მთავარი,სიახლეები

ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვსტალის“ დამცველი, რომელსაც უკრაინაში საცოლე ელოდა

30.06.2022 • 10177
ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვსტალის“ დამცველი, რომელსაც უკრაინაში საცოლე ელოდა

„აზოვსტალის“ გათავისუფლებულ დამცველებს შორის ერთ-ერთი კიეველი ვოლოდიმირია. მას ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში საცოლე, ალინა ელოდებოდა.

ალინა მარიუპოლიდანაა. წყვილი ერთმანეთს 2021 თებერვალში, გაცნობის საიტზე შეხვდა. ვოლოდიმირი იმ დროს უკვე წელიწად-ნახევარი მსახურობდა მარიუპოლში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

შეყვარებულებმა მარიუპოლში ბინა გაარემონტეს და ერთად ცხოვრებაც დაგეგმეს. პირველ დეკემბერს ვოლოდიმირმა ალინას ცოლობა სთხოვა. ქორწილისთვის მზადება დაიწყეს – იყიდეს ბეჭდები, საქორწინო კაბა ალინასთვის, საქმრომ კი მხოლოდ პერანგისა და ფეხსაცმლის ყიდვა მოასწრო.

ვოვა და ალინა/რედაქციისთვის მიწოდებული ფოტო

„თავიდანვე იცოდა ჩემგან, რომ მე მეოჯახე ადამიანს ვეძებდი. აღმოჩნდა, რომ ვოვასაც სერიოზული ურთიერთობა უნდოდა. ის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია. არც ეწევა, არც სვამს. წარმოიდგინეთ, ორი წლის განმავლობაში, ერთხელაც კი არ გვიკამათია. მასთან ყოფნისას მივხვდი, როგორია, როცა ვინმეს ძალიან უყვარხარ. არასოდეს არაფერი მაკლდა, არაფერზე მანერვიულებდა. სამსახურის მერე ყოველთვის შინ მორბოდა, გვერდით იყო“, – ჰყვება ალინა.

ბავშვზე ოცნებობდნენ. ალინა ორსულად იყო, თუმცა აპრილში, როდესაც „აზოვსტალში“ ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა და ვოვასთან კავშირიც აღარ ჰქონდა, ბავშვი დაკარგა.

„ომის პირველ დღეს მომწერა ვოვამ: „ძალიან მიყვარხარ. მესმის, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, ვერ დავბრუნდე“. სოციალური ქსელებით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს, ხანდახან ხმოვან შეტყობინებებსაც მიგზავნიდა. 19 მარტს კავშირი გაწყდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. არ ვიცოდი, როგორ იყო, სად იყო. ფანჯრებთან ჭურვები დაფრინავდნენ, მე კი რეაქცია არ მქონდა, სარდაფშიც კი არ ჩავსულვარ“, – იხსენებს ალინა.

ვოვა ომის დროს/რედაქციისთვის მიწოდებული ფოტო

ალინა მარიუპოლში რჩებოდა და ბლოკადის ყველა საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა – არც ელექტროენერგია ჰქონდა, არც ბუნებრივი აირი, წყალი ჭიდან მოჰქონდა, საჭმელს უკრაინელი სამხედროები უყოფდნენ. სჯეროდა, რომ ქალაქს დაიბრუნებდნენ, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ მარიუპოლის დატოვების ბოლო შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინა და 12 მაისს კიევში, საქმროს ოჯახთან გადავიდა.

ვოლოდიმირი, სხვა ტყვეებთან ერთად, 17 მაისს „აზოვსტალიდან“ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს. ისიც დაჭრილი იყო.

ტყვეობაში ერთხელაც ვერ მოახერხა საცოლეს დაჰკავშირებოდა. ალინა დისტანციურად აპირებდა ხელის მოწერას, თუმცა წყვილს ახლა ამის გაკეთება ტრადიციული გზით შეუძლია – 29 ივნისს ვოვა შინ დაბრუნდა.

29 ივნისს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო ტყვე, 95 მათგანი „აზოვსტალის“ დამცველია, 43 კი – პოლკ „აზოვის“ წევრი.

წყარო: 24tv.ua, svoi.city.

მთავარი ფოტო: 24-ე არხის კოლაჟი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: