ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან – წელს დაიხარჯება 4,5 მილიონი

04.02.2022 • 4212
ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან – წელს დაიხარჯება 4,5 მილიონი

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] ქვაფენილებს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს მერია აყრილ ქვაფენილს.

ამავე მონაკვეთში ქვაფენილებს შეცვლიან ასევე გორგასალსა და გორგილაძის ქუჩებს შორის, იმ ქუჩებზე, რომლებიც ფარნავაზ მეფის ქუჩას კვეთენ [ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ფერადი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა].

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 573 823 ლარით გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში ქვაფენილის შეცვლასთან ერთად უნდა შეკეთდეს ამ ქუჩებზე მდებარე ველობილიკები, ტროტუარები, ბოძკინტები.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 24 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ის 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულდეს.

„თითოეულ მისამართზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს შეტყობინებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტული თარიღები“, – აღნიშნულია ტენდერში.

„ვ. გორგასალის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით და ფარნავაზ მეფის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით, მრავალწლიანი პროექტია. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2023 წ.წ.] შეადგენს 8 000 000 ლარს“, – წერია ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის კანონში.

ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, სადაც ქვაფენილს შეცვლიან / 4 .02.2022

გასული წლის ბოლოს ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას.

„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – მერიას ეს არგუმენტიც ჰქონდა ქვაფენილების შეცვლასთან დაკავშირებით.

ლუკა ასათიანის ქუჩა /ქვაფენილს აქაც შეცვლიან / 4.02.2022

„ზოგადად ქალაქში მუდმივად ფიქსირდებოდა ეს მოთხოვნა, რადგან ზიანდებოდა მანქანები. იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეც დაზიანდა. გარდა ამისა, რთული იყო ქვაფენილის მოვლა-შენახვა. ყოველი გაწვიმების შემდეგ ქვაფენილებიდან მასა ჩაირეცხებოდა სანიაღვრე არხებში, შემდეგ კი, სატუმბ სადგურებსაც ჭედავდა. ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა. ახლა მოვლა-შენახვის კუთხითაც გამარტივდება პროცესი,“ – განაცხადა მაშინ აკაკი ბერიძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა.

წითელი ხაზით მონიშნულია ქუჩების მონაკვეთები სადაც ქვაფენილი უნდა შეიცვალოს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: