მთავარი,სიახლეები

სადაც ჩვენ ვკარგავთ 1 ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს – ზელენსკი

29.06.2022 • 1067
სადაც ჩვენ ვკარგავთ 1 ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს – ზელენსკი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან შედარებით ხუთჯერ მეტია, თუმცა რუსეთის რესურსიც ბევრად აღემატება უკრაინისას.

ამის შესახებ მან ამერიკულ არხ
NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს დეტალებს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

„სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს. სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ტანკს, ისინი კარგავენ ხუთს. დიახ, ჩვენ ვიბრძვით. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად გვიჭირს. ჩვენს ერთ ტანკზე იმათი ათი მოდის, ჩვენს ერთ მებრძოლზე – იმათი ათი. როგორი ძლიერებიც უნდა ვიყოთ, ისინი ათჯერ ჩვენზე მეტნი არიან. გვიჭირს, მაგრამ ვდგავართ“, – ამბობს ზელენსკი.

პრეზიდენტი დასძენს, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს ავიწროებენ, ზოგან კი, რუსეთის ძალების რიცხობრივი უპირატესობის გამო იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

„რუსეთის პირისპირ მარტო დგომა შეუძლებელია, ამიტომაც ჩვენ ევროპისა და აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე ვერ გავუძლებთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩვენი ომი არაა. ეს, უბრალოდ, რუსეთის უკრაინასთან ომი კი არაა, ესაა მთელი ცივილიზებული სამყაროს ომი რუსეთთან, მის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მის არმიასთან. მარტო ვერ შევძლებთ და მადლობა ღმერთს, რომ გვეხმარებიან.“

ვოლოდიმირ ზელენსკი, ინტერვიუ NBC-სთან/ფოტო: president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომი დაიწყო არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომაც, თუკი უკრაინა დამარცხდება, დამარცხდება ყველა ის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, მაგრამ როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, გამარჯვებაც საერთო იქნება.

„თუ ჩვენ ვმარცხდებით, მარცხდება დემოკრატია. ეს ნიშნავს, რომ მარცხდება, აშშ, ევროპის სახელმწიფოები, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ ეს ღირებულებები. ვიცი, რომ ყველას უჭირს დღეს და მესმის, რომ რაც ჩვენთან ხდება, მათგან შორსაა და ბევრი სახელმწიფოსთვის რთულია ამის ბოლომდე დეტალურად გაგება“.

ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ომისთვის მანძილი არ არსებობს – მისი შედეგები მთელ პლანეტას შეეხება.

„აშშ-მ ბევრი მოგვცა და მე მათი მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ პრეზიდენტის, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება… ომი აუცილებლად დამთავრდება და დარწმუნებული ვარ, დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით. როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ჩვენ უნდა განვდევნოთ „კაფირები“ ჩვენი მიწიდან. სადამდეც შეგვეძლება, იქამდე ვიბრძოლებთ, რადგან ჩვენთვის ეს ჩვენი ცხოვრებაა.“

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატს და პრეზიდენტ ბაიდენს იმ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში ხვდება.

„ეს ყველაფერი მუშაობს. ეკონომიკური იზოლაცია – ეს არის რუსეთის იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან. ეს მუშაობს, მაგრამ ეს მაინცდამაინც სწრაფი პროცესი არაა,“ – ზელენსკიმ დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ დაიცვას სანქციების პირობები, „რადგან თუ რაიმე ვერ მუშაობს 100%-ით, ის 100%-იან შედეგსაც ვერ მოიტანს“.

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუს დროს/ფოტო: president.gov.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: