მთავარი,სიახლეები

„მინდოდა ჩემი სისხლი და ცრემლები გამეღო“ – უცხოელები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან

25.05.2022 • 2688
„მინდოდა ჩემი სისხლი და ცრემლები გამეღო“ – უცხოელები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან

წყარო: hromadske

___________________

2022 წლის 27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელებს მოუწოდა უკრაინის დაცვაში მონაწილეობისკენ. ასე შეიქმნა უცხოელების ლეგიონი. მას უკვე შეუერთდა ათასობით მოხალისე 92 ქვეყნიდან, მათ შორის არიან სამხედრო ვარსკვლავებიც კი, მაგალითად, კანადელი სნაიპერი უოლი.

უკრაინული გამოცემა hromadske ხარკოვის ოლქში ჩავიდა, სადაც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეხვდა უცხოელებს, რომლებიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ უკრაინელი ოფიცრები ხელმძღვანელობენ. უკრაინის მოქალაქეებისგან განსხვავებით, უცხოელებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, მაგრამ უმრავლესობა აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე.

  • რაიანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან

ამერიკელ რაიანს შეეძლო ჰოლივუდის რომელიმე ფილმში მთავარი როლი შეესრულებინა. მაგალითად „რიგითი რაიანის გადასარჩენად – 2“. ლამაზი სახე, გრძელი, ხვეული, უკან შეკრული თმა, ნავარჯიშები სხეული. კითხვაზე, რამდენი წლისაა, პასუხობს, რომ ქრისტეს ასაკშია.

თუმცა ახლა რაიანი დოკუმენტურ ბოევიკში მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომის თავდაცვის პირველ ხაზზე. ამ ომში იგი სნაიპერის როლშია. მაგრამ რაიანს თავისი დამსახურებებით კვეხნა არ სურს.

– თქვენი მეთაური ამბობს, რომ თქვენ, შესაძლოა, ათობით რუსი ჯარისკაცი მოკალით.

– არა, ეს მე არ ვყოფილვარ. ვიღაც სხვაზე ამბობს, მართლა.

– მაშ, რამდენი?

– მე მხოლოდ ხანმოკლე შეტაკებების შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ძირითადი საქმე დაკვირვებაა, რუკების შედგენა, ესკიზების მომზადება, დეტალების ჩაწერა. დიახ, ესაა 99 პროცენტით.

რაიანი. ფოტო: hromadske

რაიანს ომმა საქართველოს მთებში მოუსწრო. როცა ის მთებიდან დაეშვა და ახალი ამბები წაიკითხა, მაშინვე უკრაინისკენ ავიარეისის ძებნა დაიწყო.

რაიანი ომამდე უკრაინაში ორწელიწად-ნახევარი ცხოვრობდა, სხვადასხვა ქალაქში. ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა აღმოსავლეთ ევროპა და ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ მიხვდა, რომ საცხოვრებლად უკრაინა საუკეთესო ქვეყანაა. იყო მოხალისე მასწავლებელი კარპატების საბავშვო ბანაკში. დაიწყო საკუთარი ბიზნესი მთებში მოგზაურობის სფეროში.

„თავიდან ვგეგმავდი უბრალოდ წავსულიყავი ჩემს მეგობრებთან კიევში და მენახა, შემეძლო თუ არა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში გაწევრიანება და მათი როგორმე დახმარება. შემდეგ გავიგე, რომ ახალშექმნილ უცხოურ ლეგიონში იწვევდნენ და ვიფიქრე, რომ ეს ერთადერთი კანონიერი საშუალება იქნებოდა…“

რაიანს საუბარს არტილერიის ხმა აწყვეტინებს. ის ყურს უგდებს. ამბობს, რომ ეს ახლოს არ არის და საუბარს აგრძელებს.

„არტილერია ძალიან დიდია, მე – ძალიან პატარა. ეს საშინელებაა. მაგრამ ზოგჯერ სახიფათო რაღაცებს ადამიანები ​​მხოლოდ გასართობად ვაკეთებთ, აქ კი საშიშია და სახიფათო რაღაც მიზნისთვის“.

რაიანი ამბობს, რომ ის ომშია იმიტომ, რომ თავის უკრაინელ მეგობრებთან ერთად ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. და კიდევ იმისთვის, რომ უკრაინელი მებრძოლებისგან კრეატიულობა ისწავლოს.

„ისინი წყვეტენ პრობლემებს ისე, როგორც არ ელოდებით. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ ითვისებენ ისინი საუკეთესო ტაქტიკას. რუსები ძალიან ძველი, საბჭოთა ტაქტიკით სარგებლობენ, „სახელმძღვანელოების მიხედვით“. უკრაინელები აკვირდებიან და ხედავენ, რა მუშაობს. შემდეგ სწრაფად ახდენენ ამის რეალიზებას დიდ მასშტაბებში. ისევე, როგორც ტექნოლოგიების გამოყენებისას. მაგალითად, მცირე ზომის სამოქალაქო დრონებით, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყენება.

  • მერკელი ავსტრალიიდან  

კაცმა, ფორმაზე ლურჯ-ყვითელი დროშით, რამდენჯერმე გაიმეორა სახელი, რომ მისთვის სწორად გაეგოთ. ბოლოს ამბობს: „მიშკა“. ასე ეძახიან მას ისინი, ვისაც უჭირს მერკელის დამახსოვრება. ის ავსტრალიიდანაა. პირველად ჩამოვიდა ევროპაში. უკრაინაში ყველაზე მეტად სიცივემ მოახდინა შთაბეჭდილება. მერკელს ორი შვილი ჰყავს – სამი და ხუთი წლის.

„26 საათი მოვდიოდი. მოვფრინავდი მელბურნიდან, იქიდან – სინგაპურში, სინგაპურიდან – გერმანიაში. გერმანიაში 12 საათით დამაკავეს, არ მაძლევდნენ ევროპაში შესვლის საშუალებას. ომი სულ ახალდაწყებული იყო.

როცა აეროპორტში დამაკავეს, გავიცანი უკრაინელი, რომელმაც მითხრა: „იდეა მაქვს, შეგვიძლია ბრიტანეთში გავფრინდეთ“. მეორე დილას გავფრინდით დიდ ბრიტანეთში და შემდეგ მან მიყიდა ბილეთი უკრაინისკენ. ონლაინ დავუკავშირდი უკრაინის საელჩოს. ჩავირიცხე ლეგიონში და ახლა აქ ვარ.

მერკელი. ფოტო: hromadske

მერკელი ამბობს, რომ ავსტრალიაში კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მისი ხელები უკრაინას სჭირდება. იგი იოვოროვსკის პოლიგონზე იყო ზუსტად მაშინ, როცა პოლიგონს რუსები ბომბავდნენ. ამ შეტევის შემდეგ ბევრმა უცხოელმა გადაწყვიტა, რომ სახლში დაბრუნების დროა, მაგრამ მერკელმა არ ისურვა.

„სინამდვილეში არ შემიძლია სახლში დაბრუნება. გაურკვეველია, მომცემენ თუ არა სამშობლოში დაბრუნების ნებას. ოდესღაც მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძვის, კლასიფიცირდება, როგორც დაქირავებული მებრძოლი. დაბრუნებისას სასამართლო პროცესი უნდა იყოს.

ვფიქრობ, ეს იქნება ხანგრძლივი ომი გამოფიტვამდე. რუსებს განდევნიან ქვეყნიდან, მაგრამ ამით არ დასრულდება. ისინი გააგრძელებენ ქალაქების განადგურებას და მხოლოდ შემდეგ წავლენ. ისინი ასე იქცეოდნენ ყველგან“.

  • ივანი ბულგარეთიდან 

სამზარეულოში კაცი ტრიალებს სამხედრო ფორმით. დიდ ტაფაზე „გრენკებს“ ამზადებს წვნიანისთვის. დღეს სადილად ბარდის წვნიანია. მეორე ტაფაზე ხორცს შუშავს. „ნამდვილი ხორცია“ – ხაზგასმით ამბობს ივანი, – „კონსერვი არ არის“.

სამზარეულოში მუშაობა მისი ფრონტია. ივანს სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. 10 წელი იგი IT სფეროში მუშაობდა, შემდეგი 10 წელი კი საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. იგი მწვანეთა პარტიის წევრია, რომელიც ამჟამად ბულგარეთის ხელისუფლებაშია წარმოდგენილი.

„უკრაინაში ჩამოვედი, იმიტომ, რომ ასეა სწორი. თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთის შემდეგი სამიზნე ბულგარეთი იქნება. ჩვენც უდიდესი პრობლემები გვაქვს ჰიბრიდულ ომთან, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთაც პუტინი აფინანსებს, დეზინფორმაციასთან, ვებ-გვერდებთან, რომლებიც ყალბ ახალ ამბებს აქვეყნებენ, ტროლებთან, რომლებიც მკვდრების ფოტოებზე „სმაილებს“ წერენ.

ივანი. ფოტო: hromadske

ახლა ბულგარეთში პოლიტიკური კონფლიქტია იმაზე, უნდა მივცეთ თუ არა უკრაინას ჩვენი ძველი, საბჭოთა შეიარაღების სისტემები. სოციალისტებს, მაფიოზებს, კორუმპირებულებს და პროპუტინისტებს არ უნდა იარაღის მიცემა. პრეზიდენტმაც კი, გუშინ თქვა – „ჩვენ არ გვინდა გავგზავნოთ ბულგარული იარაღი უკრაინაში, რადგან ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარელების მოსაკლავად“. დაიცა, ბულგარელები არიან აქ. მე ბულგარელი ვარ! ჩვენ ვიყენებთ ბულგარულ და უკრაინულ იარაღს.

  • რადი, ფილიპინელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან

რადი ყოფილი საზღვაო ქვეითია. თუმცა იგი არ იბრძოდა, ლოჯისტიკით იყო დაკავებული.

„ახალ ამბებში რეპორტაჟები ვნახე, რომ რუსები ძალიან ცუდ რამეებს აკეთებენ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაზარალდა. ვლოცულობდი და მინდოდა მეტი გამეკეთებინა, ვიდრე შემოწირულების გაგზავნა და შემდეგ ინტერნეტში დაწერაა – „ღმერთმა დალოცოს ისინი“.

მინდოდა ჩემი სისხლი, ოფლი და ცრემლები გამეღო და ჩემი წვლილი შემეტანა აქ ბრძოლაში, ადამიანებს დავხმარებოდი ლეგიონთან ერთად, ბრძოლით ან ფიზიკური ძალისხმევით. 

უკრაინელები კრეატიულები და ადაპტირების შემძლეები არიან, სწავლობენ შეიარაღების ახალ სისტემებს, რომელიც დასავლეთიდან მოდის. ყველა ახალ იარაღს, რაც მათ აქამდე არ ჰქონიათ, რუსების წინააღმდეგ დიდი წარმატებით იყენებენ.

რადი. ფოტო: hromadske

რამდენიმე ჯარისკაცმა მაჩვენა, როგორ უნდა მოვექცე „ჯაველინს“ და სწორად გამოვიყენო ვარჯიშისას. მე ვთქვი – „ო, მაგარია!“. შემდეგ სწავლების შესაბამისი კურსი და მზად ხარ.

არის სხვა იარაღიც, რომლითაც გვინდა ვივარჯიშოთ. მე მიკვირს, როგორ შეძლეს უკრაინელმა სამხედროებმა, მთელმა ქვედანაყოფმა, სწრაფად ისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ეს იარაღი.

  • კასპერი ფინეთიდან 

კასპერი 22 წლისაა. ექვსი თვის განმავლობაში იგი ფინეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა. სამშობლოში სამხედრო სამსახურისას იგი ავიაბაზის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

კასპერის სურვილმა უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე მისი მშობლები შოკში ჩააგდო. ისინი შვილს სთხოვდნენ სხვა საქმე ეპოვნა, მაგრამ ახლა კასპერით ამაყობენ.

უკრაინაში კასპერი სამხედრო მედიკოსი და მსროლელია.

„ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში გავიგე უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ. დავიწყე ფიქრი, შემიძლია თუ არა რაიმეთი დახმარება, რადგან გამახსენდა, როგორ იპოვეს ფინელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხალისეები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ. ვიფიქრე, რომ მინდოდა იმავეს გაკეთება, შემდეგ კი გავიგე საერთაშორისო ლეგიონის შესახებ, რომ ეს ოფიციალურია. დავიწყე დამატებით ინფორმაციის ძებნა და გავიგე, რომ ნამდვილად შემეძლო გაწევრიანება.

კასპერი. ფოტო: hromadske

ხანდახან ისე ჩანს, რომ ეს მარტივი საქმეა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ აქ ვსხედვართ, სათვალთვალო პოსტზე და ტყეს ვუყურებთ. და ბევრ მშრალ საკვებს ვჭამთ. ეს მართალია. დიახ, საქმე შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს.

  • გლენა ამერიკის შეერთებული შტატებიდან 

სახლთან ახლოს სკამზე სრულად შეიარაღებული ქალი ზის. გვერდით ამერიკული შაშხანა უდევს, შაშხანაზე უკრაინელი შავ-თეთრი კნუტი დაცოცავს. ქალს გლენა ჰქვია. იგი ამერიკელია.

აშშ-ში გლენა ფლოტში მსახურობდა სამხედრო სანიტრად. საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა. აშშ-ში გლენას დედა ჰყავს. ისინი იუტას შტატში ცხოვრობენ, ახლა დედასა და შვილს შორის არა მხოლოდ ათასობით კილომეტრია, არამედ 12-საათიანი სხვაობა დროში. გლენა ხანდახან წერს მას – „დილა მშვიდობისა“ ან რაღაც ასეთს, როცა კავშირი არის.

უკრაინაში და ევროპაშიც კი გლენა პირველადაა. ომის შესახებ რომ გაიგო, ბილეთი ერთი მიმართულებით იყიდა.

გლენა. ფოტო: hromadske

„ჩამოვფრინდი გერმანიაში. გერმანიიდან – პოლონეთში, შემდეგ მატარებლებით და გადმოვკვეთე საზღვარი. იქ შევხვდი ლეგიონს, ფაქტობრივად საზღვრის მეორე მხარეს.

წვრთნა გავიარე, იარაღი მომცეს და ხარკოვის ოლქში წაგვიყვანეს. პირველი კასეტური ბომბი დაეშვა.  ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ზუსტად ჩემს ზურგს უკან იყო, ოთხი იარდის [დაახლოებით 3,5 მეტრი] დაშორებით. ექიმს დაუძახეს. მახსოვს, როგორ მიირბინა. შემდეგ დაეცა მეორე კასეტური ბომბი, დაჭრილს ხელი ჩავავლეთ და ტყის ზოლისკენ წავიყვანეთ. მაგრამ ის უკვე აღარ იყო.

მაშინ დაიღუპა მებრძოლი ნიდერლანდებიდან.

„ჩემს თავში მე მზად ვარ აქ მოვკვდე. ეს ის არ არის, რაც შეიძლება დროში განსაზღვრო, ასე მგონია. ეს ომის ბოლომდე არაა. არ ვიცი შევძლებდი თუ არა აქ დარჩენას. ახლა თითქოს ქარს მივყვები“.

_____________________

თარგმნა ნანა კვაჭაძემ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: