მთავარი,სიახლეები

რამდენი უკრაინელია მზად „მშვიდობის“ სანაცვლოდ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს – WSJ-ის გამოკითხვა

30.06.2022
რამდენი უკრაინელია მზად „მშვიდობის“ სანაცვლოდ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს – WSJ-ის გამოკითხვა

გამოკითხვის თანახმად, რომელიც ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა ჩაატარა, უკრაინელების მხოლოდ 10%-ია მზად, ქვეყანამ „მშვიდობის“ სანაცვლოდ რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს.

უკრაინელების დაახლოებით 89%-ს მიაჩნია, რომ მიუღებელია მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინის იმ ტერიტორიების დათმობით, რომელიც რუსულმა ჯარმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიპყრო. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის და ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის – NORC გამოკითხვის შედეგებში.

სხვათა შორის, უკრაინელების 81% ასევე ეწინააღმდეგება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც ითვალისწინებს ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებას. ეს ტერიტორიები რუსეთის არმიამ 2014 წელს დაიპყრო.

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, თუ რით არის ასეთი მაღალი მაჩვენებლები განპირობებული – იმით, რომ უკრაინელები მომავლის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. კერძოდ, გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსების განდევნას შეძლებენ.

უკრაინელების მხოლოდ 6%-ს მიაჩნია, რომ ომი მსგავსი წარმატებით არ დასრულდება. ისინი მიიჩნევენ, რომ საომარი მოქმედებები დასრულდება ცეცხლის შეწყვეტით, ხოლო რუსი ოკუპანტები დარჩებიან ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთით დაპყრობილ ტერიტორიებზე.

იმ ერისთვის, რომელიც ხშირად გაყოფილია კულტურული განსხვავებებით უკრაინულად მოლაპარაკეებსა და მათ შორის, ვინც ძირითადად რუსულად საუბრობს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელები ერთიანები არიან, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, – თქვა ვადიმ ვოლოსმა, NORC-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ უკრაინელებს მტკიცედ სწამთ რუსებთან გამარჯვების. ექსპერტის თქმით, უკრაინელი ხალხისთვის ეს თეზისი ისე ჟღერს, როგორც რელიგიური რწმენა.

გამოკითხვა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებს შორის ტელეფონით 10-13 ივნისს ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის 1005-მა ზრდასრულმა მოქალაქემ, რომლებიც სარგებლობენ უკრაინული მობილური ოპერატორებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: