მთავარი,სიახლეები

გამოუვა „ოცნებიდან“ წამოსულ 3 დეპუტატს ის, რაც არ გამოუვიდა „ალტ-ინფოს“? – ინტერვიუ

29.06.2022 •
გამოუვა „ოცნებიდან“ წამოსულ 3 დეპუტატს ის, რაც არ გამოუვიდა „ალტ-ინფოს“? – ინტერვიუ

„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ანტიდასავლურ კამპანიას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე – ამ დეპუტატებმა თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, თუმცა მმართველ პარტიასთან „ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ ჰქონდათ“.

პოლიტოლოგს მოლოდინი აქვს, რომ სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ძირითადად ისაუბრებენ იმაზე, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურდათ“ და კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა უკრაინული ლობის შედეგია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი კი არა, ევროპის ბრალია.

„თუ დაინახეს, რომ ეს მუშაობს, შემდეგ მთელი „ოცნება“ ამაზე ისაუბრებს აქტიურად“, – ამბობს პოლიტოლოგი და ამ შემთხვევაში უკვე შესაბამის ნიადაგსაც ხედავს პრორუსულმა პროპაგანდამ, მაგალითად, საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ, ეფექტურად იმუშაოს.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, „ოცნებას“ ახლა აქვს იმის შიში, რომ შესაძლოა საკუთარი ამომრჩეველიც აუმხედრდეს. წინ კი, არჩევნებია. „თუ „ოცნება“ გაითვალისწინებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაშინ შემდეგი არჩევნებისთვის მეტ-ნაკლებად გათანაბრდება შანსები პოლიტიკური პარტიებისთვის,“ – მიიჩნევს ბაკურ კვაშილავა, მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ბაკურ, „ოცნებიდან“ წასული სამივე დეპუტატი ერთნაირად ამბობს, რომ იდეურად აზრთა სხვადასხვაობა პარტიასთან არ აქვთ, მაგრამ „სიმართლე“ აქვთ სათქმელი. მანამდე ღარიბაშვილი „ფარდის ახდაზე“ საუბრობდა. თქვენთვის რა არის მკაფიო ამ გზავნილებიდან? 

არ მაქვს საფუძველი იმისა, რომ მქონდეს საწინააღმდეგო აზრი, რასაც აცხადებს „ქართული ოცნება“ დეპუტატებზე, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია. ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ეს სამი კაცი ე.წ. სიმართლის სათქმელად, რის თქმასაც თავად ვერ ბედავს. ეს ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი სვლაა და აბსურდი, რადგან ჩანს, რომ სამივე დეპუტატი რჩება „ოცნებაში“ პრაქტიკულად.

„ოცნება“ ამ სვლით იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელი წინააღმდეგობებისგან იმ განცხადებების გამო, რის გაჟღერებასაც ვერ ბედავს, მაგრამ სურს, რომ ეს ვინმემ გააკეთოს. გამოჩნდა ამ დროს ეს სამი ადამიანი, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს საინტერესო განცხადებებით. მაგალითად, ერთმა თქვა, რომ თუ არჩევანი იქნება ბიძინას და ევროკავშირს შორის, ავირჩევთ ბიძინას და ლობიოს შევჭამთ. მეორემ თქვა: რა ვქნათ იმ ხალხმა, ვისაც ბიძინაც მოსწონს და ევროკავშირიცო. ეს ის სამი დეპუტატია, ვინც მიიცნევს, რომ ივანიშვილის ერთგულების მეტი დემონსტრირებაა საჭირო.

  • ეს არის ივანიშვილის ერთგულების დემონსტრირება, თუ პირდაპირი მცდელობა, გააძლიერონ ანტიდასავლური გზავნილები? მაგალითად, სოზარ სუბარი ამბობს: „პირდაპირ გვთხოვენ ომში ჩართვას“ 

„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ამ ანტიდასავლურ კამპანიას.

ჩემი დაკვირვებით, უკვე „ოცნების“ აზრითაც კარგად ჩანს, რომ ბევრ ადამიანს, ვინც სიმპათიითაა დღეს „ოცნების“ მიმართ, ეს სიმპათია დაეკარგება, თუ ღიად გამოჩნდება, რომ „ოცნებაც“ ანტიდასავლური ძალაა. ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ვერ გადაწყვიტა ამის გაკეთება და გასატესტად გამოუშვა ეს სამი ადამიანი.

  • თქვენი აზრით, რა გზავნილებზე იმუშავებს ეს სამი ადამიანი და რა ლოგიკით იმუშავებს ანტიდასავლური კამპანია, თუკი ამას ამ შემთხვევაში პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები გააკეთებენ?  

დღეს ამ სამი კაცის მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ უკრაინელების და არახამიას ბრალია ყველაფერი. პირდაპირ ნეიტრალიტეტსა და ნატოზე საუბარი მათ ამ ეტაპზე არ მოუწევთ. ეს არ არის „ოცნების“ სტილი, რომ ყველა კარტი ერთად გამოაჩინოს. „ოცნების“ სტილი არაა ასევე რადიკალური ნაბიჯები, რადიკალური ცვლილებები, რაც რთულად ასატანია და სარისკო. „ოცნებას“ სურს განწყობების ევოლუციური ცვლილება და ნელ-ნელა ხდება შემოპარებები, რომ აი, ეკლესიასაც ებრძვიან და ასე შემდეგ.

რაღაც ეტაპზე „ოცნების“ რეპუტაციას ამ სამი კაცის აქტივობა ვერ შელახავს, მაგრამ რაღაც ეტაპზე „ოცნებას“ მოუწევს მათ გაემიჯნოს, მოუწევთ იმის თქმაც, რომ მათ არ ეთანხმება „ოცნება“, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მანამდე იქნებ მომხრეებს დაანახონ „ფარდის ახდით“ სიმართლე. სავარაუდოდ, საუბარი იქნება იმაზე, რომ უკრაინულმა ლობიმ ჩააგდო კანდიდატის სტატუსი, რომ მთავარი ბრალდებული არახამიაა. „ქართულ ოცნებას“ ამ სვლით გათვლა აქვს ძირითადად საკუთარ მომხრეებზე. თუ დაინახეს, რომ ეს მუშაობს, შემდეგ მთელი „ოცნება“ ამაზე ისაუბრებს აქტიურად.

ბაკურ კვაშილავა

  • თეთრი ძაფით ნაკერიაო, აღნიშნეთ. როგორ ვერ შენიშნავს ამას იგივე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი? 

ისინი ეცდებიან ინფორმაციის სიმრავლით სიმართლის გადაფარვას, როგორც ამას აკეთებს ხოლმე ხშირად პროპაგანდის მანქანა. დიდი რაოდენობის სამაუწყებლო წყაროები ამას მიჩქმალავენ და ეცდებიან აქტიურად იმის წარმოჩენას, რომ თითქოს ეს სამი ადამიანი სიმართლეს საუბრობს.

რეალობა არის ის, რომ თუ „ოცნება“ გაითვალისწინებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაშინ შემდეგი არჩევნებისთვის მეტ-ნაკლებად გათანაბრდება შანსები პოლიტიკური პარტიებისთვის. მათ აქვთ იგივე შიში, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2011 წელს. მთავარია, ძალაუფლების შენარჩუნება, დანარჩენი ყველაფერი კი, მეორეხარისხოვანია.

  • როცა სუბარმა ისაუბრა საქართველოს ომში ჩართვის იძულებაზე, ეს ხომ არ აჩენს მოლოდინს, რომ ეს ჯგუფი ისაუბრებს ნეიტრალიტეტზეც და ეცდება პრორუსული გზავნილების გაძლიერებას, რაც ვერ შეძლო „პატრიოტთა ალიანსმა“ და არ გამოსდის „ალტ-ინფოს“? 

ეს ტრიო ღიად ამბობს, რომ თუ არჩევანია ივანიშვილსა და ევროკავშირს შორის, ირჩევენ ივანიშვილს, მაგრამ მეორეა, ამომრჩეველი რამდენად იტყვის ამას. ეს არის ზუსტად ის საკითხი, რის თქმაც ღიად ვერ გარისკა „ოცნებამ“.

ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტზე საუბარი და უარი ევროინტეგრაციაზე – ამაზე ვერ ისაუბრებენ უახლესი 5 – 6 წელი, მაგრამ ეს იქნება ნიადაგის მომზადება, რომ აი, ევროკავშირის ბრალია, როცა ჩვენ არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. თითქოს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ევროპას არ ვუნდივართ, გვჩაგრავენ.

  • რამდენად გამოსვლადია „ოცნების“ ეს მცდელობა, როცა 20 ივნისის აქციამაც აჩვენა სამოქალაქო საზოგადოების შემართება და ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ? 

„ოცნებას“ დღეს ეშინია, რომ საკუთარი მომხრეებიც აუმხედრდება, ამიტომაც, როგორც ჩანს, ნაკლებრისკიანად მიიჩნიეს ეს გზა. თუ ამ სამ კაცს არ დაუჯერა ამომრჩეველმა, იტყვიან, რომ ჩვენ ამას ისედაც არ ვეთანხმებოდით, რაღაცას თავისთვის უბერავენ, ჩვენ რა შუაში ვართო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: