მთავარი,სიახლეები

ჩემი ტყვედ აყვანა სურდათ, დაჭრილმა 2 კილომეტრი ვიარე ტყეში – ბათუმელი სტინგერი უკრაინაში

25.05.2022 • 34842
ჩემი ტყვედ აყვანა სურდათ, დაჭრილმა 2 კილომეტრი ვიარე ტყეში – ბათუმელი სტინგერი უკრაინაში

„სროლა რომ ატყდა, ვიფიქრე, ტყეში შევასწრებ-მეთქი, ორი ნაბიჯიღა მაკლდა, როცა ავტომატიდან გასროლილი ბრმა ტყვია მომხვდა,“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის მეზენიტე, სტინგერის მსროლელია და უკრაინაში ბრძოლის დროს ფეხში დაიჭრა. ავთანდილ სურმანიძე ამ დროს სტარი სალტოვთან იბრძოდა ხარკოვის ოლქში, სადაც უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ალყის გარღვევა შეძლეს.

ავთანდილ სურმანიძეს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. ის კიევის ჰოსპიტალშია და დაჭრის, ასევე, დაჭრამდე 3 დღით ადრე უკრაინელი გოგოს დანიშვნის ამბავს გვიყვება:

„უნდა გენახათ, როგორი სიხარულით გვხდებოდნენ სოფლებში, რომლებსაც ვათავისუფლებდით… სოფლები, ომის მიუხედავად, დაცლილი არ იყო, გარეთ გამოსვლა ჰქონდათ შეზღუდული და გადაადგილება. ერთი ქართველი ვიყავი და მეხვეოდნენ, როცა ეუბნებოდნენ, ეს ბიჭი საქართველოდან არისო, ტიროდნენ სიხარულისგან, გვეპატიჟებოდნენ სახლში, სუფრებს გვიშლიდნენ…

ხარკოვის ალყის გარღვევის დროს ბატალიონს უკან მივყვებოდით, როგორც ჰაერსაწინააღმდეგო დაზღვევა. იმ დღესაც, როცა დავიჭერი, არტილერია შევაცილეთ ერთ-ერთ სოფელში და სოფლიდან დაახლოებით ორ კილომეტრზე დავბანაკდით. დილის 9 საათი იქნებოდა, ვსაუზმობდით, როცა ტყიდან ხმაური შემოგვესმა.

ავტომატები გვერდით გვედო, მაგრამ იმათ იყვირეს, არ გვესროლოთ, თქვენიანები ვართო. მოგვატყუეს. დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე იყვნენ უკვე, როცა რუსებისთვის დამახასიათებელი თეთრი სამკლავურით მივხვდით, ვინც იყვნენ და ცეცხლი გავუხსენით, მე, ჩემი მეთაური და მძღოლი ვიყავით მხოლოდ. ისინი შვიდნი იყვნენ. მივხვდი, რომ ჩვენი ტყვედ აყვანა უნდოდათ,“ – ამბობს ქართველი მებრძოლი. მან რუსებისგან თავის დაღწევა ფეხში დაჭრის მიუხედავად მაინც მოახერხა.

„როცა ტყვია მომხვდა, მალევე წამოვდექი და ტყეში შევედი,“ – განაგრძობს თხრობას ავთანდილ სურმანიძე. – „დაახლოებით ორი კილომეტრი ვიარე ცალი ფეხით, სისხლი მდიოდა, ვცდილობდი, თან მეპოვა მეორეხარისხოვანი გზა… ამასობაში, მობილური დავკარგე, ჩემებთან კონტაქტიც დავკარგე.

მერე ჩამოვჯექი და ჯოხებისგან საკუთარი ხელით გავაკეთე „გიფსი“, ფეხი დავაფიქსირე, ქამარი შემოვიჭირე და ფეხსაცმლის თასმებიც. მაისურიც გავიხადე და სისხლდენის შეჩერება ვცადე. პურის ყანებში გავაგრძელე უკვე გზა.

აღარ მეშინოდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ვერ იქნებოდა ორმხრივი ცეცხლი, რომ ეს შემორჩენილი ოკუპანტები იყვნენ, რომლებმაც ვერ გააღწიეს გათავისუფლებული სოფლიდან. გზამდე მივედი და იქ დავწექი, ვიდრე, რომელიმე მანქანა გამოჩნდებოდა.

დაახლოებით 25 წუთი იქნებოდა გასული, როცა ჩემი მეთაურის მანქანა გამოჩნდა. სწრაფად ვცადე გამოსვლა გზაზე, მაგრამ ის ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ვერ გავასწარი გზამდე, მაგრამ ხელში რაც მეჭირა, იმ ჯოხის გადასროლა მოვასწარი – უკანა ხედვის სარკიდან დამინახა და შეჩერდა,“ – ამბობს ავთანდილ სურმანიძე.

დაჭრის წინა დღეს ამოვკვეთე ხეზე „ბათუმი“, სადაც დავბანაკდით – ავთანდილ სურმანიძე

ქართველი მებრძოლის თქმით, მას პირველადი სამედიცინო დახმარება იმავე სოფელში აღმოუჩინა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა, გამაყუჩებელი გაუკეთეს და შემდეგ შემოვლითი გზით ხარკოვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რადგან ცენტრალური გზა დანაღმული იყო.

„თავიდან ექიმმა როცა ნახა ჩემი თხილის ჯოხებით გაკეთებული „გიფსი“, გაუკვირდა, ყველაფერი სწორად გაგიკეთებიაო. ვუთხარი, რომ როცა სიკვდილს ხედავ, ყველაფერი შესაძლოა სწორად გააკეთო-მეთქი.

ფეხის კოჭი ჩამტვრეული მაქვს მთლიანად, მაგრამ ფეხს ვამოძრავებ. არ ვიცი, რა იქნება, კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გამიკეთონ ამ დღეებში,“ – ჰყვება სტინგერის მსროლელი ბათუმიდან.

დაჭრამდე სამი დღით ადრე კი, ავთანდილ სურმანიძემ ხარკოველი მარია ანტიპოვა დანიშნა. ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ დაქორწინებას ბათუმში აპირებს, როცა ომიდან დაბრუნდება. მარია ანტიპოვა ავთანდილ სურმანიძეს სოციალური ქსელით 2019 წელს გაუცნია.

ავთო და მარია

„ის დედასთან ერთად ბათუმში იყო და წერდა, რომ საქართველო შეუყვარდა. მაშინ მე მეგობრობა ფეისბუქით ვთხოვე, დავმეგობრდით, შემდეგ ეს გრძნობები შეიცვალა და სიყვარულში გამოვუტყდი. მითხრა, რომ ეს არ გამოვა, რადგან საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.

ომში როცა წავედი, მას აღარ ვწერდი… მერე, ფრონტზე გადაღებული ფოტოები დავდე ფეისბუქში, ეს ნახა და მომწერა. არ ვპასუხობდი დაახლოებით ერთი კვირა. მინდოდა, ეგრძნო, რომ მხოლოდ მის გამო კი არა, ომისთვის ჩავედი, რომ ეს ომი ჩემი ომიც იყო…

მერე, ერთ დღეს, როცა მივლინებით ხარკოვში გამიშვეს, მოულოდნელად მივუკაკუნე მარიას სახლის კარზე, ძალიან გაუხარდა. ნიშნობისთვის ბეჭედი უკრაინელმა ბიჭებმა მიყიდეს… მარია სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და ახლა მოხალისედ მუშაობს ობოლი ბავშვების დასახმარებლად, სადიპლომოს დაცვა ჰქონდა, მალე უნდა ჩამოვიდეს ჩემთან, კიევში,“ – გვითხრა ავთანდილ სურმანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: