მთავარი,სიახლეები

ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას – 24 წლის სტუდენტი

26.05.2022 • 2020
ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას – 24 წლის სტუდენტი

24 წლის გოჰარ აღჯოიანი ნინოწმინდის სომხურენოვანი სოფლიდან, დიდი არაქალიდანაა. 1+4 პროგრამით თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. მის სოფელში მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობს – ჯავახეთის სომხურენოვანი სოფლების მცხოვრებლებს ნაკლებად უწევთ ქართულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა. სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამები კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მხოლოდ ნაწილობრივ ცვლის მდგომარეობას.

„ენის ბარიერი ჩემს და არამარტო ჩემს სოფელშია დღემდე პრობლემა. მე მერვე კლასამდე არ ვიცოდი ქართული, ვიცოდი წერა-კითხვა, მაგრამ საუბარი არ შემეძლო. მერე ქართველი მასწავლებლები და მოხალისე-მასწავლებლები ჩამოდიოდნენ სოფლებში და ახალი მეთოდებით გვასწავლიდნენ ქართულს. ეს ჩემი პირველი კონტაქტი იყო ქართველებთან.

ეს ქართველი მოხალისე-მასწავლებელი ძალიან მომწონდა და მიყვარდა: გვამეცადინებდა უფასოდ და დიდი ენთუზიაზმით, თამაშ-თამაშით. შემიყვარდა ქართული ენაც და ქართველებიც.

ჩაგვრთო უამრავ პროექტში და ბევრგან გვატარა, ასე დავიწყე ქართველების გაცნობა და დავახლოვდით.

მერვე კლასამდე ისიც კი არ ვიცოდი, რომ შეიძლება ერთ დღეს მოვინდომო და სწავლა საქართველოში გავაგრძელო. ზოგადად, ადრე უფრო მეტი აბიტურიენტი აბარებდა სომხეთში, ახლა პირიქითაა, რადგან მეტ-ნაკლებად ახალგაზრდების ნაწილმა სახელმწიფო ენა უკვე იცის“, – ამბობს გოჰარი. თუმცა ის იმასაც აღნიშნავს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ვინც ენას კარგად ვერ ფლობს, ნებდება და გოგოები ნაადრევად წყვეტენ დაქორწინებას, ბიჭები კი შრომით ემიგრაციაში მიდიან, ძირითადად რუსეთში.

გოჰარის სოფელში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსგავსად, არ არის ბუნებრივი აირი და არც წყალი მოდის უწყვეტად.

გოჰარის თქმით, საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული პრობლემები ტვირთად ძირითადად ქალებს აწევთ:

„ქალები უფრო ზიანდებიან ამ ყველაფრით, რადგან კაცების უმრავლესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის. ჯავახეთში ისინი ზამთარში ბრუნდებიან და მთელი წლის განმავლობაში, სოფლის ყველა საქმე ქალის მხრებზეა. როცა არც წყალი გაქვს, არც გაზი, რთულია არსებობა.

მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ტრანსპორტი არ დადის, როცა პატარა ვიყავი ძალიან მინდოდა ნინოწმინდაში სიარული. იქ იყო სხვადასხვა წრე ბავშვებისთვის, მაგრამ ვერ დავდიოდი, ტრანსპორტი არ იყო. ახლაც ასეა“, – გვიყვება გოჰარი.

გოჰარი ინტეგრაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორმხრივი პროცესია, არცთუ ისე მარტივი, მაგრამ შესაძლებელი:

„სულ ვფიქრობდი და ვიმეორებდი, რომ მე მაქვს უფლებები, მაგრამ ასევე მოვალეობები და არავინაა ვალდებული სასწრაფოდ დამიმეგობრდეს, რახან უმცირესობების თემიდან ვარ, ეს პროცესი თავად უნდა ვმართო. თავიდანვე ვიცოდი, რომ სხვაგან მივდივარ, სადაც უმრავლესობა არის სხვა ეროვნების, არიან ქართველებიც, აზერბაიჯანელებიც და სხვებიც. უნდა მქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ამ ადამიანებთან ისე გავაბა კავშირები – პრობლემები არ გვქონდეს.

სოციალურ ურთიერთობაში სულ ჩნდება პრობლემები, კონფლიქტები, იყო სირთულეებიც, პირველ ორ-სამ თვეს მიჭირდა ქართულად ლაპარაკი და სემინარების ჩაბარების დროს მქონდა შფოთვები, მეწყებოდა ხელების, ხმის, ფეხების, კანკალი. ვერ ვლაპარაკობდი და ვფიქრობდი, ახლა თუ ვილაპარაკებ, შემამჩნევენ, რომ აქცენტი მაქვს, არასწორად ვამბობ სიტყვებსაც და რას იფიქრებენ-მეთქი, მაგრამ 3 თვეში გამიარა შფოთვამ. მივხვდი, რომ ჩემი კურსელებისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ეროვნების ვიყავი“, – ამბობს გოჰარი.

გოჰარის თქმით, ისე ჩანს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო თითქოს ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მისივე მოსაზრებით, მხოლოდ 1+4 პროგრამა და ქართული ენის შემსწავლელი ცენტრები ინტეგრაციისთვის საკმარისი არ არის:

„კი, გვაქვს 1+4 პროგრამა და ჟვანიას სახელობის სკოლა, მაგრამ როცა სოფლებში არ გვაქვს ბაგა-ბაღები, როცა სკოლები ძირითადად ავარიულ მდგომარეობაშია, როცა ისიც კი არ ვიცით სკოლის მასწავლებლები არიან თუ არა იმ საგნების სპეციალისტები, რასაც სკოლებში ასწავლიან, როცა არ ვაკვირდებით რა სახელმძღვანელოებით სწავლობენ ბავშვები სხვადასხვა საგანს, ამ ყველაფერს როცა არ ვაკეთებთ, რატომ უნდა გვეგონოს, რომ ეთნიკური უმცირესობები მარტივად ისწავლიან ენას.

ნინოწმინდაში მხოლოდ 10 ბაღია, ახალქალაქში მხოლოდ 12, დანარჩენ სოფლებში რა ქნან ბავშვებმა? რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათაც ბაღში სიარულის შესაძლებლობა?

ზოგი სკოლა სახიფათო მდგომარეობაშია. რეგიონების მოსახლეობას ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა.

ჟვანიას სკოლა გვაქვს ნინოწმინდაში, სადაც ყველა მსურველი სწავლობს სახელმწიფო ენას, მაგრამ როგორ უნდა მოვთხოვოთ დანარჩენი სოფლების ახალგაზრდებს და მოსახლეობას იარონ იქ და ისწავლონ?

კი ბევრი დადის და ეს კარგია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურს იცოდეს სახელმწიფო ენა. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც უნდა სწავლა, მაგრამ ისედაც, ისეთი რეგიონია, სადაც იმდენი პრობლემაა… ჩვენთან 6, 7 თვე თოვლი დევს და ზამთარია, ძალიან მძიმე კლიმატია, იმდენი საქმეა… როცა კაცების უმეტესობა უმუშევარია [რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა] და ქალებზეა დანარჩენი ყველაფერი, როგორ უნდა გვქონდეს რამე პრეტენზია ამ ხალხის მიმართ“, – ამბობს გოჰარი.

მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სომხურ თემში, სამცხე-ჯავახეთში ძალიან სწრაფად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის გამავრცელებელიც მარტივად იქცევა ხოლმე „სანდო წყაროდ“.

„სახელმწიფოს აქვს ინფორმაცია, სად რა ხდება, ჩვენთანაც მუშაობს სუსი და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ ეთნიკურ უმცირესობას სრულიად სხვა ინფორმაციას არ უნდა აწვდიდნენ, დანარჩენ საქართველოს კი სხვას.

ხელისუფლების წარმომადგენლები არამხოლოდ არჩევნებზე, არჩევნებამდეც და მერეც უნდა ჩამოდიოდნენ და ინტერესდებოდნენ ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობით.

სახელმწიფოს როცა სჭირდება ეს ხალხი, მხოლოდ მაშინ აქცევს ყურადღებას, ჩვენს თემშიც ამაზე ძალიან ბევრს და ხშირად უნდა ვლაპარაკობდეთ“, – გვეუბნება გოჰარი და აგრძელებს:

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ამ პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვლაპარაკობდეთ უმრავლესობასთან. ხშირად უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ჩვენს პრობლემებზე. წარმოუდგენიათ, რომ ენას ეთნიკური უმცირესობები უპატივცემულობის გამო არ სწავლობენ და ა.შ. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ და ყველა ვმუშაობთ, ვსწავლობთ ამ ქვეყნისთვის, ვაკეთებთ ბევრს და ასეც უნდა იყოს, ეს გვაერთიანებს“, – ამბობს მომავალი ფსიქოლოგი.

გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, გოჰარ აღჯოიანი არაფორმალური განათლების პროცესშიცაა ჩართული და სემინარებს კითხულობს გენდერულ თანასწორობაზე, შეისწავლის ქალების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს სამცხე-ჯავახეთში, მონაწილეობს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევაში და თანამშრომლობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

„თბილისში ვარ ახლა, მაგრამ მინდა მუდმივად ჩართული ვიყო არამხოლოდ ჩემი სოფლის, არამედ მთელი რეგიონის ცხოვრებაში. ზოგადად, ჩემი ყველა შეხვედრა უკავშირდება რეგიონს, სოფელს, მუნიციპალიტეტს, საიდანაც მე ვარ და ჩვენი კავშირი არ შეწყვეტილა, არც შეწყდება.

მინდა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდეს, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა იქნება, რადგან ჩვენთან ეს მიმართულება განვითარებული არ არის. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო. უნდა ვეცადო ამ პროფესიით ადამიანების ცხოვრება უკეთესი გავხადო, მაგრამ ჯერ თავად უნდა გავიარო დიდი გზა“, – ამბობს 24 წლის სტუდენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: