მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ინსულტის მკურნალობა თრომბოლიზისით

26.05.2022 • 3193
ინსულტის მკურნალობა თრომბოლიზისით

რა არის ინსულტი, რა სიმპტომებით ხასიათდება, შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან არიდება, როდის უნდა მივმართოთ ექიმს – ამ და სხვა ინსულტთან დაკავშირებულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხები აქვს ჯამბულ მაკარაძეს, ნევროლოგს, მედიცინის დოქტორს, „მედცენტრის“ ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელს.

რა არის თრომბოლიზისი?

თრომბოლიზისი გულისხმობს იშემიური ინსულტის პირველივე საათებში ინტრავენურად ისეთი ნივთიერების შეყვანას (ალტეპლაზა), რომელსაც აქვს თრომბის დაშლის და არტერიაში სისხლნაკადის აღდგენის უნარი.

რა პერიოდში უნდა მოხვდეს პაციენტი კლინიკაში და რამდენად ეფექტურია თრომბოლიზისით მკურნალობა?

პირველ 40 წუთში არის იდეალური, მაგრამ შეიძლება მაქსიმუმ 4 საათშიც.

მკურნალობის ეს მეთოდი არ წარმოადგენს პანაცეას ანუ ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს, მაგრამ მისი უპირატესობა სტანდარტულ (ჩვეულებრივ) მკურნალობასთან შედარებით დიდი ხანია დადგენილია. ამიტომაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, უპირატესად დასავლეთში, თრომბოლიზისი რუტინულად ტარდება მრავალ კლინიკაში.

„მედცენტრში“ დაინერგა ინსულტების მართვის თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა: თრომბოლიზისი, თრომბოექსტრაქცია, ანევრიზმების ქოილინგი და სხვა.

ნეირომედიცინის დეპარტამენტის პერსონალს ჩაუტარდა ლექცია-სემინარი ევროპის ინსულტის ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტის მიერ. ვხელმძღვანელობთ ინსულტის მართვის ევროპისა და ამერიკის  გაიდლაინებით და შესაბამისი პროტოკოლებით. ამიტომაც, გვაქვს ამბიცია, რომ ინსულტთან ბრძოლის საკითხში ვიყოთ მოწინავე პოზიციაზე.

რა არის ინსულტი?

ინსულტი არის სისხლძარღვოვანი მიზეზით განპირობებული თავის ტვინის ფუნქციების სწრაფად განვითარებული კეროვანი ან გლობალური მოშლა, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, ან იწვევს სიკვდილს დროის ამ ინტერვალში.

ინსულტი ორი ტიპისაა: იშემიური და ჰემორაგიული.

რა სიმპტომებით ვლინდება ინსულტი?

ინსულტის უხშირესი სიმპტომებია: სახის ასიმეტრია, ცალ მხარეს კიდურთა დაბუჟება ან/და ძალის დაკარგვა, კოორდინაციისა და მეტყველების მოშლა, ასევე, მხედველობის ველის შეზღუდვა, ყლაპვის გაძნელება, გაბრუება, ცნობიერების დათრგუნვა, თავის ტკივილი და პირღებინება.

შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან არიდება?

ინსულტის თავიდან არიდება ხშირად შესაძლებელია, თუკი დროულად გამოვავლენთ რისკ-ფაქტორებს და ჩავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს. ამისათვის აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტური მუშაობა და მოსახლეობის ინფორმირება ინსულტის შესახებ.

როგორ ხდება ინსულტის მართვა?

ინსულტი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, ამიტომ მისი სწორად მართვა შესაძლებელია მხოლოდ ჰოსპიტალურად ამ დაავადებაზე ორიენტირებული, გამოცდილი, მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალის მიერ.

დრო გადამწყვეტი ფაქტორია?

დაავადების სიმძიმესთან ერთად დრო არის გადამწყვეტი ფაქტორი, განსაკუთრებით, იშემიური ინსულტის შემთხვევაში. თავის ტვინის ინფარქტის ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ დროული და სწორი სტრატეგიით შესაძლებელია ტვინის ჯერ კიდევ ბოლომდე დაუზიანებელი ქსოვილის გადარჩენა, თუკი ე.წ. თერაპიული ფანჯრის პერიოდში მივაღწევთ არტერიაში არსებული თრომბის ლიზისს – გალღობას ან მის მექანიკურ ექსტრაქციას (გამოღებას). „თერაპიული ფანჯარა“ გულისხმობს ინსულტის ნიშნების დაწყებიდან მაქსიმუმ 4 – 5 საათს. დადგენილია, რომ თრომბოლიზისის ყოველი 15 წუთით ადრე ჩატარება იწვევს კარგი გამოსავლის 4%-ით გაზრდას. ამიტომაც არსებობს გამოთქმა – „დრო ტვინია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: