უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ანა ნიკოლონკოევა 30 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ აჭარაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ომის დროს კრიზისულ პირობებში კოორდინაციისა და მობილიზების გამოცდილების გაზიარება იყო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის როლის ჩვენება რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში.
უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ანა წარმოადგენს ომამდე გენდერული პოლიტიკის, ქალთა თანაბარუფლებიანობის საკითხებზე მუშაობდა, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვისას მოქალაქეთა თანამონაწილეობაზე – მუნიციპალიტეტებში.
თუმცა „დემოკრატიული განვითარების ასოციაციამ“ ომის დაწყებისთანავე ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის რესურსის შესაგროვებლად, უკრაინული არმიის დასახმარებლად დაიწყო მუშაობა, შედეგად დონორებისა და მოხალისეების დახმარებით ანა ნიკოლონკოევას ორგანიზაციამ ომის ოთხი თვის განმავლობასი 160 ათას დოლარზე მეტი შეაგროვა ჰუმანიტარული დანიშნულებით, ანას ცალკე ჰქონდა ასევე გახსნილი ანგარიში, რომლის საშუალებითაც ქვეყნის მასშტაბით მოხალისეებმა შეაგროვეს არმიისთვის ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტებისა და მანქანის შესაძენად საჭირო თანხა.
„საქართველოში ბევრი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი გვყავს. ისინი ჩვენ ძალიან გვეხმარებოდნენ ომის დასაწყისიდანვე და გვეხმარებიან ახლაც. თუნდაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და სხვები, ისინი მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთებით გვეხმარებოდნენ ომის დაწყებიდანვე.
საქართველოში პირველად არ ვარ, ჩამოვედი რომ კოლეგებთან, არასმთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ომზე მესაუბრა, მომეყოლა რა ხდება ჩვენთან. ვფიქრობ, ამ თემებზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, შოკისშემდგომი მობილიზების გამოცდილება აუცილებლად უნდა გავაზიაროთ, მინდოდა ამ მობილიზების შესახებ მეამბო“, – ამბობს ანა.
მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ უკრაინაში ომის დროს ძალიან მაღალი შეგნება აჩვენა. ანასვე თქმით, უკრაინაშიც და საქართველოშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც კრიზისის დროს იციან, როგორ იმოქმედონ და აქვთ მჭიდრო კავშირებიც უცხოელ კოლეგებთან, რომელთა დახმარებითაც გადაუდებლად აუცილებელი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაა საჭირო.
„შეხვედრის მთავარი თემა იყო, თუ როგორ უნდა უპასუხოს ადეკვატურად სამოქალაქო სექტორმა ახალ გამოწვევებს, რაც უკრანას და საქართველოს ახლა აქვს.
უკრაინული და ქართული არასამთავრობო სექტორი ვგეგმავთ ერთობლივ პროექტებზე შევჯერდეთ, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იქნება, როგორც დონორების მხარდაჭერით, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების შიდა რესურსით.
პირველ რიგში, ეს არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში“, – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და დისკუსიების მოდერატორი ციალა ქათამიძე, რომელიც შეხვედრის მონაწილე იყო.
უკრაინული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ანა ნიკოლონკოევა ამბობს, რომ მისმა ორგანიზაციამ ომში ქალებზე ძალადობის არაერთი შემთხვევა დააფიქსირა რუსი ჯარისკაცების მხრიდან. მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც მუდმივი საომარი განგაშისა და ყოველდღიური სტრესის, შოკის პირობებში გაჭაღარავდნენ.
„ჩვენ ახლა რთულ სიტუაციაში ვართ, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი გვყავს, სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან დიდია ომის დროს. ბევრი უკრაინელი ბავშვია საქართველოში. ვფიქრობთ, ვიპოვეთ გზები და დონორების დახმარებით შეიქმნას რაიმე ცენტრი ამ ომგამოვლილი ბავშვების სარეაბილიტაციოდ, ადგილი, სადაც მშობლებს მაგალითად შეეძლებათ მშვიდად დატოვონ შვილები გარკვეული დროით, რომ მუშაობა და თავის გადარჩენა შეძლონ. ბევრი იდეა გვაქვს, ვნახოთ როგორ დ რაზე შევჯერდებით“, – ამბობს ანია ნიკოლონკოევა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების ასოციაცია“ უკრაინაში 2015 წელს დაფუძნდა. მუშაობის პირველ წლებში ამ გუნდმა საერთაშორისო დონორებთან ერთად განახორციელა პროექტები, რის საშუალებითაც 2014 წელს ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან დევნილ უკრაინელებს თვითდამკვიდრების, ახალი საქმიანობის წამოწყებაში ეხმარებოდნენ ეკონომიკური გაძლიერების გზით – პროფესიების და საქმიანობის, ინდივიდუალური უნარების შესაბამისად.