ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქვაფენილების აყრა გრძელდება – მერიაში აცხადებენ, რომ ეს საცობების პრობლემას მოაგვარებს

01.07.2022
ქვაფენილების აყრა გრძელდება – მერიაში აცხადებენ, რომ ეს საცობების პრობლემას მოაგვარებს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვაფენილების აყრა მაისში დაიწყეს და სამუშაოებს დღემდე აგრძელებენ. ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე, გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში, ქვაფენილს მთლიანად აყრიან და მის ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ.

ქვაფენილს მერია საწყობში ინახავს, სამუშაოებში კი, ბიუჯეტიდან 3,6 მილიონ ლარს გადაიხდის.

ფარნავაზ მეფის ქუჩა. 1. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქვაფენილებით[მარცხნივ]. 2. რეაბილიტირებული მონაკვეთი ასფალტით [მარჯვნივ] / 30.06.2022

ქვაფენილიანი ქუჩები, სადაც ასფალტს დააგებენ / 30.06.2022

ქვაფენილებს აყრიან, ასევე, ფარნავაზ მეფისა და გორგილაძის ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთებში [ლერმონტოვიდან თავდადებულის ქუჩამდე არეალში].

წითელი ხაზით მონიშნულია ქუჩების მონაკვეთები, სადაც ქვაფენილი უნდა შეიცვალოს

გასული წლის ბოლოს ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას [ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში მოძრაობის ახალი სქემაც აამოქმედეს]. ამასთან, მერიაში მიიჩნიეს, რომ ქვაფენილების მოვლა „ძალიან ძვირი და შრომატევადია“.

თუმცა მერია არათუ მთლიან ქვაფენილიან ქუჩებს, არამედ იმ ქუჩებსაც ვერ უვლის, სადაც ბეტონის საფარია, ასე ვთქვათ, „ფილებად“ დაგებული, ხოლო მათ შორის ზოლში ქვაფენილია. მერია ამ ქვაფენილსაც ყრის და ბეტონით ავსებს:

მერია ამ ქვაფენილსაც ყრის / 30.06.2022

ჰეიდარ აბაშიძის ქუჩა / 30.06.2022

ფარნავაზ მეფის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით; ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით, ხელშეკრულება შპს „ბონდი-2009“-თან 3 659 056 ლარზეა გაფორმებული.

სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერის ფარგლებში უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციის ქსელები და ველობილიკი.

რეაბილიტაცია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე / 30.06.2022

ფარნავაზ მეფის ქუჩა / ბათუმი / 22.06.2022

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: