მთავარი,სიახლეები

ომი და პური, რომელიც საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან შემოდის

29.06.2022 • 2409
ომი და პური, რომელიც საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან შემოდის

„ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება, იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა“, – აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა. საქართველოში ხორბლის შემოტანა უკვე 2 თვეა თითქმის შეჩერებულია, პურის ფქვილი კი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის. შესაბამისად, ქვეყანას არ აქვს ხორბლის მარაგები.

ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ამჯერად პურს, როგორც ზეწოლის იარაღს საქართველოს წინააღმდეგ ფქვილის ექსპორტის აკრძალვით? ხომ არ გამოიწვევს რუსეთზე დამოკიდებულება პურის კიდევ უფრო გაძვირებას? „ბათუმელები“ გასული ორი კვირის განმავლობაში სწავლობდა ბაზარზე არსებულ ვითარებას, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და ამ ბიზნესში ჩართული პირების შეხედულებებსა და დასკვნებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის და იქ მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე საუბრობენ. უკრაინა და რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებლები არიან, ამიტომ ხორბალზე პრობლემები უკვე შეიქმნა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ „გაეროს რეკომენდაციით ქვეყნებში ხორბლის 2-თვიანი მარაგები უნდა იყოს, თუმცა ეგვიპტემ, რომელიც ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, 6 თვის მარაგი შექმნა; მეზობელმა აზერბაიჯანმა სამთვიანი მარაგი შექმნა და გატანა აკრძალა; გატანა აკრძალა სომხეთმაც, ყაზახეთმა კი კვოტირება შემოიღო…“

საქართველოს არც მარაგი აქვს და არც ხორბალი შემოდის, რის გამოც ბოლო ერთი თვეა წისქვილკომბინატებიც გაჩერებულია. ქვეყანა ოკუპანტი სახელმწიფოდან – რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ამარაა დარჩენილი. მთავრობამ საქართველოდან ხორბლის გატანა აკრძალა, თუმცა ხორბალი ფაქტობრივად არც გვაქვს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარე პერიოდისთვის მარაგების პრობლემა არ არის.

„პრობლემა ის არის, რომ ბუნებრივი და სასურველია მარაგები იყოს ხორბალში, თუმცა, მარაგები ხორბალში, სამწუხაროდ, ჩაანაცვლა მარაგებმა ფქვილში. ქვეყანაში, რუსეთიდან ხორბლის ნაცვლად დღეს შემოდის ფქვილი, რომელიც გაცილებით იაფია. მარაგების პრობლემა კი, მიმდინარე პერიოდისთვის იმიტომ არ არის, რომ ფქვილის იმპორტთან ერთად, ადგილობრივი ხორბლის აღებაც მიდის. გასულ წელს მივიღეთ 138 ათასი ტონა ადგილობრივი ხორბალი, წელს, ვფიქრობთ, სადღაც 160-170 ათას ტონამდე იქნება“, – გვითხრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა

თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა მათი პროგნოზი არ გამართლდეს, რადგან „წვიმებმა ხორბლის და ქერის ხარისხიც გააუარესა“. ადგილობრივი ხორბალი საქართველოს წლიური მოხმარების დაახლოებით 15-20 პროცენტია [ანუ, დაახლოებით 2 თვის საყოფი].

[yellow_box]რატომ აღარ შემოდის ხორბალი რუსეთიდან[/yellow_box]

ხორბალი ბოლო წლებში საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოჰქონდათ, რასაც ბიზნესი მისი შედარებით დაბალი ფასით ხსნიდა. თუმცა, რუსეთის მიერ ხორბლის გატანაზე გადასახადის დაწესების, ხოლო ფქვილის გატანაზე ნულოვანი გადასახადის დატოვების გამო, საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტმა იკლო და ბოლო პერიოდში თითქმის საერთოდ შეწყდა.

ხორბლის ნაცვლად რუსეთიდან, ძირითადად, ფქვილის შემოტანა დაიწყეს, რამაც წისქვილკომბინატების მუშაობაც გააჩერა.

წელს რუსეთიდან გაცილებით მეტი ფქვილი შემოიტანეს, ვიდრე ხორბალი / წყარო: ფინანსთა სამინისტრო

გიორგი ხანიშვილის თქმით, „რუსეთს ხორბალზე დაწესებული აქვს ექსპორტის გადასახადი, ფქვილზე კი – არა. რუსეთში წარმოებული ფქვილი ფაქტობრივად ყველაზე იაფია მსოფლიოში, ამიტომ საქართველოში დღეს შემოდის ეს იაფი ფქვილი, რათა შენარჩუნებული იქნას მაქსიმალურად დაბალი ფასები პურზე. ამ სტრატეგიით მუშაობს დღეს საქართველოს მთავრობა. ეს გარკვეულ უხერხულობებს უქმნის რა თქმა უნდა წისქვილკომბინატებს – ვინაიდან ძვირი ხორბლიდან წარმოებული ძვირი ფქვილი კონკურენციას ვერ უწევს იაფ ფქვილს.

ჩვენ ვმუშაობთ, როგორც წისქვილკომბინატების ასოციაციებთან, ისე პურის მცხობელთა ასოციაციასთან, რათა ერთობლივად მოვნახოთ ამ ახალი მოსავლის პირობებში რაიმე ისეთი გამოსავალი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ პურზე შესაძლო დაბალი ფასები და ამავე დროს ამუშავდეს წისქვილკომბინატებიც.“

მინისტრის მოადგილე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასარეგულირებელია კომპონენტი, თუ როგორ იმუშავებს წისქვილკომბინატები: „ამ კუთხით ვფიქრობთ, ვმუშაობთ და ვნახოთ, როგორი შედეგები გვექნება“.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავაც ადასტურებს, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ მთავრობას წისქვილკომბინატების ამუშავების გეგმა ადრე წარუდგინეს და დღემდე პასუხის მოლოდინში არიან – თუ რას გადაწყვეტს მთავრობა.

ლევან სილაგავას თქმით, შარშან ივნისში რუსეთმა ხორბლის გატანაზე შემოიღო ყოველკვირეული მცურავი ბაჟი [რაც მიბმული იყო ხორბლის ფასზე საერთაშორისო ბაზარზე]. ამან გამოიწვია ის, რომ ყოველკვირეულად პერმანენტულად, მსოფლიო ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, მცურავი ბაჟიც იზრდებოდა – შარშან ივნისში თუ იყო 25 დოლარი, დღეს არის 142 დოლარი ერთ ტონა ხორბალზე. რუსეთიდან ფქვილის გატანაზე კი, გადასახადი არ არის. ამიტომ, საქართველოს ბაზარზე ადრე 97% ადგილობრივი წისქვილების მიერ გამოშვებული ფქვილი იყო, დღეს კი, ფქვილის თითქმის 100 პროცენტი შემოტანილია.

„წისქვილკომბინატები ვფიქრობთ, რომ კონკურენციის პირობები დაირღვა. შემოტანის დროს ფქვილი არის უპირატეს მდგომარეობაში ხორბალთან შედარებით. ფქვილის აგრესიული იმპორტის გამო, ხორბლის შემოტანამ აზრი დაკარგა. ჩვენ ვთხოვდით და ვთხოვთ მთავრობას, რომ სწორი კონკურენციის პირობები დააბრუნოს ბაზარზე. ასეთ შემთხვევაში წისქვილებიც იმუშავებენ. ამისთვის ჩვენმა მთავრობამ უნდა შემოიღოს იგივე სახის ბაჟი/სარკისებური გადასახადი ფქვილის შემოტანაზე, რამდენიც რუსეთს აქვს დაწესებული ხორბლის გამოტანაზე [ანუ დღეს, 142 დოლარი ტონაზე]“, – ამბობს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, „ბუნებრივია, ფქვილის ფასი გაიზრდება, რადგან გადასახადი უწესდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ ასეთ რაღაცას. თუ შემოვიღებთ ამ სარკისებურ გადასახადს, წისქვილკომბინატები ვიღებთ ვალდებულებას, რომ იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც საჭიროა ფასის შესანარჩუნებლად სოციალურ პურზე [ანუ, ყველაზე ფართო მოხმარების პურზე], ჩვენ ამ რაოდენობის ფქვილს მივაწვდით პურის ქარხნებს ფიქსირებულ ფასად. ეს არის დაახლოებით 7 ათასი ტონა ფქვილი თვეში. ამით მოვხსნით პურის ფასის გაძვირების რისკს. სულ 30 ათასი ტონაა თვეში საჭირო, დარჩენილი 23 ათასი ტონა ფქვილის ფასი, რა თქმა უნდა გაიზრდება, თუმცა, გაიზრდება ვთქვათ, საკონდიტროსთვის, ხაჭაპურისთვის, თონის პურისთვის და არ გაიზრდება სოციალური პურისთვის.“

ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი წისქვილკომბინატების ამუშავება, რაც მათ მისცემთ საშუალებას სამუშაო ადგილებზე დააბრუნონ 4-5 ათასამდე ადამიანი, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ.

„ქატოსაც ადგილზე გამოვუშვებთ, როგორც ადრე იყო. აქაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული უკვე და საკმაოდ ძვირად შემოდის ქატოც. ამასთან, ყველაზე მთავარი რაც არის, სასურსათო უსაფრთხოებაა. ჩვენ ხორბლის შემოტანით და წისქვილკომბინატების ამუშავებით შევქმნით 2-თვიან გარდამავალ მარაგებს.

ხარჯვის პარალელურად სილოსებში ხორბლის მარაგი – გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტები ხორბლის შემოტანაზე: ამ ჯაჭვით მუშაობენ წისქვილკომბინატები. ეს 2-თვიანი გარდამავალი მარაგები კი, უკვე სასურსათო უსაფრთხოების თემაა“, – ამბობს სილაგავა.

გაიზრდება თუ არა პურის ფასი

რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაძვირდება თუ არა პური? – მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. ეს მსოფლიო ბაზრის საკითხია – პრობლემები დაიწყო კოვიდპანდემიის დროს და გააღრმავა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ:

„სასურსათო მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა მსოფლიოში – ინფლაციური პროცესები მაღალია. მსოფლიო ფასს ხორბალზე აფორმირებს არა მხოლოდ რუსული და უკრაინული, არამედ ამერიკული, ავსტრალიური, ჩინური, ინდური და სხვა ხორბალი. მიმდინარე წელი არ იძლევა ჯერჯერობით დამაიმედებელ პროგნოზს, რომ არ გაძვირდეს პური. თუმცა, უხვი მოსავალია, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის იმ ფართობებზე, რომლებიც დაითესა და ვნახოთ რა იქნება. ამასთან, არის დარჩენილი ხორბალი უკრაინაში და თუ გაიტანეს, ამ ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გაჩენა, კორექტირებას შეიტანს საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით“.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ბიზნესი თავისუფალია და ამ ეტაპზე სახელმწიფოს ჩარევა არ იგეგმება – ჩვენ ისედაც შენარჩუნებული გვაქვს ის საფასო პოლიტიკა, რომელიც დღეს ყველაზე უფრო იაფი პურის წარმოებას უზრუნველყოფს“.

რაც შეეხება მხოლოდ იმპორტირებულ ფქვილზე დამოკიდებულებას, გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „ახლა, როცა ვაცხადებთ, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს ფასი პურზე, ასეთ ვითარებაში ძვირ ხორბალს ვერ შემოიტან და ვერც მოიმარაგებ, ასეთ რისკზე ბიზნესიც არ წავა და ვერ წავა“.

„შარშანდელთან შედარებით ფქვილის იმპორტი 12-ჯერ არის გაზრდილი. ფქვილის აგრესიულად შემოსვლის მიუხედავად პურის ფასი მაინც გაიზარდა – დაახლოებით ლარამდე იყო და ახლა 1,5 ლარია. შესაბამისად, მხოლოდ იაფი ფქვილის შემოტანამ პურის გაძვირებას ვერ უშველა“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, რუსული ხორბალი, მიუხედავად დაწესებული გადასახადისა, მაინც გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხორბალი [სხვაობა საშუალოდ 50 დოლარია ტონაზე]. საქართველოს რომ სარკისებური გადასახადი შემოეღო, კომბინატები გააგრძელებდნენ ხორბლის შემოტანას და დღეს ხორბლის მარაგიც იქნებოდა:

„80-მდე წისქვილკომბინატიდან [საიდანაც 20 მსხვილი და საშუალო საწარმოა], ერთი თვის წინ ყველა გაჩერდა. რისკის და სარგებლიანობის პრინციპით თუ შევხედავთ, ქვეყნისთვის ყველანაირად უმჯობესია წისქვილების მუშაობა – ვნახეთ, რომ პურის ფასი ვერ დაიცვა იაფი ფქვილის იმპორტმა, ამას ჯობდა ხორბლის მარაგები ყოფილიყო, ბიუჯეტში შენატანებიც იქნებოდა, სამუშაო ადგილებიც, ქატოც, ფქვილიც და ვიღებთ ვალდებულებას – პურის ქარხნებისთვის ფიქსირებულ ფასად ხორბლის მიწოდებაზე. ამაზე კარგ პროგრამას ვერ შევთავაზებდით მთავრობას. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით გადაწყვეტილებას“.

„ისეც არ არის, რომ ხორბალი საერთოდ არ შემოდის. შემოდის, მაგრამ მისი მოცულობები მცირეა სასურველია შედარებით. ივნისში მაგალითად, შემოვიდა 5 600 ტონა ხორბალი. საქართველოს თვეში 40-45 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება. ამ ფონზე, ეს 5 600 მცირეა. მაგრამ კარგია იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ არ იყო შემოტანილი მაისში. რაც შეეხება ფქვილს, 15 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა ივნისში რუსეთიდან“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

წელს ივნისში თითქმის 4 ათასი ტონით ნაკლები ხორბალი შემოიტანეს რუსეთიდან საქართველოში ვიდრე გასული წლის ივნისში. რაც შეეხება ფქვილს – წელს ივნისში 13 ათასი ტონით მეტია შემოტანილი, ვიდრე შარშან იმავე თვეში. / წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

„ივნისის თვეში, მაგალითად, მარნეულში 3 ათას ტონამდე ხორბალი რომ მიიღეს წისქვილკომბინატებმა, ეს იყო მარტის თვის ხორბალი [უბრალოდ პრობლემები შეიქმნა და ვერ შემოიტანეს], ამიტომ, ჩათვალეთ, რომ ივნისში ხორბალი არ შემოსულა. ეს იყო ძველი, რომელიც სისტემური არ არის“, – ამბობს ლევან სილაგავა.

[red_box]ოკუპანტის იმედად თუ ბაზრის დივერსიფიკაცია [/red_box]

ვინაიდან მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, რამდენად აქვს გათვლილი რისკები მთავრობას? – გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „რა თქმა უნდა რისკები ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს ისეთი მეზობლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%… ამიტომ, თუ იქნება რაიმე ისეთი საფრთხე, მაშინ ქართული ბიზნესი გადაერთვება ალტერნატიულ ბაზრებზე, რომელიც, ბუნებრივია, უფრო ძვირი იქნება. შესაბამისად, ფასწარმოქმნაც იქნება სხვანაირი“.

რუსეთის მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნის შემთხვევაში, თუ აქვს მთავრობას რაიმე სცენარი და ხომ არ არის მოსალოდნელი ჩარევა ხორბლის/ფქვილის ბიზნესში? – მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობა არ ჩაერევა და ალტერნატიული ბაზრებიდან ხორბლის შემოტანის პრობლემაც არ იქნება: „აქ ყველაფერი დამოკიდებულია ფულის გადახდაზე; ლოჯისტიკური პრობლემებიც ბუნებაში არსებობს, მაგრამ დაუძლეველი არ არის.“

ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობას დღეს არც მთავრობა ხედავს და არც ბიზნესი.

ლევან სილაგავას თქმით, ასოციაციაში ხორბლის ბაზრის დივერსიფიკაციას არ ეთანხმებიან: „ბევრი კვლევა დაიდო სხვადასხვა ორგანიზაციის და ყველა ამბობს, რომ საჭიროა დივერსიფიკაცია. ჩვენ ვუყურებთ სხვანაირად ამას – როცა წისქვილკომბინატები მუშაობს და არის გარდამავალი ორთვიანი მარაგები, როგორც ეს გაეროს რეკომენდაციაა, ეს მარაგები თავის თავში მოიცავს დივერსიფიცირების კომპონენტს. მარაგები თუ გაქვს, ჩათვალე დივერსიფიცირებულია ბაზარი, ირიბად, მაგრამ მაინც.

ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება, იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა. ვთქვათ რუსეთმა აკრძალა ექსპორტი, ან მარტო საქართველოს შეუწყვიტა, ან განაცხადა, რომ დროებით ვერ ხერხდება ხორბლის გატანა – ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დრო – ის 2 თვე, რომ გადავერთოთ სხვა ბაზარზე, თუნდაც ძვირზე, ვინაიდან ყველა ძვირია – მაგალითად, რუმინეთი, ყაზახეთი, ბულგარეთი. ჩვენ ამ კუთხითაც ვუყურებთ საქმეს.“

„მე თუ არ წამოვიღებ, რახან რუსეთი არ მინდა, ვიღაცა სხვა წამოიღებს. 100-მდე კომპანიას შემოაქვს ხორბალი საქართველოში. შესაბამისად, მე უნდა გავიდე თამაშიდან. რადგან მტრული სახელმწიფოა და გვინდა, რომ რუსეთიდან არ შემოვიდეს ხორბალი, ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი – ფქვილი, ზეთი, კარაქი – ჩვენ კონსენსუსის სახით უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე [რაც მაგალითად ავსტრალიამ მიიღო, აშშ-მ მიიღო – რუსული პროდუქციის გარკვეულ ნაწილს დაადო ბაჟი] ან საოკუპაციო კანონში ჩავწეროთ, რომ რუსეთიდან იმპორტი აიკრძალოს. მაშინ ეს იქნება თანაბარი პირობა ყველა ბიზნესისთვის და თავისთავად ცხადია, ავტომატურად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება… სხვა შემთხვევაში დივერსიფიცირებას არ ვეთანხმებით“, – ამბობს ლევან სილაგავა.

ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ხორბლის შემოტანა ნებისმიერი ექსპორტიორი ქვეყნიდან შეუძლიათ, მაგრამ „დღეს უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება იაფად ვიყიდოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ ღონისძიებები, რომ ხორბლის მარაგები შევქმნათ. ისიც კარგია, რომ ექსპორტი აკრძალა მთავრობამ. იყო ხორბლის და განსაკუთრებით ქერის გატანის დიდი ალბათობა, მაგრამ ამას ახლა უნდა მოჰყვეს ის სარკისებური გადასახადის დაწესება ფქვილის შემოტანაზე, რასაც მოჰყვება წისქვილკომბინატების ამუშავება.“

მისივე თქმით, ადგილობრივ ხორბალს იმპორტირებულიც აუცილებლად უნდა დაემატოს, რათა წლიურ ჭრილში ვიყოთ უზრუნველყოფილი და არა თვე-ნახევარი ან ორი თვე. ამასთან, გამორიცხული არაა ადგილობრივი ხორბლის დაფქვის პრობლემაც შეიქმნას, რადგან ათი დღით, თუ ერთი თვით, კომბინატი, ალბათ, ვერ ამუშავდება: „ადამიანებს ვერ ვეტყვით, მოდი 10 დღე იმუშავეთ და მერე ისევ სახლში წადით. საკითხს სისტემურად უნდა მივუდგეთ“.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: