მთავარი,სიახლეები

რით აჯობა მოლდოვის საგარეო მინისტრმა ქართველ კოლეგას? – EU-ს კანდიდატობის წინა 1 თვის ქრონიკა

30.06.2022 • 963
რით აჯობა მოლდოვის საგარეო მინისტრმა ქართველ კოლეგას? – EU-ს კანდიდატობის წინა 1 თვის ქრონიკა

რით აჯობა საქართველოს მოლდოვამ, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო? – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ინტერნეტგვერდების დათვალიერება გასაგებს ხდის, რამდენად მარტივად შეიძლება იყოს ზოგჯერ საქმე, როცა წარმატების მიღწევა მართლა გინდა:

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აქტიურად ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე მოლდოვის სასიკეთოდ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, ასევე, ხშირად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჰქონდა შეხვედრები ევროპაში, თუმცა ილია დარჩიაშვილი უფრო თბილისში არჩევდა ყოფნას და ხვდებოდა, მაგალითად, ჩინეთის ან ინდოეთის ელჩებს მაშინ, როცა რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ვიდრე ბრიუსელში საქართველოს შესახებ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ევროპაში პოპესკუს მსგავსად აქტიურობის ნაცვლად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მცხეთის ერთ-ერთ სოფელში ლოკოკინების საწარმოს გახსნისთვისაც მოიცალა.

„ბათუმელებმა“ ორი ქვეყნის – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ბოლო ერთი თვის აქტივობას გადაავლო თვალი.

25 მაისს ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი დავოსის ფორუმზე რუმინელ კოლეგას – ბოგდან ორესკუს ხვდება, ასევე, ივანა კლიმპუშ ცინცაძეს, უკრაინის რადას დეპუტატს. ამავე დღეს ნიკუ პოპესკუ შეხვდა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუს შეხვედრები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო ილია დარჩიაშვილიც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას, პეკკა ჰაავისტოს და ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, სანჯეი პრადანს შეხვდა.

26 მაისს – ნიკუ პოპესკუ შეხვდა ჩეხეთის ევროპასთან ურთიერთობების მინისტრს, მიკულა ბეკს. პოპესკუ შეხვდა ჩეხ პარლამენტარებს და სენატორ პაველ ფიშერს. ჩეხეთში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერვიუ ჰქონდა რამდენიმე ადგილობრივ მედიასთან.

ნიკუ პოპესკუ განაგრძობს ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში.

26 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში, 26 მაისი

27 მაისს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვედრები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან არ ჰქონია, თუმცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე ილაპარაკა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საქართველო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა და „საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონეა“.

ილია დარჩიაშვილი საქართველოს პარლამენტში

ამავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, კიდევ ერთი აქტივობა ჰქონდა თბილისში – მან დიასპორის ფორუმი გახსნა და თქვა, რომ „ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და აგრძელებს წინაპრების ძალისხმევას – საერთო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად“.

29 მაისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მონაცემებით, ილია დარჩიაშვილი არც ამ დღეს და არც წინა დღეებში შეხვედრია ვინმეს ევროპაში. სამაგიეროდ, ილია დარჩიაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს იორდანიაში გაჰყვა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იორდანელ კოლეგასთან და ვიცე-პრემიერთან, აიმან ალ საფადისთან გამართა შეხვედრა.

ილია დარჩიაშვილი იორდანელ კოლეგას შეხვდა

31 მაისი – მოლდოველი ნიკუ პოპესკუ განაგრძობს ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში და სხვადასხვა თანამდებობის პირს ხვდება, მისი ქართველი კოლეგისთვის კი, ევროპა სამუშაოს ფოკუსი ისევ არ არის.

სამაგიეროდ, ილია დარჩიაშვილის აქტივობა ჰქონდა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართულებით. ლაოსი სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჰოდა, ამ სახელმწიფოს მთავრობასთან „დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება გაფორმდა,“ – იუწყებოდა გაზაფხულის ბოლო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა ლატვიის პარლამენტის (საეიმას) დელეგაციას, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმძღვანელობით.

პირველი ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი სერგი ოდაინიკი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კეთრინ ინშლის.

ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა  ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში.

2 ივნისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში შეხვდა ევროპარლამენტის წევრებს – საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ – სვენ მიკსერს.

ამავე დღეს  თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას  ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ლიეტუვის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენასი.

2 ივნისს მოლდოვის ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩივერი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დღეს ზელენსკის შეხვედრის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

3 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ ღია წერილი გაავრცელა და „ევროპის მწვანე კვირეული“ აღნიშნა. წერილში ვრცლად არის აღწერილი, რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს მოლდოვა გარემოსდაცვითი მიმართულებით.

ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაიკე ვან კოლდამი მიიღო.

5 ივნისი – ცოტა დრო რჩება, ვიდრე ევროსაბჭო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მალდივის [სახელმწიფო სამხრეთ აზიაში] რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისების და განათლების მინისტრებს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილის შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის მინისტრებთან

6 ივნისი – ევროპაში არ წასულა, მაგრამ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო. „მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან – 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს  მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა,“ – ვკითხულობთ სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

8 ივნისი – ნიკუ პოპესკუს მორიგი სამუშაო ვიზიტი დაიწყო ბრიუსელში. ამ დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია – მინისტრი სხვადასხვა თანამდებობის პირს შეხვდება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მოლდოვამ მხარდაჭერა მოიპოვოს. ამავე დღეს პოპესკუ შეხვდა ბრიუსელში ევროკომისარს აგროკულტურის დარგში.

ნიკუ პოპესკუ ხშირად ჩნდებოდა დასავლურ მედიაში. ილია დარჩიაშვილის ინტერვიუს შესახებ კი, ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის

9 ივნისი – ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ნიკუ პოპესკუ პარიზში ჩავიდა და იქ ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ორგანიზებული იყო ევროსაბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის მხარდაჭერით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეფ ბორელი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქეთრინ კოლონა.

ამავე დღეს პოპესკუ შეხვდა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის გუბერნატორს, კარლო მონტიჩელს. მინისტრმა ამ დღეს france 24-ის სტუდიაში მისვლაც მოასწრო, ინტერვიუს მიცემა და მოლდოვის დიასპორაც მოინახულა პარიზში.

9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. ევროპაში ვიზიტი ჰქონდა დარჩიაშვილის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიასაც. მას დუბლინში შეხვედრები ჰქონდა ირლანდიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩარლი ფლანაგანთან და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის (Department of Taoiseach) ევროკავშირის და საერთაშორისო საქმეთა დირექტორთან, ემერ დინთან და ​ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ონა ბაკლისთან.

ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ, 14 ივნისს, ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.

10 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ფრანგ კოლეგას შეხვდა. ამავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – ვლადიმერ კუკი კი, თესალონიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მონაწილე სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. 

11 ივნისი – ნიცუ პოპესკუ საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. 

13 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოსიანი შეხვდა ლეილა კაიასიკს, ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში.

ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტგვერდის ინფორმაციით, მინისტრ ილია დარჩიაშვილს არ ჰქონია რაიმე აქტივობა, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს შეუწყობდა.

14 ივნისი – ნიკუ პოპესკუმ ადგილობრივ მედიაში, ტელეკომპანია „კიშინოვის“ მონაწილეობს გადაცემაში – „სიღრმისეულად“. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აქტიურად პასუხობდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის კითხვებს. ის ტელეკომპანია CNN-ის სტუმარიც იყო.

14 ივნისს ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლოს მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა, თუმცა თუ მინისტრის შეფასებებს დავუჯერებთ, ამ დღეს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას – 14 ივნისს სოფელ წილკანში საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ილია დარჩიაშვილი ლოკოკინების საწარმოს გახსნის დროს

„…ჩვენი შეუქცევადი ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ქართული ახალი პროდუქცია, რომელიც შედის ევროპულ ბაზარზე, რაც ძალიან გვეხმარება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში და ამ პროცესში თქვენს კომპანიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – უთქვამს ილია დარჩიაშვილს ლოკოკინების საწარმოს გახსნის ცერემონიაზე.

15 ივნისი – კიშინოვში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩადის. ნიკუ პოპესკუ პრეზიდენტს აეროპორტში ხვდება და ფრანგ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს მართავს, თანაც თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ამსახველ დოკუმენტს აწერს ხელს.

ნიკუ პოპესკუ საფრანგეთის პრეზიდენტს ხვდება

15 ივნისი, საქართველო, თბილისი – „დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ეს არის ამ უწყების ახალი ამბავი.

17 ივნისს არ დატოვა თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – ილია დარჩიაშვილი ჩინეთის და ინდოეთის ელჩებს შეხვდა. წინა დღით, 16 ივნისს კი, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის და ისრაელის ელჩები გააცილა, ასევე მიიღო იაპონიის ელჩი. 17 ივნისს ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარგარეტა სედერფელტს.

20 ივნისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი აქტივობა ჰქონდა – მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ალჟირის, ბურუნდის, ეთიოპიის, განის, ჩადის რესპუბლიკის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

21 ივნისს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე იუწყებოდნენ, რომ ნიკუ პოპესკუ ტელეფონით ესაუბრა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეფ კოფოდს. 2 დღეში მოლდოვაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავენ. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე იმ დღეს მინისტრის ეს ფოტო გამოაქვეყნეს.

ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი

ამავე დღეს, 21 ივნისს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლტან ბინ საად ალ მურაიხისთან.

24 ივნისი, საქართველო, თბილისი – „დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის  წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი,“ – ასე ამცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკითხველს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 ივნისს კიდევ ერთ ამბავს იუწყებოდა – „ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს უმასპინძლა“. ეს ის ქვეყანაა, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ყველაზე ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის პრემიერ ორბანის მეთაურობით. მაგალითად, წელს, აპრილში ორბანმა თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ოპონენტი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია.

24 ივნისს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკუ პოპესკუ ესწრებოდა ადამიანებითა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კომიტეტის სხდომას. აქ აღნიშნულია, რომ ანგარიშია დასამტკიცებელი, ასევე ახალი გეგმაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: