მთავარი,სიახლეები

რუსეთმა კირილო ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა

30.06.2022
რუსეთმა კირილო ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა.

კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით, რომელიც ტერორისტული აქტების მოწყობის მუქარას გულისხმობს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ კირილო ბუდანოვი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში, რომელიც 2022 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ღიად იმუქრებოდა რუსეთში და რუსეთის კოტროლირებად ტერიტორიებზე ტერაქტების მოწყობით. გამოძიება მუშაობს, რათა დაადგინოს დანაშაულის გარემოებები და ბურდანოვს სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობა დააკისროს,“ – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

გენერალი კირილო ბუდანოვი უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამსახურის უფროსად 2020 წელს დანიშნეს. ომამდე ის მედიასთან იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ძალოვანია.

სწორედ კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს სამხედრო ტყვეების, მათ შორის, „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს.

დაზვერვის გენერალმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ომის დასრულების შესაძლო ვადებზე და განაცხადა, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის, ხოლო ომი უახლოეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

ბუდანოვის თქმით, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში განვითარდება მოვლენები, რაც მთელი მსოფლიოსთვის ხილულს გახდის გარდამტეხი მომენტის დაწყებას.

ჯერ კიდევ მაისში, „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბუდანოვი ომში ასეთი მომენტის დადგომის შესაძლებლობას იმით ხსნიდა, რომ აგვისტოდან უკვე ბრძოლის ველზე იქნება ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას დასავლელი პარტნიორები აწვდიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: