სიახლეები

მარკეტინგის ტრენინგი კოლეჯების პერსონალისთვის – ღია საზოგადოების ფონდის პროგრამა

30.06.2022 •
მარკეტინგის ტრენინგი კოლეჯების პერსონალისთვის – ღია საზოგადოების ფონდის პროგრამა

30 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით მარკეტინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ტრენინგი ჩატარდა.

მსმენელები აჭარის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები იყვნენ.

ტრენინგის მიზანი იყო გაეცნო მონაწილეებისთვის მარკეტინგული პროცესი, მისი შემადგენელი კომპონენტები და მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტური და აპრობირებული ინსტრუმენტები.

მსმენელები გაეცნენ მარკეტინგული საქმიანობის გეგმის მომზადების მეთოდოლოგიებს და შესაბამისი პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ადგილობრივი ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” – ასე ქვია სამწლიან პროექტს, რომლის ფარგლებიც დღეს ზემოთხსენებული ტრენინგი ჩატარდა.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და ფონდი – ღია საზოგადოება საქართველო მას ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, კერძოდ: „საქართველოს გაეროს ასოციაციასთან“, საზოგადოება „ბილიკთან“, „აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტთან” ერთად.

პროექტი ოთხ რეგიონში ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმება, დასაქმებისუნარიანობის გაზრდა, განათლების შესაძლებლობების მიცემა, პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება, ახალგაზრდებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება და დასაქმების ფორუმების უზრუნველყოფა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

ბათუმში გამართულ სემინარს დღეს პროგრამის  მონაწილე 15 პარტნიორი პროფესიული სასწავლებლის 54 წარმომადგენელი დაესწრო.

ტრენინგს ორგანიზაცია „ჯეპრას”პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიაუნის ლექტორი კახა მაღრაძე უძღვებოდა.

ჯეპრას პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიაუნის ლექტორი კახა მაღრაძე

ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს პროექტის მენეჯერი, ხათუნა იოსელიანი ამბობს, რომ ამ ერთდღიანი ტრენინგის შემდეგ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ისევ გრძელდება:

„ჩვენ უკვე შევადგინეთ 4 სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლებისთვის, რაც პროექტების მართვას, ეფექტურ კომუნიკაციას, ციფრულ სამყაროში მუშაობასა და პროდუქტიულობის გაზრდას, სწავლების სხვადასხვა მეთოდებს ეხება.

ეს არის დამხმარე სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის, რომელიც შემუშავდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით.

ვმუშაობთ ასევე მეწარმეობის სახელმძღვანელოზე, რომელიც ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის იქნება საინტერესო.

სახელმძღვანელოს რესურსი დაეხმარება სხვადასხვა პროფესიის ადამიანს და შეასწავლის როგორ შეიძლება დაიწყოს მეწარმეობა-ანტრეპრენერობა საკუთარ სფეროში.

სახელმძღვანელოების მომზადებისას ვთანამშრომლობთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან, მათგან ვიღებთ რეკომენდაციებს და იმედი გვაქვს ეს ჰიბრიდული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცევა.

სახელმძღვანელო გარდა წყაროებისა და თეორიული ნაწილისა მოიცავს ინტერვიუებს ცნობილ სტარტაპერებთან, ბიზნესმენებთან, რომლებიც აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

სახელმძღვანელოს ძირითადი თემები ცხადია მოიცავს  ისეთ საბაზისო საკითხებს როგორიცაა ბიზნესგეგმის შედგენა, პროდუქტის მარკეტინგი და ა.შ.

სახელმძღვანელოზე მუშაობას სასწავლო წლის დაწყებამდე დავასრულებთ და შემდეგ ვგეგმავთ პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებს დავეხმაროთ სახელმაძღვანელოს გამოყენებაში“ – ამბობს ხათუნა იოსელიანი.

ნინო მთვარელიძე მარნეულში მდებარე კოლეჯ „მოდუსის“მენეჯერია, ის ტრენინგის ერთ-ერთი მსმენელი იყო.  ამ კოლეჯის პროფესიული მიმართულებები 2021 წლიდან გამრავალფეროვნდა, საჭირო გახდა ახალი თანამშრომლების მოწვევა და შესაბამისად პროფესიული სასწავლებლის გუნდს სხვადასხვა ინფორმაციის მიღება და კოლეგებთან კოორდინაცია ესაჭიროება.

კოლეჯ „მოდუსის“ მენეჯერი გვეუბნება, რომ მარკეტინგის მიმართულების ტრენინგი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნებისმიერი დაწესებულების ფუნქციონირებისთვის საჭირო რჩევები მიიღო:

მარნეულში მდებარე კოლეჯ „მოდუსის“მენეჯერი ნინო მთვარელიძე

„ბევრი საინტერესო სიახლე გავიგეთ დღეს, მაგალითად როგორ დავაინტერესოთ ჩვენი სასწავლო პროგრამებით მოსახლეობა და სწორად როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია კოლეჯის სადიპლომო პროგრამების შესახებ.

აჭარა-გურიის პროფესიული სასწავლებლების მონახულება და იქ დასაქმებული გუნდის გაცნობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, პროფესიული გაძლიერებისა და განვითარებისთვის ეს კავშირები აუცილებელია“ – ამბობს ნინო მთვარელიძე.

პროექტის ფარგლებში ქვემო და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა მოინახულეს აჭარისა და გურიის პროფესიული სასწავლებლები. ამავე პროექტის ფარგლებში კი შემოდგომისთვის იგეგმება გურიისა და  აჭარის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლთა ვიზიტი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში – იქაური პროფესიული სასწავლებლების დასათვალიერებლად.

ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა აჭარასა და გურიაში პროფესიული კოლეჯები დაათვალიერეს

ეს შეხვედრები გააღმავებს სხვადასხვა რეგიონის პროფესიული სასწავლებლების კავშირებს, რაც მათ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.

ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია დაეხმაროს საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში. საქართველოში უშევრობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებშია:

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირობებშიც ნათლადაა მინიშნებული, რომ უმნიშვნელოვანესია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობები მყავს მხედველობაში, რომელთაც ხარისხიან განათლებაზე შედარებით ნაკლები წვდომა აქვთ სხვა ჯგუფებთან შედარებით.

სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჩვენ ვთავაზობთ ინგლისური ენის, კომპიუტერული უნარების კურსებს, ვეხმარებით  დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.

სპეციალურად ითარგმნა მაგალითად მეწარმეობის კურსის სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე“ – ამბობს ხათუნა იოსელიანი.

ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული კოლეჯების წამომადგენელთა ვიზიტი აჭარისა და გურიის პროფესიულ სასწავლებლებში

აღსანიშნავია ევროკავშირის წვლილი საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით: პროექტი „ადგილობრივი ქსელებისა და პლატფორმების განვითარება ცოდნისა და დასაქმებისათვის” დიდი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ,,განათლება დასაქმებისთვის“ ჰქვია.

დასაქმების ეს პროგრამა 50 მილიონზე მეტი ევროთი ფინანსდება, რაც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის, კერძოდ განათლების სამინისტროსა და უნარების სააგენტოსთვის.

ევროკავშირის ეს დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებსა და აკადემიური დაწესებულებების პროექტებსაც მოიცავს.

„ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტი 9 გამარჯვებულიდან ერთ-ერთია და 4 სამიზნე რეგიონში ხორციელდება.


მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კონტრაქტორი და შესაძლოა კონტენტი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: