მთავარი,სიახლეები

კუნძული ზმეინი რუსეთმა უკრაინელთა თავდასხმების გამო დატოვა – ბრიტანეთის დაზვერვა

01.07.2022 • 1305
კუნძული ზმეინი რუსეთმა უკრაინელთა თავდასხმების გამო დატოვა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის მთავარი თემა კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების გასვლაა.

„რუსეთმა კუნძულ ზმეინიდან თავისი ძალები გაიყვანა იმის გამო, რომ მისი გარნიზონი იზოლაციაში მოექცა და დაუცველი დარჩა უკრაინელთა თავდასხმების პირისპირ და არა „კეთილი ნების“ ნიშნად, როგორც ამას თვითონ აცხადებს“, – აღნიშნავს უწყება პირველი ივლისის განახლებაში.

30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი გარნიზონი „კეთილი ნების“ ნიშნად კუნძულს ტოვებს.

დაზვერვა მიუთითებს, რომ  ბოლო რამდენიმე კვირა უკრაინის შეიარაღებული ძალები გამუდმებით ურტყამდნენ რუსულ გარნიზონს რაკეტებითა და დრონებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა.

კუნძული ზმეინი, რომელიც რუსეთის არმიამ ომის პირველი დღეს დაიკავა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოდესისკენ და მის მიმდებარე პორტებისკენ მიმავალი ძირითადი საზღვაო მარშრუტების გასწვრივ მდებარეობს.

რაც შეეხება დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, დაზვერვის ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლები ლისიჩანსკის ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების ცნობით, მათ დაიკავეს ლისიჩანსკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელი პრივილა.

გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა მიუთითებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდენცკიდან გასვლის შემდეგ პოზიციებს ინარჩუნებენ ლისიჩანსკში და რუსეთის არმიის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: