მთავარი,სიახლეები

რას გვიამბობენ ძველი რუკები ბათუმსა და მთელ საქართველოზე – შეხვედრა ბათუმში

25.05.2022 • 2122
რას გვიამბობენ ძველი რუკები ბათუმსა და მთელ საქართველოზე – შეხვედრა ბათუმში

როდის გამოჩნდა ბათუმი და ზოგადად, საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე და რას გვიყვებიან რუკები ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე? – ამ თემაზე დღეს, 25 მაისს, სულხან სალაძემ ისაუბრა ბათუმში. სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამავდროულად ძველი ევროპული რუკების კოლექციონერი და მკვლევარია.

შეხვედრა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, სოციალურ კაფეში – „თავისუფალ სივრცეში“ შედგა.

„ჩვენ სულ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, გაცხადებულ, დეკლარირებულ მიზანზე, ვლაპარაკობთ თანამედროვეობაზე, მართლმსაჯულების მდგომარეობაზე, საარჩევნო სისტემაზე, ადამიანის უფლებებზე, ბევრ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ამ პროცესში შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ ისტორიულ კონტექსტს.

რა საერთო გვქონდა ევროპასთან, იყო თუ არა  გადაკვეთის წერტილები და რას გვაძლევს ეს ჩვენ, რამდენად რეალური და ხელშესახებია ეს ყველაფერი დოკუმენტურად თუ მხოლოდ განცხადებების საშუალებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე? ასევე, საინტერესოა ქართველების კონტრიბუცია რა იყო ამ საქმეში. რაიმე ფორმით ვმონაწილეობდით კარტოგრაფიის განვითარების პროცესში თუ არა, თუ მხოლოდ შედეგებს ვნახულობდით, რასაც ევროპული  კარტოგრაფია ქმნიდა,“ – თქვა სულხან სალაძემ.

 

ამ კითხვებს შეხვედრაზე სულხან სალაძემ თავად გასცა პასუხი, მან აუდიტორიას წარუდგინა რუკების ელექტრონული ვერსიები საკუთარი კოლექციიდან.

სულხან სალაძის ინფორმაციით, ყველაზე ძველი რუკა, რომელზეც შეიძლება ვნახოთ ბათუმი, 1265 წელს არის შედგენილი კონრად ფოიტინგერის მიერ:

„ეს არის ძველი, რომაული საგზაო რუკის ასლი, ეს რუკა ბევრად უფრო ადრეა შექმნილი, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, თუმცა ორიგინალი განადგურებულია, არსებობს მეცამეტე საუკუნის შუა პერიოდში შექმნილი ამ რუკის ასლი. ამ რუკაზე საქართველოს ბევრი ქალაქია აღნიშნული, არის სოხუმი. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დიდი საგზაო რუკის ნაწილია საქართველო“.

შეხვედრაზე სულხან სალაძემ სხვადასხვა პერიოდის რუკებთან ერთად საზოგადოებას ასევე წარუდგინა პირველი გრავიურები ბათუმზე. მსმენელებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დასახელებებმა, როგორც ბათუმი იყო მოხსენიებული გრავიურებსა და რუკებზე. სულხან სალაძის თქმით, ეს დასახელებებია ლოვატი, მონატი და ვატი, თუმცა ისინი ძირითადად ერთი სიტყვისგან არის ნაწარმოები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: