მთავარი,სიახლეები

ნიჩბებიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმისკენ – „7 დღეა გზაში ვართ“

28.06.2022
ნიჩბებიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმისკენ – „7 დღეა გზაში ვართ“

„როცა გრძნობ, რომ ცხოვრება გახდა რუტინა, რაღაც ახალი უნდა გააკეთო… ნიჩბიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმში წამოსვლა გადავწყვიტეთ“, – ამბობს ვლად გრეგორე, ის რუმინელია და სამ ბრიტანელ მეგობართან ერთად მე-7 დღეა ბათუმისკენ მოდის.

ვლად გრეგორე ამბობს, რომ მეგობრებმა შთამბეჭდავი მოგზაურობა „ოფისებში გადაღლილობის“ შემდეგ გადაწყვიტეს. ნიჩბიანი ნავით მეგობრები რუმინეთის ქალაქ მანგალიიდან გამოვიდნენ, ახლა ისინი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არიან. მანძილი მანგალიიდან ბათუმამდე დაახლოებით 1200 კილომეტრია.

„მე მენეჯერი ვარ, ერთი მეგობარი ლონდონის უნივერსიტეტში მუშაობს, მეორე ბიზნესმენია… ყველა ვიღლებით ოფისში, ყოველდღიურ რუტინაში, ამ დროს რამე ახალი უნდა გააკეთო. ჩვენ გადავწყვიტეთ შავი ზღვის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე მივსულიყავით, საბოლოოდ, ეს მარშრუტი ავირჩიეთ.

მე ვარ ნამყოფი ბათუმში წლების წინ და ვთქვი, რომ ბათუმამდე ჩავსულიყავით. კიდევ ერთ მეგობარს ნიჩბიანი ნავით მოგზაურობის გამოცდილება ჰქონდა და ეს ნავიც ორი წლის წინ შეიძინა. ავდექით და წამოვედით. სულ ორკვირიანი მოგზაურობა გამოდის,“ – გვიყვება ვლადი გრეგორე.

რამდენად დაცული ხარ, როცა ნიჩბიანი ნავით მოგზაურობ? – კითხვის დასრულებამდე ვლად გრეგორე, რომელსაც სოციალური ქსელით ვესაუბრეთ, ომს გვახსენებს, რომელიც შავ ზღვასაც ეხება და გვახსენებს, რომ „საფრთხის ქვეშ ვართ ახლა ყველა“.

ნიჩბიანი ნავით ოთხი მოგზაური ბათუმში ხუთშაბათს აპირებს შემოსვლას. ნავს ძრავაც არ აქვს.

„არ ვიცი, რა მარშრუტით დავბრუნდებით უკან. ჩემი იდეაა, რომ ჩავიდეთ ფოთში და იქედან დავბრუნდეთ კონსტანცაში, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია,“ – დასძინა ვლად გრეგორემ.

4 მოგზაური ნიჩბიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმში მოცურავს

 

 

 

ნიჩბიანი ნავი, რომლითაც 4 მოგზაური რუმინეთიდან ბათუმში მოდის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: