მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ დამოუკიდებლობის იდეას – ინტერვიუ

26.05.2022 • 1294
ივანიშვილი ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ დამოუკიდებლობის იდეას – ინტერვიუ

ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ კომენტარზე საზოგადოების მწვავე რეაქცია გაახსენდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, როცა მას ვკითხეთ, სად ხედავს საზოგადოების მზაობას, დაიცვას დამოუკიდებლობის იდეა? ის პრემიერის ფრაზას იხსენებს: „ომი უკრაინაშია“, რაზეც საზოგადოებას მკაფიო პასუხი ჰქონდა, რომ ეს საქართველოს ომიცაა და პრემიერი „თავის საქმეებს“ ვეღარ დაუბრუნდება უკრაინის გვერდის ავლით.

ზვიად ქორიძისთვის ხალხის რეაქცია ამ კომენტარზე იყო გზავნილი, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარება არ გამოვა და ვერც დამოუკიდებლობის იდეის გაუფასურებას შეძლებს ვინმე.

ზვიად ქორიძე ხედავს დამოუკიდებლობის გამოწვევების გაზრდილ მასშტაბსაც, რომ ხელისუფლება ახლა ჩვენი სახელმწიფოებრიობის „დემოკრატიისგან გამოშიგვნას“ ცდილობს, დემოკრატიის გარეშე კი, ქვეყანა კიდევ უფრო დასუსტდება, სანდო პარტნიორებსაც დავკარგავთ და დამოუკიდებლობაც მეტად შეირყევა.

რამდენად გაიზარდა საფრთხე, რომ ვერ შევდგეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? – ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

  • ბატონო ზვიად, რამდენად ხედავთ საფრთხეს, რომ ვერ შევდგეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? ამას გეკითხებით არამხოლოდ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გამო, არამედ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პოზიციონირების გათვალისწინებითაც.

საზოგადოებისთვის, რომელიც იბრძვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ დამოუკიდებლობის განვითარება და არა იმაზე ფიქრი და მუდმივი შიში, რომ დამოუკიდებლობას დავკარგავთ. ამიტომაც, ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერო ინსტრუმენტები, რომელიც იცავს დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან ძლიერი პრაქტიკა გვაქვს და ძალიან მადლიერი ვართ იმ ხალხის მიმართ, ვინც 1918 წელს იპოვა ძალა და დააფუძნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ეს არის დამოუკიდებელი, ქართული სახელმწიფოს დაფუძნების პრაქტიკა, მაგრამ ამ სახელმწიფომ ვერ შეძლო ეარსება 3 წელზე მეტი და მას პრობლემა ბევრგან გაუჩნდა, რამაც დააზიანა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ცხადია, მაშინაც იყო საგარეო ფაქტორები და სამხედრო პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ინსტრუმენტების გაძლიერების კუთხით რამდენად ერთსულოვანი იყო საქართველო მაშინ.

დღეს ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ: რამდენად გვინდა ძლიერი იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა, მდგრადი და დაუმარცხებელი? – ასეთი ტიპის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი ამოცანაა პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელიც იცავს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველგან და ყოველთვის, დღისით და ღამით, სამსახურსა და სახლში, იცავს წესრიგის დაცვით, იხდის გადასახადებს და არის იმ სულისკვეთებით განწყობილი, რომ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს – თუ ადამიანები იქნებიან მიზანსწრაფულები, რომ არ დაჩაგრონ სხვები, ასეთი მოქალაქეებისგან შემდგარი სახელმწიფო იქნება ძალიან ძლიერი.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიული ინსტიტუციები და ამ ინსტიტუციების ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან.

მესამე ფაქტორია უზრუნველყო დამოუკიდებლობის მდგრადობა პარტნიორების პოვნით დემოკრატიულ სამყაროში, რადგან გამოწვევა მუდმივად ჩნდება, ავტორიტარები აჩენენ ხიფათებს, რამაც შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის დემოკრატიული ბუნება.

  • მესამე კომპონენტი დღეს ყველაზე აქტუალური ხომ არ გახდა, რადგან ახლა თუ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდით, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შედგომის პერსპექტივაც გაქრება? 

ასე გვაქვს თვითრწმენა, რომ თითქოს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა გადავაბარეთ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, როგორც მთავარ პარტნიორებს. კი, ისინი ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა, პირველ რიგში, არის ჩვენი საქმე. ეს არის ვალდებულება მოქალაქეების და მთავრობისა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციისა, ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ პარტნიორები გვერდით დაგვიდგებიან, თუ არ ვუგანებთ იმ ღირებულებებს, რის გამოც ისინი ჩვენი პარტნიორები არიან.

ჩვენ გვესმის დღეს ადამიანებისგან, რომლებიც მმართველობაში არიან, რომ 9 აპრილის გარეშეც მოვიპოვებდით თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართაც არ იგრძნობა განსაკუთრებული პატივისცემა, ან თუნდაც მეორე პრეზიდენტის მიმართ, რადგან ბიძინა ივანიშვილი რაშიც პრინციპულად არ ეთანხმება მათ, არის ზუსტად გზა და ვექტორი, რომელიც ამ პოლიტიკოსებმა განსაზღვრეს და რომელ გზაზეც საქართველო დგას უკვე 30 წელია – დამოუკიდებლობის და დასავლური დემოკრატიის ოჯახის წევრობისა.

ვხედავთ, რომ ბრძოლა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგაც არ არის სამართლებრივი ბრძოლა და ეს ანგარიშსწორებაა. მე დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ანგარიშსწორება სააკაშვილის სახელმწიფოებრივი აქტივობებისთვის ხდება, იმისთვის უნდა აგოს პასუხი მესამე ხელისუფალმა, რაც მან გააკეთა ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ივანიშვილი შინაგანად მზად არის გაასამართლოს ყველა წინა მმართველი, მაგრამ ის ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას.

მან ბევრჯერ ისეთი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, რომელიც არის დამღუპველი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

  • მაგალითად?

როცა ადამიანს ეუბნები, რომ საერთოდ არ აქვს თავგანწირვას აზრი, ეუბნები, რომ სისულელე, უაზრობა იყო 9 აპრილი, როდესაც ადამიანებს ეუბნები, რომ მაინც არაფერი გამოგივა და ამ დროს ვხედავთ, რომ არ არის ეს ასე – ჩვენ ვუყურებთ ერთობით, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციის სრული გამართულობით, როგორ მეთოდურად უმკლავდება უკრაინა რუსეთს, მას უპირატესობაც აქვს ამ ომში. უკრაინაში იგრძნობა, რომ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ იცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ეს არის ყველაზე დიდი რამ.

  • რას ემსახურება ეს მიდგომა, რომ თავგანწირვას არ აქვს აზრი – ვერ იაზრებს ხელისუფლება დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, თუ პირდაპირ კრემლის ხელს ხედავთ ამ პროცესში? 

რუსეთისთვის ზუსტად ესაა მისაღები, თუ საქართველო იქნება დაბეჩავებული ქვეყანა, არ იარსებებს დემოკრატიული ინსტიტუტები, იქნება სიღატაკე და არ იქნება სამართლიანობა. რუსეთში, მართალია, ისევ იქნებიან გარკვეული პოლიტიკოსები, რომლებიც ჩათვლიან, რომ საქართველო უნდა შეიერთონ და ჩვენი იყოსო ისევ იტყვიან, მაგრამ მთლიანობაში შესაძლოა, ეს არ იყოს გადამწყვეტი რუსეთისთვის.

როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ ვერ გაიგო, რატომ იბრძოდნენ ახალგაზრდები, მაგალითად, 20 ივნისს, ის ვერასდროს იგრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამას აჯობებს ადამიანებს უთხრა, რომ ნუ გაგიჩნდებათ სურვილი, რაღაც ინსტიტუციების დემოკრატიისთვის იბრძოლო, ან სამართლიანი სასამართლო გქონდეთ, არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით და იბრძოლე მხოლოდ იმისთვის, რომ შენი ყოფა იყოს დამაკმაყოფილებელი მინიმალური სტანდარტით.

სხვათა შორის, დღეს დამოუკიდებლობის იდეის და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საპირწონე არის ეს: მოდი რა, ორი პარასკევი დაგრჩენია, მშვიდად ვიცხოვროთ, მთავარია, საჭმელი გვქონდეს. თუ ამ ნაწილში წინააღმდეგობა გადატეხა ხელისუფლებამ, მაშინ ის მოიგებს. თუ ხელისუფლებას დაუპირისპირდება მოქალაქეთა პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება და გაგება იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა და დემოკრატია, მაშინ ვერაფერს გახდება ხელისუფლება. თუ ეს დავთმეთ, ეს იქნება საჩუქარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომ მან დაამყაროს ავტორიტარული მმართველობა.

  • ფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვერ შევდექით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? 

დიახ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: რატომ გვყავს ხელისუფალი, რომელსაც ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე? ეს არ უკავშირდება მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილს. მანამდე გვყავდა გახარია, რომელიც ამბობდა, არანაირი კორუფცია, ხალხო, ეს „ქართულ-ჯიგრული პონტია“ და გვახსოვს 20 ივნისს როგორ გაუსწორდა ადამიანებს, როცა ის შს მინისტრი იყო.

მანამდე იყო გამოსვლები თავისუფლებისთვის, რადგან ეს არ იყო მხოლოდ პროტესტი კლუბ „ბასიანის“ გამო. ამ ხელისუფლების ნაწილია მამუკა ბახტაძეც, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაჩერებულიყო ანაკლიის პორტის პროექტი. ეს არის ხელისუფლება, რომლის ნაწილი იყო გიორგი კვირიკაშვილი – მან თქვა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არ არის სეკულარიზმის ადგილი, მან ერთი საჯარო განცხადებაც კი არ გააკეთა, როცა მისი პრემიერობის დროს ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და იმიტომ გააგდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ იქ ეს ადამიანი სჭირდებოდათ.

მთლიანობაში ეს აჩვენებს იმას, ხელისუფლება როგორ ექცევა საკუთარ მოქალაქეებს. თუ მოქალაქეებში პასუხისმგებლობის გრძნობა დაეცა, მას ხელისუფალი ყოველთვის მოერევა და, შესაბამისად, მოერევა დამოუკიდებლობის იდეასაც. ჩვენ ხომ ფორმალურად დამოუკიდებლობაზე არ ვსაუბრობთ.

  • სად ხედავთ რესურსს, რომ დამოუკიდებლობის იდეის გაძლიერებას შევძლებთ? ჩვენ ვართ ისევ ღარიბი ქვეყანა ბევრი საგარეო ვალით და სუსტი ინსტიტუციებით: სასამართლო, მედია, სკოლა, ბიზნესი… 

ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია ის, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებს ჰქონდეთ მკაფიო პოზიციები. ამ პროცესში გამოჩნდება, რამდენად შეუძლია ჩვენს საზოგადოებას ატაროს დამოუკიდებლობა, როგორც ტვირთი.

  • ყველა კვლევაში ჩანს მოქალაქეების მკაფიო პოზიცია ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ და ევროპულ კურსზე…

ჩანს, მაგრამ საჭიროა მეტი მოქმედება. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია, გვყავდეს სანდო და ძლიერი საგარეო პარტნიორები, ისინი მუდმივად გვეკითხებიან: რა გახდა თქვენს პატარა ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება? ამ სისტემას ხომ მხოლოდ მთავრობა არ აფუჭებს და მოქალაქეებიც მონაწილეობენ ამ სისტემაში? აქაც საუბარია ისევ პასუხისმგებლობაზე, რომ მივიღოთ სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც ობიექტურ სურათს მოგვცემს.

ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან წლებია სასამართლო სისტემის გაძლიერებაში, გვაძლევენ ფულს, გვიზიარებენ გამოცდილებას, გვასწავლიან, რადგან ყველა შემთხვევაში მოქალაქე ზარალდება. ჩვენს საქმეს რომც არ განიხილავდეს სასამართლო, ჩვენი მეგობრის, მეზობლის, თუ ახლობლის საქმეს განიხილავს, ან სრულიად უცხო ადამიანის, მაგრამ გვაწუხებს ის, რომ ვიცით, არ იღებს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას.

საბოლოოდ, ასეთი სასამართლოსგან ხომ თავად მოსამართლეებიც ზარალდებიან? ისინიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რატომ თანხმდებიან ამას, ერქვათ მოსამართლე და ნუ მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებებს? მათ სწორედ მოშლილი აქვთ ყველაზე მთავარი – პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.

  • ანუ გვაქვს დამოუკიდებლობის, როგორც იდეის პრობლემა? 

თავისთავად, დამოუკიდებლობის იდეა უკავშირდება დემოკრატიის ღირებულებებს, თანასწორობის პრინციპს და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც გვაქვს თანასწორობის სივრცეში, არის გამოწვეული პასუხისმგებლობის მინიმალიზებით, იმით, რომ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს და გვგონია, რომ ასე თითქოს უფრო იოლია ცხოვრება. ამ დამოკიდებულებით სარგებლობს ხელისუფლება და ის ამას ყოველთვის ეცდება, რადგან მისი ამოსავალი წერტილი არაა საზოგადოების გაძლიერება, იცის, რომ ძლიერი საზოგადოება მას მოსთხოვს პასუხს.

ევროინტეგრაციის გზაზე კრიზისული მომენტი იმიტომაც გვაქვს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავუშავეთ დამოუკიდებლობას, დავუშავეთ და შემდეგ ხელისუფლებას ვერ მოვთხოვეთ პასუხი. ახლა მთავრობისთვის პრობლემაა იყოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რადგან როცა ეს სტატუსი გაქვს, ევროკავშირი უფრო ხისტად ერევა შენთან მიმდინარე პროცესებში, ეს არ უნდა ხელისუფლებას და პირდაპირ დაიწყო ევროპარლამენტის ცალკეული წარმომადგენლების შეფასება კრიმინალებად და კრიმინალების მფარველებად, საქართველოს ხელისუფლებას მათი მოშორება უნდა თავიდან.

  • თუმცა ევროკავშირი ამჩნევს, რაც ზელენსკიმ ერთხელ აღნიშნა საქართველოს შესახებ „ხალხი მთავრობაზე უკეთესიაო“. რა რესურსია ეს დამოუკიდებლობის იდეის გაძლიერებისთვის? 

ხალხს ხშირად უნდა ის, რაც უკეთესია. დარწმუნებული ვარ, უნგრეთშიც ხალხს უნდა უკეთესი მმართველი, ვიდრე ორბანია. რუსეთშიც ბევრს არ მოსწონს პუტინი და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ, ეს ადამიანები არჩევნებში არ მონაწილეობენ, ან სათანადოდ ვერ იცავენ ხმას, ან შემდეგ თავად მონაწილეობენ უკვე ძალაუფლების გაფორმების პროცესში. მთლიანობაში უპასუხისმგებლობის წრე იქმნება: მოქალაქე ამბობს, მე რაც შემეძლო, ვქენიო, ხელისუფლება კი, გვპასუხობს, რომ ძალაუფლება მომცეს და რასაც მინდა, იმას გავაკეთებო.

როდესაც აწყობ „5 ივლისს“, ამით ხიფათს უქმნი დამოუკიდებლობას, რადგან მხოლოდ კი არა აწყობ „5 ივლისს“, არამედ ძალადობას ახალისებ. გამოდის, რომ ეს არის შენი ყოფის სტანდარტული მდგომარეობა, რაც ვერ იქნება სტანდარტული ვითარება ევროკავშირისთვის. დამოუკიდებლობას დღეს ხიფათს უქმნის „20 ივნისი“, ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება და კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როცა პოლიტიკური ძალის მთავარი გზავნილია ის, რომ უნდა გააქროს პოლიტიკური ოპონენტი, ეს არის პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენ დღეს რაც უფრო დავშორდებით დემოკრატიულ განვითარებას, დავკარგავთ პარტნიორებს, ხოლო პარტნიორების დაკარგვა დამოუკიდებლობას კიდევ უფრო დაასუსტებს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაძლოა იგივე მთავრობა გვყავდეს, მაგრამ ეს იქნება ავტორიტარული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც არ ეყოლება არცერთი პარტნიორი დემოკრატიული სამყაროდან. ის იქნება სხვა, ძლიერი ავტორიტარული სახელმწიფოს ვასალი.

1918 წელს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შედგა, საქართველოს საზოგადოებაში არავის ჰქონდა იმის განცდა და სურვილი, რომ განვითარებულიყო ავტორიტარიზმი და მიგვეღო პოლიტიკური დევნა, სასამართლოს უზურპაცია.

  • რომელიმე სხვა ქვეყანაში რა გამოცდილება არსებობს, როცა დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ვერ შედგა? 

დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და არის კიდეც კუბა, კუბა გვინდა რომ ვიყოთ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ ერთპიროვნულად და იმ ერთ ადამიანს არასდროს ექნება სურვილი, ფული დახარჯოს ქვეყნის განვითარებისთვის.

იმის გამო, რომ ავტორიტარი არის ქვეყნის სათავეში და უზრუნველყოფს ქვეყნის ჩამორჩენილობას და განუვითარებლობას, ასევე სიჩუმეს, იღებს რუსეთიდან ასიგნებებს. ასე რომ, დამოუკიდებლობა არის პრაქტიკა, ტვირთი, პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა თან გავიზარდოთ.

  • გავიზარდეთ? სად გამოჩნდა თქვენთვის ყველაზე ნათლად იგივე რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რომ საქართველოში ხალხისთვის დამოუკიდებლობის იდეა ძვირფასია? 

ყველაზე დამაიმედებელი ჩემთვის იყო ის მომენტი, როცა ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის დაწყების დროს თქვა, ჩემი საქმეები მაქვს, ომი უკრაინაში არისო. თქვენ ნახეთ, რომ ამ ნათქვამს მოჰყვა ძალიან დიდი რეზონანსი, რადგან ადამიანებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის, პარტნიორების, ზოგადად სამყაროს წინაშე. ადამიანებმა უთხრეს პრემიერს, რომ ასე ვერ იქნება, რომ არ არსებობს სამყაროში სხვა ომი და არ შეიძლება ომს შეხედო, როგორც გამორჩენის სასურველ ფაქტორს. მოქალაქეებმა პრემიერის საპასუხოდ თქვეს მკაფიოდ, რომ არ შეიძლება უგანო დემოკრატიულ სამყაროში პარტნიორებს, უგანო მეგობარ ქვეყანას და შენივე ქვეყანას.

როცა ზელენსკის მოწოდება უნდა გაეკეთებინა, მთლიანად რუსთაველი გაიჭედა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა მიემართა ხალხისთვის. ხომ შეიძლებოდა მანამდეც მისულიყო აქციაზე და მოედანზევე მიემართა, მაგრამ მას საკომუნიკაციო საშუალებებით ჰქონდა ჩართვა. ეს არის ზუსტად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

მოქალაქეების მოქმედების და პროტესტის შედეგი იყო ისიც, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობაზე ხელისუფლებამ განაცხადი შეიტანა და მანამდე ამბობდნენ, რომ 2024 წლამდე ამას არ აპირებდნენ. ხელისუფლებას მოუწია იმის გააზრება, რომ ეს იყო უკვე მომენტი, რასაც მათ არ აპატიებდა საზოგადოება, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მაჩანჩალაც კი აღარ დავრჩენილიყავით, არამედ საერთოდ ამოვვარდნილიყავით სიიდან.

ჩვენი საზოგადოება იზრდება და იზრდება პასუხისმგებლობის განცდაც. რაც უფრო იზრდება პასუხისმგებლობის დონე, მით უფრო ხისტი ხდება ხელისუფალი – ივანიშვილს სურვილი უჩნდება, რომ გახედნოს საზოგადოება, ასწავლოს მას ჭკუა. საზოგადოება კი, ძალიან სწორად და მოთმინებით ითხოვს იმას, რაც არის მისი ამოცანა – მიიღოს ნორმალური გარემო ამ ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელია.

საქართველოს ევროინტეგრაცია თავისთავად ნიშნავს იმ ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარებას, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს, მაგალითად, საფუძველშივე გამორიცხავს პროპაგანდისტულ ხრიკს, ლევან ბერძენიშვილს აკრძალოს ლექციების წაკითხვაო. თუ საზოგადოება ვითარდება დემოკრატიული განვითარების წესით, ასეთი რამ ერთ ადამიანსაც კი, არ უნდა მოუვიდეს თავში. შესაძლოა, ვერ ვთანხმდებოდეთ და გვქონდეს განსხვავებული აზრები, მაგრამ მოვსპო შენი აზრი, აჩვენებს იმას, რომ ვიღაც კარგად ცდილობს ტოტალიტარიზმის ბაცილა გაავრცელოს.

დღეს ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობს გადავიდეს მოქმედებაზე და გამოშიგნოს დემოკრატიული შინაარსი, ის მეტად ჩაანაცვლოს ავტორიტარიზმით, რაც არის ყველაზე დიდი გამოწვევა.

  • რისთვის სჭირდება ეს ივანიშვილს და რას უპირისპირებს ამას საზოგადოება? დამოუკიდებლობის აღდგენიდან 31 წლის გავლის ეტაპზე რა გაფიქრებინებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი ვერ შეფერხდება, თუ არ უნდა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი? 

მე ოპტიმისტურ განწყობაზე ვრჩები, რადგან ვფიქრობ, რომ აქ ვერ შეძლებენ ტოტალიტარიზმის დამყარებას, ამას მოჰყვება მძაფრი რეაქცია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. შესაძლოა, დღეს ბევრი ვერ გრძნობს ამ საფრთხეებს, ან თვლიან, რომ გაზვიადებულია საფრთხე. მგონია, რომ კრიტიკულ მომენტში თუ დარწმუნდა საზოგადოება, რომ დემოკრატიის გარემოს განადგურება უნდათ, ამას აუცილებლად შეეწინააღმდეგება.

  • არანაირად ამის საჭიროება არ არის ახლა, რომ ასეთი რისკიანი გზით ატაროს ხელისუფლებამ ქვეყანა, ივანიშვილსაც კი ამისი საჭიროება არ უდგას, რატომ შეიძლება წავიდეს ამ ნაბიჯზე, რომ ასეთი ტოტალური რისკი გაუჩინოს სახელმწიფოს? თუ ის წავა ამ ნაბიჯზე ბოლომდე, ის აუცილებლად მიიღებს მოქალაქეების პასუხს, ის ვერ შეძლებს დიქტატურის დამყარებას. დღეს არის მოცემულობა, როცა ხელისუფლებას შეუძლია თავის მმართველობის ციკლში დაუბრუნდეს დემოკრატიის ველს, შეეგუოს იმას, რომ დემოკრატიულ პროცესებში ვეღარ გაიმარჯვოს, მაგრამ დარჩეს პოლიტიკურ ველზე და ხელი შეუწყოს ქვეყნის პლურალისტურ, ნორმალურ განვითარებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი გარანტია არის მისი დემოკრატიულობის არსი. თუ საქართველო დაკარგავს დემოკრატიულობას, ის აუცილებლად დაკარგავს დამოუკიდებლობას და იქნება ქვეყანა, რომელიც შეიძლება ფორმალურად იყოს რუკაზე  განსხვავებული ფერის მქონე, მაგრამ აუცილებლად გახდება სხვა ავტორიტარული ქვეყნის ნაწილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: