სიახლეები

გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს – შემოსავლების სამსახური

30.06.2022 • 1110
გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს.

„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა ჯერ დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი, რომელიც აღდგენილი იქნა 28 ივნისს) მდებარე მონაკვეთი, ხოლო შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალი საქართველოსა და რუსეთის  დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე სამსახურის განცხადებით: „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილებმა დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით შეუფერხებელი გადაადგილება შეძლონ. ამასთან, აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სრულად არის მობილიზებული, როგორც მებაჟე ოფიცრების შემადგენლობა, ასევე კონტროლის პროცედურებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური აღჭურვილობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი.“

27 ივნისს, ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა: სტიქიამ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა, მოძრაობა შეწყვეტილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2022 წლის მაისის თვეში „ყაზბეგიდან“ საქართველოში შემოვიდა 14 844 მსუბუქი ავტომობილი [გავიდა 14 609], 13 562 სატვირთო ავტომობილი [გავიდა – 11 872], 383 ავტობუსი [გავიდა  – 381] და 82 მოტოციკლი [გავიდა – 40].

მაისის თვეში გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ჯამში 69 312 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 56 878 მოქალაქე გავიდა.

მთავარი ფოტო: ლარსის გამშვები პუნქტი (ს.ს.კ.გ. “ყაზბეგი”). ფოტო: გურამ როგავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: