მთავარი,სიახლეები

უკრაინელთა 90%-ს რუსულად ლაპარაკი აღარ სურს – სოციოლოგიური გამოკითხვა

29.06.2022
უკრაინელთა 90%-ს რუსულად ლაპარაკი აღარ სურს – სოციოლოგიური გამოკითხვა

როგორ შეიცვალა უკრაინელთა განწყობები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ – Ukrinform-ი უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, უკრაინელთა უდიდეს ნაწილს ოკუპანტის ენაზე ლაპარაკი აღარ სურს – 78 %, ომის დაწყების შემდეგ, ერთმანეთში მხოლოდ უკრაინულად საუბრობს, 11% კი ამბობს, რომ ასევე მოიქცეოდა, თუკი ამის შესაძლებლობა ექნებოდა.

მშვიდობის ვარიანტი, როდესაც უკრაინა მხოლოდ იმ ტერიტორიებს იბრუნებს, რომლებსაც 24 თებერვლამდე აკონტროლებდა, მიუღებელია უკრაინელთა 66 %-სთვის, 26 % კი ამბობს, რომ ამ ვარიანტს დათანხმდებოდა. ომის შეწყვეტა დღევანდელი მდგომარეობით მიუღებელია 80 %-სთვის.

გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ რუსეთთან საჭიროა მოლაპარაკებები, 37 % რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგია.

გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის არმიას ძალიან მაღალი ნდობა აქვს – მას მოსახლეობის 96 % ენდობა. 24 თებერვლის შემდეგ, ყველაზე მეტ თანხას სწორედ არმიისთვის აგროვებენ – შეიარაღებული ძალების დასახმარებლად შეწირულება უკრაინელთა 78 %-მა გაიღო.

58% ასევე ამბობს, რომ გადარიცხა თანხა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ზუსტად ამდენივე კი დაეხმარა იძულებით გადაადგილებულ პირებს ტანსაცმლითა და სხვა ნივთებით.

გაზრდილია იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ. თუ 2021 წლის დეკემბრის გამოკითხვით, სახელმწიფოს უკეთესი მომავლის მხოლოდ 9 %-ს სჯეროდა, 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 52 %-ია.

კვლევის თანახმად, გამოკითხული უკრაინელების 94%-ს სურს, რომ უკრაინის სახელმწიფო სრულფასოვანი დემოკრატია იყოს. დემოკრატიულ ღირებულებებს კი უკრაინელები ასე აფასებენ: სიტყვის თავისუფლება – 64 %, სამართლიანი სასამართლო ყველასთვის – 60%, სამართლიანი არჩევნები – 47 %.

როგორც კვლევა აჩვენებს, შარშანდელთან შედარებით, შეცვლილია მოსახლეობის განწყობები უკრაინის ევრო-ატლანტიკურ კურსთან დაკავშირებითაც.

თუკი ომამდე მხოლოდ 57%-ს სურდა უკრაინა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ახლანდელი გამოკითხვით, ეს მაჩვენებელი 90%-ია.

73 %-ს კი უნდა, უკრაინის ნატოში იხილოს – ომამდე ასეთ სურვილს მხოლოდ 48 % გამოთქვამდა.

კვლევა 2-11 მაისს ჩატარდა. სოციოლოგებმა ტელეფონით 2 500 მოქალაქე გამოჰკითხეს, მათ შორის ის უკრაინელებიც, რომლებიც ამჟამად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: