდა წმენდა, იჭერდნენ და მოსკოვში გზავნიდნენ 18 წლის ახალგაზრდებს. ისინი უბრალოდ ქრებოდნენ. მშობლების შეკითხვებზე სამხედრო ნაწილების მეთაურები ჩუმდებოდნენ ან უფრო მაღლა მდგომი მეთაურებისთვის ქრთამის მიცემას ურჩევდნენ. ფულს იღებდნენ მკვდარი ახალგაზრდების ცხედრებშიც, რომ ისინი საკონცენტრაციო-ფილტრაციის ბანაკებიდან ოჯახებისთვის გაეტანებინათ.

ომის დროს ჩეჩნეთში, რუსი სამხედროები სასტიკად ამცირებდნენ ქალებს. ჩვენ დღეს უკრაინაშიც იგივე მეთოდებს ვხედავთ – ათობით ქალი გააუპატიურეს და მოკლეს ბუჩაში, ირპენში, სხვა ქალაქებში. მოგვიყევით ჩეჩენი ქალების ტრაგედიაზე ომში და ომის შემდეგ.

ეს აკრძალული თემაა. ისტორიულად ასეა, რომ ჩეჩნური ადათ-წესებით გაცნობისას, ან შეხვედრებისას, რომლებიც აუცილებლად მოწმეთა თანდასწრებით უნდა შემდგარიყო, ბიჭს გოგოსთვის ხელზე შეხებაც კი არ შეეძლო. და ასეთ დელიკატურ გარემოში რუსი სამხედროები სჩადიან ღია ძალადობას. ეს ქალის ნათესავი კაცებისთვის უდიდესი სირცხვილია.

მშვიდობიან დროს, სისხლის აღების ადათით, კაცის მკვლელობისთვის კაცს კლავენ, ხოლო ქალის მკვლელობისთვის კლავენ ორ კაცს!..  ბევრია ისეთი შემთხვევაა, რომელთა მოსმენისას ძარღვებში სისხლი გაეყინება ადამიანს.

„წმენდის“ დროს ჯავშანტრასპორტით ჩეჩენი ახალგაზრდებიც მიჰყავდათ, მერე ხელებშეკრულებს თოკით აბამდნენ მანქანაზე და ასე ატარებდნენ ქუჩებში, ვიდრე არ დაიხოცებოდნენ. ბევრი ასეთი ფოტო შემორჩა, ფონზე მდგარი მოღიმარი რუსი „გმირებით“.

ფილტრაციის ბანაკებში რუსი სამხედროები აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ყველას და თუ გამოსასყიდზე ვერ მოილაპარაკებდნენ, ნაწამებ ტყვეებს კლავდნენ. ამოსაცნობად ახლობლებს მხოლოდ თავებს უტოვებდნენ – ეს იყო ცხედრებით ვაჭრობა.

ამიტომაც მივიდა მთელი კავკასია იუსუფ თემირხანოვის დაკრძალვაზე. ის რუსულ ციხეში გარდაიცვალა, თუმცა შური იძია პოლკოვნიკ ბუდანოვზე 17 წლის ელზა კუნგაევას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის.

იუსუფი ამ გოგონას არ იცნობდა.

  • თუ მოხერხდა ჩეჩნეთის ომების დროს კაცობრიობის, კერძოდ კი ქალებისა და ბავშვების წინაშე ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვა?

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანაშაული იყო ურუს-მარტანის მოვლენები. ორი წლის განმავლობაში, ურუს-მარტანის სამხედრო კომენდანტი, გეიდარ გაჯიევი ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებდა. მის სისასტიკეზე ლეგენდები დადიოდა. ხალხი ღამით ვეღარ იძინებდა, თავდასხმის შიშით. ასობით ახალგაზრდა კაცი მან ყოველგვარი დანაშაულის გარეშე დააკავა, სიკვდილით დასაჯა ან დაასახიჩრა. სარდაფში ყრიდა ქალებს და პირადად სცემდა მათ. არანაირი საჩივარი და მიმართვა არ შველოდა ამ ხალხს. რუსეთის ხელმძღვანელობას აწყობდა მისი მეთოდები. ყოველი დანაშაულის შემდეგ ის მხოლოდ ჯილდოებს იღებდა.

აიზა გაზუევა 19 წლის იყო. გაჯიევის ბრძანებით, მისი მოხუცი მამამთილი დახვრიტეს, ქმარი კი დააპატიმრეს. 2011 წლის 27 ნოემბერს, აიზა კომენდატურაში მივიდა ქმრის ბედის გასარკვევად. გენერალმა გაჯიევმა, შეურაცხყოფა მიაყენა და თავისი დაცვის დახმარებით გააგდო, თუმცა 28 ნოემბერს, რუსმა სამხედროებმა მისივე ბრძანებით, განყოფილებაში მიიყვანეს ორსული აიზა. გამხეცებული გაჯიევი ეცა გოგონას, თმით ითრია და მისგან მოითხოვდა ეღიარებინა, რომ მისი ქმარი ვაჰაბიტი იყო.

აიზამ უპასუხა: „გინდაც მომკლათ, ჩემს ქმარს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჰაბიტებთან“. მაშინ გენერალმა, რამდენჯერმე დაარტყა აიზას, თმით წაათრია გვერდით ოთახში. იქ იატაკზე მისი ქმარი იწვა, ალიხანი. მთლად გალურჯებული, დასახიჩრებული სახით. აიზამ უცებ ვერც კი იცნო ქმარი. ტირილი დაიწყო, ემუდარებოდა გაეშვათ ალიხანი. პასუხად, გაჯიევმა დანა ამოიღო და ალიხანს მუცელი გაუფატრა. აიზა კი თმით დაიჭირა და სახე მის გადმოყრილ ნაწლავებში ჩააყოფინა. ალიხანი დიდხანს და ტანჯვით კვდებოდა ორსული ცოლის თვალწინ.

მაშინ მიიღო აიზამ გადაწყვეტილება… რაღაც დროის შემდეგ, აიზამ სხეულზე ასაფეთქებელი მიიმაგრა და სამხედრო კომენდატურის წინ დადგა, მკვლელის გამოსვლას ელოდა. ბოლოს, როდესაც გაჯიევი შენობიდან გამოვიდა, მას უამრავი ქალი მიაწყდა შეკითხვებით შვილებისა და ქმრების ბედზე. აიზამ ქალებს ჩეჩნურად სთხოვა იქაურობა დაეტოვებინათ: „დღეს მისი აღსასრული დადგება. ის მეტად ვეღარ მოგაყენებთ ტკივილს“. გაჯიევს სამხედრო ქურთუკზე ჩაეჭიდა და მიმართა: „გახსოვს ჩემი ქმარი, მე გახსოვარ?“ და აფეთქების ხმაც გაისმა.

  • იყო თუ არა მცდელობა, რომ საერთაშორისო მექანიზმები გამოეყენებინათ ომის დამნაშავეთა დასასჯელად? გქონდათ კონტაქტი ქალთა საერთაშორისო მოძრაობასთან?

სამწუხაროდ, სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იჩქერიაში, იმალებოდა. თუკი გამოჩნდებოდა მამაცი ჟურნალისტი, მას ანადგურებდნენ არა უბრალოდ და ჩუმად, არამედ სამაგალითოდ! ასე მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია საკუთარი სახლის სადარბაზოში – ხუთი გასროლით. 7 ოქტომბერს, 16 წლის წინ, რამზან კადიროვმა ასეთი საჩუქარი გაუკეთა პუტინს, დაბადების დღეზე. ანას არ ეშინოდა, დაეწერა და მოეყოლა სასტიკი სიმართლე ადამიანის უფლებების დარღვევებზე ცხელ წერტილებში. იმაზე, თუ როგორ უჩინარდებიან ადამიანები, როგორ კლავენ და აწამებენ მათ კადიროვის დილეგებში. ის რუსებში სინდისის გაღვიძებას ცდილობდა.

ახლა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მათ სინდისს უკვე აღარავინ აღვიძებს.

2009 წლის 15 ივლისს, ინგუშეთის ტერიტორიაზე, უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა გაიტაცეს და ორი გასროლით მოკლეს. უფლებადაცვით ცენტრ „მემორიალში“ მუშაობდა. ის ჩეჩნეთში გამეფებულ უკანონობაზე წერდა, ათასობით მოკლულსა და გატაცებულზე, რომლებსაც ნათესავები ვერ პოულობდნენ. ნატალია ესტემიროვას შვილი, ლანა, დედის მკვლელობაში პუტინს, კადიროვს და იმ სისტემას ადანაშაულებს, რომელიც ქვეყანაში მათი ხელმძღვანელობით შეიქმნა.

ისინი ცნობილი ქალები იყვნენ. და რამდენი სხვა ადამიანი მოკლეს, ვისაც არავინ იცნობდა? – უკანონოდ დაკავებული ჩეჩნების დამცველები. ერთ-ერთი ზურა ბიტიევა იყო. მას შემდეგ, რაც 18 წლის ვაჟთან ერთად ჩერნოკოზოვოს ბანაკში წაიყვანეს, უცებ დაბერდა. ის და მისი ვაჟი ბანაკიდან ახლობლებმა გამოისყიდეს. ჩერნოკოზოვოდან დაბრუნების შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას უკანონო დაკავებების წინააღმდეგ, მანამ, ვიდრე სახლში არ მიაკითხეს და შვილთან და ქმართან ერთად ადგილზე არ დახვრიტეს.

რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, ბორის ელცინს მილიარდობით დოლარით ეხმარებოდა მისი დიდი მეგობარი ბილ კლინტონი. 1995 წელს ის, ცოლთან ერთად, მოსკოვშიც ჩავიდა. უკან კიევის გავლით ბრუნდებოდნენ. მაშინ კიევში ვიყავი მეც და წერილი მივწერე ჰილარი კლინტონს. მას ეს წერილი, ჩემს პირველ წიგნთან ერთად, უკრაინელმა დეპუტატებმა გადასცეს.

მე მას ვწერდი: „უზარმაზარმა რუსეთმა დაიწყო ომის ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთის ბომბების ქვეშ იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, ქალები, მოხუცები და ბავშვები. ახლა, როდესაც ჩეჩენი და რუსი კაცები კვდებიან ბრძოლაში, შეძლებენ კი ქალები თავისი ძალების გაერთიანებას, რომ ორი ხალხის განადგურება შეაჩერონ? ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია, რომ სიკვდილისგან ვიხსნათ ათასობით ადამიანი“.

პასუხი არ მიმიღია.

მერე ბევრი რამ შეიცვალა. კგბ-ს ყოფილი პოდპოლკოვნიკი პუტინი პრეზიდენტი გახდა და რუსეთში დემოკრატიის ყველანაირი ჩანასახი გაანადგურა. მოკლეს ან მოწამლეს ყველა, ვინც კი პუტინის წინააღმდეგ გამოვიდა, მათ შორის ვალერია ნოვოდვორსკაია და ბორის ნემცოვი. ცოტა ხნის წინ დახურეს „მემორიალი“. რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა იჩქერიის ომის დროს დაზარალებულებისთვის ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული კომპენსაციის გადახდაზე.

  • ჩეჩენი ხალხისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელიც რუსეთის სისასტიკეზე მეტყველებს, 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალია. როგორ მუშაობს ერის მეხსიერებაში ასეთი სიმბოლური ადგილები?

სამწუხაროდ, ახლა ჩეჩნეთის მიწაზე 160 ათასი რუსი ოკუპანტია. ჩეჩენი ხალხი იძულებულია შეეგუოს და იაროს პუტინის სახელობის გამზირზე, რომელსაც მანამდე თავისუფლების გამზირი ერქვა. მაგრამ მოვა დრო, ჩეჩენი ხალხი აუცილებლად გათავისუფლებდა და ეს გათავისუფლება უკვე შორს აღარაა.

სახალხო მეხსიერებას შემორჩა ჩეჩენთა 1944 წლის ტრაგედიის მემორიალი. თავის დროზე, მემორიალის მშენებლობამ რესპუბლიკაში დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. ზოგიერთი წავიდა კიდე ყაზახეთში, წინაპრების ნეშტის გადმოსასვენებლად.

ბევრს უნდოდა ამ უნიკალური ძეგლის შექმნაში მონაწილეობის მიღება, ეძებდნენ და მოჰქონდათ საფლავების ქვები, წლების მტვერს აცლიდნენ და მოედანზე აწყობდნენ.

ჯოხარი საღამოობით ფურცლებს აშრიალებდა და ესკიზებს ხატავდა. ახლოსაც არ მიშვებდა, „ჩემით უნდა გავაკეთო, ეს ჩემი ვალია“, – ასე ამბობდა. ვერ შეძლო მამამისის უკანასკნელი დანაბარების ასრულება – მისი ნეშტის სამშობლოში გადასვენება, ამიტომაც ცდილობდა, სხვა ადამიანების უკანასკნელი სურვილი მაინც აესრულებინა.

რამდენჯერმე სცადეს მემორიალის აღება, თუმცა ხალხმა გააპროტესტა და ბოლოს, ცენტრიდან გროზნოს ბოლოში გადაიტანეს.

  • ჩეჩნეთში, მშვიდობისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯარისკაცთა დედების მოძრაობა. ამაზეც მოგვიყევით.

1995 წლის 23 თებერვალს მოსკოვში სრულიად რუსეთის ჯარისკაცთა დედების კონგრესი გაიმართა. მათ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, შეეწყვიტა ომი იჩქერიაში და მათი შვილები დაებრუნებინა. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ცნობილი იაპონელი ბუდისტი ტერასავა ძიუნსეი, რომელსაც იაპონიაში „სახლიდან გამოსულს“ უწოდებდნენ. მან მშობლიური სახლი ოცი წლისამ დატოვა, პლანეტის ცხელ წერტილებში დადიოდა და მშვიდობის მარშებს აწყობდა. თავისი გამოსვლაში მან ჯარისკაცების დედების კომიტეტსაც მოუწოდა, იჩქერიაში მოეწყოთ მშვიდობის მარში.

1995 2ლის 8 მარტს, ჯარისკაცების დედებმა მარში დაიწყეს – უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან გროზნომდე. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ნება დართო რუსი ჯარისკაცების დედებს, მათი ახალწვეული, ტყვედ ჩავარდნილი შვილები წაეყვანათ. ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში 250 დედა ჩავიდა. ჩეჩენმა მეთაურებმა მათ ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე დაუბრუნეს შვილები.

ამ დროს, რუსეთის ბანაკებში, და ასეთი 50-ზე მეტი იყო, ტყვეებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ, ნათესავებს კი მხოლოდ ფულის სანაცვლოდ უბრუნებდნენ დასახიჩრებულ გვამებს.

ჩეჩნებს რუსეთში „ველურებს“ ეძახდნენ, მაშინ, როდესაც მორალურად რუსებზე ბევრად მაღლა იდგნენ.

რას ეტყოდით უკრაინელ ქალებს?

აღტაცებული ვუყურებ სამხედრო ფორმაში თუ ულამაზეს, მოქარგულ სამოსში გამოწყობილ უკრაინელ ქალებს. ისინი ნებისმიერ ტანსაცმელში მშვენიერები არიან და მხოლოდ აღტაცებას იწვევენ.

აღტაცებული ვარ უკრაინელი მოხალისეებით და მათი შრომით. მე ვხედავ უკრაინელი კაცებისა და ქალების სიმამაცეს, მათ უდიდეს სიყვარულს. აღტაცებული ვარ უკრაინელი ხალხით, რომელიც თავის ტრადიციას ინახავს.

მთელი გულით გისურვებთ რუსულ – ბოროტებისა და ძალადობის იმპერიაზე გამარჯვებას. გამარჯვება ყველას, ვინც დღეს თავის საყვარელ სამშობლოს იცავს, იცავს შვილებსა და ოჯახს. ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ის იბრძვის მათთვისაც, ვინც მანამდე დაეცა ბრძოლის ველზე, იბრძვის ყველა ნაწამები, დამცირებული და შეურაცხყოფილი ადამიანისთვის. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც იქნება!

___

ავტორი: ირინა დრობოვიჩი, სამოქალაქო აქტივისტი.

თარგმნა: თამარ რუხაძემ

___

აქვე – ჯოხარ დუდაევი უკრაინაზე და რუსეთის გეგმებზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/400166/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: