მთავარი,სიახლეები

ბათუმის აეროპორტში და სხვაგანაც უსაფრთხოების რუკას შეადგენენ დასაშვები სიმაღლის მითითებით

25.05.2022 • 2237
ბათუმის აეროპორტში და სხვაგანაც უსაფრთხოების რუკას შეადგენენ დასაშვები სიმაღლის მითითებით

სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა შეიმუშაონ აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის გრაფიკული ნახაზები [რუკები], რომლებსაც შემდგომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაამტკიცებს.

ბათუმში რომ არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული, ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 წლის წინ წერდა. მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გვითხრეს, რომ ახალ რუკებზე მუშაობდნენ.

„აეროდრომის დაცვის არეების პარამეტრები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ასევე, უცვლელი დარჩება სიმაღლეების შეზღუდვის არეალებიც, მოხდება მისი ელექტრონულ ფორმატში ვიზუალიზაცია და სეგმენტებად დაყოფა, რაც გააადვილებს და მოაწესრიგებს სამომავლოდ სიმაღლეების შეთანხმებისა და აღრიცხვის პროცესებს“, – მოგვწერეს მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.

„სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესი“ კი სააგენტომ რამდენიმე დღის წინ, 2022 წლის 18 მაისს დაამტკიცა და ის 23 მაისიდან შევიდა ძალაში.

ახალი რუკები სწორედ ამ წესის მიხედვით უნდა შედგეს, სადაც გათვალისწინებული იქნება ასევე ადრე დამტკიცებული სხვადასხვა წესისა თუ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.

აეროდრომის რაიონი, „ეს არის აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი; ამ რაიონში კი დაბრკოლებაა ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილი, რომელიც  განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში (სამუშაო მოედანზე), კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის.“

აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს აეროდრომის რაიონის ნახაზი რუკის სახით და ანგარიში, რომელშიც მოცემული უნდა იყოს აეროდრომის რაიონის თითოეული ზედაპირის აღწერა, ათვლის წერტილები [შემაღლებების მითითებით] და პარამეტრები.

მაგალითად, დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი აეროდრომისთვის უნდა დადგინდეს აეროდრომის რაიონის შემდეგი შემზღუდველი ზედაპირები:

  • დასაფრენად შესვლის ზედაპირი
  • აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი
  • დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირი
  • გარდამავალი ზედაპირი
  • შიდა გარდამავალი ზედაპირი
  • შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი
  • შიდაჰორიზონტალური ზედაპირი
  • კონუსური ზედაპირი

აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი“, რომლის საზღვარიც, დღემდე არსებული რუკის მიხედვით, მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში, აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ბათუმის კონცხამდე [იახტკლუბამდე] ვრცელდება. ანუ ამ არეალში, ფაქტობრივად, მთელი ქალაქია მოქცეული.

ბოლო პერიოდში ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავების მეორე წრეზე წასვლის შემთხვევა გახშირდა. როგორც ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია – ქარი, ნისლი. ასეთ დროს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ერთი ზოლია [როგორც დასაფრენად, ასევე ასაფრენად], ვერ ჯდება და ის მეორე წრეზე იძულებულია ქალაქს გადაუფრინოს.

თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმში:

თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმის აეროპორტში / 8 აპრილს ბორტი აეროპორტში ვერ დაჯდა და მეორე წრეზე წავიდა, რა დროსაც მან ახალ ბულვარს, სტადიონსა და ცენტრალურ პარკს [ნურის ტბას] გადაუფრინა. 27 აპრილს კი, მეორე წრეზე წასულმა ბორტმა ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს [ხელვაჩაური] და დელფინარიუმს გადაუფრინა. შესაბამისი პირობების შექმნამდე, ვიდრე ხელახლა დაჯდება, თვითმფრინავები მანევრებს ზღვის თავზე აკეთებენ.

თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმის აეროპორტში / 28 აპრილს თვითმფრინავი ბათუმში არა ზღვის, არამედ გონიოს მხრიდან შემოფრინდა. ბათუმის აეროპორტში დაჯდომა კი რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. მეორე წრეზე კი, ხელვაჩაურს, პორტსა და ბათუმის კონცხს გადაუფრინა.

ახალი წესის მიხედვით:

„აეროდრომის რაიონში, აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებას ექვემდებარება შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების სიმაღლე, განთავსება და გამოყენება“ [თუმცა, ეს შეთანხმება აქამდეც იყო და არის საჭირო].

აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ასევე „მშენებლობის ნებართვის გამცემ და განაშენიანების მარეგულირებელ უწყებებთან მჭიდრო კომუნიკაციას, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ განსაზღვრული დასაშვები სიმაღლეების დაცვისა და დაბრკოლებების სამომავლოდ განთავსების პრევენციის მიზნით.“

აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია აეროდრომის რაიონი პერიოდულად შეამოწმოს „იმ მიზნით, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის რაიონში იდენტიფიცირებული იქნას ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობა, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას.“

ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ან/და მფლობელს და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

ბათუმის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ერთი ზოლია

ამავე წესის მიხედვით, ნიშანდებას ექვემდებარება:

  • ნებისმიერი მოძრავი ობიექტი (გარდა საჰაერო ხომალდისა), თუ ის მოძრაობს, განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის სამიმოსვლო არეზე (სამუშაო მოედანზე);
  • ნებისმიერი უძრავი ობიექტი, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია საფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკის ზოლის ან ბაქანზე სამიმოსვლო ზოლის ფარგლებში;
  • უძრავი ობიექტი, რომელიც კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის რაიონში.

დაბრკოლებების ნიშანდებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები კი, განისაზღვრება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის შესაბამისად.


ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები, სიმაღლეების მითითებით [ახლო ხედით ბათუმზე]. ბათუმის მერიაში და „ტავ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ 2018 წელს განუცხადეს, რომ ეს რუკა მოძველებული იყო, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მაშინ გვითხრეს, რომ დაცვის არეალი და სიმაღლეები არ შეცლილა და ახალ რუკაზე მუშაობდნენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის ბრძანებით, „სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის გრაფიკული ნახაზის [რუკის] შემუშავება და სააგენტოში წარდგენა დასამტკიცებლად.“

ამ რუკიდანაც ჩანს, რომ ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვის იყო დაშვებული. ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 წლის წინ წერდა.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: