მთავარი,სიახლეები

იქ უამრავი გვამი იყო – რას ჰყვება რუსი მეზღვაური „მოსკვას“ ჩაძირვაზე

29.06.2022 • 9650
იქ უამრავი გვამი იყო – რას ჰყვება რუსი მეზღვაური „მოსკვას“ ჩაძირვაზე

უკრაინის უშიშროება ავრცელებს რუსი სამხედრო ტყვის დაკითხვის ჩანაწერს, რომელშიც ის კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შესახებ ჰყვება.

რუსი მეზღვაური ამბობს, რომ მას მონაწილეობა უნდა მიეღო კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციაში, თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახა, რა ხდებოდა ზღვაში, გადაწყვიტა, საკუთარი სიცოცხლე არ გაეწირა.

„უამრავი გვამი იყო იქ. ხომალდი დაკარგეს, ჩაიძირა, მისი ბუქსირით გამოყვანა ვერ შეძლეს… რომ ვნახე, რაც ხდებოდა, მეტის ნახვა აღარ მინდოდა… როგორ კვდები შუა ზღვაში… საშინელებაა. და უარი ვთქვი…“ – ჰყვება მეზღვაური.

მისი თქმით, ის ქვეითებში გადავიდა და „ვაგნერის“ ინსტრუქტორებთან სამკვირიანი მომზადება გაიარა. მისი პირველი დავალება, დაზვერვა ვოლნოვახის რაიონში, წარუმატებელი აღმოჩნდა. 30 „მზვერავი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩასაფრებაში მოხვდა და მხოლოდ სამი გადარჩა. მეთაურებმა დაჭრილები მიატოვეს.

„ჩვენ არავის ვათავისუფლებთ, ჩვენ მხოლოდ ვიპყრობთ. ვძარცვავთ, ეს საშინელი ომია“, – ამბობს სამხედრო ტყვე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „მოსკვას“ 3 აპრილს სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნიდან“ დაარტყეს. 14 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შავი ზღვის ფლაგმანი ჩაიძირა, თუმცა ბორტზე აფეთქების მიზეზად ხანძარი დაასახელა.

პირველი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 22 აპრილს გაჩნდა – რუსული მხარე ერთი დაღუპულისა და 27 უგზო უკვლოდ დაკარგულის შესახებ იუწყებოდა. ამასთან, რუსეთი ამტკიცებდა, რომ გადარჩა 396 მეზღვაური, „მოსკვას“ ოფიცრები კი შავი ზღვის ფლოტში სამსახურს განაგრძობდნენ.

სხვადასხვა ცნობით, „მოსკვას“ ეკიპაჟი 416 დან 680 ადამიანამდე იყო. უკრაინული მედია წერს, რომ მეზღვაურთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად მათ „დაკარგულებად“ აცხადებდა და მათი მშობლებისგან ითხოვდა, ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომლის თანახმადაც ხომალდი არა საბრძოლო მოქმედების, არამედ „კატასტროფის“ შედეგად ჩაიძირა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს კვლავ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გზავნიდნენ.

მთავარი ფოტო: რუსი სამხედრო ტყვე/ფოტო: სქრინი ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: