მთავარი,სიახლეები

ხეზე კვეთის თვითნასწავლი ოსტატი შუახევიდან – „ჩემი საყვარელი ხე ცაცხვია“

27.05.2022 • 2400
ხეზე კვეთის თვითნასწავლი ოსტატი შუახევიდან – „ჩემი საყვარელი ხე ცაცხვია“

60 წლის ნოდარ მაკარაძე 30 წელზე მეტია ხეზე კვეთის ოსტატია. ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში ცხოვრობს. ნოდარს ხისგან ბევრი რამის დამზადება შეუძლია, თუმცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას პორტრეტებზე მუშაობას ანიჭებს.

მისი თქმით, პორტრეტზე ვერ იმუშავებს ხის ოსტატი, რომელიც ვერ ხატავს და ვერ გრძნობს სახის ნაკვთებს.

„ჩუქურთმის გაკეთება პორტრეტზე მუშაობასთან შედარებით ძალიან იოლია და ბევრიც აჩუქურთმებს ალბათ“, – ამბობს ნოდარი.

იგი გვიყვება, რომ ხეზე კვეთის მასწავლებელი არასდროს ჰყოლია. პირველად ხეზე ნაკვეთი ნამუშევრები 24 წლის ასაკში, ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ნახა შემთხვევით, სადაც ავტოინჟინერიას სწავლობდა.

„ვნახე თუ არა ხეზე ნაკვეთი ნამუშევრები, მაშინვე ვიყიდე ჩვეულებრივი სახრახნისი, გავლესე და ხეზე მუშაობა დავიწყე. არც კი ვიცოდი, რომ ხეზე კვეთის სპეციალური ინსტრუმენტები არსებობდა. მოგვიანებით უცხოეთში მოვხვდი და იქ აღმოვაჩინე ხის დამუშავების პატარა ინსტრუმენტები”, – ამბობს ნოდარი.

ნოდარ მაკარაძის ნამუშევარი

მისი თქმით, ხეზე მუშაობაზე გაწაფვის შემდეგ თვითონ დაიწყო საჭირო ინსტრუმენტების შექმნა და საკმაოდ ბევრიც დააგროვა.

ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ინსტრუმენტები მოვლილი და ძალიან ბასრი იყოს, ამიტომაც, მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რაიმე სახის დაზიანება რომ არ მიიღო.

„ავტოსაინჟინროზე სწავლისას მაკეტი უნდა შემედგინა. მაკეტზე კონტურების შემოვლებისას აღმოვაჩინე, რომ ხატვაც შემეძლო.

ქუთაისიდან შუახევში დაბრუნების შემდეგ არავისთვის მითქვამს, ხეზე კვეთა რომ ვიცოდი. ჩემთვის ვკვეთდი თავისუფალ დროს ხეზე“, – გვითხრა მან.

ნოდარის ნამუშევრები ყველას ძალიან მოეწონა და დაინტერესდნენ. მალე სოფელში თუ სოფლის გარეთ ნოდარი ხეზე კვეთის ოსტატად გაიცნეს.

ნოდარ მაკარაძე ამბობს, რომ ხეზე მუშაობას დიდი ნებისყოფა სჭირდება და ეს თვისება ან თავიდანვე უნდა ჰქონდეს ხეზე მკვეთს, ან კიდევ მუშაობის პროცესში გამოიმუშაოს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ოსტატმა იცოდეს ხის აგებულება, რომელი ხის მასალა უნდა გამოიყენო რის დასამზადებლად და ა.შ. მისი თქმით, ზოგიერთ ხეზე ძალიან რთულია პორტრეტის გამოკვეთა. ასევე, ხის ნაზარდების საპირისპირო მიმართულებით თუ მუშაობ, ხე რთულად იჭრება, რაც ნამუშევრისთვის საბოლოო სახის მიცემას, მის გაწმენდას ართულებს.

„ჩემი საყვარელი ხე ცაცხვია. ცაცხვი ძალიან რბილია და სწრაფად მუშავდება. ცაცხვზე კვეთა ერთ ღამეში დამისრულებია, ნიგვზის ხეზე მუშაობისას კი 15 დღე დამჭირვებია.

სწორად შერჩეულ მასალაზე მუშაობა გიმარტივდება. მასალის შერჩევის შემდეგ ხის ზედაპირი კვეთისთვის უნდა მომზადდეს, გაითალოს და გასწორდეს. იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ პორტრეტის სიმეტრია, სანამ კვეთას დავიწყებთ, მისი ესკიზი უნდა მოვხატოთ ხეზე“.

ნოდარი პერიოდულად ხეზე სხვადასხვა ნახატს ხატავს.

ნოდარ მაკარაძე

ნოდარ მაკარაძე ახლა ოლადაურის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის და ხელოვნების მასწავლებლად მუშაობს და ხეზე კვეთის ცოდნას ძირითადად მეჩეთებისა და ეკლესიების რესტავრირებისთვის იყენებს. ჩუქურთმებს ახალ სიცოცხლეს სძენს. ამბობს, რომ ეს საქმე პორტრეტზე მუშაობას ჰგავს და ძალიან სათუთი სამუშაოა.

ნოდარ მაკარაძე ყველაზე დიდხანს, 3 თვე მუშაობდა „საიდუმლო სერობის“ მოჩუქურთმებაზე. მისი საყვარელი ნამუშევარი ღვთისმშობლის ხატია.

ნოდარი იხსენებს, რომ 90-იან წლებში ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა და იძულებული გახდა ავეჯის შეკეთება დაეწყო, თუმცა 2015 წლიდან საერთოდ აღარ აკეთებს ავეჯს და გაყიდა დიდი დანადგარებიც, რომლებსაც ხის დამუშავებისთვის იყენებდა. მას სახელოსნო სახლში აქვს მოწყობილი.

ხის ოსტატი შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ასწავლიდა ერთი წელი ხეზე მუშაობას. მოსწავლეები ჰყავდა ოლადაურიდანაც. იგი ამბობს, რომ ადრე უფრო აინტერესებდათ ხეზე კვეთა:

„სოფლებში შედარებით ნაკლები მოსახლეობაა ახლა, მით უფრო ახალგაზრდები. 10 წლის წინ ყველას ძალიან აინტერესებდა ხეზე მუშაობის ტექნიკა და 20-30 მოსწავლეც მყავდა, რომლებსაც უფასოდ ვასწავლიდი.

მაშინ ხის კარგი ინსტრუმენტის შეძენა რთული იყო. ბევრი მოსწავლის მშობელს გაუჭირდა ხელსაწყოების ყიდვა,  ხეზე კვეთა რომ ესწავლათ ბავშვებს“.

ნოდარი დროებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახლ-მუზეუმშიც მუშაობდა, საიდანაც დაბალი ხელფასის გამო წამოვიდა.

ის გვიყვება, რომ ოლადაურის საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყებისას სასკოლო მუზეუმის ხელმძღვანელმა, არჩილ მაკარაძემ სამუზეუმო ნივთებს რესტავრირება სთხოვა, 1994 წელს კი ოლადაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დააფუძნეს.

„ჩემი ნამუშევრებიდან რისი გადარჩენაც შევძელი, ოლადაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ეს მუზეუმი დღესაც მოქმედებს“, – ამბობს ნოდარი.

ნოდარ მაკარაძის ნამუშევარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: