მთავარი,სიახლეები

ბოლო ზარი XII კლასის ერთადერთი მოსწავლისთვის სოფელ ინწკირვეთში

25.05.2022 • 7301
ბოლო ზარი XII კლასის ერთადერთი მოსწავლისთვის სოფელ ინწკირვეთში

18 წლის ნიკა ჭაღალიძემ სულ რამდენიმე დღის წინ დაამთავრა სკოლა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა მეთორმეტეკლასელმა. თუმცა ნიკას ისტორია განსხვავებულია. ნიკა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ერთადერთი მეთორმეტეკლასელი იყო.

ნიკას ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი.

მას ტელეფონი არ აქვს, ამიტომ ჯერ ნიკას მამასთან, გენადი ჭაღალიძესთან დავრეკეთ. გენადიმ გვითხრა, რომ ნიკა სკოლაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უკვე დაირეკა ბოლო ზარი.

მოგვიანებით ნიკას ვკითხეთ, რატომ მოინდომა სკოლაში წასვლა სკოლის დასრულების მიუხედავად.

„მინდოდა რაღაც ახალი გამეგო და მესწავლა. ხვალაც წავალ სკოლაში, თუ რაიმე საქმე არ მექნება. სკოლაში რომ მივდივარ, მასწავლებლები მიშვებენ სხვა კლასის გაკვეთილებზე”, – გვითხრა ნიკამ.

ნიკა ამბობს, რომ კომპიუტერი არ აქვს, ფიქრობს, რომ თუ ექნება კომპიუტერი, სწავლის გაგრძელებას, ახალ-ახალი ამბების გაგებას შეძლებს.

იმისთვის, რომ ნიკას სკოლის ბოლო დღეს არ მოეწყინა, ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს ნიკას სკოლის დასრულება. ნიკამ გვითხრა, რომ სკოლაში მოწყობილმა სიურპრიზმა ის ძალიან გაახარა.

ნიკა ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. ფოტო: ინწკირვეთის საჯარო სკოლა/Facebook

ნიკა გვიყვება, რომ ყველაზე მეტად ხელოსნობა აინტერესებს: „ხანდახან ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს, ველოსიპედს, მაგრამ კარგად არ გამომდის“.

როგორც ნიკამ გვითხრა, სკოლაში მეგობრები ჰყავს და ხანდახან მათთან ერთად ფეხბურთს, კალათბურთს თამაშობს და აქვე დასძინა, რომ ფეხი სტკივა, სიარული უჭირს და ცდილობს არ გადაიღალოს.

ნიკა ამბობს, რომ ინწკირვეთიდან თანდათან ყველა მიდის, წავიდნენ მისი თანატოლებიც და მასაც უნდა წასვლა, ბათუმში უნდა ცხოვრება.

ნიკას მშობლები, გენადი და თინა ჭაღალიძეები ამბობენ, რომ ნიკას ბავშვობიდან ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამის პენსიასაც იღებდა. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ნიკა 18 წლის გახდა, მას პენსია შეუჩერდა და მაისში არ აუღია.

როგორც ნიკას მშობლები ამბობენ, ნიკამ უკვე გაიარა შესაბამისი შემოწმება პენსიის გახანგრძლივებისთვის. მშობლებს უთხრეს, რომ ნიკას ამის შემდეგ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი ექნება და მომდევნო თვიდან, ივნისიდან, მისი პენსიაც ახალი ჯგუფის მიხედვით განისაზღვრება და 135 ლარით შემცირდება. 

ინფორმაცია პენსიებს შორის სხვაობის შესახებ “ბათუმელებმა” სოციალური მომსახურების საგენტოს გვერდზე გადაამოწმეს.

იკას დედა, თინა ჭაღალიძე, 52 წლისაა. თინა გვიყვება, რომ ნიკა ყველას უყვარს სოფელში. მისი თქმით, პირველი ოპერაცია ნიკას ზურგის ტვინის თიაქარზე 6 თვისას ჩაუტარდა, 5 წლამდე არ შეეძლო სიარული და საუბარი.

თინას თქმით, ნიკას მკურნალობდნენ, დაჰყავდათ მასაჟებზე, სარეაბილიტაციო კურსზე და ხუთი წლიდან შეძლო როგორც საუბრის დაწყება, ასევე სიარული – „ნიკას ახლა ფეხზე სჭირდება ოპერაცია. მას აღარ უჩანს ცერა თითი“, – გვითხრა თინამ.

იგი ამბობს, რომ ნიკას მუდმივი ყურადღება სჭირდება. ქალი გვიყვება, რომ ნიკა ხანდახან მოულოდნელად შფოთვას იწყებს, ამიტომაც მისი სპეციალისტთან წაყვანა უნდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო აქამდე ვერ მოახერხა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„პროგრამები, რომლებითაც ნიკა სარგებლობს, მისი საჭიროებისთვის საკმარისი არ არის. ნიკას აქამდე თავისი პენსია ჰყოფნიდა, მაგრამ ახლა, როცა შედარებით დაბალ პენსიას აიღებს, რა იქნება, არ ვიცით.

როცა ნიკას რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ვაგზავნიდით ბათუმში, თან ფულს ვატანდით. ბავშვს ჭამა სჭირდება, ტანსაცმელი, სამგზავრო ფული. ახლა რა უნდა გავატანოთ, საშუალება რომ არ გვაქვს?!“, – ამბობს თინა.

თინა აქვე დასძენს, რომ ნიკას არ აქვს ტელეფონი, კომპიუტერი და ხშირად სთხოვს მათ შეძენას, მათ კი არ აქვთ ამის შესაძლებლობა. „რით ვუყიდო, მითხარით?“ – ამბობს თინა.

თინა ჭაღალიძემ გვითხრა, რომ თავად ეპილეფსია აქვს და ნიკას სარეაბილიტაციო კურსზე ვეღარ დაჰყვება.

როგორც თინასგან ვიგებთ, ნიკა რეაბილიტაციის 10-დღიან კურსს ორ თვეში ერთხელ ან თვეში ერთხელ  გადის. ნიკა ბიძასთან ჩერდება, როცა ბათუმში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად მიდის.

„ნიკა ბოლოს ერთი კვირის წინ იყო ექიმთან. სადაც მივიყვანეთ, ყველგან გვითხრეს, რომ ფეხზე ოპერაცია სჭირდება“, – გვითხრა თინამ.

თინა გვეუბნება, რომ ნიკა ხშირად უზიარებს მის სურვილებს. ქალის თქმით, ნიკას ყველაზე მეტად სწავლის გაგრძელება უნდა:

„სულ მეუბნება ნიკა, რომ სწავლის გაგრძელება უნდა და ვინმე ავუყვანოთ. მარტივად ავიწყდება რაღაცები და ძალიან უნდა, რომ ყველაფერი დაამახსოვრდეს“.

თინას თქმით, ნიკას ყოველთვის ძალიან უყვარდა სკოლა და ერთი დღეც არ აქვს გაცდენილი. ის სკოლაში მაშინაც მიდიოდა, როცა მშობლები ცუდ ამინდში სახლში დარჩენას ურჩევდნენ – „ყოველთვის გვპასუხობდა, მე უნდა წავიდე სკოლაში და მორჩა!“

როგორც თინა გვიყვება, ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მაქსიმალურს აკეთებდნენ ნიკას მხარდასაჭერად.

ნიკა კლასში მარტო მე-12 კლასში დარჩა. მანამდე მას ჰყავდა კლასელები, მაგრამ ოჯახთან ერთად ისინი ინწკირვეთიდან სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

ნიკა ჭაღალიძე

„ბევრჯერ მიფიქრია საცხოვრებლის შეცვლაზე. მინდოდა ნიკასთვის უკეთესი პირობების შექმნა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ. დღეს ყველას უჭირს, ჩვენც გვიჭირს. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ამოდით ჩემთან და მიხვდებით, რა გვჭირდება. სახლი გვაქვს, მაგრამ სახლს გააჩნია“, – გვითხრა თინა ჭაღალიძემ.

თინას თქმით, როცა ნიკა ბათუმში სარეაბილიტაციო კურსზე ჩადის, სოფელში დაბრუნება აღარ უნდება – „ნიკას ამ სოფლიდან უნდა წასვლა ისე, რომ უკან არ მობრუნდეს“.

_________________________

მთავარ ფოტო: ნიკა ჭაღალიძე. ინწკირვეთის საჯარო სკოლა/Facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: