მთავარი,სიახლეები

რუსეთმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს, სავარაუდოდ, შეცდომით დაარტყა – ბრიტანეთის დაზვერვა

29.06.2022
რუსეთმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს, სავარაუდოდ, შეცდომით დაარტყა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, სარაკეტო დარტყმა, რომელიც 27 ივნისს კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, არა ამ ცენტრის, არამედ მიმდებარე ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყო მიმართული.

უწყება აღნიშნავს, რომ შორ მანძილზე თავდასხმების დროს, რუსეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მანამდეც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამის მაგალითად დაზვერვა 9 აპრილს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას ასახელებს.

„როგორც ჩანს, რუსი მგეგმავებისთვის მისაღებია დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, როდესაც საქმე სამხედრო სამიზნეების განადგურების აუცილებლობას ეხება“, –  მიუთითებს უწყება და ვარაუდობს, რომ რუსეთი მომავალშიც განაგრძობს თავდასხმებს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მარაგების მიწოდება შეაფერხოს.

„თანამედროვე, მოხვედრის სიზუსტის მქონე იარაღის ნაკლებობა და პროფესიული ხარვეზები დაგეგმვაში, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს მოსახლეობაში“, – ასკვნის დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, დაზვერვის 29 ივნისის რელიზის თანახმად, რუსეთის ჯარები ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. რუსეთის არმიამ კიდევ 2 კილომეტრით წაიწია წინ ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარედ.

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. როგორც საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატიმ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უთხრა, რუსეთმა ცენტრს X-22 რაკეტით კურსკიდან Tu-22M3 ბომბდამშენიდან დისტანციურად დაარტყა.

BBC-ის ცნობით, 27 ივნისს იმ ტერიტორიაზე რუსებმა ორი ჭურვი ჩამოაგდეს, ერთი სავაჭრო ცენტრს დაეცა, მეორე კი – მისგან 300 მეტრში მდებარე ქარხანას, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დასავლეთიდან მიღებული შეიარაღება ინახებოდა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა 28 ივნისს  მიუთითებდა, რომ გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში შორსმოქმედი რაკეტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გამოიყენა.

ფოტო: სარაკეტო თავდასხმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე/ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამ არხი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: