მთავარი,სიახლეები

სტუდენტი, რომელიც ბათუმში ფოთიდან დადის უნივერსიტეტში – „ბინა ვერ დავიქირავე“

25.05.2022 • 15289
სტუდენტი, რომელიც ბათუმში ფოთიდან დადის უნივერსიტეტში – „ბინა ვერ დავიქირავე“

20 წლის ფოთელი სოფია ლუპა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია.

სოფია ბსუ-ში ყოველ სასწავლო დღეს ფოთიდან დადის. იგი გვიყვება, რომ ბათუმში ბინის დაქირავებას ვეღარ ახერხებს, თუნდაც უნივერსიტეტისგან მოშორებით, რადგან ბოლო თვეებია ბათუმში ბინების დაქირავება გაძვირდა:

„როგორც ბევრი სტუდენტი, მეც ვერ ვახერხებ ბინა ვიქირავო ბათუმში, რადგან ფასები ძალიან გაიზარდა. უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე დავდივარ. ფოთიდან ბათუმამდე ერთი გზა 10 ლარი ღირს. დღეში 20 ლარი მეხარჯება ტრანსპორტში“.

სოფიამ უნივერსიტეტში ოფლაინ სწავლა მხოლოდ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო. აქამდე ის ონლაინ სწავლობდა.

„როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ აუდიტორიებში დაიწყებოდა სწავლა, ამიტომ ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. ბინა ვიქირავე და ერთი თვე ვცხოვრობდი, შემდეგ კი ფოთში დავბრუნდი, რადგან სწავლა ონლაინ იყო“.

სოფიას თქმით, ბინა უნივერსიტეტთან ახლოს, მელიქიშვილის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები 350 ლარად. ამბობს, რომ პატარა ბინა იყო, მაგრამ ერთი ადამიანისთვის საკმარისი.

„350 ლარად თუ ქირაობდი ადრე ბინას, ახლა 350 დოლარადაც ვერ ნახავ, თუნდაც უნივერსიტეტისგან მოშორებით. ძირითადად, ყველა ბინა გაქირავებულია.

ფაქტობრივად, ახლა რამდენიც გზაში მეხარჯება, ამ თანხით ადრე ბინის ქირაობა შემეძლო, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია.

ყველა საიტი და ფეისბუქგვერდი გადავქექე. ქუჩებშიც დავდიოდი, რათა სადმე გამოკრული განცხადებები მენახა ბინის გაქირავების თაობაზე და დამერეკა. სადაც დავრეკე, ყველა საცხოვრებელი გაქირავებული იყო,“ – გვიყვება სოფია.

იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებაზეც იფიქრა, მაგრამ გადაიფიქრა:

„სტუდენტურ საცხოვრებელში არ არის საშუალება მარტო ვიყო ოთახში. ვიღაცასთან უნდა გავიყო საძინებელი, სველი წერტილი, რაც ჩემთვის არ არის კომფორტული“.

სოფიას თქმით, უნივერსიტეტში არ აგვიანებს, თუმცა 2 საათით ადრე უწევს სახლიდან გამოსვლა. მისი თქმით, ტრანსპორტი ფოთიდან ბათუმში  ყოველ ერთ საათში დადის და  საათ-ნახევარი სჭირდება გზაში.

„ჯამში დღეში სამი საათი მჭირდება გზაში, რაც სწავლის ხარისხზე ძალიან მოქმედებს. როცა სახლში ვბრუნდები, ისეთი გადაღლილი ვარ, საერთოდ არაფრის თავი არ მაქვს“ – ამბობს ის. მისი თქმით, როცა ონლაინ სწავლობდა, მუშაობდა კიდეც, მაგრამ ახლა მუშაობას ვეღარ ახერხებს – „გზაში ძალიან დიდი დრო მეხარჯება. ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ ვიმუშაო“.

როგორც მან გვითხრა, რამდენიმე სტუდენტმა, რომელთაც იგივე პრობლემა აქვთ, სოფიას მას შემდეგ მისწერეს, რაც ბსუ-ს სტუდენტურ ჯგუფში ამ თემაზე დაწერა: „ბსუ-ს რამდენიმე სტუდენტმა მომწერა, ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვსო. საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც ამბობენ, რომ ვერ ქირაობენ ბინებს. როგორც ვიცი, ეს სტუდენტებიც სახლებიდან დადიან უნივერსიტეტში“.

ფოტოზე: სოფია ლუპა

________________________

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/401404/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: