მთავარი,სიახლეები

რუსებს უფრო საშიში სენი სჭირთ – როგორ პასუხობს ზელენსკი კითხვას პუტინის ავადმყოფობაზე

29.06.2022
რუსებს უფრო საშიში სენი სჭირთ – როგორ პასუხობს ზელენსკი კითხვას პუტინის ავადმყოფობაზე

უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე ხმები არ აინტერესებს, რადგან მისი თქმით, ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის სენი, რომლითაც მთლიანად რუსეთი და რუსები არიან შეპყრობილი – მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, არ სცემენ პატივს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე.

ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-ის ჟურნალისტის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა პუტინის სავარაუდო ავადმყოფობაზე. ამერიკულ არხთან ვრცელ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისა და უკრაინის დანაკარგებზე, დასავლეთის დახმარებაზე და ომში უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი რა ხდება ვლადიმერ პუტინის თავს. მიმაჩნია, რომ მათ (რუსებს) საერთოდ, მართლაც უდიდესი სენი სჭირთ და მეჩვენება, რომ ეს ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი ხალხისადმი უპატივცემულობის სენი, სენი დაპყრობის, სენი საზარელი დანაშაულების, რომლებიც მათ ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს. მეჩვენება, რომ ეს ძალიან რთული მომენტია და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დაავადება არ არის“, – ამბობს ზელენსკი.

მისი აზრით, ბევრი ადამიანი რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში შეპყრობილია გადაჭარბებული ამბიციებით, არ ესმის და პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირს ადამიანების სიცოცხლე.

„ჩემთვის ადამიანების სიცოცხლე შეუფასებელია. ეს ყველაზე მთავარია, მათთვის – ეს არაფერია, უბრალოდ მასალა. მეჩვენება, რომ ეს დაავადება ძალიან საშიშია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ყბედობაა და ნაკლებად მაინტერესებს“.

პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აპრილის შემდეგ, განსაკუთრებით ბევრს წერდა ბრიტანული ტაბლოიდური პრესა. მაისში, „უკრაინსკა პრავდს“ ინტერვიუში პუტინის ავადმყოფობაზე ხმები დაადასტურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა და აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად აწუხებს რამდენიმე მძიმე დაავადება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: