მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი – ექიმის რჩევები

29.06.2022 • 4090
რა დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ენდომეტრიოზის დიაგნოზს ყოველ მე-10 ქალს უსვამენ რეპროდუქციულ ასაკში. ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა ფენა) მსგავსი ქსოვილი, ენდომეტრიუმი, იზრდება საშვილოსნოს გარეთ. მას შეუძლია ძლიერი ტკივილის გამოწვევა, განსაკუთრებით მენსტრუაციის პერიოდში, შეიძლება განვითარდეს უნაყოფობის პრობლემები. ამჟამად, ენდომეტრიოზის განკურნება არ ხდება, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც მიმართულია სიმპტომების კონტროლზე.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა ამბობს, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტირება აფერხებს ან აჩერებს ენდომეტრიოზის ბუნებრივ პროგრესირებას და ხელს უწყობს დაავადების მძიმე სიმპტომების უფრო ეფექტურ მართვას.

  • ქალბატონო ნათია, რა არის ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზის დროს საშვილოსნოს შიდა შრის მსგავსი ქსოვილი (ენდომეტრიუმი) მისთვის ატიპიურ ადგილებში იზრდება.  ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს შიდა ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ჩამოიფრცქვნება ხოლმე. ენდომეტრიოზის დროს სწორედ ამ ლორწოვანი შრის, ენდომეტრიუმის უჯრედები ხვდება სხეულის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, საშვილოსნოს ღრუს გარეთ.

ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში და ა.შ.

  • რა შეიძლება იყოს ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზი?

ენდომეტრიოზი რთული დაავადებაა, რომლის წარმოშობა მულტიფაქტორულია, ანუ მის განვითარებას მრავალი განსხვავებული ფაქტორი უწყობს ხელს. ამჟამად არსებობს გამომწვევი მიზეზის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია, მათ შორის არის რეტროგრადული მენსტრუაცია, ამ დროს მენსტრუალური სისხლი, რომელიც შეიცავს ენდომეტრიუმის უჯრედებს, მიედინება უკან, ფალოპის მილების გავლით მცირე მენჯის ღრუში, როცა მენსტრუაციისას სისხლი სხეულიდან საშვილოსნოს ყელის გავლით მიედინება.

ამ დაავადების განვითარებაში შესაძლოა გარკვეული როლი შეასრულოს საშვილოსნოს მექანიკურმა ტრავმებმა,  მაგალითად, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საკეისრო კვეთა, ტრავმული მშობიარობა და სხვა. მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს სისხლძარღვების ან ლიმფური სისტემის საშუალებით ენდომეტრიუმის უჯრედების გადატანა სხეულის სხვა ნაწილებში.

ჯანმო მიიჩნევს, რომ ენდომეტრიოზის კერების ზრდასა და შენარჩუნებას ასევე ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: დარღვეული იმუნიტეტი, ჰორმონალური ცვლილებები, გენეტიკური ფაქტორი და შესაძლოა გარემოს დამაბინძურებლებიც კი.

  • რა სიმპტომები მიგვანიშნებს ენდომეტრიოზზე?

დაავადების ძირითადი სიმპტომია მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე განვითარებული ძლიერი ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება ციკლის დროს. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში და მუდმივი, ინტენსიური ხასიათისაა. ენდომეტრიოზს ახასიათებს მტკივნეული, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც წინ უძღვის ყავისფერი გამონადენი.

სიმპტომებია:

  • დისმენორეა – მტკივნეული მენსტრუაცია;
  • დისპარეუნია – ძლიერი ტკივილი სქესობრივი კონტაქტის [პენეტრაციის] დროს ან/და მის შემდეგ;
  • ქრონიკული ტკივილი მცირე მენჯის არეში;
  • ოვულაციური ტკივილი;
  • ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ;
  • ჭარბი მენსტრუაცია;
  • დისჩეზია – ტკივილი დეფეკაციის დროს;
  • უნაყოფობა.

ატიპიური სიმპტომები მიუთითებს სხვა ორგანოების ჩართვაზე და შეიძლება მოიცავდეს: ციკლურ ფეხის ტკივილს – საჯდომი ნერვის ჩართვის დროს; ციკლურ სისხლდენას სწორი ნაწლავიდან – ნაწლავის კედელში ინვაზიის დროს; შარდში სისხლს – შარდის ბუშტის კედელში ინვაზიის შემთხვევაში.

Mayoclinic: ქალები ენდომეტრიოზის დროს ასევე ხშირად განიცდიან დაღლილობას, დიარეას, ყაბზობას, შებერილობას ან გულისრევას, განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს.

დიაგნოსტირების მეთოდებია: ბიმანუალური ანუ ხელით გასინჯვა, ტრანსვაგინალური ექოსკოპია, საბოლოო დიაგნოზი კი ისმება ლაპაროსკოპიით, რომელიც წარმოადგენს ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“. შორსწასული შემთხვევების დროს შესაძლოა გამოყენებული იქნეს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

  • რას მოიცავს ენდომეტრიოზის მკურნალობის გზები?

ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლოა იყოს მედიკამენტოზური ან/და ქირურგიული. ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის დროს თავდაპირველად რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა. მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს ჰორმონალურ თერაპიასა და  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებას.

მედიკამენტოზური მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში ენდომეტრიოზის ქირურგიული დიაგნოსტირება და მკურნალობა საუკეთესო მეთოდია. უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიას, რომლის დროსაც ხდება ენდომეტრიული ჰეტეროტოპიების [ქსოვილების ან რაიმე ორგანოს ნაწილების მათთვის უჩვეულო ადგილას წარმონაქმნები] ამოკვეთა ან მათი დესტრუქცია (აბლაცია).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: