მთავარი,სიახლეები

უკრაინის მარილის საწარმო ომის გამო გაჩერდა

25.05.2022
უკრაინის მარილის საწარმო ომის გამო გაჩერდა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მაღაზიებში მარილის დეფიციტია, პროდუქტზე ფასი კი მკვეთრად გაიზარდა – მიზეზი საწარმო „არტემსოლის“ გაჩერებაა.

„არტემსოლი“ მარილის მომპოვებელი და გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოა ევროპაში, რომელიც ბახმუტთან ახლოს, ქალაქ სოლედარში, დონეცკის ოლქში მდებარეობს. სწორედ ამ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ახლა მთავარი ბრძოლები.

„საწარმო გაჩერებულია, ბრძანების თანახმად, გაურკვეველი დროით. სროლა გამუდმებით გრძელდება, ნაწილობრივ დანგრეულია ადმინისტრაციის შენობა. იყო საწყობებზე პირდაპირი თავდასხმებიც. საწარმოო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. ხალხს ასეთ საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. თანაც, სოლედარის მცხოვრებლები, ისინიც, ვინც „არტემსოლში“ მუშაობენ, უკვე ევაკუირებულნი არიან. თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის დიდი ნაწილი აქ აღარაა“, – განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ იურინმა.

იურინის ინფორმაციით, საწარმო ჯერ კიდევ აპრილში გაჩერდა, რადგან ამ დროს უკვე შეუძლებელი იყო ქალაქიდან პროდუქციის რკინიგზით გატანა.

„მარილი რომ მაღაზიებში გაიყიდოს, ის უნდა დაამზადოს ვინმემ. ვიდრე ბრძოლები გრძელდება, მოგვიწევს ჩვენი მარილის იმპორტირებულით ჩანაცვლება“, – ამბობს იურინი.

მისი თქმით, „არტემსოლის“ გაჩერებას უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებშიც მალე იგრძნობენ, მათ შორის, უნგრეთში, პოლონეთში, საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და რუმინეთში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინიდან 1 256 ტონა მარილი შემოვიდა. თურქეთისა და ირანის შემდეგ უკრაინა საქართველოსთვის მარილის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

მთავარი ფოტო: „არტემსოლის“ მარილი კიევის ერთ-ერთ მაღაზიაში/Типичный Киев

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: