განათლება,მთავარი,სიახლეები

მოსწავლე მდგომარეობის მიხედვით არ უნდა განასხვავო – ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ხულოდან

30.06.2022 • 3760
მოსწავლე მდგომარეობის მიხედვით არ უნდა განასხვავო – ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ხულოდან

„მე, ჩემი პროფესიით, საზოგადოებას ვეკუთვნი, საზოგადოება მიხდის ჰონორარს და იქ უნდა ვიყო, სადაც საზოგადოებას სჭირდება“, – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების  საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი როლანდ შავაძე, რომელიც 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. რას მიიჩნევს ის „კარგ მასწავლებლობად“ და რა შეუძლია გააკეთოს მოსწავლეებისთვის? –  ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს დღეს როლანდ შავაძე პასუხობს.

  • ბატონო როლანდ, ამ კონკურსში ძირითადად ის ადამიანები მონაწილეობენ, ვინც კარგ პედაგოგად მიაჩნიათ ხოლმე. თქვენს წარმოდგენაში, როგორია კარგი მასწავლებელი?

რთული კითხვაა, რადგან კარგი მასწავლებლის ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს. თუმცა, ჩემი შეფასებით, კარგია მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ, ზიანს არ აყენებს მოსწავლის მომავალს. ერთია ის, რომ მასწავლებელი ყველა შემთხვევაში კარგად უნდა ასწავლიდეს თავის საგანს და მეორეა, თუ რას აკეთებს საიმისოდ, რომ საგნის სწავლების გარდა მოსწავლეებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში დაეხმაროს.

ჩვენ გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს, რომ ახალგაზრდები უნდა იყვნენ გამორჩეული მოქალაქეები, ფართო მსოფლმხედველობით, რომლებიც კარგად ერკვევიან დემოკრატიულ პრინციპებში. მასწავლებელმა ამ ყველაფერს კი ხელი უნდა შეუწყოს, მოსწავლეები სკოლაში ყოფნის პერიოდში რომ გაეცნონ ამ პრინციპებს და გაითავისონ.

კარგია მასწავლებელი, თუ ის თავის მოსწავლეებს არ განასხვავებს წარსულის თუ მდგომარეობის მიხედვით, თუ ასწავლის ბავშვებს, რომ მთავარი ღირებულება ადამიანობაა და თვითონაც არის მაგალითი.

  •  როცა ამბობთ, რომ  კარგი მასწავლებელი არ დაუნგრევს ბავშვს მომავალს, შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითი, კონკრეტული ამბავი, რაც კარგად აჩვენებს ამ პრობლემას?

ჩვენ, მასწავლებლებს, უნდა გვქონდეს მოსწავლისგან დიდი მოლოდინი, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველა მასწავლებელი არ იზიარებს ამ მიდგომას. გაარჩევს ხოლმე ბავშვებს, რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და მხოლოდ მათზე ამყარებს მოლოდინებს. მასწავლებლებმა უნდა შევძლოთ თითოეულ მოსწავლეზე გავაჩინოთ მოლოდინი და შემდეგ ვიმუშაოთ ამ მოლოდინის გამართლებაზე.

თუ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუნგრევთ ბავშვებს მომავალს.

  • დანგრევაში მოიაზრებთ ისეთ დამოკიდებულებას, როცა მასწავლებელი ეუბნება ბავშვს, რომ „მისგან არაფერი გამოვა?“ ან „სოფელსაც ვერ გასწვდება თავისი ცოდნით?“

დიახ. გახსოვთ ალბათ ერთი ვირუსული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, სადაც ერთი კაცი ამერიკიდან ეუბნებოდა მასწავლებელს, რომ აი, ხედავთ ამერიკაში ვარ, გავცდი საზღვრებს, თქვენ კი მეუბნებოდით, ვერაფერს შევძლებდი ცხოვრებაშიო.

წარმოიდგინეთ, გაიზარდა ეს ბავშვი, კაცი გახდა, ამერიკაში ჩავიდა და მისი მასწავლებლის სიტყვები მაინც მწარედ ახსოვს. „შენ ვერ შეძლებ“, – ეს მახინჯი დამოკიდებულება აყენებს ტრავმას ბავშვებს და შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაჰყვეთ თან.

ამიტომ, პედაგოგებმა უნდა ვცადოთ, რომ კი არ შევუზღუდოთ ბავშვებს თავიანთი წარმოსახვითი უნარებში, პირიქით, უნდა გრძნობდნენ, მოტივაცია უნდა მივცეთ, რომ შეძლონ საკუთარი მისწრაფებებისა და ჩანაფიქრების ასრულება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ მიზნების ასრულებაში; დავეხმაროთ იმ გასაღების პოვნაში, რისკენაც მიისწრაფვიან.

მინიმუმ, ფსიქოლოგიური მხარდამჭერები მაინც ხომ უნდა ვიყოთ, სხვა თუ არაფერი, რადგან ისედაც რთულია ცხოვრებაში წარმატების მიღწევა და თუკი ხელს ვერ უწყობ, არც უნდა შეუშალო ოცნებების რეალიზებაში.

  • თქვენ ასწავლით მაღალმთიან სოფელში, სადაც ალბათ ბევრი პრობლემაა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე საგანმანათლებლო თუ სხვა რესურსების წვდომის კუთხით. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ისტორია, ამბავი, რაღაც გადაწყვეტილება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბავშვების ცხოვრებაზე ასეთ მწირ პირობებში?

 ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც ის, რომ მაგალითად, პანდემიის პერიოდში სხვადასხვა აქტივობა წამოვიწყე ონლაინ. ვუწყობდი შეხვედრებს წარმატებულ ადამიანებთან მოტივაციის ამაღლების მიზნით.

მაგალითად, წარმატებულ ფსიქოლოგს შევახვედრე ბავშვები, ერთი შეხვედრა წინასაგამოცდო შიშებს დაეთმო. როგორც ვიცით, სკოლებში აღარ ტარდება ე.წ „კატის“ გამოცდები, თუმცა მოსწავლეებს ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე უწევთ გამოცდების ჩაბარება, რომელიც სტრესთან არის დაკავშირებული, მაგალითად, ეროვნული გამოცდები.

ბევრი ფაქტორი მუშაობს აქ – ოჯახის, სკოლის, როცა დიდ მოლოდინებს ამყარებენ ბავშვებზე, ყველა ელოდება, რომ მისმა შვილმა მაღალი ქულა უნდა გამოიტანოს გამოცდიდან. თუ ასე არ მოხდა, ბავშვები ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ ხოლმე და ასე შემდეგ.

თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, ჯერ კიდევ რომ ვერ შევძელით თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ ბავშვებს ხარისხიან განათლებაზე, მათ შორის, სოფლად.

აი, ამ მიზეზების თუ სხვა ღელვების გამო ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოლოგის მხარდაჭერა და გამხნევება. ვფიქრობ, ბევრისთვის იყო იმედის მომცემი ეს შეხვედრები, თუ როგორ შეიძლება დაძლიო სტრესი და ისე შეუდგე ამ დიდ პროცესს. ბევრი მოსწავლისგან პერსონალური მადლობაც მივიღე ამის გამო, დღეს სხვაგვარად უყურებენ გამოცდებს – ნეგატიური დამოკიდებულება აღარ აქვთ.

  • ალბათ, მოწყენილ ბავშვებსაც ხედავთ სოფლად. რა უქმნით მათ მოტივაციას რომ კარგად ისწავლონ, თუნდაც კარგად ითამაშონ, გაერთონ, რა ახარებთ მათ ყველაზე მეტად?

მაღალმთიან სოფლებში გართობის, აქტიური დასვენების პრობლემა სულ დგას, რადგან არ არის რეალურად გასართობი, ცოტაა არაფორმალური განათლების ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ყველაფერს ვერ მიწვდებიან. მცირეკონტინგენტიან სკოლებში უფრო პრობლემაა ასეთი ცენტრების არსებობა, ამიტომ ეს დანაკლისი სკოლამ უნდა შეავსოს.

ვცდილობ, სხვადასხვა აქტივობაში ჩავრთო ბავშვები და საინტერესო გავხადო მათი ცხოვრება. მაქვს  ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურის კითხვის სასკოლო კლუბი, სადაც ბავშვები ეცნობიან კლასიკურ ლიტერატურას და შემდეგ მსჯელობენ.

რაღაც პარადიგმა შევქმენით, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს პრეზენტაცია და დანარჩენ კომპონენტში აბსოლუტური თავისუფლება მივეცი. ამ პრეზენტაციების მომზადება მათ ეხმარება საჯარო მსჯელობის უნარების განვითარებაში, დისკუსიის უნარებში და ასე შემდეგ.

  • ყველაზე უცნაური ან მოულოდნელი კითხვა რა მოგისმენიათ თქვენი მოსწავლისგან?

ზოგადად, მოსწავლეები ჩასაფრებულნი არიან, რომ გამოგიჭირონ, რითაც ხალისობენ ხოლმე. უცნაური არ ვიცი, მაგრამ მოულოდნელი იყო, მაგალითად, როცა მოსწავლემ მკითხა, როგორ არის ინგლისურად ჩალა? ფანჯარაში იხედებოდა, ყანაში ჩალას ჭრიდნენ ადამიანები და უცებ გაახსენდა. მართლა არ მახსოვდა ჩალა ინგლისურად. საერთოდ, ისეთი სიტყვები აინტერესებთ ხოლმე, რასაც სოფლად იყენებენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • ძალიან ხშირად სხვადასხვა კრიზისს ადამიანები განათლების ნაკლებობას აბრალებენ ხოლმე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ტიპის განათლება უნდა მივცეთ ბავშვებს სკოლაში, რომ შემდეგ შემდგარი, სამოქალაქო საზოგადოება მივიღოთ?

 ზოგადად, გაუნათლებლობა მართლაც ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ინფორმაციის დეფიციტი არის ერთ-ერთი წყარო პრობლემების, ერთ-ერთი მიზეზი იმის, რაც დღეს გვჭირს.

რთულ ეპოქაში ვართ, სადაც, ერთი მხრივ, წვდომა გვაქვს ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, ამიტომ ვექცევით როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ინფორმაციის გავლენის ქვეშ. შესაბამისად, გვჭირდება უნარები და ცოდნა, რომ თავი დავიცვათ დეზინფორმაციისგან.

განათლება რომ პრობლემებს აგვარებს, ამის მაგალითია თუნდაც ნაადრევი ქორწინებების შემცირება საქართველოში. როცა დავიწყეთ ამ პრობლემის გაანალიზება, მსჯელობა იმის გააზრებით, რომ ნაადრევი ქორწინება ცუდია, შევცვალეთ დამოკიდებულებაც.

ასევე პრობლემურია, ვთქვათ, კიბერბულინგი. თუკი ბავშვებს ექნებათ სათანადო ინფორმაცია და შესაბამისი უნარები, როგორ აირიდონ, დაიცვან თავი ამისგან, აღარ გახდებიან სხვადასხვა თავდასხმის მსხვერპლნი.

არაინფორმირებულობის შედეგად ასევე შესაძლოა გახდე არასწორი იდეოლოგიების მსხვერპლი, მათ შორის, რუსული პროპაგანდის, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შემოგდებული პრობლემებით გაავრცელოს რუსული იდეოლოგია.

თუკი ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას, განსჯას, აღარ გაუჭირდება იმის გაგება, რომელია სახელმწიფოებრივად სწორი აზროვნება და რომელი არასწორი. ამიტომ როცა ამბობენ, რომ გაუნათლებლობიდან მოდის ყველა პრობლემა, სწორია. რამდენადაც განათლებულია და პროგრესულია ერი, მით უფრო მომთხოვნია სახელმწიფოს მიმართ და ხელისუფლებაც იძულებულია უფრო წარმატებული იყოს და არ წაუცდეს ხელი. განათლება ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანა პოზიტიურად განვითარდეს.

  • ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი, როგორც ერის, სახელმწიფოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და გვაქვს სწრაფვა მივიღოთ დასავლური განათლება. თუმცა, ძალიან ხშირად, ევროპაში განათლებამიღებული ადამიანები, რომელთაც მაღალი თანამდებობები უკავიათ დღეს, სამოქალაქო საზოგადოებას დისკრიმინაციული ენით ელაპარაკებიან. მაგალითად, „ლიბერასტები“ – ასე მოიხსენიებენ ხოლმე მაღალჩინოსნები და ზოგიერთი პედაგოგიც კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას, როგორ ან რატომ ხდება ეს?

 ეს ძალიან რთული საკითხია. ზოგადად, მაღალჩინოსნების სამეტყველო ენა და მათი დამოკიდებულება სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ ან მათი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, ძალიან პრობლემურია.

ერთია ის, რომ თუკი ასეთი დამოკიდებულება ამ პოლიტიკოსს მრწამსში აქვს, ეს, რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ მეორეა კონფორმიზმი, რომელიც ასევე პრობლემურია, რადგან პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებს ამას და ესეც დანაშაულია.

ჩვენ, მასწავლებლები, უნდა შევეცადოთ, რომ ვასწავლოთ ბავშვებს სხვისი უფლებების და აზრის პატივისცემა. ვასწავლოთ დისკუსია ოპონენტებთან და არა სიძულვილის ენით საუბარი. მე, პირადად, ძალიან მომწონს ბრიტანეთის პარლამენტი, სადაც იმდენად მოწესრიგებული კრიტიკაა, რომ დებატების მოსმენის სურვილი გიჩნდება ადამიანს. ჩვენთან კი სრულიად სხვა რეალობაა.

ეს უნდა ავუხსნათ ბავშვებს ზუსტად მასწავლებლებმა, რომ დისკრიმინაციის ენის გამოყენება არ არის დისკუსია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოდელებიც და ამიტომ აკისრია თანამედროვე მასწავლებელს უფრო დიდი როლი, რომ კონტექსტის მიღმა შეძლონ რეალობის დანახვა. მაშინ აღარ მოექცევიან გავლენების ქვეშ.

თუკი მასწავლებელი საუბრობს ასეთი ენით, (ლიბერასტი), ეს უკვე პრობლემაა, რადგან არ შეიძლება ვინმეს არჩევანი გავხადოთ შეურაცხმყოფელ ეპითეტად.

არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანი ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანობაა და დანარჩენი არის არჩევანი.

  • დღეს ყველა ვხედავთ თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში და თქვენი რამდენიმე კოლეგაც ძალიან აქტიური მოქალაქეა, მათ შორისაა ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაც, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება თუკი მისი კოლეგების ხმა იქნება ბევრად უფრო მაღალი დემოკრატიულ პროცესებში. თქვენი აზრით, პედაგოგების, ანუ თქვენი ხმა რა ფორმით უნდა ისმოდეს, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება?

რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკა ყველას გვეხება, მათ შორის მასწავლებლებსაც, გვეხება ის, თუ როგორი კურსით მიდის ქვეყანა და ეს უნდა აწუხებდეს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

ლადოს პოზიციაც სწორია და მეც ამიტომ ვიდექი ბათუმში იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი 20 ივნისს. მე არ ვეკუთვნი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში მყოფს, მე, ჩემი პროფესიით საზოგადოებას ვეკუთვნი, საზოგადოება მიხდის ჰონორარს და იქ უნდა ვიყო, სადაც საზოგადოებას სჭირდება.

თუ საჭირო იქნება უნდა ვიყო სკოლაში, თუ საჭირო იქნება უნდა ვიყო ქუჩაში, თუ საჭირო იქნება უნდა ვიყო მიტინგზეც. მასწავლებლებმაც უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას და ეს მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ყველა იმ ფორმით, რომელზეც ხელი მიგვიწვდება,-  ეს იქნება სოციალური ქსელი, მედია, შეხვედრები თუ სხვა.

ძალიან რთულია ყველა პედაგოგმა ეს გაიაზროს, მაგრამ პრეცედენტები და გაბედულება ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ეს პრეცედენტები მასწავლებლებმა შევქმენით, სხვებიც დაინახავენ.

  • ხშირად, თავად მასწავლებლები ამბობენ, რომ „მასწავლებლები დაშინებულია“, „ადვილად დასაჩაგრია“, რა გამოდის, რომ დაშინებული კლასი ზრდის მომავალ თაობას?

რთულია ამაზეც პასუხის გაცემა. შეიძლება იყო რაღაც მაგალითები ზეწოლის, მაგრამ მასწავლებლები ამას შემდეგ განაზოგადებენ და თვითცენზურა ერთვებათ.

მე ექსპერტადაც ვარ ქობულეთის და ხელვაჩაურის სკოლებში, ძირითადად უცხო ენის მასწავლებლებთან  მაქვს შეხება და ამ კატეგორიაში, მასწავლებლისთვის შეუსაბამო პრობლემებს ვერ ვხედავ, სხვა კატეგორიის მასწავლებლებთან ახლო შეხება არ მაქვს, ამიტომ მთლად კორექტული არ ვიქნები თუ მათ შევაფასებ.

თუმცა, სისტემაში ჩართული მასწავლებელი თვითონ უნდა იაზრებდეს, რომ საჭირო დროს საზოგადოების მხარეს უნდა იყო. მთავარია, სწორ ღირებულებებზე იდგეს მასწავლებელი.

  • ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ადგილს ხედავთ ევროკავშირში?

მე როგორც კი საკუთარი თავი შევისწავლე,  რაღაც საზოგადოებაში გამოვედი და გავერკვიე, გამოვედი 90-იანი წლების ნარატივიდან, რომ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა და რუსეთის გარეშე არ გვეშველება, როგორც კი ფეხი შევდგი ევროპაში და რეალურად დავინახე ის სიკეთეები, რაც მანამდე თეორიულად გვესმოდა, მას შემდეგ მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

ამაში ვხედავ ჩვენი სოციალური პრობლემების მოგვარებას, საზოგადოებრივი დოვლათის შექმნას, ადამიანები უფრო თავისუფლები იქნებიან  საკუთარ არჩევანშიც, უფრო მეტად მოწესრიგებული გვექნება ინფრასტრუქტურაც, განათლება და ჯანდაცვა, რადგან სწორედ ჩვენი ჯანდაცვის უნდობლობის გამო მივდივართ ხოლმე თურქეთში ან ევროპის სხვა ქვეყანაში. ამ უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა ვიყოთ დიდი ევროპული ქვეყნების გვერდით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: