საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“.
მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.
მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი, პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
კონკრეტულად რა ტერიტორიებს მოიცავს 8-თვიანი პროექტი, ჯერ უცნობია. საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯერჯერობით საბოლოო დოკუმენტი, თუ რომელ სოფლებში განხორციელდება ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაცია, მიღებული არ არის.
„ტერიტორიაზე, სადაც სისტემური რეგისტრაცია დაიწყება, რეესტრი გააკეთებს იმ მიწის ნაკვეთების ნახაზებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული და აცნობებს მოქალაქეს/დაინტერესებულ პირს, რომ დაიწყო მის სახელზე ადმინისტრაციული წარმოება და უკვე კონკრეტული მოქალაქის სახელზე მოხდება დოკუმენტების მოძიება. შემდგომ, ამ პროცესში, ნახაზის კორექტირება იქნება ეს, თუ წერილის გაგზავნა, დოკუმენტების მოძიება, ყველაფერს აკეთებს რეესტრი.
არის ტერიტორიები, რომლებსაც უკვე ჰყავს მესაკუთრე, მაგრამ ზოგს ფართობი დაზუსტებული აქვს, ზოგს დაუზუსტებელი, სისტემური რეგისტრაცია კი ემსახურება იმას, რომ მთლიანად მოხდეს კონკრეტულ ტერიტორიებზე ფართობების დადასტურება. ამიტომ, რეესტრი აქაც აკეთებს ნახაზს და ეუბნება მესაკუთრეს, თანახმა ხართ თუ არა, ამა და ამ კვადრატულობით მოხდეს თქვენს მიწაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება და ფართობის დადასტურება. თუ დაინტერესებული პირი დაეთანხმება, რეესტრი განაგრძობს წარმოებას, მაგრამ თუ იტყვის დაინტერესებული პირი, რომ „არა, მე რა ფორმითაც [და ფართობით] მქონდა, იმ ფორმით დამიტოვეთ“, დარჩება რეგისტრაცია არსებული ფორმით და ის იქნება იურიდიული ძალის მქონე“, – გვითხრეს საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე.
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მთავრობამ 2016 წლის ზაფხულშიც დაიწყო 12 დასახლებაში როგორც საპილოტე პროექტი. ეს პროექტი 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დამთავრებულა.
ამ 12 დასახლებიდან, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო, ერთ-ერთი დაბა შუახევია. ტერიტორია მოიცავს დაბა შუახევს და სოფლებს: ჩანჩხალო, სხეფი, დაბაძველი, ოქროპილაური, ბესელაშვილები, გუნდაური, დრო.
„დაბისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიები დაიყო 132 ბლოკად, აღირიცხა მიწები, მოამზადეს საკადასტრო ნახაზები და საჯარო რეესტრში წარადგინეს. ნაკვეთებს, რომლებიც 1998 წლის ოქმებით ან სხვა მონაცემებით ეწერათ მოქალაქეებს, საჯარო რეესტრი ურეგისტრირებდა ავტომატურად. მაგრამ რეესტრი თუ ვერ დაადგენდა მართლზომიერ მფლობელს, ვერ მოიძიებდა ვერანაირ დოკუმენტს საკუთრების დასადგენად – ასეთებს გზავნიდა მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიაში. 3000-მდე განცხადება შემოვიდა, აქედან უმეტესს ეთქვა უარი, იმიტომ, რომ ან ზედდება იყო – ტყის მასივთან, ან გადაფარვებში მომიჯნავე ნაკვეთებთან. პარალელურად მიეცათ დრო ხარვეზის გამოსწორებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.
მისივე ინფორმაცით, ამ პროექტის ფარგლებში დარჩენილია 160-მდე ნაკვეთი, რომლებიც გადასამოწმებელია და ადგილზე დათვალიერებისას თუ კომისიას მოწმეები დაუდასტურებენ, რომ სადავო არ არის, ამ შემთხვევაში აღიარებს კომისია ამ ნაკვეთებს.
„ბევრ მოქალაქეს, რახან საჯარო რეესტრიდან ერთხელ უკვე იყვნენ და აზომეს ნაკვეთები, ჰგონია, რომ საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული. ეს ბევრ შემთხვევაში ასე არ არის და საჭიროებს დაზუსტებას, რასაც ჩვენი კომისია აკეთებს. შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ნახაზების ჩასწორება და ა.შ.“ – გვითხრა რუსუდან შავაძემ.
მერის მოადგილე ამბობს, რომ თუ მოქალაქეს ეჩქარება ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება, მას შეუძლია თავად გადაიხადოს თანხა, მოამზადებინოს ამზომველს კორექტირებული საკადასტრო ნახაზი და წარადგინოს საჯარო რეესტრში. „თუ არა და დაელოდება რეესტრს, რომელიც უფასოდ ჩაასწორებს ნახაზს“.
რუსუდან შავაძის ინფორმაციით, მერიაში მიიღეს მითითება, რომ მაქსიმუმ ერთი კვირა არ აღიარონ ნაკვეთები. რაც შეეხება ახალ პროექტს, დეტალური ინფორმაცია არც შუახევის მერიაში აქვთ.
„შესაძლოა შუახევში არეალი გაფართოვდეს სისტემური რეგისტრაციის, ან სხვა მუნიციპალიტეტები მოიცვას, ამ ერთ კვირაში ალბათ გვეცოდინება. ეს ერთი კვირა კი გვითხრეს, საგანგებო მდგომარეობის გამოც შეჩერებული იყო აღიარება კომისიის მიერ, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ – ადრე დაწყებული პროექტის ფარგლებში ნაკვეთების დათვალიერების ოქმები უნდა გავაკეთოთ. მოსახლეობაც გვაწუხებს… ამ დროისთვის 7 ნაკვეთზე ყველაფერი მზად გვაქვს და შესაძლებელია აღიარებაზე გატანა, თუმცა, 160-მდე ნაკვეთის დოკუმენტებია მოსაგვარებელი“, – გვითხრა რუსუდან შავაძემ.
რა შედეგი ექნება ამ პროექტის დასრულებას? – რუსუდან შავაძე ამბობს, რომ „შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება და გაიმიჯნება რომელი ნაკვეთები იქნება კერძო საკუთრებაში, რომელი მუნიციპალიტეტის და რომელი სახელმწიფო საკუთრებაში. დაურეგისტრებელი ნაკვეთი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში არ დარჩება“.
ვიდრე მთავრობა სისტემური რეგისტრაციის ახალ პროექტს დაიწყებს, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორადული რეგისტრაციით კვლავ დაირეგისტრირონ.
სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.
ანუ მიწის რეგისტრაციის პროგრამა, რაც ამ დრომდე იყო, ჩვეულებრივ გრძელდება, თუმცა პროგრამაში გარკვეული ცვლილებებიც შევიდა.
დეტალურად ამ ცვლილებების შესახებ ნახეთ ბმულზე:
https://netgazeti.ge/news/403918/