ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვაფენილების აყრა მაისში დაიწყეს და სამუშაოებს დღემდე აგრძელებენ. ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე, გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში, ქვაფენილს მთლიანად აყრიან და მის ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ.
ქვაფენილს მერია საწყობში ინახავს, სამუშაოებში კი, ბიუჯეტიდან 3,6 მილიონ ლარს გადაიხდის.
ფარნავაზ მეფის ქუჩა. 1. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქვაფენილებით[მარცხნივ]. 2. რეაბილიტირებული მონაკვეთი ასფალტით [მარჯვნივ] / 30.06.2022ქვაფენილიანი ქუჩები, სადაც ასფალტს დააგებენ / 30.06.2022
წითელი ხაზით მონიშნულია ქუჩების მონაკვეთები, სადაც ქვაფენილი უნდა შეიცვალოს
გასული წლის ბოლოს ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას [ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში მოძრაობის ახალი სქემაც აამოქმედეს]. ამასთან, მერიაში მიიჩნიეს, რომ ქვაფენილების მოვლა „ძალიან ძვირი და შრომატევადია“.
თუმცა მერია არათუ მთლიან ქვაფენილიან ქუჩებს, არამედ იმ ქუჩებსაც ვერ უვლის, სადაც ბეტონის საფარია, ასე ვთქვათ, „ფილებად“ დაგებული, ხოლო მათ შორის ზოლში ქვაფენილია. მერია ამ ქვაფენილსაც ყრის და ბეტონით ავსებს:
მერია ამ ქვაფენილსაც ყრის / 30.06.2022ჰეიდარ აბაშიძის ქუჩა / 30.06.2022
ფარნავაზ მეფის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით; ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით, ხელშეკრულება შპს „ბონდი-2009“-თან 3 659 056 ლარზეა გაფორმებული.
სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერის ფარგლებში უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციის ქსელები და ველობილიკი.
რეაბილიტაცია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე / 30.06.2022ფარნავაზ მეფის ქუჩა / ბათუმი / 22.06.2022
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის მთავარი თემა კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების გასვლაა.
„რუსეთმა კუნძულ ზმეინიდან თავისი ძალები გაიყვანა იმის გამო, რომ მისი გარნიზონი იზოლაციაში მოექცა და დაუცველი დარჩა უკრაინელთა თავდასხმების პირისპირ და არა „კეთილი ნების“ ნიშნად, როგორც ამას თვითონ აცხადებს“, – აღნიშნავს უწყება პირველი ივლისის განახლებაში.
30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი გარნიზონი „კეთილი ნების“ ნიშნად კუნძულს ტოვებს.
დაზვერვა მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირა უკრაინის შეიარაღებული ძალები გამუდმებით ურტყამდნენ რუსულ გარნიზონს რაკეტებითა და დრონებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა.
კუნძული ზმეინი, რომელიც რუსეთის არმიამ ომის პირველი დღეს დაიკავა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოდესისკენ და მის მიმდებარე პორტებისკენ მიმავალი ძირითადი საზღვაო მარშრუტების გასწვრივ მდებარეობს.
რაც შეეხება დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, დაზვერვის ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლები ლისიჩანსკის ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების ცნობით, მათ დაიკავეს ლისიჩანსკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელი პრივილა.
გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა მიუთითებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდენცკიდან გასვლის შემდეგ პოზიციებს ინარჩუნებენ ლისიჩანსკში და რუსეთის არმიის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებენ.
დღეს, პირველ ივლისს, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან, ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. უზარმაზარი ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული გამოცემა წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულია ოთხი სატვირთო ავტომობილი.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც, წინასწარი ინფორმაციით, მათგან არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის [10:30] ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის ადგილას კი მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 577 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 3 736 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 796 ერთეული [+6]
MLRS – 246 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 186 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 645 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 143 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+1]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 610 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
226 თვითმფრინავი
134 ვერტმფრენი
1 411 უპილოტო საფრენი აპარატი
353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
699 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 067 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 948 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირა, უკრაინის შეიარაღებული ძალები გამუდმებით ურტყამდნენ რუსულ გარნიზონს რაკეტებითა და დრონებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა:
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა.
კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით, რომელიც ტერორისტული აქტების მოწყობის მუქარას გულისხმობს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ კირილო ბუდანოვი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში, რომელიც 2022 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ღიად იმუქრებოდა რუსეთში და რუსეთის კოტროლირებად ტერიტორიებზე ტერაქტების მოწყობით. გამოძიება მუშაობს, რათა დაადგინოს დანაშაულის გარემოებები და ბურდანოვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს,“ – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.
გენერალი კირილო ბუდანოვი უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამსახურის უფროსად 2020 წელს დანიშნეს. ომამდე ის მედიასთან იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ძალოვანია.
სწორედ კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს სამხედრო ტყვეების, მათ შორის, „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს.
დაზვერვის გენერალმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ომის დასრულების შესაძლო ვადებზე და განაცხადა, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის, ხოლო ომი უახლოეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.
ბუდანოვის თქმით, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში განვითარდება მოვლენები, რაც მთელი მსოფლიოსთვის ხილულს გახდის გარდამტეხი მომენტის დაწყებას.
ჯერ კიდევ მაისში, „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბუდანოვი ომში ასეთი მომენტის დადგომის შესაძლებლობას იმით ხსნიდა, რომ აგვისტოდან უკვე ბრძოლის ველზე იქნება ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას დასავლელი პარტნიორები აწვდიან.
9 დღე-ღამე და 18 საათი დასჭირდა 4 მოგზაურს რუმინეთის ქალაქ მანგალიიდან ბათუმის ნაპირებამდე გადმოსაცურად ნიჩბებიანი ნავით, რომელსაც ძრავაც კი არ აქვს.
„ალბათ, დრო მჭირდება, რომ გავიაზრო და გიპასუხოთ, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი,“ – პაუზის შემდეგ გვიტხრა დენიელ ლონგმენმა, 4 მოგზაურიდან ერთ-ერთმა, რომელმაც ნიჩბებიანი ნავით გადმოცურა შავი ზღვა.
დენიელ ლონგმენი პროფესიით ბიოლოგია, ის კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორია და მკვლევარი. სხვა ნიჩბოსნები კი ბიზნესში მუშაობენ. ამბობენ, რომ ერთმანეთს სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ ერთად მოგზაურობის სურვილით.
დენიელ ლონგმენი 3 მეგობართან ერთად მოგზაურობს ნიჩბიანი ნავით. ამ დრომდე მხოლოდ ერთ-ერთს – ალექსის ჰქონდა ზღვაში ნიჩბიანი ნავით მოგზაურობის გამოცდილება. ოთხივეს დაღლილობა ეტყობა, თუმცა საგრძნობია შემართება – როგორ შეავსო პოზიტიური ენერგიით მოულოდნელობების გადალახვის შეგრძნებამ – „ალბათ, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ვარსკვლავების ცვენა იყო ღამით, ღია ზღვაში…
იყო შტორმიც, ზოგჯერ ტალღები ნავში შემოდიოდა, მაგრამ სულ სხვაა იგრძნო წვიმის სილამაზე, მზის ჩასვლა და ამოსვლა, ეს უბრალოდ ფანტასტიკაა,“ – ამბობს დენიელ ლონგმენი.
„ორი ადამიანის დაძინება არის შესაძლებელი აქ,“ – პატარა ნავს გვათვალიერებინებს ალექს დუმბრავა და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოთავსდეს ორი ადამიანი ნავის გადახურულ, ვიწრო ნაწილში დასაძინებლად იმ დროს, როცა ორი მგზავრი ნიჩბებთან რჩება.
ოთხი კაცი რუმინეთიდან ბათუმამდე ნიჩბებიანი ნავით ჩამოვიდაალექსი დუმბრავა
„მეორე ნაწილში მზის ბატარეაა, რომ ნავიგაცია შეძლო, ელექტრომოწყობილობები დამუხტო,“ – ნავის მეორე მხარისკენ გვითითებს ალექსი, სადაც რუმინეთისა და საქართველოს დროშებთან ერთად უკრაინის დროშაც ფრიალებს.
„ეს სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ და ის, რომ ეს საკითხი საქართველოს გულთანაც ახლოს არის, ქართველმა ხალხმაც განიცადა მსგავსი რამ,“ – გვიყვება დენიელ ლონგმანი.
როგორ იყო დაზღვეული უსაფრთხოება? – დენიელი გვარწმუნებს, რომ „რისკი ყოველთვის და ყველგან არის“, თუმცა ღამით ნავზე ნიჩბოსნები სპეციალური აღჭურვილობით ყოფილან მიმაგრებული.
„თუ გადავარდები ბორტიდან, ვერ ამოგიყვანენ, ნავი დიდად მანევრირებადი არ არის, თუ ტალღები რომელიმე ჩვენგანს წაიღებდა, მისი ამოყვანა ძალიან რთული იქნებოდა. ბუნებრივია, არსებობს საფრთხის ელემენტები, მაგრამ ეს გათვალისწინებული გვქონდა,“ – ამბობს დენიელ ლონგმენი.
ნიჩბოსნების თქმით, გზად ძირითადად მომარაგებულ ხილს ჭამდნენ, ასევე მშრალ საკვებს, რომელიც ნავში მცირე ოდენობით ჰქონდათ. „ცხელი საკვები, რა თქმა უნდა, არ გვქონდა“, – იღიმის დენიელი.
„ალბათ, 4-5 დღე გავჩერდებით აქ, ბათუმში. გვაინტერესებს ქალაქის არქიტექტურა, მთების ნახვაც გვინდა, კლდეზე ცოცვაც კარგი იქნებოდა… უკან გზაზე გავფრინდებით ალბათ“, – ამბობს დენიელი და ბათუმის სანაპიროდან მთებს გაჰყურებს.
მოგზაურები ბათუმში 4-5 დღე გაჩერდებიან
ნიჩბოსნების თქმით, მათ ახალი რეკორდი დაამყარეს, რადგან მანძილი რუმინეთიდან ბათუმამდე დროის ამ მონაკვეთში ამ დრომდე არავის დაუფარავს.
ნიჩბიანი ნავი, რომლითაც მოგზაურები დღეს ბათუმში შემოვიდნენ
ბელორუსიის ძალოვანი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას იმ კაცების წინააღმდეგ, რომლებმაც გაზაფხულზე წყობიდან გამოიყვანეს ლიანდაგები. ახლა რუსი დამპყრობლების გეგმების ჩაშლისთვის „სარკინიგზო პარტიზანებს“ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 29 ივნისს, როდესაც ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიების შედეგების შესახებ დაწერა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია მარტის ბოლოს დაკავებულ სამ კაცზე.
რას აკეთებენ „სარკინიგზო პარტიზანები“.
ტელეგრამ არხი „ბელარუსსკი გაიუნი“ იუწყება, რომ ზოგიერთმა ბელარუსმა „სარკინიგზო ომი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიწყო. მათ სარელეო კაბინებში დაამონტაჟეს სპეციალური მოწყობილობები, რითაც შუქნიშნებს თიშავდნენ და შესაბამისი სარკინიგზო მონაკვეთების პარალიზებას იწვევდნენ.
იმ პერიოდში მწყობრიდან გამოვიდა სარკინიგზო ხაზები ბრიანსკის, ორიოლის, სმოლენსკის და კურსკის რეგიონებში. ამან საგრძნობლად გააუარესა ბელარუსიდან მიმავალი რუსული ჯარების ლოჯისტიკა. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ, 28 მარტს, ბელორუსის უშიშროების ძალებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან ორი სროლის შედეგად ადგილზე დაიჭრა.
რაში ადანაშაულებენ დაკავებულებს?
ბელორუსიის უშიშროების ძალები დაკავებულებს ადანაშაულებენ პირველი მარტის ღამეს სარელეო კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ბელორუსი გამომძიებლების განცხადებით, დაკავებულ კაცებს ამის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, „1000 რუბლზე ცოტა მეტი“ გადაუხადეს. მათი თქმით, ეს ტერორისტული თავდასხმა, რომელიღაც „უცხოურმა ორგანიზაციამ“ მოაწყო.
ახლა ყველა დაკავებული ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
ექსტრემისტულ ფორმირებაში მონაწილეობა;
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები, შექმნა საავარიო საფრთხე, ასევე დაემუქრა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
სახელმწიფოს ღალატი.
ბელორუსის უშიშროების ძალების ინფორმაციით, შეიძლება სიკვდილით დაისაჯონ კაცები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს.
როგორ დაბრუნდა „სარკინიგზო ომები“ ბელარუსის რეალობაში
ბელარუსის სარკინიგზო კამპანიაში ჩაერთნენ როგორც რკინიგზის მუშები, ისე ჰაკერები და უსაფრთხოების ძალების ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და ამჟამად ბელარუსში არ ცხოვრობენ.
ტერმინი „სარკინიგზო ომი“, რომელსაც ოპოზიციურ წრეებსა და დამოუკიდებელ მედიაში იყენებენ პროცესის დასახასიათებლად, ბელარუსელთათვის უცხო არ არის:
სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბელარუსელთა წინააღმდეგობას მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ისინი სარკინიგზო ხაზებსა და მატარებლის სადგურებს აფეთქებდნენ, რათა ნაცისტი ოკუპანტებისთვის ხელი შეეშალათ.
ათწლეულების შემდეგ აღნიშნული ტერმინი კვლავ აქტუალური გახდა, თუმცა ამჯერად ის აღნიშნავს წინააღმდეგობას რუსეთის საოკუპაციო ძალებისადმი, რომელთა ნაწილიც უკრაინაში სწორედ ბელარუსის მხრიდან შეიჭრა.
ბელარუსელი ჟურნალისტის, ჰანა ლიუბაკოვას სიტყვებით, ათობით ათასი რუსი სამხედროს ბელარუსში განთავსებამ ფართო შიდა წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ოპოზიციური ქსელების აღდგენასთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩამოყალიბდა.
რისკების მიუხედავად, ომის მოწინააღმდეგე ბელარუსელთა ნაწილი თებერვლის ბოლოს არც ქუჩაში, აქციებზე გამოსვლას მორიდებია, თუმცა ლუკაშენკოს ხელისუფლებამ პროტესტის ეს ფორმა მალე აღკვეთა: უფლებადამცველთა ცნობით, მხოლოდ 27 და 28 თებერვალს პოლიციამ 1 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
30 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით მარკეტინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ტრენინგი ჩატარდა.
მსმენელები აჭარის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები იყვნენ.
ტრენინგის მიზანი იყო გაეცნო მონაწილეებისთვის მარკეტინგული პროცესი, მისი შემადგენელი კომპონენტები და მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტური და აპრობირებული ინსტრუმენტები.
მსმენელები გაეცნენ მარკეტინგული საქმიანობის გეგმის მომზადების მეთოდოლოგიებს და შესაბამისი პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ადგილობრივი ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” – ასე ქვია სამწლიან პროექტს, რომლის ფარგლებიც დღეს ზემოთხსენებული ტრენინგი ჩატარდა.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და ფონდი – ღია საზოგადოება საქართველო მას ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, კერძოდ: „საქართველოს გაეროს ასოციაციასთან“, საზოგადოება „ბილიკთან“, „აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტთან” ერთად.
პროექტი ოთხ რეგიონში ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმება, დასაქმებისუნარიანობის გაზრდა, განათლების შესაძლებლობების მიცემა, პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება, ახალგაზრდებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება და დასაქმების ფორუმების უზრუნველყოფა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
ბათუმში გამართულ სემინარს დღეს პროგრამის მონაწილე 15 პარტნიორი პროფესიული სასწავლებლის 54 წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგს ორგანიზაცია „ჯეპრას”პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიაუნის ლექტორი კახა მაღრაძე უძღვებოდა.
ჯეპრას პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიაუნის ლექტორი კახა მაღრაძე
ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს პროექტის მენეჯერი, ხათუნა იოსელიანი ამბობს, რომ ამ ერთდღიანი ტრენინგის შემდეგ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ისევ გრძელდება:
„ჩვენ უკვე შევადგინეთ 4 სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლებისთვის, რაც პროექტების მართვას, ეფექტურ კომუნიკაციას, ციფრულ სამყაროში მუშაობასა და პროდუქტიულობის გაზრდას, სწავლების სხვადასხვა მეთოდებს ეხება.
ეს არის დამხმარე სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის, რომელიც შემუშავდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით.
ვმუშაობთ ასევე მეწარმეობის სახელმძღვანელოზე, რომელიც ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის იქნება საინტერესო.
სახელმძღვანელოს რესურსი დაეხმარება სხვადასხვა პროფესიის ადამიანს და შეასწავლის როგორ შეიძლება დაიწყოს მეწარმეობა-ანტრეპრენერობა საკუთარ სფეროში.
სახელმძღვანელოების მომზადებისას ვთანამშრომლობთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან, მათგან ვიღებთ რეკომენდაციებს და იმედი გვაქვს ეს ჰიბრიდული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცევა.
სახელმძღვანელო გარდა წყაროებისა და თეორიული ნაწილისა მოიცავს ინტერვიუებს ცნობილ სტარტაპერებთან, ბიზნესმენებთან, რომლებიც აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
სახელმძღვანელოს ძირითადი თემები ცხადია მოიცავს ისეთ საბაზისო საკითხებს როგორიცაა ბიზნესგეგმის შედგენა, პროდუქტის მარკეტინგი და ა.შ.
სახელმძღვანელოზე მუშაობას სასწავლო წლის დაწყებამდე დავასრულებთ და შემდეგ ვგეგმავთ პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებს დავეხმაროთ სახელმაძღვანელოს გამოყენებაში“ – ამბობს ხათუნა იოსელიანი.
ნინო მთვარელიძე მარნეულში მდებარე კოლეჯ „მოდუსის“მენეჯერია, ის ტრენინგის ერთ-ერთი მსმენელი იყო. ამ კოლეჯის პროფესიული მიმართულებები 2021 წლიდან გამრავალფეროვნდა, საჭირო გახდა ახალი თანამშრომლების მოწვევა და შესაბამისად პროფესიული სასწავლებლის გუნდს სხვადასხვა ინფორმაციის მიღება და კოლეგებთან კოორდინაცია ესაჭიროება.
კოლეჯ „მოდუსის“ მენეჯერი გვეუბნება, რომ მარკეტინგის მიმართულების ტრენინგი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნებისმიერი დაწესებულების ფუნქციონირებისთვის საჭირო რჩევები მიიღო:
მარნეულში მდებარე კოლეჯ „მოდუსის“მენეჯერი ნინო მთვარელიძე
„ბევრი საინტერესო სიახლე გავიგეთ დღეს, მაგალითად როგორ დავაინტერესოთ ჩვენი სასწავლო პროგრამებით მოსახლეობა და სწორად როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია კოლეჯის სადიპლომო პროგრამების შესახებ.
აჭარა-გურიის პროფესიული სასწავლებლების მონახულება და იქ დასაქმებული გუნდის გაცნობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, პროფესიული გაძლიერებისა და განვითარებისთვის ეს კავშირები აუცილებელია“ – ამბობს ნინო მთვარელიძე.
პროექტის ფარგლებში ქვემო და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა მოინახულეს აჭარისა და გურიის პროფესიული სასწავლებლები. ამავე პროექტის ფარგლებში კი შემოდგომისთვის იგეგმება გურიისა და აჭარის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლთა ვიზიტი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში – იქაური პროფესიული სასწავლებლების დასათვალიერებლად.
ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა აჭარასა და გურიაში პროფესიული კოლეჯები დაათვალიერეს
ეს შეხვედრები გააღმავებს სხვადასხვა რეგიონის პროფესიული სასწავლებლების კავშირებს, რაც მათ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.
ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია დაეხმაროს საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში. საქართველოში უშევრობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებშია:
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირობებშიც ნათლადაა მინიშნებული, რომ უმნიშვნელოვანესია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობები მყავს მხედველობაში, რომელთაც ხარისხიან განათლებაზე შედარებით ნაკლები წვდომა აქვთ სხვა ჯგუფებთან შედარებით.
სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჩვენ ვთავაზობთ ინგლისური ენის, კომპიუტერული უნარების კურსებს, ვეხმარებით დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.
სპეციალურად ითარგმნა მაგალითად მეწარმეობის კურსის სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე“ – ამბობს ხათუნა იოსელიანი.
ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული კოლეჯების წამომადგენელთა ვიზიტი აჭარისა და გურიის პროფესიულ სასწავლებლებში
აღსანიშნავია ევროკავშირის წვლილი საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით: პროექტი „ადგილობრივი ქსელებისა და პლატფორმების განვითარება ცოდნისა და დასაქმებისათვის” დიდი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ,,განათლება დასაქმებისთვის“ ჰქვია.
დასაქმების ეს პროგრამა 50 მილიონზე მეტი ევროთი ფინანსდება, რაც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის, კერძოდ განათლების სამინისტროსა და უნარების სააგენტოსთვის.
ევროკავშირის ეს დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებსა და აკადემიური დაწესებულებების პროექტებსაც მოიცავს.
„ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტი 9 გამარჯვებულიდან ერთ-ერთია და 4 სამიზნე რეგიონში ხორციელდება.
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კონტრაქტორი და შესაძლოა კონტენტი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი – NEFTERUDOVOZ-47M და მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Minerva Gloria არიან ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე.
აღსანიშნია, რომ გემი – NEFTERUDOVOZ-47M, მოსულია ეგვიპტიდან, დამიეტტას ნავსადგურიდან და გეგმავს ბათუმის ნავსადგურში 3050 ტ. სილიკო-მანგანუმით დატვირთვას.
რაც შეეხება Minerva Gloria-ს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, გემი გამოვიდა იტალიის პორტი სავონადან, იდგა ნოვოროსისკის საღუზე რაიონში, თუმცა არ შესულა ნავსადგურში და არ დატვირთულა; მიმდინარე მონაცემებით, გემი ბათუმის ნავსადგურში გეგემავს 80000 ტ ნედლი ნავთობით დატვირთვას.
ცალსახად განვმარტავთ, რომ არც ერთ ზემოხსენებულ გემს არ შემოუტანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ნავთობი, ან სხვა სახის ტვირთი.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება,” – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საღუზე რაიონში რუსეთიდან ნავთობტანკერები იყო შემოსული, „ბათუმელებმა“ დღეს, 30 ივნისს, გაავრცელა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ [ასე უწოდებს კრემლი რუსეთის ომს უკრაინაში] მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა.
„მე ვთქვი ამის შესახებ 24 თებერვალს, ადრე დილას, მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად. არაფრის დამატება არ შემიძლია, არაფერი შეცვლილა“ – განაცხადა მან.
მისი თქმით „სპეცოპერაცია“ მიდის გეგმის მიხედვით და არ არის საჭირო მისი დასრულების რაიმე ვადა.
პუტინმა თქვა, რომ ენდობა სამხედრო პროფესიონალებს: „მუშაობა მიმდინარეობს მშვიდად, ჯარები მოძრაობენ და აღწევენ იმ ხაზებს, რომლებიც დასახულია ამ საბრძოლო მუშაობის გარკვეულ ეტაპზე,“ – თქვა მან. .
2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა განაცხადა, რომ დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.
პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, მათ შორის – მასობრივი თავდასხმა კიევზე.
რით აჯობა საქართველოს მოლდოვამ, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო? – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ინტერნეტგვერდების დათვალიერება გასაგებს ხდის, რამდენად მარტივად შეიძლება იყოს ზოგჯერ საქმე, როცა წარმატების მიღწევა მართლა გინდა:
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აქტიურად ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე მოლდოვის სასიკეთოდ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, ასევე, ხშირად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჰქონდა შეხვედრები ევროპაში, თუმცა ილია დარჩიაშვილი უფრო თბილისში არჩევდა ყოფნას და ხვდებოდა, მაგალითად, ჩინეთის ან ინდოეთის ელჩებს მაშინ, როცა რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ვიდრე ბრიუსელში საქართველოს შესახებ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
ევროპაში პოპესკუს მსგავსად აქტიურობის ნაცვლად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მცხეთის ერთ-ერთ სოფელში ლოკოკინების საწარმოს გახსნისთვისაც მოიცალა.
„ბათუმელებმა“ ორი ქვეყნის – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ბოლო ერთი თვის აქტივობას გადაავლო თვალი.
25 მაისს ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი დავოსის ფორუმზე რუმინელ კოლეგას – ბოგდან ორესკუს ხვდება, ასევე, ივანა კლიმპუშ ცინცაძეს, უკრაინის რადას დეპუტატს. ამავე დღეს ნიკუ პოპესკუ შეხვდა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუს შეხვედრები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო ილია დარჩიაშვილიც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას, პეკკა ჰაავისტოს და ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, სანჯეი პრადანს შეხვდა.
26 მაისს – ნიკუ პოპესკუ შეხვდა ჩეხეთის ევროპასთან ურთიერთობების მინისტრს, მიკულა ბეკს. პოპესკუ შეხვდა ჩეხ პარლამენტარებს და სენატორ პაველ ფიშერს. ჩეხეთში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერვიუ ჰქონდა რამდენიმე ადგილობრივ მედიასთან.
ნიკუ პოპესკუ განაგრძობს ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში.
26 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში, 26 მაისი
27 მაისს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვედრები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან არ ჰქონია, თუმცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე ილაპარაკა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საქართველო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა და „საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონეა“.
ილია დარჩიაშვილი საქართველოს პარლამენტში
ამავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, კიდევ ერთი აქტივობა ჰქონდა თბილისში – მან დიასპორის ფორუმი გახსნა და თქვა, რომ „ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და აგრძელებს წინაპრების ძალისხმევას – საერთო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად“.
29 მაისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მონაცემებით, ილია დარჩიაშვილი არც ამ დღეს და არც წინა დღეებში შეხვედრია ვინმეს ევროპაში. სამაგიეროდ, ილია დარჩიაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს იორდანიაში გაჰყვა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იორდანელ კოლეგასთან და ვიცე-პრემიერთან, აიმან ალ საფადისთან გამართა შეხვედრა.
ილია დარჩიაშვილი იორდანელ კოლეგას შეხვდა
31 მაისი – მოლდოველი ნიკუ პოპესკუ განაგრძობს ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში და სხვადასხვა თანამდებობის პირს ხვდება, მისი ქართველი კოლეგისთვის კი, ევროპა სამუშაოს ფოკუსი ისევ არ არის.
სამაგიეროდ, ილია დარჩიაშვილის აქტივობა ჰქონდა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართულებით. ლაოსი სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჰოდა, ამ სახელმწიფოს მთავრობასთან „დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება გაფორმდა,“ – იუწყებოდა გაზაფხულის ბოლო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა ლატვიის პარლამენტის (საეიმას) დელეგაციას, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმძღვანელობით.
პირველი ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი სერგი ოდაინიკი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კეთრინ ინშლის.
ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში.
2 ივნისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში შეხვდა ევროპარლამენტის წევრებს – საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ – სვენ მიკსერს.
ამავე დღეს თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ლიეტუვის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენასი.
2 ივნისს მოლდოვის ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩივერი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დღეს ზელენსკის შეხვედრის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
3 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ ღია წერილი გაავრცელა და „ევროპის მწვანე კვირეული“ აღნიშნა. წერილში ვრცლად არის აღწერილი, რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს მოლდოვა გარემოსდაცვითი მიმართულებით.
ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაიკე ვან კოლდამი მიიღო.
5 ივნისი – ცოტა დრო რჩება, ვიდრე ევროსაბჭო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მალდივის [სახელმწიფო სამხრეთ აზიაში] რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისების და განათლების მინისტრებს შეხვდა.
ილია დარჩიაშვილის შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის მინისტრებთან
6 ივნისი – ევროპაში არ წასულა, მაგრამ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო. „მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან – 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა,“ – ვკითხულობთ სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
8 ივნისი – ნიკუ პოპესკუს მორიგი სამუშაო ვიზიტი დაიწყო ბრიუსელში. ამ დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია – მინისტრი სხვადასხვა თანამდებობის პირს შეხვდება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მოლდოვამ მხარდაჭერა მოიპოვოს. ამავე დღეს პოპესკუ შეხვდა ბრიუსელში ევროკომისარს აგროკულტურის დარგში.
ნიკუ პოპესკუ ხშირად ჩნდებოდა დასავლურ მედიაში. ილია დარჩიაშვილის ინტერვიუს შესახებ კი, ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის
9 ივნისი – ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ნიკუ პოპესკუ პარიზში ჩავიდა და იქ ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ორგანიზებული იყო ევროსაბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის მხარდაჭერით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეფ ბორელი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქეთრინ კოლონა.
ამავე დღეს პოპესკუ შეხვდა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის გუბერნატორს, კარლო მონტიჩელს. მინისტრმა ამ დღეს france 24-ის სტუდიაში მისვლაც მოასწრო, ინტერვიუს მიცემა და მოლდოვის დიასპორაც მოინახულა პარიზში.
9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. ევროპაში ვიზიტი ჰქონდა დარჩიაშვილის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიასაც. მას დუბლინში შეხვედრები ჰქონდა ირლანდიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩარლი ფლანაგანთან და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის (Department of Taoiseach) ევროკავშირის და საერთაშორისო საქმეთა დირექტორთან, ემერ დინთან და ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ონა ბაკლისთან.
ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ, 14 ივნისს, ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.
10 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ფრანგ კოლეგას შეხვდა. ამავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – ვლადიმერ კუკი კი, თესალონიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მონაწილე სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.
11 ივნისი – ნიცუ პოპესკუ საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
13 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოსიანი შეხვდა ლეილა კაიასიკს, ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში.
ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტგვერდის ინფორმაციით, მინისტრ ილია დარჩიაშვილს არ ჰქონია რაიმე აქტივობა, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს შეუწყობდა.
14 ივნისი – ნიკუ პოპესკუმ ადგილობრივ მედიაში, ტელეკომპანია „კიშინოვის“ მონაწილეობს გადაცემაში – „სიღრმისეულად“. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აქტიურად პასუხობდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის კითხვებს. ის ტელეკომპანია CNN-ის სტუმარიც იყო.
14 ივნისს ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლოს მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა, თუმცა თუ მინისტრის შეფასებებს დავუჯერებთ, ამ დღეს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას – 14 ივნისს სოფელ წილკანში საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ილია დარჩიაშვილი ლოკოკინების საწარმოს გახსნის დროს
„…ჩვენი შეუქცევადი ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ქართული ახალი პროდუქცია, რომელიც შედის ევროპულ ბაზარზე, რაც ძალიან გვეხმარება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში და ამ პროცესში თქვენს კომპანიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – უთქვამს ილია დარჩიაშვილს ლოკოკინების საწარმოს გახსნის ცერემონიაზე.
15 ივნისი – კიშინოვში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩადის. ნიკუ პოპესკუ პრეზიდენტს აეროპორტში ხვდება და ფრანგ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს მართავს, თანაც თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ამსახველ დოკუმენტს აწერს ხელს.
ნიკუ პოპესკუ საფრანგეთის პრეზიდენტს ხვდება
15 ივნისი, საქართველო, თბილისი – „დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ეს არის ამ უწყების ახალი ამბავი.
17 ივნისს არ დატოვა თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – ილია დარჩიაშვილი ჩინეთის და ინდოეთის ელჩებს შეხვდა. წინა დღით, 16 ივნისს კი, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის და ისრაელის ელჩები გააცილა, ასევე მიიღო იაპონიის ელჩი. 17 ივნისს ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარგარეტა სედერფელტს.
20 ივნისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი აქტივობა ჰქონდა – მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ალჟირის, ბურუნდის, ეთიოპიის, განის, ჩადის რესპუბლიკის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.
21 ივნისს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე იუწყებოდნენ, რომ ნიკუ პოპესკუ ტელეფონით ესაუბრა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეფ კოფოდს. 2 დღეში მოლდოვაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავენ. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე იმ დღეს მინისტრის ეს ფოტო გამოაქვეყნეს.
ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი
ამავე დღეს, 21 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლტან ბინ საად ალ მურაიხისთან.
24 ივნისი, საქართველო, თბილისი – „დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი,“ – ასე ამცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკითხველს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 ივნისს კიდევ ერთ ამბავს იუწყებოდა – „ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს უმასპინძლა“. ეს ის ქვეყანაა, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ყველაზე ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის პრემიერ ორბანის მეთაურობით. მაგალითად, წელს, აპრილში ორბანმა თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ოპონენტი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია.
24 ივნისს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკუ პოპესკუ ესწრებოდა ადამიანებითა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კომიტეტის სხდომას. აქ აღნიშნულია, რომ ანგარიშია დასამტკიცებელი, ასევე ახალი გეგმაც.
„აზოვსტალის“ გათავისუფლებულ დამცველებს შორის ერთ-ერთი კიეველი ვოლოდიმირია. მას ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში საცოლე, ალინა ელოდებოდა.
ალინა მარიუპოლიდანაა. წყვილი ერთმანეთს 2021 თებერვალში, გაცნობის საიტზე შეხვდა. ვოლოდიმირი იმ დროს უკვე წელიწად-ნახევარი მსახურობდა მარიუპოლში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
შეყვარებულებმა მარიუპოლში ბინა გაარემონტეს და ერთად ცხოვრებაც დაგეგმეს. პირველ დეკემბერს ვოლოდიმირმა ალინას ცოლობა სთხოვა. ქორწილისთვის მზადება დაიწყეს – იყიდეს ბეჭდები, საქორწინო კაბა ალინასთვის, საქმრომ კი მხოლოდ პერანგისა და ფეხსაცმლის ყიდვა მოასწრო.
ვოვა და ალინა/რედაქციისთვის მიწოდებული ფოტო
„თავიდანვე იცოდა ჩემგან, რომ მე მეოჯახე ადამიანს ვეძებდი. აღმოჩნდა, რომ ვოვასაც სერიოზული ურთიერთობა უნდოდა. ის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია. არც ეწევა, არც სვამს. წარმოიდგინეთ, ორი წლის განმავლობაში, ერთხელაც კი არ გვიკამათია. მასთან ყოფნისას მივხვდი, როგორია, როცა ვინმეს ძალიან უყვარხარ. არასოდეს არაფერი მაკლდა, არაფერზე მანერვიულებდა. სამსახურის მერე ყოველთვის შინ მორბოდა, გვერდით იყო“, – ჰყვება ალინა.
ბავშვზე ოცნებობდნენ. ალინა ორსულად იყო, თუმცა აპრილში, როდესაც „აზოვსტალში“ ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა და ვოვასთან კავშირიც აღარ ჰქონდა, ბავშვი დაკარგა.
„ომის პირველ დღეს მომწერა ვოვამ: „ძალიან მიყვარხარ. მესმის, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, ვერ დავბრუნდე“. სოციალური ქსელებით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს, ხანდახან ხმოვან შეტყობინებებსაც მიგზავნიდა. 19 მარტს კავშირი გაწყდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. არ ვიცოდი, როგორ იყო, სად იყო. ფანჯრებთან ჭურვები დაფრინავდნენ, მე კი რეაქცია არ მქონდა, სარდაფშიც კი არ ჩავსულვარ“, – იხსენებს ალინა.
ვოვა ომის დროს/რედაქციისთვის მიწოდებული ფოტო
ალინა მარიუპოლში რჩებოდა და ბლოკადის ყველა საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა – არც ელექტროენერგია ჰქონდა, არც ბუნებრივი აირი, წყალი ჭიდან მოჰქონდა, საჭმელს უკრაინელი სამხედროები უყოფდნენ. სჯეროდა, რომ ქალაქს დაიბრუნებდნენ, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ მარიუპოლის დატოვების ბოლო შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინა და 12 მაისს კიევში, საქმროს ოჯახთან გადავიდა.
ვოლოდიმირი, სხვა ტყვეებთან ერთად, 17 მაისს „აზოვსტალიდან“ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს. ისიც დაჭრილი იყო.
ტყვეობაში ერთხელაც ვერ მოახერხა საცოლეს დაჰკავშირებოდა. ალინა დისტანციურად აპირებდა ხელის მოწერას, თუმცა წყვილს ახლა ამის გაკეთება ტრადიციული გზით შეუძლია – 29 ივნისს ვოვა შინ დაბრუნდა.
29 ივნისს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო ტყვე, 95 მათგანი „აზოვსტალის“ დამცველია, 43 კი – პოლკ „აზოვის“ წევრი.
კურორტ გომის მთაზე ასვლა, როგორც შარშან, ამ ზაფხულსაც მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, განსაზღვრულია ავტოტრანსპორტით გადაადგილების საათებიც. ამის მიზეზი კურორტთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
16 ივლისიდან ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება შაბათს, დღის 15:00 საათიდან ორშაბათის 09:00 საათამდე. კვირის სხვა დღეებში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გადაადგილება შეზღუდული იქნება 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთის გზაზე დაახლოებით ერთი წელია ახალი საავტომობილო გზა კეთდება, ამისთვის 20 მილიონამდე ლარი იხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ნიუ როუდი“ ახორციელებს.
ამ დროისთვის ამავე გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელ ღონისძიებებს ახორციელებს.
გომის მთაზე მოხვედრა შესაძლებელია შუახევიდანაც, თუმცა ამ გზის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერი დგას – ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი – პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც ვერ გვიპასუხეს, ისევ ხომ არ არის ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები.
ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი დღის წინ, 27 ივნისს შემოვიდა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი 30 მაისს დაიძრა რუსეთიდან, კერძოდ კი, ქერჩის სრუტიდან ეგვიპტისკენ. ეგვიპტეში, დუმიათის პორტში, ის 10 ივნისს შევიდა, იქ ერთი დღე დაყო და 11 ივნისს გეზი ბათუმის პორტისკენ აიღო.
გემები ბათუმის პორტის მისადგომებთან. მათ შორის ორი რუსეთიდან შემოსული ნავთობტანკერია. ბათუმი. 30. 06. 2022
კიდევ ერთი გემი, რომელიც ამჟამად ბათუმის საზღვაო აკვატორიაში იმყოფება, არის მალტის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Minerva Gloria. ოფიციალური მონაცემების თანახმად, Minerva Gloria ნოვოროსიისკის პორტიდან გამოვიდა.
ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი ბათუმის პორტთან ახლოს, მახინჯაურში ღუზაზე დგას.
ოფიციალური ინფორმაციით, Minerva Gloria ნოვოროსიისკის პორტიდან გამოვიდა
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. დავინტერესდით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულ რუსულ გემებზე ხომ არ არის სანქცირებული ნავთობპროდუქტები.
იმავე კითხვით მივმართეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაც.
ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ.
ცნობისათვის, 27 ივნისს ბათუმის პორტიდან გააბრუნეს სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებით დატვირთული თურქული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი– ESEN KA.
განახლება: დღის ბოლოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში შემოსულ ნავთობტანკერებს ტვირთი არ შემოუტანიათ.
დღეს, 30 ივნისს, ბათუმში აქტივისტებს, რომლებიც თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ – „შინ ევროპისკენ“ – ავრცელებდნენ ინფორმაციას და ფლაერებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათთვის ხელის შეშლა სცადეს.
ამის შესახებ „ბათუმელებს“ „არ გადადოს“ აქტივისტმა, ნიაზ ჩიტიძემ უთხრა.
„მოვიდნენ გარკვეული პირები, 3-4 ადამიანი, რომლებიც გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვეუბნებოდნენ – „თქვენ ხართ ომის პარტია“, „ომის ხალხი“… იხსენებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არც კი ვიცით, ვინ არიან.
ამ შეურაცხყოფის ფონზე ცდილობდნენ, რომ აერიათ ის სიტუაცია, რის გამოც ვართ შეკრებილები დღეს. ჩვენ ხალხს 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვაწვდით ინფორმაციას.
ხელის შეშლის მცდელობებს ისევ ველოდებით, რადგან საკმაოდ აქტიურად ხორციელდება მსგავსი ფაქტები“, – გვითხრა ნიაზ ჩიტიძემ.
აქტივისტებმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, რომელიც, ნიაზ ჩიტიძის თქმით, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მივიდა.
აქტივისტები ბათუმში კამპანიას აგრძელებენ.
დღეს, 30 ივნისს, თბილისში აგრესიულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენსტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ. ისინი აცხადებენ, რომ სტუდენტები 3 ივლისს აქციაზე არ უნდა მივიდნენ.
3 ივლისს თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნის მოთხოვნით, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს.
_____________
ფოტოზე: პირი, რომელიც ბათუმში მოხალისეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ფოტო „ბათუმელებს“ თავად აქტივისტებმა მოაწოდეს.
„იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, ჩვენ რეგულარულად უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების გასვლაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 30 ივნისს, განაცხადეს, რომ ეს მათი მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ იყო.
მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ ფოტომანიპულაციას აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, თითქოს უკრაინულიდან რუსულ ენაზე ფრაზა – „განადგურდა უკრაინის არმიის მიერ“ ითარგმნება, როგორც „უკან დაიხია კეთილი ნების ნიშნად“.
„ყველაფერი გეგმის მიხედვითაა? კიდევ ერთხელ, „კეთილი ნების“ ნიშნად, რუსმა სამხედროებმა დატოვეს კუნძული ზმეინი – დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ. ესე იგი, იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, ჩვენ რეგულარულად უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება. მოკლედ რომ ვთქვათ – მეტი შეიარაღება და მალე იქნება მშვიდობა, ნაცისტური Z სიმბოლოს გარეშე…“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
Everything according to the plan? Again, as a “goodwill”, Russian troops flee from Zmiinyi Island – RF Defense Ministry confirmed. So, in order for Moscow to show its goodwill, we have to beat it up regularly. To be short – more weapons and sooner peace without Nazi letter Z… pic.twitter.com/bsyosvWLRL
უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ანა ნიკოლონკოევა 30 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ აჭარაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ომის დროს კრიზისულ პირობებში კოორდინაციისა და მობილიზების გამოცდილების გაზიარება იყო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის როლის ჩვენება რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში.
უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ანა წარმოადგენს ომამდე გენდერული პოლიტიკის, ქალთა თანაბარუფლებიანობის საკითხებზე მუშაობდა, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვისას მოქალაქეთა თანამონაწილეობაზე – მუნიციპალიტეტებში.
ანა ნიკოლონკოევა. უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელი
თუმცა „დემოკრატიული განვითარების ასოციაციამ“ ომის დაწყებისთანავე ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის რესურსის შესაგროვებლად, უკრაინული არმიის დასახმარებლად დაიწყო მუშაობა, შედეგად დონორებისა და მოხალისეების დახმარებით ანა ნიკოლონკოევას ორგანიზაციამ ომის ოთხი თვის განმავლობასი 160 ათას დოლარზე მეტი შეაგროვა ჰუმანიტარული დანიშნულებით, ანას ცალკე ჰქონდა ასევე გახსნილი ანგარიში, რომლის საშუალებითაც ქვეყნის მასშტაბით მოხალისეებმა შეაგროვეს არმიისთვის ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტებისა და მანქანის შესაძენად საჭირო თანხა.
„საქართველოში ბევრი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი გვყავს. ისინი ჩვენ ძალიან გვეხმარებოდნენ ომის დასაწყისიდანვე და გვეხმარებიან ახლაც. თუნდაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და სხვები, ისინი მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთებით გვეხმარებოდნენ ომის დაწყებიდანვე.
საქართველოში პირველად არ ვარ, ჩამოვედი რომ კოლეგებთან, არასმთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ომზე მესაუბრა, მომეყოლა რა ხდება ჩვენთან. ვფიქრობ, ამ თემებზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, შოკისშემდგომი მობილიზების გამოცდილება აუცილებლად უნდა გავაზიაროთ, მინდოდა ამ მობილიზების შესახებ მეამბო“, – ამბობს ანა.
მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ უკრაინაში ომის დროს ძალიან მაღალი შეგნება აჩვენა. ანასვე თქმით, უკრაინაშიც და საქართველოშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც კრიზისის დროს იციან, როგორ იმოქმედონ და აქვთ მჭიდრო კავშირებიც უცხოელ კოლეგებთან, რომელთა დახმარებითაც გადაუდებლად აუცილებელი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაა საჭირო.
„შეხვედრის მთავარი თემა იყო, თუ როგორ უნდა უპასუხოს ადეკვატურად სამოქალაქო სექტორმა ახალ გამოწვევებს, რაც უკრანას და საქართველოს ახლა აქვს.
აჭარაში სამოქალაქო სექტორისა და უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელის შეხვედრა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა” სახლში.
უკრაინული და ქართული არასამთავრობო სექტორი ვგეგმავთ ერთობლივ პროექტებზე შევჯერდეთ, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იქნება, როგორც დონორების მხარდაჭერით, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების შიდა რესურსით.
პირველ რიგში, ეს არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში“, – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და დისკუსიების მოდერატორი ციალა ქათამიძე, რომელიც შეხვედრის მონაწილე იყო.
უკრაინული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ანა ნიკოლონკოევა ამბობს, რომ მისმა ორგანიზაციამ ომში ქალებზე ძალადობის არაერთი შემთხვევა დააფიქსირა რუსი ჯარისკაცების მხრიდან. მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც მუდმივი საომარი განგაშისა და ყოველდღიური სტრესის, შოკის პირობებში გაჭაღარავდნენ.
„ჩვენ ახლა რთულ სიტუაციაში ვართ, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი გვყავს, სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან დიდია ომის დროს. ბევრი უკრაინელი ბავშვია საქართველოში. ვფიქრობთ, ვიპოვეთ გზები და დონორების დახმარებით შეიქმნას რაიმე ცენტრი ამ ომგამოვლილი ბავშვების სარეაბილიტაციოდ, ადგილი, სადაც მშობლებს მაგალითად შეეძლებათ მშვიდად დატოვონ შვილები გარკვეული დროით, რომ მუშაობა და თავის გადარჩენა შეძლონ. ბევრი იდეა გვაქვს, ვნახოთ როგორ დ რაზე შევჯერდებით“, – ამბობს ანია ნიკოლონკოევა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების ასოციაცია“ უკრაინაში 2015 წელს დაფუძნდა. მუშაობის პირველ წლებში ამ გუნდმა საერთაშორისო დონორებთან ერთად განახორციელა პროექტები, რის საშუალებითაც 2014 წელს ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან დევნილ უკრაინელებს თვითდამკვიდრების, ახალი საქმიანობის წამოწყებაში ეხმარებოდნენ ეკონომიკური გაძლიერების გზით – პროფესიების და საქმიანობის, ინდივიდუალური უნარების შესაბამისად.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ფეისბუქზე წერს, რომ პოლონური ჰაუბიცები ბრძოლის წინა ხაზზე უკვე წარმატებით მუშაობენ.
„პოლონური „კრაბები“ [AHS Krab] წარმატებით მუშაობენ ფრონტის წინა ხაზზე.
ეს თანამედროვე, თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც მცოცავ შასიზეა. მაქსიმალური სიჩქარე წუთში 6 გასროლაა. ამ ჰაუბიცებს შეუძლიათ მისწვდნენ მიზანს 40 კილომეტრის მანძილზე“ – წერს ზალუჟნი ფეისბუქზე და აქვე მადლობას უხდის პოლონეთის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის.
ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში უკრაინული მედია, პოლონურ გამოცემა Dziennik-ზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინა პოლონეთისგან შეიძენდა 60-მდე თვითმავალ ჰაუბიცა AHS Krab-ს, იმ 18-ის გარდა, რომელიც პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას.
მედიის ცნობით, 155-მილიმეტრიანი პოლონური თვითმავალი „ჰაუბიცა“ დაახლოებით 48 ტონას იწონის და შეუძლია 40 კილომეტრის მანძილზე დაარწყას სამიზნეს წუთში 6 რაკეტის გასროლით.
სილქნეტი Samsung და Xiaomi სმარტფონების გაყიდვას დღეიდან თბილისსა და ბათუმის სერვის ცენტრებში იწყებს. შეთავაზებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:
შესაძლებელია ნებისმიერი მოდელის განვადებით შეძენა – 24 თვემდე პერიოდით.
შეძენილ სმარტფონს 2GB ინტერნეტ მოცულობა საჩუქრად გაუაქტიურდება, მოდელების მიხედვით- 6 თვით, ან 1 წლით.
სმარტფონის უნივერსალური ფუნქციები, სილქნეტის 4.9G LTE ინტერნეტ ქსელის პირობებში, უკონკურენტოა. ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ლოკაციიდან შეფერხებისა და წყვეტის გარეშე შესაძლებელია მუდმივად იყოთ კავშირზე – ისწავლოთ, იმუშაოთ, გაერთოთ.
ნახეთ სმარტფონების უახლესი მოდელები და ეწვიეთ სერვის ცენტრებს შესაძენად:
თბილისი: ცინცაძის #2 (საბურთალო), ხიზანიშვილის ქ. #15ა (გლდანი),რუსთაველის გამზ. #37, მეტრო სადგური „ვარკეთილი“,მეტეხის ქ. #22 (ავლაბარი).
„მე, ჩემი პროფესიით, საზოგადოებას ვეკუთვნი, საზოგადოება მიხდის ჰონორარს და იქ უნდა ვიყო, სადაც საზოგადოებას სჭირდება“, – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი როლანდ შავაძე, რომელიც 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. რას მიიჩნევს ის „კარგ მასწავლებლობად“ და რა შეუძლია გააკეთოს მოსწავლეებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს დღეს როლანდ შავაძე პასუხობს.
ბატონო როლანდ,ამ კონკურსში ძირითადად ის ადამიანები მონაწილეობენ, ვინც კარგ პედაგოგად მიაჩნიათ ხოლმე. თქვენს წარმოდგენაში, როგორია კარგი მასწავლებელი?
რთული კითხვაა, რადგან კარგი მასწავლებლის ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს. თუმცა, ჩემი შეფასებით, კარგია მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ, ზიანს არ აყენებს მოსწავლის მომავალს. ერთია ის, რომ მასწავლებელი ყველა შემთხვევაში კარგად უნდა ასწავლიდეს თავის საგანს და მეორეა, თუ რას აკეთებს საიმისოდ, რომ საგნის სწავლების გარდა მოსწავლეებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში დაეხმაროს.
ჩვენ გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს, რომ ახალგაზრდები უნდა იყვნენ გამორჩეული მოქალაქეები, ფართო მსოფლმხედველობით, რომლებიც კარგად ერკვევიან დემოკრატიულ პრინციპებში. მასწავლებელმა ამ ყველაფერს კი ხელი უნდა შეუწყოს, მოსწავლეები სკოლაში ყოფნის პერიოდში რომ გაეცნონ ამ პრინციპებს და გაითავისონ.
კარგია მასწავლებელი, თუ ის თავის მოსწავლეებს არ განასხვავებს წარსულის თუ მდგომარეობის მიხედვით, თუ ასწავლის ბავშვებს, რომ მთავარი ღირებულება ადამიანობაა და თვითონაც არის მაგალითი.
როცა ამბობთ, რომ კარგი მასწავლებელი არ დაუნგრევს ბავშვს მომავალს, შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითი, კონკრეტული ამბავი, რაც კარგად აჩვენებს ამ პრობლემას?
ჩვენ, მასწავლებლებს, უნდა გვქონდეს მოსწავლისგან დიდი მოლოდინი, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველა მასწავლებელი არ იზიარებს ამ მიდგომას. გაარჩევს ხოლმე ბავშვებს, რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და მხოლოდ მათზე ამყარებს მოლოდინებს. მასწავლებლებმა უნდა შევძლოთ თითოეულ მოსწავლეზე გავაჩინოთ მოლოდინი და შემდეგ ვიმუშაოთ ამ მოლოდინის გამართლებაზე.
თუ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუნგრევთ ბავშვებს მომავალს.
დანგრევაში მოიაზრებთ ისეთ დამოკიდებულებას, როცა მასწავლებელი ეუბნება ბავშვს, რომ „მისგან არაფერი გამოვა?“ ან „სოფელსაც ვერ გასწვდება თავისი ცოდნით?“
დიახ. გახსოვთ ალბათ ერთი ვირუსული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, სადაც ერთი კაცი ამერიკიდან ეუბნებოდა მასწავლებელს, რომ აი, ხედავთ ამერიკაში ვარ, გავცდი საზღვრებს, თქვენ კი მეუბნებოდით, ვერაფერს შევძლებდი ცხოვრებაშიო.
წარმოიდგინეთ, გაიზარდა ეს ბავშვი, კაცი გახდა, ამერიკაში ჩავიდა და მისი მასწავლებლის სიტყვები მაინც მწარედ ახსოვს. „შენ ვერ შეძლებ“, – ეს მახინჯი დამოკიდებულება აყენებს ტრავმას ბავშვებს და შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაჰყვეთ თან.
ამიტომ, პედაგოგებმა უნდა ვცადოთ, რომ კი არ შევუზღუდოთ ბავშვებს თავიანთი წარმოსახვითი უნარებში, პირიქით, უნდა გრძნობდნენ, მოტივაცია უნდა მივცეთ, რომ შეძლონ საკუთარი მისწრაფებებისა და ჩანაფიქრების ასრულება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ მიზნების ასრულებაში; დავეხმაროთ იმ გასაღების პოვნაში, რისკენაც მიისწრაფვიან.
მინიმუმ, ფსიქოლოგიური მხარდამჭერები მაინც ხომ უნდა ვიყოთ, სხვა თუ არაფერი, რადგან ისედაც რთულია ცხოვრებაში წარმატების მიღწევა და თუკი ხელს ვერ უწყობ, არც უნდა შეუშალო ოცნებების რეალიზებაში.
თქვენ ასწავლით მაღალმთიან სოფელში, სადაც ალბათ ბევრი პრობლემაა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე საგანმანათლებლო თუ სხვა რესურსების წვდომის კუთხით. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ისტორია, ამბავი, რაღაც გადაწყვეტილება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბავშვების ცხოვრებაზე ასეთ მწირ პირობებში?
ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც ის, რომ მაგალითად, პანდემიის პერიოდში სხვადასხვა აქტივობა წამოვიწყე ონლაინ. ვუწყობდი შეხვედრებს წარმატებულ ადამიანებთან მოტივაციის ამაღლების მიზნით.
მაგალითად, წარმატებულ ფსიქოლოგს შევახვედრე ბავშვები, ერთი შეხვედრა წინასაგამოცდო შიშებს დაეთმო. როგორც ვიცით, სკოლებში აღარ ტარდება ე.წ „კატის“ გამოცდები, თუმცა მოსწავლეებს ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე უწევთ გამოცდების ჩაბარება, რომელიც სტრესთან არის დაკავშირებული, მაგალითად, ეროვნული გამოცდები.
ბევრი ფაქტორი მუშაობს აქ – ოჯახის, სკოლის, როცა დიდ მოლოდინებს ამყარებენ ბავშვებზე, ყველა ელოდება, რომ მისმა შვილმა მაღალი ქულა უნდა გამოიტანოს გამოცდიდან. თუ ასე არ მოხდა, ბავშვები ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ ხოლმე და ასე შემდეგ.
თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, ჯერ კიდევ რომ ვერ შევძელით თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ ბავშვებს ხარისხიან განათლებაზე, მათ შორის, სოფლად.
აი, ამ მიზეზების თუ სხვა ღელვების გამო ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოლოგის მხარდაჭერა და გამხნევება. ვფიქრობ, ბევრისთვის იყო იმედის მომცემი ეს შეხვედრები, თუ როგორ შეიძლება დაძლიო სტრესი და ისე შეუდგე ამ დიდ პროცესს. ბევრი მოსწავლისგან პერსონალური მადლობაც მივიღე ამის გამო, დღეს სხვაგვარად უყურებენ გამოცდებს – ნეგატიური დამოკიდებულება აღარ აქვთ.
ალბათ, მოწყენილ ბავშვებსაც ხედავთ სოფლად. რა უქმნით მათ მოტივაციას რომ კარგად ისწავლონ, თუნდაც კარგად ითამაშონ, გაერთონ, რა ახარებთ მათ ყველაზე მეტად?
მაღალმთიან სოფლებში გართობის, აქტიური დასვენების პრობლემა სულ დგას, რადგან არ არის რეალურად გასართობი, ცოტაა არაფორმალური განათლების ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ყველაფერს ვერ მიწვდებიან. მცირეკონტინგენტიან სკოლებში უფრო პრობლემაა ასეთი ცენტრების არსებობა, ამიტომ ეს დანაკლისი სკოლამ უნდა შეავსოს.
ვცდილობ, სხვადასხვა აქტივობაში ჩავრთო ბავშვები და საინტერესო გავხადო მათი ცხოვრება. მაქვს ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურის კითხვის სასკოლო კლუბი, სადაც ბავშვები ეცნობიან კლასიკურ ლიტერატურას და შემდეგ მსჯელობენ.
რაღაც პარადიგმა შევქმენით, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს პრეზენტაცია და დანარჩენ კომპონენტში აბსოლუტური თავისუფლება მივეცი. ამ პრეზენტაციების მომზადება მათ ეხმარება საჯარო მსჯელობის უნარების განვითარებაში, დისკუსიის უნარებში და ასე შემდეგ.
ყველაზე უცნაური ან მოულოდნელი კითხვა რა მოგისმენიათ თქვენი მოსწავლისგან?
ზოგადად, მოსწავლეები ჩასაფრებულნი არიან, რომ გამოგიჭირონ, რითაც ხალისობენ ხოლმე. უცნაური არ ვიცი, მაგრამ მოულოდნელი იყო, მაგალითად, როცა მოსწავლემ მკითხა, როგორ არის ინგლისურად ჩალა? ფანჯარაში იხედებოდა, ყანაში ჩალას ჭრიდნენ ადამიანები და უცებ გაახსენდა. მართლა არ მახსოვდა ჩალა ინგლისურად. საერთოდ, ისეთი სიტყვები აინტერესებთ ხოლმე, რასაც სოფლად იყენებენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ძალიან ხშირად სხვადასხვა კრიზისს ადამიანები განათლების ნაკლებობას აბრალებენ ხოლმე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ტიპის განათლება უნდა მივცეთ ბავშვებს სკოლაში, რომ შემდეგ შემდგარი, სამოქალაქო საზოგადოება მივიღოთ?
ზოგადად, გაუნათლებლობა მართლაც ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ინფორმაციის დეფიციტი არის ერთ-ერთი წყარო პრობლემების, ერთ-ერთი მიზეზი იმის, რაც დღეს გვჭირს.
რთულ ეპოქაში ვართ, სადაც, ერთი მხრივ, წვდომა გვაქვს ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, ამიტომ ვექცევით როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ინფორმაციის გავლენის ქვეშ. შესაბამისად, გვჭირდება უნარები და ცოდნა, რომ თავი დავიცვათ დეზინფორმაციისგან.
განათლება რომ პრობლემებს აგვარებს, ამის მაგალითია თუნდაც ნაადრევი ქორწინებების შემცირება საქართველოში. როცა დავიწყეთ ამ პრობლემის გაანალიზება, მსჯელობა იმის გააზრებით, რომ ნაადრევი ქორწინება ცუდია, შევცვალეთ დამოკიდებულებაც.
ასევე პრობლემურია, ვთქვათ, კიბერბულინგი. თუკი ბავშვებს ექნებათ სათანადო ინფორმაცია და შესაბამისი უნარები, როგორ აირიდონ, დაიცვან თავი ამისგან, აღარ გახდებიან სხვადასხვა თავდასხმის მსხვერპლნი.
არაინფორმირებულობის შედეგად ასევე შესაძლოა გახდე არასწორი იდეოლოგიების მსხვერპლი, მათ შორის, რუსული პროპაგანდის, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შემოგდებული პრობლემებით გაავრცელოს რუსული იდეოლოგია.
თუკი ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას, განსჯას, აღარ გაუჭირდება იმის გაგება, რომელია სახელმწიფოებრივად სწორი აზროვნება და რომელი არასწორი. ამიტომ როცა ამბობენ, რომ გაუნათლებლობიდან მოდის ყველა პრობლემა, სწორია. რამდენადაც განათლებულია და პროგრესულია ერი, მით უფრო მომთხოვნია სახელმწიფოს მიმართ და ხელისუფლებაც იძულებულია უფრო წარმატებული იყოს და არ წაუცდეს ხელი. განათლება ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანა პოზიტიურად განვითარდეს.
ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი, როგორც ერის, სახელმწიფოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და გვაქვს სწრაფვა მივიღოთ დასავლური განათლება. თუმცა, ძალიან ხშირად, ევროპაში განათლებამიღებული ადამიანები, რომელთაც მაღალი თანამდებობები უკავიათ დღეს, სამოქალაქო საზოგადოებას დისკრიმინაციული ენით ელაპარაკებიან. მაგალითად, „ლიბერასტები“ – ასე მოიხსენიებენ ხოლმე მაღალჩინოსნები და ზოგიერთი პედაგოგიც კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას, როგორ ან რატომ ხდება ეს?
ეს ძალიან რთული საკითხია. ზოგადად, მაღალჩინოსნების სამეტყველო ენა და მათი დამოკიდებულება სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ ან მათი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, ძალიან პრობლემურია.
ერთია ის, რომ თუკი ასეთი დამოკიდებულება ამ პოლიტიკოსს მრწამსში აქვს, ეს, რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ მეორეა კონფორმიზმი, რომელიც ასევე პრობლემურია, რადგან პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებს ამას და ესეც დანაშაულია.
ჩვენ, მასწავლებლები, უნდა შევეცადოთ, რომ ვასწავლოთ ბავშვებს სხვისი უფლებების და აზრის პატივისცემა. ვასწავლოთ დისკუსია ოპონენტებთან და არა სიძულვილის ენით საუბარი. მე, პირადად, ძალიან მომწონს ბრიტანეთის პარლამენტი, სადაც იმდენად მოწესრიგებული კრიტიკაა, რომ დებატების მოსმენის სურვილი გიჩნდება ადამიანს. ჩვენთან კი სრულიად სხვა რეალობაა.
ეს უნდა ავუხსნათ ბავშვებს ზუსტად მასწავლებლებმა, რომ დისკრიმინაციის ენის გამოყენება არ არის დისკუსია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოდელებიც და ამიტომ აკისრია თანამედროვე მასწავლებელს უფრო დიდი როლი, რომ კონტექსტის მიღმა შეძლონ რეალობის დანახვა. მაშინ აღარ მოექცევიან გავლენების ქვეშ.
თუკი მასწავლებელი საუბრობს ასეთი ენით, (ლიბერასტი), ეს უკვე პრობლემაა, რადგან არ შეიძლება ვინმეს არჩევანი გავხადოთ შეურაცხმყოფელ ეპითეტად.
არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანი ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანობაა და დანარჩენი არის არჩევანი.
დღეს ყველა ვხედავთ თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში და თქვენი რამდენიმე კოლეგაც ძალიან აქტიური მოქალაქეა, მათ შორისაა ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაც, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება თუკი მისი კოლეგების ხმა იქნება ბევრად უფრო მაღალი დემოკრატიულ პროცესებში. თქვენი აზრით, პედაგოგების, ანუ თქვენი ხმა რა ფორმით უნდა ისმოდეს, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება?
რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკა ყველას გვეხება, მათ შორის მასწავლებლებსაც, გვეხება ის, თუ როგორი კურსით მიდის ქვეყანა და ეს უნდა აწუხებდეს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს.
ლადოს პოზიციაც სწორია და მეც ამიტომ ვიდექი ბათუმში იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი 20 ივნისს. მე არ ვეკუთვნი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში მყოფს, მე, ჩემი პროფესიით საზოგადოებას ვეკუთვნი, საზოგადოება მიხდის ჰონორარს და იქ უნდა ვიყო, სადაც საზოგადოებას სჭირდება.
თუ საჭირო იქნება უნდა ვიყო სკოლაში, თუ საჭირო იქნება უნდა ვიყო ქუჩაში, თუ საჭირო იქნება უნდა ვიყო მიტინგზეც. მასწავლებლებმაც უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას და ეს მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ყველა იმ ფორმით, რომელზეც ხელი მიგვიწვდება,- ეს იქნება სოციალური ქსელი, მედია, შეხვედრები თუ სხვა.
ძალიან რთულია ყველა პედაგოგმა ეს გაიაზროს, მაგრამ პრეცედენტები და გაბედულება ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ეს პრეცედენტები მასწავლებლებმა შევქმენით, სხვებიც დაინახავენ.
ხშირად, თავად მასწავლებლები ამბობენ, რომ „მასწავლებლები დაშინებულია“, „ადვილად დასაჩაგრია“, რა გამოდის, რომ დაშინებული კლასი ზრდის მომავალ თაობას?
რთულია ამაზეც პასუხის გაცემა. შეიძლება იყო რაღაც მაგალითები ზეწოლის, მაგრამ მასწავლებლები ამას შემდეგ განაზოგადებენ და თვითცენზურა ერთვებათ.
მე ექსპერტადაც ვარ ქობულეთის და ხელვაჩაურის სკოლებში, ძირითადად უცხო ენის მასწავლებლებთან მაქვს შეხება და ამ კატეგორიაში, მასწავლებლისთვის შეუსაბამო პრობლემებს ვერ ვხედავ, სხვა კატეგორიის მასწავლებლებთან ახლო შეხება არ მაქვს, ამიტომ მთლად კორექტული არ ვიქნები თუ მათ შევაფასებ.
თუმცა, სისტემაში ჩართული მასწავლებელი თვითონ უნდა იაზრებდეს, რომ საჭირო დროს საზოგადოების მხარეს უნდა იყო. მთავარია, სწორ ღირებულებებზე იდგეს მასწავლებელი.
ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ადგილს ხედავთ ევროკავშირში?
მე როგორც კი საკუთარი თავი შევისწავლე, რაღაც საზოგადოებაში გამოვედი და გავერკვიე, გამოვედი 90-იანი წლების ნარატივიდან, რომ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა და რუსეთის გარეშე არ გვეშველება, როგორც კი ფეხი შევდგი ევროპაში და რეალურად დავინახე ის სიკეთეები, რაც მანამდე თეორიულად გვესმოდა, მას შემდეგ მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.
ამაში ვხედავ ჩვენი სოციალური პრობლემების მოგვარებას, საზოგადოებრივი დოვლათის შექმნას, ადამიანები უფრო თავისუფლები იქნებიან საკუთარ არჩევანშიც, უფრო მეტად მოწესრიგებული გვექნება ინფრასტრუქტურაც, განათლება და ჯანდაცვა, რადგან სწორედ ჩვენი ჯანდაცვის უნდობლობის გამო მივდივართ ხოლმე თურქეთში ან ევროპის სხვა ქვეყანაში. ამ უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა ვიყოთ დიდი ევროპული ქვეყნების გვერდით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა, თუმცა ოფიციალური მოსკოვი დღეს, 30 ივნისს, აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ იყო.
ასეთი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა. მას უკვე აქტიურად ავრცელებს რუსული სახელისუფლებო მედია.
„30 ივნისს, როგორც კეთილგანწყობის/კეთილი ნების ნაბიჯი, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს დაკისრებული ამოცანები ზმეინის კუნძულზე და გაიყვანეს იქ განლაგებული გარნიზონი.
ამრიგად, მსოფლიო საზოგადოებას ეჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია არ უშლის ხელს გაეროს ძალისხმევას, მოაწყოს ჰუმანიტარული დერეფანი უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.
დღეს, 30 ივნისს, უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კუნძულზე დარტყმები განახორციელეს. კუნძულ ზმეინიზე ჩანდა კვამლი და ისმოდა აფეთქებების ხმა.
კუნძული ზმეინი, ფოტო, რომელიც დღეს, 30 ივნისს, გავრცელდა ტელეგრამზე
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა ჩაატარა, უკრაინელების მხოლოდ 10%-ია მზად, ქვეყანამ „მშვიდობის“ სანაცვლოდ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს.
უკრაინელების დაახლოებით 89%-ს მიაჩნია, რომ მიუღებელია მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინის იმ ტერიტორიების დათმობით, რომელიც რუსულმა ჯარმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიპყრო. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის და ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის – NORC გამოკითხვის შედეგებში.
სხვათა შორის, უკრაინელების 81% ასევე ეწინააღმდეგება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც ითვალისწინებს ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებას. ეს ტერიტორიები რუსეთის არმიამ 2014 წელს დაიპყრო.
ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, თუ რით არის ასეთი მაღალი მაჩვენებლები განპირობებული – იმით, რომ უკრაინელები მომავლის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. კერძოდ, გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსების განდევნას შეძლებენ.
უკრაინელების მხოლოდ 6%-ს მიაჩნია, რომ ომი მსგავსი წარმატებით არ დასრულდება. ისინი მიიჩნევენ, რომ საომარი მოქმედებები დასრულდება ცეცხლის შეწყვეტით, ხოლო რუსი ოკუპანტები დარჩებიან ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთით დაპყრობილ ტერიტორიებზე.
იმ ერისთვის, რომელიც ხშირად გაყოფილია კულტურული განსხვავებებით უკრაინულად მოლაპარაკეებსა და მათ შორის, ვინც ძირითადად რუსულად საუბრობს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელები ერთიანები არიან, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, – თქვა ვადიმ ვოლოსმა, NORC-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ უკრაინელებს მტკიცედ სწამთ რუსებთან გამარჯვების. ექსპერტის თქმით, უკრაინელი ხალხისთვის ეს თეზისი ისე ჟღერს, როგორც რელიგიური რწმენა.
გამოკითხვა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებს შორის ტელეფონით 10-13 ივნისს ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის 1005-მა ზრდასრულმა მოქალაქემ, რომლებიც სარგებლობენ უკრაინული მობილური ოპერატორებით.
პატარა სარეაბილიტაციო ცენტრს კიევის გარეუბანში დიდი მისია აქვს – მარიუპოლის დამცველებს ეხმარება. მებრძოლი, მეტსახელად „ბუივოლი“ პროთეზით სიარულს სწავლობს – მარიუპოლში ფეხი დაკარგა. კიდევ ერთი სამხედრო ტრენაჟორზე ვარჯიშობს – მოძრაობის კოორდინაციას ამუშავებს. მესამე – სხვადასხვა მხარეს მოძრავ მრგვალ დისკ-ტრენაჟორზე დგას – ხელახლა უნდა ისწავლოს, როგორ დაიჭიროს წონასწარობა.
ცენტრი კერძოა, თუმცა „აზოველებისთვის“ რეაბილიტაცია უფასოა.
„ბარსიკი“
„ბარსიკი“ რუსია. „აზოვს“ ჯერ კიდევ 2014 წელს შეუერთდა, როდესაც ომი დაიწყო. 2017 წლიდან სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა 24 თებერვლის დილით ისევ ფრონტზე დაბრუნდა. „აზოვის“ ტერიტორიულ დაცვასთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ავიაციისა და არტილერიის წინააღმდეგ ბუჩისა და მოსჩუნის პირველ ბრძოლებში.
“ბარსიკი” ომის დროს/ფოტო: Hromadske.ua
როდესაც მისი ასეული კიევის ოლქიდან გამოიყვანეს, „ბარსიკი“ ოკუპირებულ მარიუპოლში გაფრენას დათანხმდა. მარტის ბოლოს 33 მოხალისე გადასვეს „აზოვსტალში“. „ბარსიკის“ ჯგუფს ასეთი დავალება ჰქონდა: ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე სამი ათსართულიანი კორპუსის ეზოს დაცვა უნდა გაემაგრებინა. ეს პოზიცია სამხედროებს 30 მარტამდე ეკავათ, ვიდრე „ბარსიკსა“ და მის მეგობარს დაჭრიდნენ. ისინი მეორე დღესვე გამოიყვანეს ვერტმფრენით.
„ბარსიკი“ ახლა რეაბილიტაციას გადის და სამხედრო სამსახურში დაბრუნებას გეგმავს.
„ბუივოლი“
„ბუივოლმა“ ეროვნულ გვარდიასთან კონტრაქტს 2020 წელს მოაწერა ხელი – როგორც კი 18 წლის გახდა. პირველად ფრონტზე 24 თებერვალს მოხვდა. მისი დანაყოფი მარიუპოლში, „ილიჩის“ ქარხანაში იყო გამაგრებული.
“ბუივოლი” ომის დროს/ფოტო: Hromadske.ua
„ბუივოლი“ ქალაქის ბრძოლებშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთის დროს, 23 მარტს, დაიჭრა და „აზოვსტალში“ გადაიყვანეს. როგორც ამბობს, „გაუმართლა“ – იმ დროისთვის ექიმებს ჯერ კიდევ შეეძლოთ კიდურების ამპუტაცია ანესთეზიით. მერე ამპუტაციას პირდაპირ, გამაყუჩებლის გარეშე, აკეთებდნენ.
როდესაც „შკოლნიკი“ „აზოვის“ წევრი გახდა, ის მხოლოდ 18 წლის იყო. უკვე ერთ წელიწადში კი საბრძოლო დავალებებს ასრულებდა.
“შკოლნიკი” ომის დროს/ფოტო: Hromadske.ua
როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ის თანამებრძოლებთან ერთად მარიუპოლთან, ბაზაზე იმყოფებოდა. მებრძოლებმა მაშინვე დაიწყეს ქალაქის დაცვაზე ზრუნვა. რუსები ჯერ ავიაციითა და არტილერიით ასწორებდნენ მიწასთან ქალაქის უბნებს, შემდეგ კი ქვეითები შედიოდნენ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს.
„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა ჯერ დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი, რომელიც აღდგენილი იქნა 28 ივნისს) მდებარე მონაკვეთი, ხოლო შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალი საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე სამსახურის განცხადებით: „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილებმა დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით შეუფერხებელი გადაადგილება შეძლონ. ამასთან, აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სრულად არის მობილიზებული, როგორც მებაჟე ოფიცრების შემადგენლობა, ასევე კონტროლის პროცედურებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური აღჭურვილობა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2022 წლის მაისის თვეში „ყაზბეგიდან“ საქართველოში შემოვიდა 14 844 მსუბუქი ავტომობილი [გავიდა 14 609], 13 562 სატვირთო ავტომობილი [გავიდა – 11 872], 383 ავტობუსი [გავიდა – 381] და 82 მოტოციკლი [გავიდა – 40].
მაისის თვეში გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ჯამში 69 312 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 56 878 მოქალაქე გავიდა.
მთავარი ფოტო: ლარსის გამშვები პუნქტი (ს.ს.კ.გ. “ყაზბეგი”). ფოტო: გურამ როგავა
სევეროდონეცკიდან გამოსვლის შემდეგ, უკრაინის ძალები კვლავაც ინარჩუნებენ პოზიციებს ლისიჩანსკში. რუსეთის არმია კი პოპასნაიას მხრიდან მიიწევს წინ, რათა თავიდან აირიდოს მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის აუცილებლობა – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვითარებას უკრაინის ფრონტზე.
30 ივნისს გამოქვეყნებულ რელიზში უწყება მიუთითებს, რომ მიმდინარე სახმელეთო ბრძოლები, სავარაუდოდ, ფოკუსირებულია ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ცენტრიდან 10 კილომეტრში.
„ოპერაციულ დონეზე, რუსეთის ძალების პროგრესი შეზღუდულია. ისინი ნელა მიიწევენ წინ იზიუმის მხრიდან და ცდილობენ, ალყაში მოაქციონ დონეცკის ჩრდილოეთში მყოფი უკრაინის დამცველები“, – აღნიშნავს დაზვერვა.
უწყება ვარაუდობს, რომ უკრაინელთა მანევრი, ბრძოლით შეანელონ რუსეთის წინსვლა, შემდეგ კი გაიყვანონ ძალები, ვიდრე მათ რუსეთის არმია ალყაში მოაქცევს, მომავალშიც ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დარჩება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 29 ივნისის განახლებაში უწყება ვარაუდობდა, რომ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმა შეცდომა იყო და სინამდვილეში თავდასხმის მიზანს მის გვერდით მდებარე ქარხანა წარმოადგენდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 573 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 3 726 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 790 ერთეული [+9]
MLRS – 246 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 104 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 185 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 641 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 143 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 602 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
224 თვითმფრინავი
134 ვერტმფრენი
1 400 უპილოტო საფრენი აპარატი
353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 859 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
698 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 059 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 916 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„ოპერაციულ დონეზე, რუსეთის ძალების პროგრესი შეზღუდულია. ისინი ნელა მიიწევენ წინ იზიუმის მხრიდან და ცდილობენ, ალყაში მოაქციონ დონეცკის ჩრდილოეთში მყოფი უკრაინის დამცველები“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა:
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე ხმები არ აინტერესებს, რადგან მისი თქმით, ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის სენი, რომლითაც მთლიანად რუსეთი და რუსები არიან შეპყრობილი – მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, არ სცემენ პატივს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე.
ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-ის ჟურნალისტის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა პუტინის სავარაუდო ავადმყოფობაზე. ამერიკულ არხთან ვრცელ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისა და უკრაინის დანაკარგებზე, დასავლეთის დახმარებაზე და ომში უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი რა ხდება ვლადიმერ პუტინის თავს. მიმაჩნია, რომ მათ (რუსებს) საერთოდ, მართლაც უდიდესი სენი სჭირთ და მეჩვენება, რომ ეს ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი ხალხისადმი უპატივცემულობის სენი, სენი დაპყრობის, სენი საზარელი დანაშაულების, რომლებიც მათ ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს. მეჩვენება, რომ ეს ძალიან რთული მომენტია და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დაავადება არ არის“, – ამბობს ზელენსკი.
მისი აზრით, ბევრი ადამიანი რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში შეპყრობილია გადაჭარბებული ამბიციებით, არ ესმის და პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირს ადამიანების სიცოცხლე.
„ჩემთვის ადამიანების სიცოცხლე შეუფასებელია. ეს ყველაზე მთავარია, მათთვის – ეს არაფერია, უბრალოდ მასალა. მეჩვენება, რომ ეს დაავადება ძალიან საშიშია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ყბედობაა და ნაკლებად მაინტერესებს“.
პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აპრილის შემდეგ, განსაკუთრებით ბევრს წერდა ბრიტანული ტაბლოიდური პრესა. მაისში, „უკრაინსკა პრავდს“ ინტერვიუში პუტინის ავადმყოფობაზე ხმები დაადასტურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა და აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად აწუხებს რამდენიმე მძიმე დაავადება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 100 დღეში 330 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები დაბლოკა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეგამოქვეყნდა.
რუსული ელიტების, ნდობით აღჭურვილი პირებისა და ოლიგარქების საწინააღმდეგო საერთაშორისო ოპერატიულმა ჯგუფმა, REPO-მ გამოიყენა მრავალმხრივი კოორდინაცია, რათა დაებლოკა ან გაეყინა სანქცირებული რუსების 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები, ასევე დაებლოკა ცენტრალური ბანკის აქტივები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია.
REPO-ს წევრებმა:
ფინანსურ ანგარიშებსა და ეკონომიკურ რესურსებში დაბლოკეს ან გაყინეს 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების, სანქცირებული რუსების აქტივები;
მოხდა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივების იმობილიზაცია;
ჩამორთმეულია, გაყინულია ან დაპატიმრებულია იახტები და სხვა გემები, რომლებსაც ფლობენ, საკუთრებაში აქვთ ან აკონტროლებენ სანქცირებული რუსები, მათ შორის Amadea, Tango, Amore Vero, Rahil და Phi;
ჩამორთმეული ან გაყინულია ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელსაც ფლობენ, საკუთრებაში აქვთ ან აკონტროლებენ სანქცირებული რუსები;
შეიზღუდა რუსეთის წვდომა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე, რაც ურთულებს რუსეთს უკრაინაში ომის შესანარჩუნებლად საჭირო ტექნოლოგიების შეძენას.
სამუშაო ჯგუფში შედიან ფინანსთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ვაჭრობის მინისტრები ავსტრალიიდან, კანადიდან, ევროკომისიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან.
ეფექტური სანქციების განხორციელებისთვის REPO თანამშრომლობს კერძო სექტორთან. ფინანსური ინსტიტუტები და სხვა სუბიექტები, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან როგორც სანქციები, ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ/ტერორიზმის დაფინანსების რეგულაციები, დაეხმარნენ REPO-ს სანქციებს დაქვემდებარებული აქტივების იდენტიფიცირებასა და გაყინვაში.
REPO-ს ეხმარებიან სამუშაო ჯგუფის გარეთ მყოფი ქვეყნებიც.
როგორ შეიცვალა უკრაინელთა განწყობები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ – Ukrinform-ი უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, უკრაინელთა უდიდეს ნაწილს ოკუპანტის ენაზე ლაპარაკი აღარ სურს – 78 %, ომის დაწყების შემდეგ, ერთმანეთში მხოლოდ უკრაინულად საუბრობს, 11% კი ამბობს, რომ ასევე მოიქცეოდა, თუკი ამის შესაძლებლობა ექნებოდა.
მშვიდობის ვარიანტი, როდესაც უკრაინა მხოლოდ იმ ტერიტორიებს იბრუნებს, რომლებსაც 24 თებერვლამდე აკონტროლებდა, მიუღებელია უკრაინელთა 66 %-სთვის, 26 % კი ამბობს, რომ ამ ვარიანტს დათანხმდებოდა. ომის შეწყვეტა დღევანდელი მდგომარეობით მიუღებელია 80 %-სთვის.
გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ რუსეთთან საჭიროა მოლაპარაკებები, 37 % რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგია.
გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის არმიას ძალიან მაღალი ნდობა აქვს – მას მოსახლეობის 96 % ენდობა. 24 თებერვლის შემდეგ, ყველაზე მეტ თანხას სწორედ არმიისთვის აგროვებენ – შეიარაღებული ძალების დასახმარებლად შეწირულება უკრაინელთა 78 %-მა გაიღო.
58% ასევე ამბობს, რომ გადარიცხა თანხა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ზუსტად ამდენივე კი დაეხმარა იძულებით გადაადგილებულ პირებს ტანსაცმლითა და სხვა ნივთებით.
გაზრდილია იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ. თუ 2021 წლის დეკემბრის გამოკითხვით, სახელმწიფოს უკეთესი მომავლის მხოლოდ 9 %-ს სჯეროდა, 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 52 %-ია.
კვლევის თანახმად, გამოკითხული უკრაინელების 94%-ს სურს, რომ უკრაინის სახელმწიფო სრულფასოვანი დემოკრატია იყოს. დემოკრატიულ ღირებულებებს კი უკრაინელები ასე აფასებენ: სიტყვის თავისუფლება – 64 %, სამართლიანი სასამართლო ყველასთვის – 60%, სამართლიანი არჩევნები – 47 %.
როგორც კვლევა აჩვენებს, შარშანდელთან შედარებით, შეცვლილია მოსახლეობის განწყობები უკრაინის ევრო-ატლანტიკურ კურსთან დაკავშირებითაც.
თუკი ომამდე მხოლოდ 57%-ს სურდა უკრაინა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ახლანდელი გამოკითხვით, ეს მაჩვენებელი 90%-ია.
73 %-ს კი უნდა, უკრაინის ნატოში იხილოს – ომამდე ასეთ სურვილს მხოლოდ 48 % გამოთქვამდა.
კვლევა 2-11 მაისს ჩატარდა. სოციოლოგებმა ტელეფონით 2 500 მოქალაქე გამოჰკითხეს, მათ შორის ის უკრაინელებიც, რომლებიც ამჟამად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ენდომეტრიოზის დიაგნოზს ყოველ მე-10 ქალს უსვამენ რეპროდუქციულ ასაკში. ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა ფენა) მსგავსი ქსოვილი, ენდომეტრიუმი, იზრდება საშვილოსნოს გარეთ. მას შეუძლია ძლიერი ტკივილის გამოწვევა, განსაკუთრებით მენსტრუაციის პერიოდში, შეიძლება განვითარდეს უნაყოფობის პრობლემები. ამჟამად, ენდომეტრიოზის განკურნება არ ხდება, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც მიმართულია სიმპტომების კონტროლზე.
ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა ამბობს, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტირება აფერხებს ან აჩერებს ენდომეტრიოზის ბუნებრივ პროგრესირებას და ხელს უწყობს დაავადების მძიმე სიმპტომების უფრო ეფექტურ მართვას.
ქალბატონო ნათია, რა არის ენდომეტრიოზი?
ენდომეტრიოზის დროს საშვილოსნოს შიდა შრის მსგავსი ქსოვილი (ენდომეტრიუმი) მისთვის ატიპიურ ადგილებში იზრდება. ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს შიდა ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ჩამოიფრცქვნება ხოლმე. ენდომეტრიოზის დროს სწორედ ამ ლორწოვანი შრის, ენდომეტრიუმის უჯრედები ხვდება სხეულის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, საშვილოსნოს ღრუს გარეთ.
ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში და ა.შ.
რა შეიძლება იყოს ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზი?
ენდომეტრიოზი რთული დაავადებაა, რომლის წარმოშობა მულტიფაქტორულია, ანუ მის განვითარებას მრავალი განსხვავებული ფაქტორი უწყობს ხელს. ამჟამად არსებობს გამომწვევი მიზეზის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია, მათ შორის არის რეტროგრადული მენსტრუაცია, ამ დროს მენსტრუალური სისხლი, რომელიც შეიცავს ენდომეტრიუმის უჯრედებს, მიედინება უკან, ფალოპის მილების გავლით მცირე მენჯის ღრუში, როცა მენსტრუაციისას სისხლი სხეულიდან საშვილოსნოს ყელის გავლით მიედინება.
ამ დაავადების განვითარებაში შესაძლოა გარკვეული როლი შეასრულოს საშვილოსნოს მექანიკურმა ტრავმებმა, მაგალითად, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საკეისრო კვეთა, ტრავმული მშობიარობა და სხვა. მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს სისხლძარღვების ან ლიმფური სისტემის საშუალებით ენდომეტრიუმის უჯრედების გადატანა სხეულის სხვა ნაწილებში.
ჯანმო მიიჩნევს, რომ ენდომეტრიოზის კერების ზრდასა და შენარჩუნებას ასევე ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: დარღვეული იმუნიტეტი, ჰორმონალური ცვლილებები, გენეტიკური ფაქტორი და შესაძლოა გარემოს დამაბინძურებლებიც კი.
რა სიმპტომები მიგვანიშნებს ენდომეტრიოზზე?
დაავადების ძირითადი სიმპტომია მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე განვითარებული ძლიერი ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება ციკლის დროს. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში და მუდმივი, ინტენსიური ხასიათისაა. ენდომეტრიოზს ახასიათებს მტკივნეული, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც წინ უძღვის ყავისფერი გამონადენი.
სიმპტომებია:
დისმენორეა – მტკივნეული მენსტრუაცია;
დისპარეუნია – ძლიერი ტკივილი სქესობრივი კონტაქტის [პენეტრაციის] დროს ან/და მის შემდეგ;
ქრონიკული ტკივილი მცირე მენჯის არეში;
ოვულაციური ტკივილი;
ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ;
ჭარბი მენსტრუაცია;
დისჩეზია – ტკივილი დეფეკაციის დროს;
უნაყოფობა.
ატიპიური სიმპტომები მიუთითებს სხვა ორგანოების ჩართვაზე და შეიძლება მოიცავდეს: ციკლურ ფეხის ტკივილს – საჯდომი ნერვის ჩართვის დროს; ციკლურ სისხლდენას სწორი ნაწლავიდან – ნაწლავის კედელში ინვაზიის დროს; შარდში სისხლს – შარდის ბუშტის კედელში ინვაზიის შემთხვევაში.
Mayoclinic: ქალები ენდომეტრიოზის დროს ასევე ხშირად განიცდიან დაღლილობას, დიარეას, ყაბზობას, შებერილობას ან გულისრევას, განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს.
დიაგნოსტირების მეთოდებია: ბიმანუალური ანუ ხელით გასინჯვა, ტრანსვაგინალური ექოსკოპია, საბოლოო დიაგნოზი კი ისმება ლაპაროსკოპიით, რომელიც წარმოადგენს ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“. შორსწასული შემთხვევების დროს შესაძლოა გამოყენებული იქნეს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
რას მოიცავს ენდომეტრიოზის მკურნალობის გზები?
ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლოა იყოს მედიკამენტოზური ან/და ქირურგიული. ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის დროს თავდაპირველად რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა. მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს ჰორმონალურ თერაპიასა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებას.
მედიკამენტოზური მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში ენდომეტრიოზის ქირურგიული დიაგნოსტირება და მკურნალობა საუკეთესო მეთოდია. უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიას, რომლის დროსაც ხდება ენდომეტრიული ჰეტეროტოპიების [ქსოვილების ან რაიმე ორგანოს ნაწილების მათთვის უჩვეულო ადგილას წარმონაქმნები] ამოკვეთა ან მათი დესტრუქცია (აბლაცია).
უკრაინის უშიშროება ავრცელებს რუსი სამხედრო ტყვის დაკითხვის ჩანაწერს, რომელშიც ის კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შესახებ ჰყვება.
რუსი მეზღვაური ამბობს, რომ მას მონაწილეობა უნდა მიეღო კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციაში, თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახა, რა ხდებოდა ზღვაში, გადაწყვიტა, საკუთარი სიცოცხლე არ გაეწირა.
„უამრავი გვამი იყო იქ. ხომალდი დაკარგეს, ჩაიძირა, მისი ბუქსირით გამოყვანა ვერ შეძლეს… რომ ვნახე, რაც ხდებოდა, მეტის ნახვა აღარ მინდოდა… როგორ კვდები შუა ზღვაში… საშინელებაა. და უარი ვთქვი…“ – ჰყვება მეზღვაური.
მისი თქმით, ის ქვეითებში გადავიდა და „ვაგნერის“ ინსტრუქტორებთან სამკვირიანი მომზადება გაიარა. მისი პირველი დავალება, დაზვერვა ვოლნოვახის რაიონში, წარუმატებელი აღმოჩნდა. 30 „მზვერავი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩასაფრებაში მოხვდა და მხოლოდ სამი გადარჩა. მეთაურებმა დაჭრილები მიატოვეს.
„ჩვენ არავის ვათავისუფლებთ, ჩვენ მხოლოდ ვიპყრობთ. ვძარცვავთ, ეს საშინელი ომია“, – ამბობს სამხედრო ტყვე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „მოსკვას“ 3 აპრილს სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნიდან“ დაარტყეს. 14 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შავი ზღვის ფლაგმანი ჩაიძირა, თუმცა ბორტზე აფეთქების მიზეზად ხანძარი დაასახელა.
პირველი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 22 აპრილს გაჩნდა – რუსული მხარე ერთი დაღუპულისა და 27 უგზო უკვლოდ დაკარგულის შესახებ იუწყებოდა. ამასთან, რუსეთი ამტკიცებდა, რომ გადარჩა 396 მეზღვაური, „მოსკვას“ ოფიცრები კი შავი ზღვის ფლოტში სამსახურს განაგრძობდნენ.
სხვადასხვა ცნობით, „მოსკვას“ ეკიპაჟი 416 დან 680 ადამიანამდე იყო. უკრაინული მედია წერს, რომ მეზღვაურთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად მათ „დაკარგულებად“ აცხადებდა და მათი მშობლებისგან ითხოვდა, ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომლის თანახმადაც ხომალდი არა საბრძოლო მოქმედების, არამედ „კატასტროფის“ შედეგად ჩაიძირა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს კვლავ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გზავნიდნენ.
მთავარი ფოტო: რუსი სამხედრო ტყვე/ფოტო: სქრინი ვიდეოდან
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათი უმრავლესობა „აზოვსტალელია“.
„მოხდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი მცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან 95 აზოვსტალის მცველია. მათ შორის არის აზოვის პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე” – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ტელეგრამზე.
სამხედრო ტყვეების საკითხში საკოორდინაციო შტაბი იუწყება, რომ გათავისუფლებული ჯარისკაცები არიან:
59 – უკრაინული ეროვნული გვარდიიდან;
30 – საზღვაო ძალებიდან;
28 – უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან;
17 – უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან;
9 – ტერიტორიული დაცვიდან;
1 – უკრაინის ეროვნული პოლიციიდან.
მათგან 23 ოფიცერია, 69 კი – სამხედრო სერჟანტი და უფროსი ოფიცერი. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა – 19-ის.
გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ჭურვების ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები, აფეთქებების შედეგად მიღებული დაზიანებები, დამწვრობა, მოტეხილობები, კიდურების ამპუტაცია. ყველა მათგანი იღებს შესაბამის სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას ყველა დატყვევებული დამცველის დაბრუნებისთვის – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
_____________________________
ფოტო: აზოვსტალი. ფოტოს ავტორია პოლკ „აზოვის“ მებრძოლი დმიტრო კაზაცკი. სწორედ კოზაცკის ამ ფოტოთი გამოაქვეყნა ინფორმაცია ტყვეების გაცვლის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. არ ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ გათავისუფლებულებს შორისაა თავად დმიტრო კოზაცკიც.
ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია 2022 წლის ივლისის თვეში დაიწყება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს.
2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება:
დანდალოში და წონიარისში [ქედა]
დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი]
ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]
მოქალაქეებს, რომლებიც ნაკვეთებს ფლობენ იმ სოფლებში, სადაც მიწის აზომვა დაწყებულია ან აწი დაიწყება, შეუძლიათ საჯარო რეესტრს დაუკავშირდნენ და მიაწოდონ ინფორმაცია ამ ბმულის საშუალებით
აღნიშნული ბმულის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ მათი საკონტაქტო მონაცემები და მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საჯარო რეესტრს.
„როცა დაიწყება მიწის აზომვა, ამზომველები მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ და შესაბამისად დაუკავშირდებიან მათ, ეტყვიან კონკრეტულ დროს, რათა მოახერხონ და დაესწრონ აზომვის პროცესს. ეს შემდგომში ბევრი უზუსტობის თუ გაუგებრობების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა“, – უთხრეს საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“.
საჯარო რეესტრში აცხადებენ ასევე, რომ საწყის ეტაპზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება პროექტის შესახებ, შემდეგ იწყება საველე სამუშაოები [ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა. სწორედ ამ პროცესშია სასურველი მიწის მფლობელების თუ მათი წარმომადგენლების დასწრება უშუალოდ აზომვის დროს];
მომდევნო ეტაპზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ აზომვის შედეგად მიღებულ მონაცემებს ელექტრონულად [რაც ატვირთული იქნება რეესტრის ვებგვერდზე] და თუ რაიმე უზუსტობას აღმოაჩენენ, მიმართონ საჯარო რეესტრს;
ბოლო ეტაპი კი არის – საველე სამუშაოების დროს აზომილი და შემდეგ [საჭიროებისამებრ] კორექტირებული საკადასტრო საზღვრების ანუ კონკრეტული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.
მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი აზომვისა და დოკუმენტების გადამოწმების პროცესში ვერ დადგინდება, დარეგისტრირდება სახელმწიფოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებად.
მიწის აზომვა, დოკუმენტების მოძიება და რეგისტრაცია, პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა.
2022 წლის ივლისში მიწის რეგისტრაცია აჭარის 9 თემის გარდა ასევე დაიწყება თიანეთში [სიმონიანთხევი], ლანჩხუთში [ღრმაღელე], ოზურგეთში [დვაბზუ], დაბა ჩოხატაურსა და ხარაგაულში.
მიწის აზომვების გეგმა-გრაფიკი კი, დასახლებული პუნქტების და წლების მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ანტიდასავლურ კამპანიას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე – ამ დეპუტატებმა თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, თუმცა მმართველ პარტიასთან „ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ ჰქონდათ“.
პოლიტოლოგს მოლოდინი აქვს, რომ სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ძირითადად ისაუბრებენ იმაზე, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურდათ“ და კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა უკრაინული ლობის შედეგია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი კი არა, ევროპის ბრალია.
„თუ დაინახეს, რომ ეს მუშაობს, შემდეგ მთელი „ოცნება“ ამაზე ისაუბრებს აქტიურად“, – ამბობს პოლიტოლოგი და ამ შემთხვევაში უკვე შესაბამის ნიადაგსაც ხედავს პრორუსულმა პროპაგანდამ, მაგალითად, საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ, ეფექტურად იმუშაოს.
პოლიტოლოგის დაკვირვებით, „ოცნებას“ ახლა აქვს იმის შიში, რომ შესაძლოა საკუთარი ამომრჩეველიც აუმხედრდეს. წინ კი, არჩევნებია. „თუ „ოცნება“ გაითვალისწინებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაშინ შემდეგი არჩევნებისთვის მეტ-ნაკლებად გათანაბრდება შანსები პოლიტიკური პარტიებისთვის,“ – მიიჩნევს ბაკურ კვაშილავა, მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო ბაკურ, „ოცნებიდან“ წასული სამივე დეპუტატი ერთნაირად ამბობს, რომ იდეურად აზრთა სხვადასხვაობა პარტიასთან არ აქვთ, მაგრამ „სიმართლე“ აქვთ სათქმელი. მანამდე ღარიბაშვილი „ფარდის ახდაზე“ საუბრობდა. თქვენთვის რა არის მკაფიო ამ გზავნილებიდან?
არ მაქვს საფუძველი იმისა, რომ მქონდეს საწინააღმდეგო აზრი, რასაც აცხადებს „ქართული ოცნება“ დეპუტატებზე, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია. ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ეს სამი კაცი ე.წ. სიმართლის სათქმელად, რის თქმასაც თავად ვერ ბედავს. ეს ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი სვლაა და აბსურდი, რადგან ჩანს, რომ სამივე დეპუტატი რჩება „ოცნებაში“ პრაქტიკულად.
„ოცნება“ ამ სვლით იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელი წინააღმდეგობებისგან იმ განცხადებების გამო, რის გაჟღერებასაც ვერ ბედავს, მაგრამ სურს, რომ ეს ვინმემ გააკეთოს. გამოჩნდა ამ დროს ეს სამი ადამიანი, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს საინტერესო განცხადებებით. მაგალითად, ერთმა თქვა, რომ თუ არჩევანი იქნება ბიძინას და ევროკავშირს შორის, ავირჩევთ ბიძინას და ლობიოს შევჭამთ. მეორემ თქვა: რა ვქნათ იმ ხალხმა, ვისაც ბიძინაც მოსწონს და ევროკავშირიცო. ეს ის სამი დეპუტატია, ვინც მიიცნევს, რომ ივანიშვილის ერთგულების მეტი დემონსტრირებაა საჭირო.
ეს არის ივანიშვილის ერთგულების დემონსტრირება, თუ პირდაპირი მცდელობა, გააძლიერონ ანტიდასავლური გზავნილები? მაგალითად, სოზარ სუბარი ამბობს: „პირდაპირ გვთხოვენ ომში ჩართვას“
„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ამ ანტიდასავლურ კამპანიას.
ჩემი დაკვირვებით, უკვე „ოცნების“ აზრითაც კარგად ჩანს, რომ ბევრ ადამიანს, ვინც სიმპათიითაა დღეს „ოცნების“ მიმართ, ეს სიმპათია დაეკარგება, თუ ღიად გამოჩნდება, რომ „ოცნებაც“ ანტიდასავლური ძალაა. ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ვერ გადაწყვიტა ამის გაკეთება და გასატესტად გამოუშვა ეს სამი ადამიანი.
თქვენი აზრით, რა გზავნილებზე იმუშავებს ეს სამი ადამიანი და რა ლოგიკით იმუშავებს ანტიდასავლური კამპანია, თუკი ამას ამ შემთხვევაში პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები გააკეთებენ?
დღეს ამ სამი კაცის მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ უკრაინელების და არახამიას ბრალია ყველაფერი. პირდაპირ ნეიტრალიტეტსა და ნატოზე საუბარი მათ ამ ეტაპზე არ მოუწევთ. ეს არ არის „ოცნების“ სტილი, რომ ყველა კარტი ერთად გამოაჩინოს. „ოცნების“ სტილი არაა ასევე რადიკალური ნაბიჯები, რადიკალური ცვლილებები, რაც რთულად ასატანია და სარისკო. „ოცნებას“ სურს განწყობების ევოლუციური ცვლილება და ნელ-ნელა ხდება შემოპარებები, რომ აი, ეკლესიასაც ებრძვიან და ასე შემდეგ.
რაღაც ეტაპზე „ოცნების“ რეპუტაციას ამ სამი კაცის აქტივობა ვერ შელახავს, მაგრამ რაღაც ეტაპზე „ოცნებას“ მოუწევს მათ გაემიჯნოს, მოუწევთ იმის თქმაც, რომ მათ არ ეთანხმება „ოცნება“, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მანამდე იქნებ მომხრეებს დაანახონ „ფარდის ახდით“ სიმართლე. სავარაუდოდ, საუბარი იქნება იმაზე, რომ უკრაინულმა ლობიმ ჩააგდო კანდიდატის სტატუსი, რომ მთავარი ბრალდებული არახამიაა. „ქართულ ოცნებას“ ამ სვლით გათვლა აქვს ძირითადად საკუთარ მომხრეებზე. თუ დაინახეს, რომ ეს მუშაობს, შემდეგ მთელი „ოცნება“ ამაზე ისაუბრებს აქტიურად.
ბაკურ კვაშილავა
თეთრი ძაფით ნაკერიაო, აღნიშნეთ. როგორ ვერ შენიშნავს ამას იგივე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი?
ისინი ეცდებიან ინფორმაციის სიმრავლით სიმართლის გადაფარვას, როგორც ამას აკეთებს ხოლმე ხშირად პროპაგანდის მანქანა. დიდი რაოდენობის სამაუწყებლო წყაროები ამას მიჩქმალავენ და ეცდებიან აქტიურად იმის წარმოჩენას, რომ თითქოს ეს სამი ადამიანი სიმართლეს საუბრობს.
რეალობა არის ის, რომ თუ „ოცნება“ გაითვალისწინებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაშინ შემდეგი არჩევნებისთვის მეტ-ნაკლებად გათანაბრდება შანსები პოლიტიკური პარტიებისთვის. მათ აქვთ იგივე შიში, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2011 წელს. მთავარია, ძალაუფლების შენარჩუნება, დანარჩენი ყველაფერი კი, მეორეხარისხოვანია.
როცა სუბარმა ისაუბრა საქართველოს ომში ჩართვის იძულებაზე, ეს ხომ არ აჩენს მოლოდინს, რომ ეს ჯგუფი ისაუბრებს ნეიტრალიტეტზეც და ეცდება პრორუსული გზავნილების გაძლიერებას, რაც ვერ შეძლო „პატრიოტთა ალიანსმა“ და არ გამოსდის „ალტ-ინფოს“?
ეს ტრიო ღიად ამბობს, რომ თუ არჩევანია ივანიშვილსა და ევროკავშირს შორის, ირჩევენ ივანიშვილს, მაგრამ მეორეა, ამომრჩეველი რამდენად იტყვის ამას. ეს არის ზუსტად ის საკითხი, რის თქმაც ღიად ვერ გარისკა „ოცნებამ“.
ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტზე საუბარი და უარი ევროინტეგრაციაზე – ამაზე ვერ ისაუბრებენ უახლესი 5 – 6 წელი, მაგრამ ეს იქნება ნიადაგის მომზადება, რომ აი, ევროკავშირის ბრალია, როცა ჩვენ არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. თითქოს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ევროპას არ ვუნდივართ, გვჩაგრავენ.
რამდენად გამოსვლადია „ოცნების“ ეს მცდელობა, როცა 20 ივნისის აქციამაც აჩვენა სამოქალაქო საზოგადოების შემართება და ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ?
„ოცნებას“ დღეს ეშინია, რომ საკუთარი მომხრეებიც აუმხედრდება, ამიტომაც, როგორც ჩანს, ნაკლებრისკიანად მიიჩნიეს ეს გზა. თუ ამ სამ კაცს არ დაუჯერა ამომრჩეველმა, იტყვიან, რომ ჩვენ ამას ისედაც არ ვეთანხმებოდით, რაღაცას თავისთვის უბერავენ, ჩვენ რა შუაში ვართო.
„ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება, იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა“, – აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა. საქართველოში ხორბლის შემოტანა უკვე 2 თვეა თითქმის შეჩერებულია, პურის ფქვილი კი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის. შესაბამისად, ქვეყანას არ აქვს ხორბლის მარაგები.
ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ამჯერად პურს, როგორც ზეწოლის იარაღს საქართველოს წინააღმდეგ ფქვილის ექსპორტის აკრძალვით? ხომ არ გამოიწვევს რუსეთზე დამოკიდებულება პურის კიდევ უფრო გაძვირებას? „ბათუმელები“ გასული ორი კვირის განმავლობაში სწავლობდა ბაზარზე არსებულ ვითარებას, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და ამ ბიზნესში ჩართული პირების შეხედულებებსა და დასკვნებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის და იქ მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე საუბრობენ. უკრაინა და რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებლები არიან, ამიტომ ხორბალზე პრობლემები უკვე შეიქმნა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ „გაეროს რეკომენდაციით ქვეყნებში ხორბლის 2-თვიანი მარაგები უნდა იყოს, თუმცა ეგვიპტემ, რომელიც ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, 6 თვის მარაგი შექმნა; მეზობელმა აზერბაიჯანმა სამთვიანი მარაგი შექმნა და გატანა აკრძალა; გატანა აკრძალა სომხეთმაც, ყაზახეთმა კი კვოტირება შემოიღო…“
საქართველოს არც მარაგი აქვს და არც ხორბალი შემოდის, რის გამოც ბოლო ერთი თვეა წისქვილკომბინატებიც გაჩერებულია. ქვეყანა ოკუპანტი სახელმწიფოდან – რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ამარაა დარჩენილი. მთავრობამ საქართველოდან ხორბლის გატანა აკრძალა, თუმცა ხორბალი ფაქტობრივად არც გვაქვს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარე პერიოდისთვის მარაგების პრობლემა არ არის.
„პრობლემა ის არის, რომ ბუნებრივი და სასურველია მარაგები იყოს ხორბალში, თუმცა, მარაგები ხორბალში, სამწუხაროდ, ჩაანაცვლა მარაგებმა ფქვილში. ქვეყანაში, რუსეთიდან ხორბლის ნაცვლად დღეს შემოდის ფქვილი, რომელიც გაცილებით იაფია. მარაგების პრობლემა კი, მიმდინარე პერიოდისთვის იმიტომ არ არის, რომ ფქვილის იმპორტთან ერთად, ადგილობრივი ხორბლის აღებაც მიდის. გასულ წელს მივიღეთ 138 ათასი ტონა ადგილობრივი ხორბალი, წელს, ვფიქრობთ, სადღაც 160-170 ათას ტონამდე იქნება“, – გვითხრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა
თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა მათი პროგნოზი არ გამართლდეს, რადგან „წვიმებმა ხორბლის და ქერის ხარისხიც გააუარესა“. ადგილობრივი ხორბალი საქართველოს წლიური მოხმარების დაახლოებით 15-20 პროცენტია [ანუ, დაახლოებით 2 თვის საყოფი].
[yellow_box]რატომ აღარ შემოდის ხორბალი რუსეთიდან[/yellow_box]
ხორბალი ბოლო წლებში საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოჰქონდათ, რასაც ბიზნესი მისი შედარებით დაბალი ფასით ხსნიდა. თუმცა, რუსეთის მიერ ხორბლის გატანაზე გადასახადის დაწესების, ხოლო ფქვილის გატანაზე ნულოვანი გადასახადის დატოვების გამო, საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტმა იკლო და ბოლო პერიოდში თითქმის საერთოდ შეწყდა.
ხორბლის ნაცვლად რუსეთიდან, ძირითადად, ფქვილის შემოტანა დაიწყეს, რამაც წისქვილკომბინატების მუშაობაც გააჩერა.
წელს რუსეთიდან გაცილებით მეტი ფქვილი შემოიტანეს, ვიდრე ხორბალი / წყარო: ფინანსთა სამინისტრო
გიორგი ხანიშვილის თქმით, „რუსეთს ხორბალზე დაწესებული აქვს ექსპორტის გადასახადი, ფქვილზე კი – არა. რუსეთში წარმოებული ფქვილი ფაქტობრივად ყველაზე იაფია მსოფლიოში, ამიტომ საქართველოში დღეს შემოდის ეს იაფი ფქვილი, რათა შენარჩუნებული იქნას მაქსიმალურად დაბალი ფასები პურზე. ამ სტრატეგიით მუშაობს დღეს საქართველოს მთავრობა. ეს გარკვეულ უხერხულობებს უქმნის რა თქმა უნდა წისქვილკომბინატებს – ვინაიდან ძვირი ხორბლიდან წარმოებული ძვირი ფქვილი კონკურენციას ვერ უწევს იაფ ფქვილს.
ჩვენ ვმუშაობთ, როგორც წისქვილკომბინატების ასოციაციებთან, ისე პურის მცხობელთა ასოციაციასთან, რათა ერთობლივად მოვნახოთ ამ ახალი მოსავლის პირობებში რაიმე ისეთი გამოსავალი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ პურზე შესაძლო დაბალი ფასები და ამავე დროს ამუშავდეს წისქვილკომბინატებიც.“
მინისტრის მოადგილე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასარეგულირებელია კომპონენტი, თუ როგორ იმუშავებს წისქვილკომბინატები: „ამ კუთხით ვფიქრობთ, ვმუშაობთ და ვნახოთ, როგორი შედეგები გვექნება“.
ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავაც ადასტურებს, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ მთავრობას წისქვილკომბინატების ამუშავების გეგმა ადრე წარუდგინეს და დღემდე პასუხის მოლოდინში არიან – თუ რას გადაწყვეტს მთავრობა.
ლევან სილაგავას თქმით, შარშან ივნისში რუსეთმა ხორბლის გატანაზე შემოიღო ყოველკვირეული მცურავი ბაჟი [რაც მიბმული იყო ხორბლის ფასზე საერთაშორისო ბაზარზე]. ამან გამოიწვია ის, რომ ყოველკვირეულად პერმანენტულად, მსოფლიო ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, მცურავი ბაჟიც იზრდებოდა – შარშან ივნისში თუ იყო 25 დოლარი, დღეს არის 142 დოლარი ერთ ტონა ხორბალზე. რუსეთიდან ფქვილის გატანაზე კი, გადასახადი არ არის. ამიტომ, საქართველოს ბაზარზე ადრე 97% ადგილობრივი წისქვილების მიერ გამოშვებული ფქვილი იყო, დღეს კი, ფქვილის თითქმის 100 პროცენტი შემოტანილია.
„წისქვილკომბინატები ვფიქრობთ, რომ კონკურენციის პირობები დაირღვა. შემოტანის დროს ფქვილი არის უპირატეს მდგომარეობაში ხორბალთან შედარებით. ფქვილის აგრესიული იმპორტის გამო, ხორბლის შემოტანამ აზრი დაკარგა. ჩვენ ვთხოვდით და ვთხოვთ მთავრობას, რომ სწორი კონკურენციის პირობები დააბრუნოს ბაზარზე. ასეთ შემთხვევაში წისქვილებიც იმუშავებენ. ამისთვის ჩვენმა მთავრობამ უნდა შემოიღოს იგივე სახის ბაჟი/სარკისებური გადასახადი ფქვილის შემოტანაზე, რამდენიც რუსეთს აქვს დაწესებული ხორბლის გამოტანაზე [ანუ დღეს, 142 დოლარი ტონაზე]“, – ამბობს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, „ბუნებრივია, ფქვილის ფასი გაიზრდება, რადგან გადასახადი უწესდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ ასეთ რაღაცას. თუ შემოვიღებთ ამ სარკისებურ გადასახადს, წისქვილკომბინატები ვიღებთ ვალდებულებას, რომ იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც საჭიროა ფასის შესანარჩუნებლად სოციალურ პურზე [ანუ, ყველაზე ფართო მოხმარების პურზე], ჩვენ ამ რაოდენობის ფქვილს მივაწვდით პურის ქარხნებს ფიქსირებულ ფასად. ეს არის დაახლოებით 7 ათასი ტონა ფქვილი თვეში. ამით მოვხსნით პურის ფასის გაძვირების რისკს. სულ 30 ათასი ტონაა თვეში საჭირო, დარჩენილი 23 ათასი ტონა ფქვილის ფასი, რა თქმა უნდა გაიზრდება, თუმცა, გაიზრდება ვთქვათ, საკონდიტროსთვის, ხაჭაპურისთვის, თონის პურისთვის და არ გაიზრდება სოციალური პურისთვის.“
ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი წისქვილკომბინატების ამუშავება, რაც მათ მისცემთ საშუალებას სამუშაო ადგილებზე დააბრუნონ 4-5 ათასამდე ადამიანი, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ.
„ქატოსაც ადგილზე გამოვუშვებთ, როგორც ადრე იყო. აქაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული უკვე და საკმაოდ ძვირად შემოდის ქატოც. ამასთან, ყველაზე მთავარი რაც არის, სასურსათო უსაფრთხოებაა. ჩვენ ხორბლის შემოტანით და წისქვილკომბინატების ამუშავებით შევქმნით 2-თვიან გარდამავალ მარაგებს.
ხარჯვის პარალელურად სილოსებში ხორბლის მარაგი – გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტები ხორბლის შემოტანაზე: ამ ჯაჭვით მუშაობენ წისქვილკომბინატები. ეს 2-თვიანი გარდამავალი მარაგები კი, უკვე სასურსათო უსაფრთხოების თემაა“, – ამბობს სილაგავა.
გაიზრდება თუ არა პურის ფასი
რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაძვირდება თუ არა პური? – მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. ეს მსოფლიო ბაზრის საკითხია – პრობლემები დაიწყო კოვიდპანდემიის დროს და გააღრმავა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ:
„სასურსათო მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა მსოფლიოში – ინფლაციური პროცესები მაღალია. მსოფლიო ფასს ხორბალზე აფორმირებს არა მხოლოდ რუსული და უკრაინული, არამედ ამერიკული, ავსტრალიური, ჩინური, ინდური და სხვა ხორბალი. მიმდინარე წელი არ იძლევა ჯერჯერობით დამაიმედებელ პროგნოზს, რომ არ გაძვირდეს პური. თუმცა, უხვი მოსავალია, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის იმ ფართობებზე, რომლებიც დაითესა და ვნახოთ რა იქნება. ამასთან, არის დარჩენილი ხორბალი უკრაინაში და თუ გაიტანეს, ამ ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გაჩენა, კორექტირებას შეიტანს საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით“.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ბიზნესი თავისუფალია და ამ ეტაპზე სახელმწიფოს ჩარევა არ იგეგმება – ჩვენ ისედაც შენარჩუნებული გვაქვს ის საფასო პოლიტიკა, რომელიც დღეს ყველაზე უფრო იაფი პურის წარმოებას უზრუნველყოფს“.
რაც შეეხება მხოლოდ იმპორტირებულ ფქვილზე დამოკიდებულებას, გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „ახლა, როცა ვაცხადებთ, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს ფასი პურზე, ასეთ ვითარებაში ძვირ ხორბალს ვერ შემოიტან და ვერც მოიმარაგებ, ასეთ რისკზე ბიზნესიც არ წავა და ვერ წავა“.
„შარშანდელთან შედარებით ფქვილის იმპორტი 12-ჯერ არის გაზრდილი. ფქვილის აგრესიულად შემოსვლის მიუხედავად პურის ფასი მაინც გაიზარდა – დაახლოებით ლარამდე იყო და ახლა 1,5 ლარია. შესაბამისად, მხოლოდ იაფი ფქვილის შემოტანამ პურის გაძვირებას ვერ უშველა“, – აცხადებს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, რუსული ხორბალი, მიუხედავად დაწესებული გადასახადისა, მაინც გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხორბალი [სხვაობა საშუალოდ 50 დოლარია ტონაზე]. საქართველოს რომ სარკისებური გადასახადი შემოეღო, კომბინატები გააგრძელებდნენ ხორბლის შემოტანას და დღეს ხორბლის მარაგიც იქნებოდა:
„80-მდე წისქვილკომბინატიდან [საიდანაც 20 მსხვილი და საშუალო საწარმოა], ერთი თვის წინ ყველა გაჩერდა. რისკის და სარგებლიანობის პრინციპით თუ შევხედავთ, ქვეყნისთვის ყველანაირად უმჯობესია წისქვილების მუშაობა – ვნახეთ, რომ პურის ფასი ვერ დაიცვა იაფი ფქვილის იმპორტმა, ამას ჯობდა ხორბლის მარაგები ყოფილიყო, ბიუჯეტში შენატანებიც იქნებოდა, სამუშაო ადგილებიც, ქატოც, ფქვილიც და ვიღებთ ვალდებულებას – პურის ქარხნებისთვის ფიქსირებულ ფასად ხორბლის მიწოდებაზე. ამაზე კარგ პროგრამას ვერ შევთავაზებდით მთავრობას. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით გადაწყვეტილებას“.
„ისეც არ არის, რომ ხორბალი საერთოდ არ შემოდის. შემოდის, მაგრამ მისი მოცულობები მცირეა სასურველია შედარებით. ივნისში მაგალითად, შემოვიდა 5 600 ტონა ხორბალი. საქართველოს თვეში 40-45 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება. ამ ფონზე, ეს 5 600 მცირეა. მაგრამ კარგია იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ არ იყო შემოტანილი მაისში. რაც შეეხება ფქვილს, 15 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა ივნისში რუსეთიდან“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
წელს ივნისში თითქმის 4 ათასი ტონით ნაკლები ხორბალი შემოიტანეს რუსეთიდან საქართველოში ვიდრე გასული წლის ივნისში. რაც შეეხება ფქვილს – წელს ივნისში 13 ათასი ტონით მეტია შემოტანილი, ვიდრე შარშან იმავე თვეში. / წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
„ივნისის თვეში, მაგალითად, მარნეულში 3 ათას ტონამდე ხორბალი რომ მიიღეს წისქვილკომბინატებმა, ეს იყო მარტის თვის ხორბალი [უბრალოდ პრობლემები შეიქმნა და ვერ შემოიტანეს], ამიტომ, ჩათვალეთ, რომ ივნისში ხორბალი არ შემოსულა. ეს იყო ძველი, რომელიც სისტემური არ არის“, – ამბობს ლევან სილაგავა.
[red_box]ოკუპანტის იმედად თუ ბაზრის დივერსიფიკაცია [/red_box]
ვინაიდან მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, რამდენად აქვს გათვლილი რისკები მთავრობას? – გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „რა თქმა უნდა რისკები ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს ისეთი მეზობლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%… ამიტომ, თუ იქნება რაიმე ისეთი საფრთხე, მაშინ ქართული ბიზნესი გადაერთვება ალტერნატიულ ბაზრებზე, რომელიც, ბუნებრივია, უფრო ძვირი იქნება. შესაბამისად, ფასწარმოქმნაც იქნება სხვანაირი“.
რუსეთის მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნის შემთხვევაში, თუ აქვს მთავრობას რაიმე სცენარი და ხომ არ არის მოსალოდნელი ჩარევა ხორბლის/ფქვილის ბიზნესში? – მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობა არ ჩაერევა და ალტერნატიული ბაზრებიდან ხორბლის შემოტანის პრობლემაც არ იქნება: „აქ ყველაფერი დამოკიდებულია ფულის გადახდაზე; ლოჯისტიკური პრობლემებიც ბუნებაში არსებობს, მაგრამ დაუძლეველი არ არის.“
ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობას დღეს არც მთავრობა ხედავს და არც ბიზნესი.
ლევან სილაგავას თქმით, ასოციაციაში ხორბლის ბაზრის დივერსიფიკაციას არ ეთანხმებიან: „ბევრი კვლევა დაიდო სხვადასხვა ორგანიზაციის და ყველა ამბობს, რომ საჭიროა დივერსიფიკაცია. ჩვენ ვუყურებთ სხვანაირად ამას – როცა წისქვილკომბინატები მუშაობს და არის გარდამავალი ორთვიანი მარაგები, როგორც ეს გაეროს რეკომენდაციაა, ეს მარაგები თავის თავში მოიცავს დივერსიფიცირების კომპონენტს. მარაგები თუ გაქვს, ჩათვალე დივერსიფიცირებულია ბაზარი, ირიბად, მაგრამ მაინც.
ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება, იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა. ვთქვათ რუსეთმა აკრძალა ექსპორტი, ან მარტო საქართველოს შეუწყვიტა, ან განაცხადა, რომ დროებით ვერ ხერხდება ხორბლის გატანა – ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დრო – ის 2 თვე, რომ გადავერთოთ სხვა ბაზარზე, თუნდაც ძვირზე, ვინაიდან ყველა ძვირია – მაგალითად, რუმინეთი, ყაზახეთი, ბულგარეთი. ჩვენ ამ კუთხითაც ვუყურებთ საქმეს.“
„მე თუ არ წამოვიღებ, რახან რუსეთი არ მინდა, ვიღაცა სხვა წამოიღებს. 100-მდე კომპანიას შემოაქვს ხორბალი საქართველოში. შესაბამისად, მე უნდა გავიდე თამაშიდან. რადგან მტრული სახელმწიფოა და გვინდა, რომ რუსეთიდან არ შემოვიდეს ხორბალი, ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი – ფქვილი, ზეთი, კარაქი – ჩვენ კონსენსუსის სახით უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე [რაც მაგალითად ავსტრალიამ მიიღო, აშშ-მ მიიღო – რუსული პროდუქციის გარკვეულ ნაწილს დაადო ბაჟი] ან საოკუპაციო კანონში ჩავწეროთ, რომ რუსეთიდან იმპორტი აიკრძალოს. მაშინ ეს იქნება თანაბარი პირობა ყველა ბიზნესისთვის და თავისთავად ცხადია, ავტომატურად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება… სხვა შემთხვევაში დივერსიფიცირებას არ ვეთანხმებით“, – ამბობს ლევან სილაგავა.
ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ხორბლის შემოტანა ნებისმიერი ექსპორტიორი ქვეყნიდან შეუძლიათ, მაგრამ „დღეს უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება იაფად ვიყიდოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ ღონისძიებები, რომ ხორბლის მარაგები შევქმნათ. ისიც კარგია, რომ ექსპორტი აკრძალა მთავრობამ. იყო ხორბლის და განსაკუთრებით ქერის გატანის დიდი ალბათობა, მაგრამ ამას ახლა უნდა მოჰყვეს ის სარკისებური გადასახადის დაწესება ფქვილის შემოტანაზე, რასაც მოჰყვება წისქვილკომბინატების ამუშავება.“
მისივე თქმით, ადგილობრივ ხორბალს იმპორტირებულიც აუცილებლად უნდა დაემატოს, რათა წლიურ ჭრილში ვიყოთ უზრუნველყოფილი და არა თვე-ნახევარი ან ორი თვე. ამასთან, გამორიცხული არაა ადგილობრივი ხორბლის დაფქვის პრობლემაც შეიქმნას, რადგან ათი დღით, თუ ერთი თვით, კომბინატი, ალბათ, ვერ ამუშავდება: „ადამიანებს ვერ ვეტყვით, მოდი 10 დღე იმუშავეთ და მერე ისევ სახლში წადით. საკითხს სისტემურად უნდა მივუდგეთ“.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.